შუალედი - დან - მდე
 
 


ლანდი - არაქვეყნიური


როცა შუქი ვარდისფერი, მორცხვი, ნაზი,
დაიღვარა განთიადზე,
როცა სხივმა ოქროსფერად მთა აანთო ბუმბერაზი,
და ბაღს, ახლად აყვავებულს, გადააჭდო ოქროს ხაზი,
და ყვავილებს, მორცხვ ყვავილებს მოახვია ოქროს მტვერი,
და წერწეტა ხის მწვერვალებს ფრთა შეახო ოქროსფერი,
და ტოკავდა დილის ხმებზე წვეთანკარა ოქროს ჩქერი,
მაშინ, ტურფავ, გადაბურულ ხის რტოებში ისე სჩანდი,
ო, საოცრად შემიყვარდა შენი ლანდი, შენი ლანდი!..
ვერ ვარჩევდი, სიცოცხლეო, მე იმგვარად გარდაგქმენი,
რომ მეგონა, თუ ხორცსხმული იყო ლანდი იგი შენი.
მაგრამ რისთვის გამჭვირვალედ გახდა ლანდი, ჩრდილი, ანდა
რისთვის შორად, ზეციურად, მიუწვდომლად მომელანდა?
ხელუხებელს, ჰაეროვანს სხეულს ხელი ვერ შევახე,
და ვიგრძენი, რომ თანდათან იშლებოდა ლანდის სახე,
და ვიგრძენი, რომ, როდესაც მომეხვია მსურდა ხელი,
მხოლოდ ეთერს უსხეულოს ჩრდილი რთავდა შეუცვლელი.
დნება, დნება ოქროს ლანდი!
დნება ლანდი,
ჰქრება ლანდი,
ვდგევარ გრძნობა მორეული,
მოგონება სევდას მაქსოვს,
მაგრამ მახსოვს, მუდამ მახსოვს
ლანდი წმინდა, მოწყენილი,
ლანდი არაქვეყნიური, ლანდი უცხო, შორეული!

[1914 წლის ივნისამდე]