შუალედი - დან - მდე
 
 


მოხსენ ტყვიამფრქვეველი


მოხსენ ტყვიამფრქვეველი
- დაუმიზნე პირდაპირ, -
მეტყვის მოძმე ჯავარი, -
მოხსენ ტყვიამფრქვეველი,
აი რაა მთავარი.

ძველმა ტყვიამფრქვეველმა
ძლივძლივას დაასრულა
რაღაც ორმოცდაათი
ტყვიის წამში გასროლა.

ეხლანდელ იარაღის
კმარა ხელში აღება -
იგრძნო უზარმაზარი
გადაიარაღება.

დააკვირდი, ასწონე,
იფიქრე და გადასჭერ -
წუთში ათასჯერ ისვრის,
მეტჯერ, ორიათასჯერ.

და სმენას არ შორდება
სიტყვა მძლეთამძლეველი:
დაუმიზნე პირდაპირ -
მოხსენ ტყვიამფრქვეველი.

მტერი მეტყვიამფრქვევე,
ვხედავ, მკვდარი დაეცა,
ტყვიამფრქვევი ხელმარჯვე
მეომარს გადაეცა.

იარაღი წამშივე
იმათვე მიუბრუნა
და მიდამომ მთლიანი
გულით დაიგუგუნა.

ერთ მეომრის წინა სდგას
ოთხი ტყვიამფრქვეველი,
წუთში ოთხი ათასი
ტყვიით მღერის ტყე-ველი.

წუთში ოთხი ათასი
მსხვერპლი ველად ეცემა,
ილეწება ფაშიზმის
მტრობა და გამხეცება.

იწმინდება თანდათან
მშობლიური ტყე-ველი...
დაუმიზნე პირდაპირ,
მოხსენ ტყვიამფრქვეველი.
      
 4 სექტემბერი        
 [1942 წლის შემდეგ]