შუალედი - დან - მდე
 
 


სევასტოპოლის დამცველს


მიიღე, პირველ ყოვლისა,
    ჩვენი მხურვალე სალამი,
გრძნობა სამშობლოს მოვლისა
    დროშაა სისხლით ნალამი.

თავრიდის მზიან კიდეზე,
    ვით მარგალიტი ობოლი,
ბევრის მომსწრე და ამტანი
    ელვარებს სევასტოპოლი.

ბევრი კარგი დრო, კარგი დრო,
    მის კიდეს მიტარებია,
რაც მძულდა და რაც მიყვარდა,
    სულ იმ ზღვას მიდარებია;

ჩემი ცხოვრებაც მას ჰგავდა:
    ხან მშვიდი და ხან მქუხარე,
ხან მოელვარე მასავით,
    ხან მგზნებარე და მდუღარე.

ეჰ, ჩემო ურჩო ცხოვრებავ,
    აღტაცებულო ყოფნითა,
სიმშვიდეთ, ასაღელვებლად
    რა მცირე რამე გყოფნიდა!

შორს - სადღაც იალქანია,
    ახლო გემები... თოლია.
ზღვა ლურჯად გადაფენილა,
    ცა ლურჯად გადასწოლია.

შემდეგ უეცრად ტალღები
    და მოვარდნილი გრიგალი,
ცასაც ჩაუცვამს თალხები
    ტყვიისფრად ჩანარიგალი.

ქუხილი გააქვთ ქვემეხებს,
    ტყვიამფრქვევები კაკანებს,
ქალაქზე ცეცხლის ალია
    და იმას ქარი აქანებს.

მრისხანე თვითმფრინავები
    ცას კიდით კიდე ჰფენია,
ზენიტით ჰორიზონტამდე
    ქვეყანა ცეცხლსა შთენია.

გამბედაობა მედგარი,
    გამბედაობა! დღეს იგი
საბჭოთა გმირში დუღს, როგორც
    ძალღონით სავსე წესრიგი.

გმირო ქართველო, დაჰკარი -
    დღე გამარჯვებით იწყება.
დაატრიალე თაკარი -
    თავდასხმა, თავდავიწყება.

შესძარ მტრის ბნელი საფარი
    და ცხარე ბრძოლის სასწორი,
შენთან ჰკვეთს წვათანაბარი
    მომდევნო ტოლი და სწორი.

იფეთქე და იელვარე
    ქვეყნიურ ღელვის მტარებლად,
მამულისათვის მღელვარევ,
    დასცხე მტერს შეუწყნარებლად!

შენ წინაპართა ხარ ხატი
    და ჯაჭვი განუწყვეტელი,
სიმტკიცის მარჯვე ოსტატი
    და გამარჯვების მჭედელი.

მცხეთა, მუხრანი, ასპინძა,
    შენი ცითაა ნაბური,
შენს ხმალთან გადააკინძა
    მან ხმალი მამაპაპური.

გაუმარჯოს გმირს, უშიშარ
    მებრძოლს ბრწყინვალე ხვალისა,
გაუმარჯოს გმირს, სიკვდილთან
    მხნედ გამსწორებელს თვალისა.

გმირს დღევანდელ დღის და დიად,
    ნათელი მომავალისა.
              
 [1942]