შუალედი - დან - მდე
 
 


ძმებო!


ძმებო! მტერი ძლიერია,
    ულმობელი, როგორც ზვავი,
მაგრამ ყოველ ჩვენგანს ძალუძს,
    გამოსცადოს თავის თავი.
ძმებო, მტერი სასტიკია,
    მაგრამ სხვაა ჩვენი წყობა,
რათა თავის უძლეველი
    გამოსცადოს ნებისყოფა.
ყინულოვან ოკეანით
    შავ ზღვამდე სდგას, როგორც ძმობა,
გრძნობა დიდი და ტიტანი,
    სამშობლოის დაცვის გრძნობა;
გრძნობა, რაიც სანუგეშოს
    წამებაშიც ჰპოვებს ჯილდოს,
გრძნობა, რასაც ძალუძს მტერი
    დამარცხებით გადაშვილდოს.
დიდი გრძნობა, მტკიცე გრძნობა
    მიაჩნია უკვდავ შვებად,
თვით სიკვდილი რომ აქციოს
    სწორუპოვარ გამარჯვებად.
                         
[1942]