შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზღვა წყნარია ნამეტანი...


ზღვა წყნარია ნამეტანი,
    თითქო სძინავს.
და ბრინჯაო - ბავშვის ტანი,
    მზეზე ბრწყინავს.

მებადური მოსდევს ბადეს,
    ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშვში ბადებს
    თევზთ ფართხალი.

გაქანება და დაცემა
    ისმის მისი,
ისმის მისი აღტაცება
    და კისკისი.

ნაპირებზე თეთრი  ნავი
    ხედავს კარვებს,
როგორ არხევს წყალს ნიავი,
    გულს იქარვებს.

იღრუბლება ეფირები
    ნისლით მთებზე.
„მგონი, ავდარს ეპირება!“
    სწუხს მეთევზე.

ქლიავისფრად შლილნი ფრთანი
    ჰგვანან მინას,
ზღვა წყნარია ნამეტანი,
    თითქო სძინავს.

1938