შუალედი - დან - მდე
 
 


პარიზი


პარიზს ხმელთაშუა ზღვასთან
აღარა აქვს კავშირი,
შესწყდა კოლონიებიდან
ნავთი და ქვანახშირი.

არც გზებით ტრანსატლანტიის
შველას აღარ მოელის,
იმისი ხმა შველისათვის
ხმაა უდაბნოელის.

სამუმებრივ გრიგალის წინ
იგი მარტოდმარტოა,
ის ინგლისმა აუწერელ
კანკალში მიატოვა.

ინგლისი თვის უახლოეს
კუნძულებზე მაგრდება,
ემზადება თავდაცვისთვის,
უფრო იარაღდება.

გამაგრებულ მაჟინოსი
მტკიცე ხაზი ეცემა,
სომის წინააღმდეგობა
ტყდება და ილეწება.

შეძლებულნი თავის ოქროს
შიშით ხელს აფარებენ,
ამერიკის შეერთებულ
შტატში მიაქანებენ.

პანიკაა და სატახტო
ქალაქს ტოვებს მთავრობა,
სხვაა მათი სევდიანზე
სევდიანი მგზავრობა.

მსწრაფლ შეიძრა ყველაფერი
ამბავთა დასასკვნელად,
დღეს გამოდის გაზეთები,
ვაგლახ! - უკანასკნელად.

ხანძრის კვამლმა უამრავმა
გადაფარა პარიზი
და საშიშრად გაანათა
სიბნელე უარესი.

ქუჩად სდგამენ ბარიკადებს,
მსგავსებს უღრან ხევების
და ქუჩებზე იწვართება
წყება ტყვიამფრქვევების.

აქა-იქ სჩანს ბარიკადზე
აღმართული ბანაკი,
თავგანწირულობისათვის
ემზადება ქალაქი.

ვერსალისკენ სამხრეთი გზა
მოძრაობით მორბილდა,
შეუწყვეტლივ იზლაზნება
მწკრივი ავტომობილთა.

აქ საბარგო მანქანები,
იქ ურმების გრიალი,
ზურგით ნივთებს ეზიდება
ღარიბ-ოხერ-ტიალი.

და ძვალ-კანად გადაქცეულთ,
ქალნი სუსტი ხელებით,
ეწევიან ფერმკრთალ ბავშვებს,
სნეულთ ციებ-ცხელებით.

საცოდავი იგი ბავშვი!
კიდევ შერჩა მხნეობა,
მის შიშსა ცვლის გაკვირვება,
ცნობისმოყვარეობა.

არეულა ერთმანეთში
ღარიბი და მდიდარი,
ყველა ერთად მიისწრაფვის
და სხვა არავითარი...

მიისწრაფვის, რომ დასტოვოს
პარიზის გზა, ბაზარი!
სადაც სიკვდილს გაუშლია
ფრთები უზარმაზარი.

რჩება ბედის ანაბარად
შენობები მდიდრების,
ბანკი, ფირმა - მოწმე მწარე
შიშის და გაფითრების.

მიატოვა შეძლებულმა
ის ვილლა და ჰოტელი,
ის სასახლე, იგი ბაღი,
ნიმფა და ასფოდელი.

ბუდე სენთა, დამნაშავეთ,
გაჭირვებულ-მშიერთა,
შესახვევი ბნელზე ბნელი
უცებ დაცარიელდა.

სან-მარსო, სენ-ანტუანის,
წმინდა მარგალიტასი,
არ აღელვებს აწ არავის
მოგონება ძვირფასი.

დასცხრა ბირჟა მრეწველების
სკვერი მარეს კვარტალის,
ყოველივე მორჩილია
შიშის, - მთავარსარდალის.

ფაბრიკების და ქარხნების
სდგას ჩრდილები გრძნეული,
წითელ რკალად რთულ პარიზის
ტანზე შემოხვეული.

საით? ვისთან? დაიკარგა
შრომა ჩვენი, იმათიც
და სიცოცხლეც აღარაა
ნუგეში და იმედი.

ნაპოლეონს ჰქონდა ერთი
რწმენა და დაჯერება -
ერთი გადამწყვეტი დარტყმით
ერთა გაცამტვერება.

ამ დარტყმაში დაგროვება
ყოველგვარი ძალღონის, -
ტალღიანთა დაჯახებას
თან სდევენ უტალღონიც.

გერმანიამაც უბადლო
მოსაზრების თანახმად,
ისე სწრაფად და ცბიერად,
თვალს უჭირდეს დანახვა -

დაჰკრა ერთს და იმავე დროს
ზურგია თუ ფლანგები,
მთელი თავის ენერგიით,
სასიკვდილო განგებით.

