შუალედი - დან - მდე
 
 


თეთრი ლანდებით


თეთრი ლანდებით მოსავდა მთვარე
მაღალ აივნებს და შუშაბანდებს,
ლანდები ნელა სცურავდენ, მხოლოდ
ცაცხვის შრიალი აფრთხობდა ლანდებს.
ბულბული ისე საამოდ ჰყეფდა,
ისე საამოდ ფშვინავდა ველი!
მთვარე ახალი იყო ქვეყანა,
ქვეყანა იყო მთვარის ნათელი.
ისე ღელავდა ტბაზე ლანდები,
როგორც დადენილ ქარვის სვეტები
და მათ სარკეზე მდუმარედ იდგა
ხეების მკრთალი სილუეტები.
ნისლი დაეშვა და შერჩა ღელეს
მომჯადოებელ ზღაპრების გამო
და უნაპირო ღამის სივრცეში
ისადგურებდა ჩუმი მიდამო.
მე მახსოვს: ჩემი გული იმ ღამეს
გამოუცნობი სინაზით სძგერდა,
ცაცხვის შრიალი აფრთხობდა ლანდებს
და მეოცნებე სული იჭერდა.

1915
წაღვერი