შუალედი - დან - მდე
 
 


ღრუბლები ოქროს ამურებით


ღრუბლები ოქროს ამურებით დასახლებული,
ვეზუვის ფერფლი!
თვალი იკარგება სივრცეთა უნაზეს
გრადაციებში,
უფრო უნაზეს, ვინემ შტიაციატო
ფლორენციაში,
სადაც უძველეს ხელოვნების ყველა ფერებში
ფეთქს ნაპერწკლები:
ნახატი ვაზების,
სასანთლეების,
საცეცხლურების და კანკელების.
ამ საღამოში განისვენებს
მშვიდი სინათლე
სავსე უდიდეს მწუხარებით
და სიყვარულით.
ამ წიგნის ფურცლებში
დაჰქრის მისი
სასახლის ლანდი.
და
საქართველო!
შენ მოვალე ხარ, რომ ნატრობდე
ჩემს მეგობრობას
უფრო მხურვალედ -
ვინემ მე შენსას!

[1919 წლის ივნისამდე]