შუალედი - დან - მდე
 
 


ახალი ქალაქების აღება


სალამი სახევ ცისკრისა, გამბედავო და კისკისა!
სალამი ველებს - ველების, ბილიკს - ბილიკის, გზის - გზისა.
ის გზები მშობლიურია, შვებამ რომ ააგიზგიზა,
გზები სელსკისა, ელნიის, გლუხოვისა და რილსკისა!

ჭირს მყოფმა, შვებას შესულმა დააგდოს ჭირთა სუდარი,
სთქვას: აღვადგინეთ მიდამო, მტრისგან სულშენახუთარი.
მიდამოებო, იცოდეთ, თავისი და საკუთარი -
დღეს მეზღვაურმა, მენავემ მონახა ნავთსაყუდარი.

ვამბობდით: სხვისი არ გვინდა, ჩვენი რაც არის - ჩვენია,
სელსკი, გლუხოვი, ელნია - თავს რა არ გადახდენია.
ხალხს სწვავდა მტრული გენია... განა ეს მოსათმენია?
მაგრამ, რაც გუშინ დაუწვავთ, დღეის-დღეს აღუდგენია.

ჩვენი წითელი არმია დიდებითაა მავალი!
და სამშობლოს წინ დიდია კვლავ თავდადება და ვალი,
ბურუსს იცლიდეს იმისი მწარე თავგადასავალი.
წინ! გამარჯვების რომ გვქონდეს დღეები მრავალ-მრავალი!..

[1943 წლის აგვისტოს შემდეგ]
სიმფონია ფესვების