შუალედი - დან - მდე
 
 


იპატი


ყრუ მონასტერი იპატიევის...
აი, სათავე
სინათლის, რწმენის, არპატიების,
წინსვლის სადავე.
იმ კედლებიდან რუსეთი ნანობს
შეცდომას მწარეს,
რომ ჩააბარა ტახტი რომანოვს,
მტერზე უარესს.
სამასზე მეტი წელი გატევის
მოსჩანს, ვით მტვერი,
მათი სამშობლო, იპატიევის
ყრუ მონასტერი.
აი, აჩრდილი სქელი მტვერიდან
საუკეთესოს
დიდი ხნის შემდეგ მონასტერიდან
მიადგა ეზოს.
ვისია სახლი? - ჰკითხულობს ბევრი
მსხვერპლი ძიების,
უპასუხებენ: ინჟინერისა,
იპატიევის.
აქ ყველაფერი თითქო ქანაობს,
როგორც სიმბოლო,
აქ უკანასკნელს მეფე - რომანოვს
მოეღო ბოლო.
                

1935