ომში მყოფ ქართველ ქალს
ის რკინიგზები დაჰფარა
დაფნამ, ვარდმა და იამა,
ის შლაგბაუმი, სადგური,
სადაც შენ იდექ, პიამა.
მივარდნილ სკოლის აივნის
კიბეს ჩასცილდნენ ვაჟები:
დასთმეს მერხები, დაფები,
გრიფელი, კარანდაშები.
- ძვირფასო მასწავლებელო, -
გითხრეს, - გულგანაკაჟები
დაგიცავთ ყველას. მივდივართ,
გვიცდიან ცეცხლის რაშები.
ქმარი, შვილები, მებრძოლნი,
შენც მათთან წახველ, პიამა,
ვერ შეაშინონ დედები
ტანკების გრიალ-გრიალმა.
რამდენ დას, დედას, ქალიშვილს
შენი იქ ნახვა იამა,
ითვალოს იმ გმირ ქალების
აღმზრდელმა კავკასიამა.
[1943]