შუალედი - დან - მდე
 
 


მე მახსოვს მისი სახე


მე მახსოვს მისი სახე
ლამაზი, მიმზიდველი,
მრავალ გაჭირვებისა
და ნაღველის მტვირთველი.
შუბლი ვრცელ-განიერი
და გონიერი თავი,
მხრებს რომ უხვად დაჰყროდა
წაბლისფერი ნაწნავი.
და ცისფერი თვალები
ჰქონდა ისე წარმტაცი -
მშვიდად ვერ შეხედავდა
ვერც ერთი გულქვა კაცი.
მათში გაურკვეველი
თრთოდა ზეცის ნათელი,
სულიერი სიწმინდის
უცხოდ გამომხატველი.
თითქო გარინდებულმა
სისწრაფით მოჰკრა თვალი,
თუ როგორ ირხეოდა
ალვის დიდი მწვერვალი,
დილის მზისა სხივებით,
ოქროსფერად მორთული
და მწვანე ბზის რტოებით
ლურჯად გარს შემორტყმული.
იქვე ახლო, სულ ახლო,
უცხო, გასაკვირველი
განთიადს უმღეროდა
გაზაფხულის ფრინველი.
თავისუფალს, ბედნიერს
ახარებდა მზის წვიმა
და ქალმა, ის-ის იყო
იმედით გაიღიმა,
რომ უეცრად საბრალოს,
განწირულს მოაგონდა,
წამი სასიხარულო
ბედკრულს რომ აღარ ჰქონდა,
რომ მისი გადარჩენა
ქვეყნად არავის უნდა
და ოცნებიდან ისევ
თავის ბედს დაუბრუნდა.
ასეთი მახსოვს მისი
მე მიმზიდველი ხედვა,
ეს უცხოეთში იყო,
ეხლა სად არის, ნეტავ?

[1938-1940]