შუალედი - დან - მდე
 
 


განახლდა გული


განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ - ფერი ვიცვალე...
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბედს კი მაინც არ შევურიგდები.
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

[1914 წლის ივნისამდე]