შუალედი - დან - მდე
 
 


ყაზბეგის მხრები


როგორ არაა
ჩემთვის ძვირფასი
ყაზბეგის ცამდე
მსვლელი იერი,
რომ ვერას აკლებს
ქარი პირბასრი
და ცისკრის ალი
რთავს მშვენიერი.

მზის ამოსვლისას
სავსეა თასი
ათასი ლალის
და კელაპტარის...
როგორ არ არის
ჩემთვის ძვირფასი
და საყვარელი
როგორ არ არის!

ო, მოზღვავებავ
მღვრიე აზრისა,
ყოველი გრძნობის
წინააღმდეგის...
ვერარა ძალამ
ვერ გადასრისა
ეს მშვენიერი
მხრები ყაზბეგის!
             
1943