შუალედი - დან - მდე
 
 


ძეგლის გახსნა


წერდა მგოსანი: „თაყვანს ვერ ვცემ,
ვით წმიდათ წმიდას,
ჯირკს, ოქრო-ვერცხლის ბრჭყვიალებით
თვალთა მწამებელს.

არ ჩამოვართმევ ხელს არასდროს
ცილისმწამებელს,
თავს არ დავუკრავ პირმოთნესა
და ვიგინდარას.

მაგრამ მარადის სათაყვანო
დღეთ უსივრცოთა,
როგორც ყველასთვის, ისე ჩემთვის -
ძეგლია: შოთა!“

აჰა, ძეგლს ხსნიან და ჩვენს შოთას
რიდე ჩამოხსნეს.
ძეგლი გაიხსნა, აზრს ძეგლისას
ყველა ამოხსნის.

რუსთაველი სდგას და ზედ გულზე
მას ხელი უდევს.
ის საუკუნეთ მისწრაფებას
იგონებს მრუდეს.

მას ნიშნავს მარად წმინდა გულზე
ხელის დადება,
როგორც საქვეყნო აღსარება
და განცხადება:

რომ გზა გენიის უმართლესის,
ეს არის მისი -
მხოლოდ და მხოლოდ, ისევ მხოლოდ
სუფთა სინდისი!
                
[1942]