შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება


(პოემა-ორატორია)

ისევ მტკვართან
საცნაური
მესმის, მესმის
ხმაური!
ვინ არ იცის
ზღვაური
წლის მთით დაძვრა,
ზვავური!

მძლედ გაისმის
ქვეყნებზედა
ხმა ძლიერზე-
ძლიერი,
ხმა მაისის
დროშების და
ხმა მსოფლიოს-
მიერი.

ხმა ძლიერზე-
ძლიერი,
მქუხარედ
ხმიერი,
ძახილი
გაისმის
მშვიდობის
მიერი.

ოქტომბრის,
მაისის,
სად დროშა
შთაისმის -
ის უფრო,
ხმა უფრო,
მეტ ძალით
გაისმის.

გაისმის
სივრცეში,
ღამეში
თუ დღეში,
მშობლიურ
პლანეტის
ყოველ შორ
კუთხეში.

ეს არის
მახვილი,
სიმტკიცის
მსახველი -
მსოფლიო
მშვიდობის
მომხრეთა
ძახილი.

როგორ არ
იცოდეს,
სად მიდის
ის, ოდეს
მშვიდობის
მომხრეთა
არმია
იწოდებს.

სწორისთვის,
ტოლისთვის,
ერთი მზის
ქროლისთვის,
მიიწევს
ქვეყანა
მშვიდობის
ბრძოლისთვის.

ასის და
ათასის,
წინ იწევს
ხმა მასსის
მრავალთა
მილიონთ
უბრალოთ
დას-დასი,

მტკიცეა
ეს მზერა,
შეხედეთ,
აგერა -
მილიონთ
ახალი
ჟღერს ხელის
მოწერა.

ეს არის
საბუთი,
სად წამი
და წუთი
ბობოქრობს,
არ სცხრება,
ვით რისხვის
სალიუტი.

ძმობით და
გატანით,
საფრანგეთს,
ბრიტანეთს
მაღარო
და ველი
ხელს უწვდის
ერთმანეთს.

მაღაროდ
მთენებელს,
გემების
მშენებელს -
აქ ვხედავთ
ურყევი
სიმტკიცის
მჩვენებელს.

აქ ვხედავთ
სხვას და სხვას
შეტევას
და რისხვას,
ბოლგარელ
მსწავლულსა
და ჩინელ
ჯარისკაცს.

ჩიკაგოს
მწერალი,
პროგრესით
მჟღერალი
იქ მიდის,
სად ბრწყინავს
მშვიდობის,
მწერვალი.

მშვიდობას
მოელის
გულისთქმა
ყოველის -
პოლონელ
მხატვრისა
და უნგრელ
მქსოველის.

მშვიდობის,
სიმშვიდის
არმიის
უდიდეს
რიგებში
იცავენ
ზღვის კიდეს,
ცის კიდეს!

სხვადასხვა
მსჯელობის,
რწმენის და
ხელობის,
აქ კაცნი
დგებიან
დამგმობნი
მკვლელობის!!

აქ სხვა და სხვა
წლოვანების,
ჭაბუკები,
ხნოვანენი,
მშვიდობის თვით
დიად ჰიმნებს
მღერენ ნათელ
ხმოვანნი.

იმათ გულებს,
იმათ ღელვას,
ერთი რამე
აერთებს -
ზიზღი იმათ,
ვინაც რბევას,
ვინაც ომებს
აღმერთებს!

ვინც სისხლიან
თვის ნაჯახებს
მცირე ერებს
აჯახებს,
ზიზღი, ზიზღი
იმ ყაჩაღებს,
ვინაც ომებს
აჩაღებს!

(აქ სული
და გრძნობა,
ღელვათა
დიდობა
მიილტვის,
ისწრაფვის -
დაიცვას
მშვიდობა!)

სიტყვა უნდა
ხალხთ გადასცესთ,
ხალხთ მშვიდობა
მზედ უჩნდესთ!
მხნედ დაიცვან,
მხნედ, რათაც ის
მათ არ უნდა
დაუჯდესთ!

