შუალედი - დან - მდე
 
 


წარსულის ჩრდილები


ღამეა. მთვარე. ხეივანი.
- ოჰ, მეგობარო!
მომჯადოებელ ვარდს ვეძახდი
გუშინ რუსუდანს.
- მაშ ეხლა უნდა მოგილოცო.
- თუ გსურს მართალი,
მე მშვენიერი მირჩევნია
ყველას თამარი!
რაც შეეხება ლამაზ ნინოს...
(დაბოლოება წარმოითქმის
სავსებით წყნარად:
ხელი მეგობრის დაეჭდობა
მოსაუბრის ხელს).
- დე, იყოს ასე! მაგრამ შერიფს...
ოჰ, ეს შერიფი!
(ორივე ერთად ხეების გზით
გაისეირნებს.
ლურჯდება ჰაერი.
ენთება ღამე).
- მე ველი ამეღამ
ისე, როგორც კახაბერი.
თუმცა ეს კაცი
გადასცდა ჩვენი საუკუნის
გადამწყვეტ საზღვრებს.
რაც შეეხება ჩემს ოცნებას...
დღეს გონებაში
სამი სახელი ღვთაებრივი
უძველეს დროის ისევ მინათებს.
უპირველესად რუსუდანი,
- სს...
შემდეგ თამარი იტრიიდან,
- ჩუ...
- უკანასკნელად ქეთევანი,
- ...!
- იცი: მე მზად ვარ ვაღიარო
ძვირფასი „მაშინ“.
(ხან ალისფერი, ხან წითელი
ხის რტოებში
ჩნდება სინათლე
ჩამავალი მზის).
ასე ჩურჩულით
მოდის ეს ორი, ხეივანის
დახვეულ გზებით.
სახლის ფარდებზე თეთრად ჰქრიან
ნაზი ფარდები.
ჩამავალ მზეზე
კანკალებენ მათი ჩრდილები.
ყველა მათ ჩრდილებს
სიყვარულით გადახვეული,
რომელთაც მათი მოგონება
ეალერსება
XII საუკუნიდან.

[1919 წლის ივნისამდე]