შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დრო მიგვითითებს...



დრო მიგვითითებს,
რომ ავსწიოთ მაღალი ფარდა,
    გავშალოთ მკერდი:
ჩნდეს საქართველოს ისტორიის
სხივოსან ბწკართა
    ახალი გვერდი!

მტერი მიჰფანტეს,
მიმორეკეს, მოიშორიეს
    ვერდანაღალი -
წარუშლელ ბწკართა გადიშალა
დიდ ისტორიის
    გვერდი ახალი.

შთამომავლობის
საგულისხმოდ ხანამ აღმართა
    ის დროშა ერთი.
საქართველოს დიდ ისტორიის
სხივოსან ბწკართა
    ახალი გვერდი.

ამ საუკუნის
სადიდებლად კვლავ მოიმართა
    ზღვის ჩანგი მკვეთრი.
ეს არის ჩვენი სამშობლოის
სხივოსან ბწკართა
    ახალი გვერდი.
              
[1942]