შუალედი - დან - მდე
 
 


გვინდა, ვეძიებთ, გვწყურის!


[ციკლიდან „ეპოქა“]

ყაყაჩოების გუნდი!
საჩრდილობელი ფარდა,
აყვავებული წალო,
ბრძოლის დაუმცხრალ ჟინთა.
გაჰქრა ბორკილი, ხუნდი.
გაჰქრა ფრიალი ფართა.
კვლავ განახლება, ქარო,
გვწყურის, ვეძიებთ, გვინდა.
გვწყურის, ვეძიებთ, გვინდა,
არ გვენანება შრომა,
ის მოწითალო კიდე,
მსგავსი ელვარე ქურის,
კაცობრიობა წმინდა,
უსამართლობის კვდომა,
კიდევ, კიდევ და კიდევ
გვინდა, ვეძიებთ, გვწყურის!

[1928]