ოდას შეუცვლია ფაცხა
ოდას შეუცვლია ფაცხა.
შუადღეა, მწარედ დაცხა.
აკვანს კატა უთამაშებს,
დედამ შეუძახა: აცხა!
დედა ადგა და ჩონგური
კედლით ჩამოიღო, თანაც
ზედ თავისი მგრძნობიარე
დაამღერა იავნანა.
ის მღეროდა და მის ხმაში
მოისმოდა ბევრი რამა,
რომ საგმირო-სამამულო
ომში არის მისი მამა.
რომ ციხესთან ცხენზე მჯდარმა
წასვლისას ეს დაიბარა -
რომ სამშობლოს ერთგულ შვილად
გაზარდეთო ეს პატარა.
ასი ერთზე რომ მოვიდეს,
იგი მტკიცედ იდგეს წინა.
იავნანა, ვარდო-ნანა,
იავნანა, პაწაწინა!
1943