შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნიავი, ია, ნარგიზი...


ნიავი, ია, ნარგიზი,
       ავტომობილი კრიალა,
დილამ ასფალტის სარკეზე
       ნავივით გაისრიალა.

აგერ მზის ამომთოვრება,
       მაღლა ღრუბლების გარდავლა,
მან ერთი ჩემი ცხოვრება
       ათას წელს გადაამრავლა.

გადაამრავლა, უმალი
       მსგავსი წუთისა, ჩრდილისა
და მესმის ხმა იდუმალი:
       წამოდექ, ძეო დილისა!

ო, ძეო დილის! აწ განვლის
       გრძნობა სიბნელის ნაფლეთის
აღმოსავლეთის, დასავლის,
       ჩრდილოეთის და სამხრეთის.

მზემ, ხმალი რომ არ დაჰკიდა -
       რაც ფერებია, რაც დავლა,
ცხოვრება კიდევ და კიდევ
       ათასზე გადაამრავლა!

მზემ, ლაჟვარდში რომ შეზრდილა,
       თავისი სახე ნახა და -
ეს ყვავილები, ეს დილა
       მარადისობად გახადა.

1938 წლის 30 მარტი