შუალედი - დან - მდე
 
 


კინო


ჩემო ლანდო, ჩემთან იარ,
მტკიცე გვქონდეს ბიჯი.
ყოველ ნიჭზე ძლიერია
მეგობრობის ნიჭი!

ასე იყო და ასეა
სრბოლა დედამიწის.
ლანდი ბევრზე ძვირფასია,
მან გატანა იცის!

იგი დამდევს, ჩემი სწორი
გულახდილი ჩრდილი,
არტისტი და რეჟისსორი,
სიცხადე თუ ძილი.

ქალაქი რომ დასცა ძილმა,
სიცხისაგან ზანტი -
ატორტმანდა როგორც ფილმა
იგი, ჩემი ლანდი.

გაიარა ველის კლდეზე
მდუმარება ხილის -
იგი მოსჩანს მდინარეზე,
იგი ბეწვზე მიდის.

ელექტრონის ხელში მოსულს,
მისდევს ქუჩა-ბანდი
და შვენებას გრანდიოზულს
მიუთითებს ლანდი.

აფრიკისას რომ ჰგავს გველებს -
მდუმარებით სავსე,
მახრჩობელა მთვარის ხელებს
შლის ქალაქის თავზე.

და როდესაც ბაწარზე რბის
ლანდი სულის ცემით,
ეჯიბრება ეკვილიბისტრს,
მსვლელს რადიო-გემით.

ცირკში - რაც არ უნდა რეკო,
არ იცვლება ტილო -
ხან დარვინის მსგავსი ტეკო,
ხან ნამცეცა სპილო.

და კინოში ქარვის ფერი -
სწუხდა ჯაზი-ბანდი -
რომ ამ ქვეყნად ყველაფერი
არის მხოლოდ ლანდი!

[1930]