შუალედი - დან - მდე
 
 


მზის ამოსვლა საქართველოში


გახსოვდეს მარად, ყოველგზის,
ყოველგვარ სადღეგრძელოში
მზის, მშობლიურ მზის, ნათელ მზის
ამოსვლა საქართველოში.
განქრა ზეცაში ღრუბელი...
ეხლა სხვაგვარად ინათა...
და სხივი თავისუფალი
მოჰფინა იმ ნანინათა...
ვერ მოსპონ და ვერ სძლიონ ის -
ურყევი სიმაგრეები,
გახსოვდეს კავკასიონის
გამძაფრებული დღეები.

ეგონა, მთებს მოდაისე
აიღებს, ჯიბეს ჩაიდებს,
ძლიერ უბრალოდ - და ისე,
რომ არც კი იმუყაითებს.
მაგრამ შენ მეომარი ხარ,
მხარემ რომ უხვად დაბადა -
რომ თქვენთან ვლიდენ მხარდამხარ
აჩრდილნი მამაპაპათა.
იქიდან, სადაც ოქტომბრის
ერა აენთო მახვილი,
მტერს მოესმოდა ახალ ძვრის
რკინების ჟღერა-ძახილი.

და ჩვენი ჯარი ვით არი
ამღები ყოველ სიმაღლის,
არმგრძნობი არავითარი
დაბრკოლებისა და დაღლის,
წინ იწევს: გამარჯვება ან
სიკვდილი სახელოვანი.
ვითარ დიადობს, აწცა სცან,
კავკასიონი მხცოვანი.

მოტყდა ის, ჩვენთა ნაპირთა
ვინც სცდიდა ცვლას, შეფერებას,
ორ თვეში რომ გვიპირებდა
წალეკვას, გაცამტვერებას.
მოტყდა ის, ვინც ასაკლებად
მოაწყდა (ეხლა ვერა სძლებს),
ავუკლებივართ ნაკლებად
ჰკითხონ დამსხვრეულ გენერლებს.
რტყმა - საზღვარს იქით მიმწდომი -
კარგად იგემა ყაჩაღმა,
ცხადია, წააგო ომი,
ვინც ომი აქ გააჩაღა.

გახსოვდეს მარად, ყოველგზის,
ყოველგვარ სადღეგრძელოში,
მზის, მშობლიურ მზის, ნათელ მზის
ამოსვლა საქართველოში!
            
1944 წლის 7 ნოემბერი