ვარ დასტურის,
სიყვარულის
ვარ მგოსანი
ქართველი,
მიყვარს ხალხი
სიხარულის
და სიახლის
დამრთველი.

მე ვარ შვილი
იმ ერისა,
ვინაც ამერ-
იმერის
მარად გმირულს
და ბედნიერს
მღელვარებით
იმღერის!

იმ ხალხისა
ვარ მე შვილი
რომელმაცა
კაცთ მისცა,
ჯუღაშვილი
მზე - გენია
დღეთა ახალთ-
ახლისა.

სამშობლოსთან
დღეს ხელახლა
დიდ შრომაში
ჩაბმულთან,
ერთად გულით
ხმას ვიმაღლებ:
ძულს, გვძულს ომი,
ვით ძულდა!

საქართველო
მგზნებარებით
ძმურ ერებთან
მსვლელია,
საბჭოეთში
მისი ღერბი
პირველთ შორის
სწერია!

ნათელ წევრად
დიდ ოჯახის
ის ითვლება
და მჭევრად,
გულმართალი
საქმისათვის
იბრძვის თანა-
მიმდევრად.

დიად გრძნობას
დღეს იცავს ის,
იგი იცავს
ხალხთ ძმობას,
სულ საერთო
საქმისათვის
სიცოცხლეს და
მშვიდობას!!

დიდ მშვიდობას
სივრცით, რიცხვით
ჩვენ ვიცავდით
ზიარად,
მამულისთვის
ოდეს რისხვით
ხელთ ვიღებდით
იარაღს.

ის არის,
წარბი ის,
მშვიდობისა
მდომარის,
საბჭოეთის
არმიისა
მწყობრ რიგებში
მდგომარის.

ქვეყანამაც
ხომ უწყოდა:
მძლედ შემხვედრი
უცხოთა.
ჩვენს არმიას
ლეგენდარულს
ჯუღაშვილი
უძღოდა.

ჩვენს ბელადსა
და ჩვენს მამას
ვუმტკიცებთ დღეს
ჩვენ ამას -
შემოქმედი
შრომით კვლავაც
გავსწევთ დღესა
თუ ღამეს!

რაღა დარჩა
იმა მტრისგან?
დიდი არის
ეს გარჯა!
ფაშისტური
მონობისგან
დედამიწა
გადარჩა!

აღმოსავლით
შუქი ალობს,
ღამის გაჰქრა
წყვდიადი,
ომის შემდეგ
გენიალურ
გეგმა დიდზე
დიადი!

იქ დამდგარა
წყობისათვის
ქალაქი და
სოფელი,
სადაცა სდგას
რუისთავის
ფოლადის მხნე
მდნობელი.

ჭაბუკი თუ
ასულია,
შეედრება
რომელი,
როცა ველად
გასულია
კოლმეურნე
გორელი!

რომელი
ფრთოსანი,
რომელი
სოსანი -
როდესაც
ტომებს ჰკრავს
ქართველი
მგოსანი!

და ვამაყობთ
მის შეგნებით
რომ თან წვლილად
ვექნებით
მშვიდობისთვის
თანამებრძოლთ
უბრწყინვალეს
გეგმებით.

ჩანგს სიმები
კვლავ აგვიწყვე,
წინ გვიძღოდე,
ვით გვიძღვი!
წინ, წინ იწევს
ამ არმიის
მებრძოლები
ურიცხვი.

ამასწინად
მზისა ჩემის,
ქარხნისა
და ზვარების,
უცხომან მან
ხელუხლების
დარღვევა სთქვა
საზღვრების.

უნდობარი
ზრახვებით, მან
შავზე შავი
სწრაფვითა,
ხელუხლებელ
საზღვრებისა
გადმოლახვა
გაბედა!

მას ეგონა
თადარიგის
აჰ, თავისი
ნახა დრო,
და ეს იყო
ამერიკის
თვითმფრინავი
სამხედრო.

უბრძანეს თუ:
„იყავ დინჯად...
გაქვს რა ციხე-
სიმაგრე“.
მანაც სცადა
გაესინჯა
და საზღვარსაც
სწვდა... მაგრამ...

