შუალედი - დან - მდე
 
 


სამრეკლო უდაბნოში


ზღაპრების თეთრი კვამლით
ქალთა სუნთქვაში დაფარული
ყვავილთა სუნი.
ოჰ! მე მომესმის შეყვარებულ
წამწამთ კანკალი,
და მიყვარს ქარი!
თან ფოლადივით ცივი სიტყვებით
ვეტყოდი ყველას:
იანვრის თოვლი, იანვრის თოვლი
აჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს.
და ჩემი სული, როგორც სამრეკლო,
სწუხს:
ცოდვილ ხელებს,
დაფარულ ცოდვებს,
დამალულ ღალატს,
ნაზი ფრჩხილების გრძელ ზამბახებს.
სწუხს:
სხვაგვარ ცრემლებს,
თეთრ ბეჭდების თვლებს -
შიშველს, თეთრ ყვავილს...
სწუხს ჩემი სული - ვით სამრეკლო
ცის უდაბნოში.

[1919]