შუალედი - დან - მდე
 
 


შეხედეთ!


შეხედეთ: მაღლით დაჰყურებს ქედებს
დღე ათას ცხრაას ორმოცდაოთხის...
ქარი მირეკავს ღრუბელთა გედებს,
ძირს გაფენილა გზნება სამოთხის.

შეხედეთ, რაგვარ დიდებით შედის
ლაჟვარდში ორბი კლდეების ხშირის,
და სიამაყე იმ დიდი ქედის -
სიამაყეა მებრძოლის, გმირის.

იყო წინადღით ყომრალ-ყორნისფერ
ნისლთ ტყვეობაში მწვერვალი იგი:
მრავალრიცხოვან მომხდურს პირისპირ
შეხვდა უშიშარ მებრძოლთა რიგი.

ბრძოლის ქარცეცხლში ერთი მათგანი
პირველ გაიჭრა მეომართ შორის.
როგორი იყო ნგრევა-ხათქანი -
მოწმეა წყება მაღალ მთა-გორის.

„სამშობლოსათვის!“ - იძახდა იგი,
თვალთაგან ცეცხლის ალთა მთოვარი;
და იქ, სადაც მტრის სჩანდა ბილიკი,
წინ მიიწევდა სწორუპოვარი.

თავგანწირულად, გზადაგზა, ფეხზე,
მთელი თავისი სიმაღლით მსვლელი,
ტყვიამფრქვევიდან მეხს სცემდა მეხზე,
მრავალ ათეულ მტრის ამცელველი.

მის წინ მაღლობი, ნაწვდენი თვალით,
მტრის სხეულებით იყო ნაგები
და უშიშარ გმირს, როგორც მაგალითს,
გარს ეხვეოდნენ ამხანაგები.

აი, სხვა წამი, გასახარელი:
გამარჯვებული ჩვენი ბანაკი,
მათ შორის იდგა მხნე, საყვარელი
მამულიშვილი და ამხანაგი.

მრავალთან ერთად, ის კიდევ ერთი...
ძვირფასი... ნათელ მიზნით გზნებული,
ვარსკვლავის ორდენს ატარებს მკერდით,
სამშობლოსათვის თავდადებული.
                
1943