შუალედი - დან - მდე
 
 


ქარიშხლის შემდეგ


სად კაეშანი ისევე მეფობს,
სადაც კვლავ დარჩა ძველი იარა,
იქ ქარიშხალმა გადაიარა,
იქ ქარიშხალი მწარედ გმინავდა:

ჰკვნესდა, ჰკიოდა და დაფრინავდა
კიდითი-კიდე - ვით ბელზებელი.
რა დარჩა შემდეგ? ისევე ძველი
უკურნებელი და მწვავე წყლული.

და მწარე ფიქრით გარემოცული
მივჩერებივარ ცისა დასავალს,
ვისმენ მიდამოს თავგადასავალს
სიჩუმეში მყოფს, სიჩუმით ნათქვამს.

ყოველ ობოლ წუთს, ყოველ ობოლ წამს,
ტყეს მიმკვდარებულს და თმაგაწეწილს,
რტოებს, ქარიშხლით ასე დალეწილს
განმარტოებულს ვავედრებ საფლავს.

სულს ის მიშფოთებს და გულსაც ის ჰკლავს,
რომ ამ დუმილში ყოფნა ვერ ილხენს,
თუ ქარიშხალიც არ გადაიფრენს,
სანამ სიკვდილი ქვეყანას ჰფარავს.

[1914 წლის ივნისამდე]