შუალედი - დან - მდე
 
 


ფერად-ფერადი


მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
    მახვილს ვფერავდი;
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
    ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,
    რადგან ვერრათი
ვერ წავშალე მოგონება
    ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
    ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
    ფერად-ფერადი.

იყოს ისე, როგორც დარჩა
    ამიერამდი, -
ჩემთვის ძონძი, შენთვის ფარჩა
    ფერად-ფერადი.

[1938]