შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ომს სურს შესცვალოს...


ომს სურს შესცვალოს ზეცა კრიალა:
ის იქ ცეცხლოვან ფრთებით ფრიალებს,
მისთვის ტოტმა არ გაიწკრიალა,
მისთვის არასდროს ტყე არ შრიალებს.

სხვა არის მისთვის კალთები მწვანე,
ლაჟვარდი მთების ფარჩა და ჩითი,
ხავერდოვანი ზღვა-ოკეანე
მისთვის არასდროს არ არის მშვიდი.

გაზაფხულის მზის სიუხვე-სითბო
იხშობა ომის ელვა-კაშკაშში,
სიმწარე, არა შვება და სიტკბო,
სურს ღრმად ჩანერგოს დედამიწაში.

არ სურს - სიცოცხლე სჩქეფდეს და დუღდეს,
არ სურს - სიცოცხლე ალერსით სწვავდეს,
დეე, ის სისხლად გადაჩუხჩუხდეს,
მიადგეს უფსკრულს და გადაზღვავდეს!

თუ მზე მიდამოს ციდან ასხამდა
შეუნელებელ, მაგიურ ძალას,
არსებას ყოველს ფრთებს შეასხამდა -
ომი იმ ფრთებს სჭრის ლაჟვარდს კრიალას.

ჩაწვეს მიწაში ყვავილთა ჯარი,
ახალგაზრდობა ფერად-ღერება,
მისთვის დანდობა არის ზღაპარი,
მისთვის სიკვდილის ჰქუხს ამღერება.

მშვენიერ ფერთა ჩაჰკვდეს დიდება,
აზრის მიყუჩდეს მკვიდრი დინება,
ცრემლით სურს მოთვალმარგალიტება,
წყვდიადით წყურის გამობრწყინება.

ისმის ზუზუნი დაუღალავი,
უანგარიშო და ულეველი:
იქიდან გაჩნდა ეს უთვალავი
ფუტკარი, სად დგას ტყვიამფრქვეველი!

ხმაურში - ჰაერს რომ მოსდებია
თვითმფრინავები ურიცხვი ჯარის,
ტანკთან - ვრცელ გზას რომ შეტოტებია -
იქაც კი, სადაც გზა სულ არ არის -

ჩვენთვის სიცოცხლე ყველაფერს ნიშნავს,
ჩვენთვის გულია ყველგან ფარული,
მზე და სიცოცხლე ვის გაუთიშავს
დასაბამიდან გზამოხარული?

ორივ სიმაღლით მოტივტივეა -
კაცთ სამღერელად შექმნილი ქნარად,
ორივე ერთი და იგივეა,
ორივე გვიყვარს მარად და მარად!

მაგრამ ჩვენ დავთმობთ სიცოცხლეს ასე,
როს სამშობლოზე ზრუნვა იწყება -
ჩვენის სიმართლით მიმავალ გზაზე
წვიმა, თოვლია თუ ასიცხება -

წინაღუდგება მართალი ჯარი
ხალხთ დასარბევად მოსულ ვერაგებს,
მიეც თავდაცვას სუნთქვა მედგარი,
ვინა სთქვა, რომ ის პასუხს ვერ აგებს?

ტყვიამრფქვევები ააჭახჭახე
მეტი ჭურვებით, მეტი ვაზნებით.
მტერი თავხედი კლდეს შეაჯახე
შაშხანებით და თოფ-ზარბაზნებით.

და თუ ბრძოლაში მგზნებარედ ვრცელი
განვლიოს გმირმა გზა საამსოფლო -
სიკვდილის წინაც უკანასკნელი
მისი იქნება სიტყვა: სამშობლო!
                    
[1943]