დაარტყა რა გაწვრთნილ ჯარით,
ელვისებურ ტემპებით,
ფაქტიური უეცრობის
შემტევ გადარბევებით.

სტიქიის მსგავს შეტევებით
დაუნდობლად დააწვა
და მსწრაფლ მიაბნ-მოაბნია
საფრანგეთის თავდაცვა.

და მედგრად კონტრშემოტევის
დაფშვნა იერიშები,
ზუსტი მათემატიკური
გამოანგარიშებით.

განლაგებულ მებრძოლების
ურთიერთი ქმედობა,
თვითმფრინავთა და ტანკათა
კორპუსებით შეტოპა.

ყუმბარათმშენ ძლიერებით
დასძრა არტილერია,
მაღლით გამნადგურებლების
ქარბუქი შეერია.

ერთ კვირაში მან ფლანდრია
მოგონებად აქცია,
გადალახა ის ფლანდრია
და პარიზს მიაღწია.

და ქალაქი ბუმბერაზი,
ისეთ ომებს ჩვეული,
ისეთ გარემოცვათ რკალში
არა ერთხელ ხვეული,

რომლის მსგავსი სხვა ქალაქებს
არ უნახავთ არასდროს,
პარიზს განა შეუძლია
არნახულ კატასტროფით

ნანგრევებად დაუვარდეს
გამარჯვებულს მუხლებთან,
რომელიც მას სამარცხვინო
უღლით შეაუღლებდა.

აქ იბრძოდა უმაღლესი
და დაბალი სწრაფება,
კერა ცივილიზაციის
ბნელეთს დაეწაფება.

მხნე სინათლეს და შავ ჩრდილებს
ისტორიას აყენებს
და იქიდან დროთ სივრცეში
შუქად წამოაყენებს

გენიების ალს და ნათელს
ჟან-ჟაკს, ჟორესს, ჰიუგოს,
ჟორესს, რომელს შეუძლია
ბნელს პასუხი მიუგოს.

ქუჩებში ყრუ სიჩუმეა,
გაუდაბურებული,
სენა მიდის ძველ ქალაქის
სუნთქვას დაყურებული.

მშვიდ ნიაღვრად მიმდინარებს
მისი წყალი სნეული,
მის ზედაპირს უდაბნოა,
ვერრით ვერ გარღვეული.

არ თამაშობს შადრევანში
ცისარტყელა ფერიის,
სიჩუმეში გახვეულა
ბაღი ტიულერიის.

მშვიდადა სდგას ეს ქალაქი
თვის საუნჯე-განძებით,
ვერ იმეტებს ხელი, რათა
ფარული აღტაცებით

დაანგრიოს შრომა, ღვაწლი,
შეურაცხყოს მშვენება,
ბრწყინვალება სახელისა
და გენიის ხსენება.

ბალიუსტრადით და კოშკებით,
როგორც ძეგლი მუდამი,
როგორც მცველი პარიზისა,
აღმართულა ნოტრ-დამი.

გამარჯვებათ ხეივანში
უხმო მედიდურება
გაყინულა მბრძანებელთა
და ნამი ეპკურება.

სდგას გზად მეფე ლიუდოვიკ
მეთოთხმეტეს მერანი -
ცხენიანი ქანდაკება -
"სახელმწიფო - ეს მე ვარ".

ციხე-კოშკი და ტაძრები
სამრეკლოთა გოტიკა,
პანთეონის სიდიადე
და ლუვრის ეგზოტიკა.

კორინთისა და დორიის
მარმარილო - სვეტები,
ბაზილიკა გრანიტისა,
სახლთა სილუეტები,

ოხვრა, შუა საუკუნის
მისტიური იები,
ჰარმონიულ ნაგებობათ
ძველი ბარელიეფი.

და ახალი პარიზის გზა
მოფენილი სხივებით,
იმ ვარსკვლავის მოედნიდან
მწვანე პერსპექტივებით,

მიმავალი სივრცისაკენ -
მსგავსად ძველთა ზღაპართა -
გამარჯვებულ გერმანელებს
ხელთ მორჩილად ჩაბარდა.

და გენია ომებისა,
ვის სისხლიან კვალებით
მიდის ხალხთა ბევრი მოდგმა,
მიდის ჟლეტა-წვალებით,

ცდილობს იგი, მის სახეზე
მისწრაფება სწერია -
და მიიწევს - რომ დაერქვას:
მსოფლიო იმპერია.
               
[1943]