შუალედი - დან - მდე
 
 


მუზა


შუაღამისას მუზა ფრენდა ცისა სივრცეზე,
ვარსკვლავთ მანტია დახვეოდა ტიტველა მკერდზე,
მთვარე თავს ხრიდა იმის ნარნარ, მწუხარე ხმებზე,
სევდა-ნაღველი სრიალებდა მის ნაზს სახეზე.

მას თან მიჰყავდა ზეცისაკენ ობოლი სული,
ქვეყნის სვე-ბედში, ქვეყნის მკერდზე დაობლებული;
ყრმა მგოსნის სული, ჯერ ისევე გადუფურჩქვნელი,
მოსწყდა ქვეყანას, როგორც ხის ტოტს ნაზი ფურცელი.

განთიადისას ვნახე მუზა შეწუხებული,
როგორც აჩრდილი, როგორც ცისა ტკბილი სიზმარი,
ყრმა მგოსნის ჩანგი ხელში ეპყრა აკვნესებული
და არ იცოდა, ქვეყნად ვისთვის ეძღვნა ის ქნარი...

[1909]