შუალედი - დან - მდე
 
 


ვიდრე ხვალ?


ჰიტლერს ღამე თავს დაადგა
მძლავრი ტოტებით
და უმღერის მელოდიას
თავგამოდებით:
- აქ ნისლია და ღრუბლები,
არა ვარდები -
ცოტა მაინც იგრძენ დაღლა,
ნუ დაზარდები.
ნუ დაფრინავ მაღლა-მაღლა
ჩამოვარდები!
ჩამოვხსნათო ცას ესენი,
მუქი ფარდები,
ვერ ჩამოხსნი, დაეხსენი,
ჩამოვარდები.
მოვაწყოთო სხვა ევროპა,
რუქა, ქარტები.
შენ ვერ შეცვლი, დამერწმუნე,
ჩამოვარდები.
მოვფინოთო მწარე ომის
ეკალ-ბარდები,
ვერ მოაწყობ, თუმც ხარ მდომი,
ჩამოვარდები.
დავუცხროთო მთელს მსოფლიოს
მწარე დარდები..
ვერ დაუცხრობ, ისეთია,
ჩამოვარდები.
გავშალოთო სახარება,
წმინდა კვართები,
ვერ გიშველის ვატიკანიც,
ჩამოვარდები.
ხალხმა იგრძნო - რატომ ოხრავ,
რატომ მწარდები,
წაგერთვა გზა, სად იშოვო
მილიარდები?
ისიც ვიცით - რა მიზნითაც
მიემართები,
ამერიკის აღმართებით
და დაღმართებით.
ძველ ევროპას ვერ ჰპოებ ძველ
მისამართებით,
ვიდრე ხვალ, სხვა დღეებია
უკუღმართები.

[1936-1941]