შუალედი - დან - მდე
 
 


VOILES*


საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!

საიდუმლო ალები! ისევ მომემალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!

სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!

ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი),
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები!
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!

1916

* პირბადეები, ვუალები (ფრანგული)