შუალედი - დან - მდე
 
 


სარეცელთან


ნათესავები და მეგობრები
ჩემს სარეცელთან ეხლა გროვდება.
ყველა გრძნობს, თუ რა მწარე ღიმილით
სიკვდილის ჩრდილი მიახლოვდება.
მომიახლოვდი შენც, ჩემო კარგო,
ხელი შემახე ციური გრძნობით,
მსურს მხოლოდ ერთი რამ სიტყვა გითხრა,
უკანასკნელად გითხრა: მშვიდობით!
მე შენს სიყვარულს დიდი ხანია
მფარველ გენიად დავატარებდი,
არვის ვუმხელდი ჩემს საიდუმლოს,
უვნებ ნიავსაც არ ვაკარებდი.
მე არ ვიცოდი, შენსა გარეშე
რა იყო ღმერთი, რა იყო ზეცა,
მე ვლოცულობდი და შენზე ლოცვამ
ჟინი, სურვილი გამიორკეცა.
და ასე მიმაქვს ცივს სამარეში
ეს ჩემი გრძნობა გამოუთქმელი...
მომიახლოვდი, ჩემო ნუგეშო,
უკანასკნელად მომეცი ხელი.
უკანასკნელად მესმოდეს შენი
ზექვეყნიური, უკვდავი ხმები,
რომ თავზე მადგე განსვენების ჟამს
ვით ანგელოზი სულის მიმღები.
არ მჯერა, სული რომ გაიფანტოს,
შენზე ლოცვაში აღმონაცენი,
ის თვით სიკვდილის შემდეგაც, მაინც
სამარადისოდ შენია, შენი!

[1914 წლის ივნისამდე]