შუალედი - დან - მდე
 
 


ღამე


მწუხრმა სიბნელის ზეწარი
ქვეყანას გადააფინა,
ნიავმა წაისისინა
და შორს ბულბულმაც დასტვინა.
ვარსკვლავთა გუნდმა ცის სივრცე
აანთო, ააკაშკაშა...
და აღგზნებულმა მთვარემაც
სხივები შეათამაშა.
შავო ფიქრებო, ნუთუ არც
აქ არ მასვენებთ წამებულს,
რად გინდათ, ბოლო მომიღოთ
იჭვნეულს, განმარტოებულს?
რად გინდათ, მუდამ, ყოველთვის
შხამით ამივსოთ წუთები?
ეყოს სულს, თქვენგან წამებულს,
საწამლავისა წვეთები!
სად არის შველა, ვინ მომცემს
ხელსა მეგობრულს, ვინ მიხსნის?
სად არის სახე უმანკო
ჯერ ისევ ნორჩი სიცოცხლის?
რა ვუყო, მარტოდ შთენილმა
ვერ ვპოვე სატრფო გულისა,
არსად ჩანს ტკბილი ნათელი
შუქმფრქვეველ სიყვარულისა!
რა ვუყო, ბედით ტანჯულმა
სად ვპოვო თავშესაფარი?
ოჰ, მტანჯავს, შავო ფიქრებო,
თქვენი ჩურჩული საზარი...
ღამეა... ცისა კამკამში
კაშკაშებს სავსე მთოვარე,
ვარსკვლავნიც იღიმებიან,
ღამის დუმილში თვლემს არე.

1909