შუალედი - დან - მდე
 
 


ქრისტე


მწარე ბრძოლის ცეცხლ-ალმურში ელვარებდა ჩემი ხმალი,
მე არ მრწამდა ამ ბრძოლაში გაკითხვა და ცოდვა-ბრალი.
და სადაც კი ხელჩართული მწვავდებოდა კაცთა ომი,
როგორც ლომი, მე ვიბრძოდი, ცეცხლისა და სისხლის მდომი.
ყვავილოვან სიყმაწვილის რომ დამიჭკნა ია-ვარდი,
მე მწყუროდა სისხლის ღვრაში ჩამენთხია გულის დარდი.
მაგრამ ერთხელ, როცა ველად მე გარს მერტყა მტერთა ჯარი,
მწარე კვნესა შემომესმა, გულის სიღრმით ამომსკდარი.
დაჭრილი და ძალმიხდილი ბრძოლის ველზე ეგდო მტერი,
სისხლი სჩქეფდა და ერთოდა მტვერში სისხლი, სისხლში მტვერი.
და რა უნდა მომხდარიყო, რომ მომეკლა ეგ მტარვალი?
მე ავთრთოლდი, ავკანკალდი და ვიშიშვლე სწრაფად ხმალი.
მაგრამ ამ დროს, ქრისტევ, ქრისტევ, წინ დამიდგა შენი ჩრდილი,
მზის სხივივით ანთებული და ჩრდილივით მოწყენილი.
და ეგ სახე, შენი სახე, სახე მშვიდი, სახე მტკბარი,
სათნოება-მწუხარებით მიცქეროდა განამწარი.
საყვედურით მიცქეროდენ მე თვალები მწველი შენი
და მკითხავდენ, თუ რათა ვკლავ, ან მკვლელად რად შევიქენი?
შეიბოჭა ჩემი ლტოლვა, განადგურდა ფიქრი ლაღი,
ძირს დავუშვი სწრაფად ხელი და დავყარე იარაღი.
მივატოვე ბრძოლის ველი, გადვიარე ტყე და მთები...
და მას შემდეგ მოღალატეს მეძახიან მეგობრები.

ქ. ქუთაისი
1914 წლის მარტი