აქ წააწყდა
ნაკრების გზას,
ვერა გზა რომ
ვერ ანგრევს -
საბჭოების
საზღვრებისა
დამცველების
სიმაგრეს!

პატრიოტი
ზე-ზღვავების,
ვამაყობ, რომ
კვლავ ვცანი,
ჩვენი ქვეყნის
მფრინავების
უმაღლესი
მიზანი.

მომხდურს ჭკუა
შეასწავლეს
და თავხედი
დასძალეს.
ეს ახსოვდეს
აღმოსავლეთს,
სამხრეთსა და
დასავლეთს!

უნდა ომი
შურისმძიებთ,
ჩვენ რა გვსურდა,
არა გვსურს!
არ ვნატრობდით,
არ ვეძებდით,
არ ვიძენდით
საგანძურს.

მაგრამ მაინც
როგორც ოდით,
გულახდით და
ხმამაღლა
ვაცხადებთ, რომ
არ ვიცოდით
და არც ვიცით
აქ დაღლა!

აწ არავის
ნებას, ან დროს,
ჩვენ არ მივსცემთ
არასდროს,
მტაცებლური
თათებით რომ
გადმოსწვდეს ჩვენს
სამშობლოს.

კვლავ დაიცავს
კიდით-კიდეს
სიკვდილამდე
საფიცარს,
ჩვენ მშობლიურს
ჩვენ უწმიდესს
ჩვენ საყვარელს
ამ მიწას.

მაშ, სალამი
სხივთა მფენელს
ძმათ შენაფიცს,
მტერთ მჯობის,
უძლეველ და
თვალუწვდენელ
შუბლს დიადი
მშვიდობის.

რა ძალ-ღონი
მიილიონ -
მაინც ხუთას
მილიონ -
კაცთა აზრი
ვერა სძლიონ
და რიცხვი ვერ
გვილიონ.

როგორც მძლავრი
რამე გედი,
ტიტანი და
მძლედ მხედი,
გეზი რომ აქვს
ცათამდეთი,
ამაღლდება
ჩინეთი!

მშვიდობის მზე
ვისაცა სწამს
ყოველ წუთს და
ყოველ წამს
გმირთა-გმირნი
განსაცდელ ჟამს
დაიცავენ
ვიეტნამს.

მაგრამ მაინც
ჩვენი დროის
შვენის შვება
ამ მაისს!
კვლავ სალამი
ბრძენ ინდოელს
ბირმელსა და
მალაელს.

როგორ ჰშვენის
კვლავ მხარს მხარი,
როს ქვეყნები
სჩანს მყარი,
მშენებლობის
მოღიმარე
გზაზე მტკიცედ
შემდგარი.

რა სივრცეა,
რა ძვრებია,
რა ძალაა,
რა ხმები!
ეს - ახალი
ქვეყნებია,
სულ სახალხო
ქვეყნები!

კაპიტალის
მხარე მტევრი
სად შენ ჟრჟოლა
აგიტანს,
მაინც გრძნობ, რომ
იქაც ბევრი
შეგიგრძნობს და
გაგიტანს!

საზღვარ-გარეთ,
აქ რომ მოჰქრის
ტალღაა ზღვის,
ბობოქრის.
და ეს ხმაა
იქაც მყოფის
უერთგულეს
მეგობრის!

იქ ნუგეშს ვინ
სცემს ბობოლას?
ნაგვემის და
ნაცემის
გაფითრება,
შიში, ბრძოლა
კანკალია
მტაცებლის.

განწირული
რაღა გზაა,
გრძნობს, რომ სწრაფი
ეხლავე
მას დაიჭერს,
ჰა, საცაა,
გამომწევი
სადავე.

ის განიცდის
წამთ მსვლელთ მწყრალად,
ის გრძნობს შურის-
მგებლობის
აუცდენლად,
გარდუვალად
უმრისხანეს
მსვლელობას.

რაც არ უნდა
დაიგმონის,
თავს რისხვას
ვერ დააღწევს.
იგი რისხვა
მის ღვინოის
მოშხამავს ან
დააქცევს.

გრძნობს: რომ მაგრად
ცა ითოვებს!
და ამაოდ
იტოვებს
იმ ტრუმენებს,
იმ დე-გოლებს,
იმ ჩერჩილებს,
ტიტოებს.

ის ტიტო და
ის დე-გოლი
განიბნევა
ვით ბოლი.
მოსჩანს ღელვა
კრულვით მქროლი,
დამსჯელი და
მსწრაფლ-მსრბოლი.

ხანი მისწვდა
და გადასწვდა
მათ, ვინც საზღვარს
გადაცდა,
რომ ახალი
ომი კაცთა
არ დაუშვან,
გადაწყდა.

შეაყენონ
მტრის ის ხელი,
რომელსაც კვლავ
ფიცხელი,
სისხლისა სურს
საშინელი
სიგიჟე და
სიცხელე!

ხელი, კი რაც
აღგზნებისგან
ჩირაღდანით
ხსნის მიზეზს -
ტყვია-წამლის
კასრებისკენ
აფეთქებად
მიიწევს.

და სიფხიზლე
აქ ჩქარა სჯობს!
აქ მშვიდობას
სდარაჯობს
მშენებლობის
სადარაჯო
მწყობრზე მწყობრი
ხარაჩო.

აწ ხანაა
სხვა გზნებისა,
ახალ დროის
მოგების,
აქ დარაჯად
დადგებიან
მშრომელები
დოკების.

გაუჩენენ
უნდობარებს
მწვავე ცეცხლს და
თაკარას.
ზღვის უფსკრული
გადაფარავს
აგრესორთა
იარაღს.

ეფარება
მკერდთან ახლოს
სამშვიდობო
დარაჯად
დიდ ჩინეთის
დიდ სახალხო
არმიის მძლე
ფარაჯა.

თქვენ შეხდეთ
ძლიერ ლომებს,
ცას სუფთას რომ
ინდომებს -
ჩინელები
სადგომებზე
სწმენდდენ ყოველ
კილომეტრს.

სწმენდენ მხარეს,
გზა აქვს ხსნილი
ქვეყანას აწ
მძლედ მზირალს!
სწმენდენ მხარეს,
რომ ადგილი
იქ არ ჰქონდეს
ნაძირალს.

მშვიდობა ხომ
იგი მზეა -
შუქს რომა ჰფენს
იდეა:
შენაც იცი
იგი გზები -
მეომარო
კორეა.

მთელ ქვეყანას
სავაგლახოდ
ხმა ედება
დედების,
მათ არა სურთ
თვალით ნახონ
შვილთა მათთა
ცხედრები:

დიდი არის
სევდა დედის,
მომავალის
იმედის -
დამნახველის
შვილთა ჟლეტის,
ამოხოცვის,
დახვრეტის!

იმ დედის წინ
თავ-წარსაგებს
ხვალე პასუხს
ის აგებს,
ვინაც მართავს
და განაგებს
რამ მანქანას
ხორცთ საკეპს.

სამშვიდობო
ბანაკების
სათავეებს
განაგებს -
მძლავრი მხარე
მხნედ დაიცავს
ანაგებს
და ასაგებს,

სამშვიდობო
იწევს გემი
აქ სიფხიზლით
დგას ჩემი
მზე - ქვეყანა,
მზე - სხივმცემი,
მზე - სამშობლო
ედემი.

უძლეველი,
უანგარო,
ურყეველი,
დევ-გმირი -
მშვიდობისთვის
მკერდმაგარი
დგას საბჭოთა
კავშირი!

მე თავისთავს
საქართველოს
მგოსნად ვით არ
ვრაცხვიდე!
მე შვილი ვარ
საბჭოთ ხალხის
და ხმამაღლა
ვაცხადებ:

ჩვენ გვიღიმის
მშვიდობის ცა
და ხვალის მზეც
ჩვენია.
ასე მღერის
სტალინის და
გამარჯვების
გენია.

1950 წლის 2 დეკემბერი