შუალედი - დან - მდე
 
 


ამბავი ერთი ღამისა


„კარგი! როგორც
შენ გენებოს...
აგიხირდე -
რას გავიტან...
კი, მარა
ერთ გახსენებას
ვერ ვივიწყებ
იმ თავიდან:
არ სთმობს აზრი
და გონება...
ასეთია მოგონება.

მაგრამ განა
თხრობის დროა?
ამ სუფრას რაც
ასხივოსნებს,
რაც რამ საუკეთესოა,
ჯერ მიართვით
მანდილოსნებს;
უკეთესზე უკეთესი -
ასეთია ჩვენი წესი!
მსურს ქება ვთქვა
მეგობარის...“

„აბა, გისმენთ!“ -
ამბობს ყველა.
„ის რა მოგონება არის... -
აქ მოხუცმა ჩაახველა. -
არ იქნება ასე, ბაბა!“
„მოგვიყევი...
გისმენთ, აბა!“

ქალებმაც ხმა
აღიმაღლეს
მარმარილოს
ყელთა რხევით:
„მოგონება,
ჩვენ არ დაგვღლის;
აბა, გისმენთ,
მოგვიყევით...
შვება შეგხვდა
თუ  ხიფათი -
დალაგებით!
მოჰყევ, რატი!“

ამბის მთქმელმა
ქალთა ღია
თვალებს გადახედა
მწველად:
„მოშაირე არა ჰქვია
ვერას იტყვის
ვინცა გრძელად“.
სანუკვარი
ესე სიტყვა -
რუსთაველის მიერ
ითქვა.

ამიტომაც
მომიტევეთ,
თუ ამბავი
მექნეს გრძელი“.
ქალებმა სთქვეს
ყელთა რხევით:
„მაშინ არ გვსურს
თხრობა თქვენი!
სად თქვენი თქმა,
თუნდაც ძველი,
და სად შოთა
რუსთაველი!“

უცებ დაუმატეს:
„უი!“
მაგიდის ქვეშ
მურა დადის,
ის ძაღლია
ზოგის ჭკუის!
„გადი, მურა,
იქით გადი!“ -
გააგდეს რა
გარეთ მურა,
რატი ამბავს
მიეშურა.

მან დაიწყო:
„ძაღლი გვყავდა
შენაერთში,
ერქვა მურა.
წავიდოდი -
თან დამყავდა,
მართლაც კარგად
გვემსახურა.

დასაზვერად,
დასაცავად
ის ცხოვრობდა
ჩვენთან ერთად,
შენაერთში,
რაღაცგვარად,
მე ვუყვარდი
სხვებზე მეტად“.
ქალებმა სთქვეს:
„მოიგონე!
გული გულს ცნობს,
ღონეს - ღონე!“

„კარგი! - იწყებს
ამბის მთქმელი
მარჯვე და ომ-
გადახდილი, -
დამავალეს
საქმე ძნელი,
მითხრეს: კაცი ხარო
ფრთხილი.
ქებამ მეგობრების მიერ
გამახარა კიდეც ძლიერ!

მართლაც,
გონიერი კაცის
გამივარდა რა
სახელი,
ვიუარო? ეს დიაცის
გზაა, არა გასამხელი.
გზა სუფთაა თუ რუხია -
უარი რა პასუხია!

ამნაირ დროს
ნებისყოფა
სიმაღლეა,
სათუთია -
მითხრეს:
„აი, იქ სახლია
და იმ სახლში საბუთია.
უნდა გადასინჯო ყუთი,
მოგვიტანო ის საბუთი“.

ვუთხარ: „მე ვერ
შემაფერხებს
გზად წმინდა და
არაწმინდა,
სახლში შესვლას
მოვახერხებ...
გამოსვლასაც,
როგორც მინდა“.
თან ვიფიქრე:
ეს მიცდია...
იმ სახლში ხომ
ფაშისტია!

სამწუხაროდ,
ამ ამბავში
ერთისა მაქვს
ახლაც დარდი.
სახლში შეველ,
ძმათა კავშირს
მოვწყდი: ვაი,
თუ ჩავვარდი!
მხოლოდ იმის
ფიქრს ვუნდები -
ძველ გზით ვეღარ
დავბრუნდები!

რა გადამხდა
მე იმ ღამეს!
სარკმლით მწარედ
გავხედავდი...
ვიცი, რაც მელოდა, რამეს
თუ სწრაფად არ
გავბედავდი!
გარს კი ოთხი კედელია.
ღამეც განუჭვრეტელია.

სახლის კართან
კი დარაჯი
ორი, ჩუმი
და გრძნეული,
ვიდოდა რუხ მაზარაში
ჩრდილებივით გახვეული...
ერთის სახის,
ერთის ბედის,
ვერ მცნობელნი
ერთმანეთის.

ერთს რამ ადგილს
რომ სწვდებოდნენ,
წამს პირისპირ
შესდგებოდნენ,
უცებ განიყრებოდნენ და
კვლავ ერთმანეთს შეხვდებოდნენ...
გავხალისდი მეც სწორებით,
ამ შეხვედრა-განშორებით.

აი, ეს დრო
განშორების
მათის ჩემთვის
იყო გეზი,
ან სიკვდილის,
ან ცხოვრების
ამოცანა უმთავრესი.
ხსნისთვის თავი
ვინ დაზოგა?
მაგრამ როგორ?
როგორ? როგორ?

ამ ფიქრში ვარ,
ბნელა. ხვეულს
წავკარ უცებ ფეხი რასმეს.
ხელთ ავიღე.
მიმოხვეულს
და დახლართულს
ვგრძნობ მე ბაწრებს.
აი ბედი, აი ბედი!
შთამესახა გულს იმედი.

გადავწყვიტე
ჩასვლა ბაწრით,
ვთქვი: ერთია
აქ მუქარა!
გავეკვრები
კედელს გასწვრივ,
შემდეგ მინდვრით
გავსწევ ჩქარა!
დარაჯმა კი იდარაჯოს!
თოკი მივამაგრე ჩარჩოს.

ღამე იყო,
თვალთან თითი
არა ჩანდა,
ჰგავდა გრძნებას,
მხოლოდ იმ  ერთ
წამს ვუცდიდი
დარაჯების
განშორებას.
ის დროც დადგა.
ძირს ვეშვები.
ვთქვი:
ბაწარს არ მოვეშვები!

ნუ იტყვით - ის
საფიცარი,
წვიმისაგან
მთლად დამბალი,
ბაწრის დამჭერი ფიცარი
ყოფილიყო სულ დამპალი.
ვთქვი: ისეა
ახლა საქმე,
რომ გავთავდე
უნდა აქვე.

სიმძიმეს ვერ
უძლო ხემა
და თავზარი
აქ დამეცა,
ნასკვიც გაწყდა.
ძირს ვეცემი -
ახლა კი, გამიწყრა ზეცა!
ცით წამოველ...
ვთქვი, რომ ვკვდები,
აქ კი, აბა,
რას გახდები?

გამახსენდა
დედა, ცოლი,
შვილები და კერა დიდი.
ციდან გამალებით მქროლი
ამ წუთს რას არ განვიცდიდი!
იმ სიმაღლით ყირამალა
მტერთან მიხვალ
ხმალდახმალა?“

შეიცხადეს აქ ქალებმა.
„ვაი, შენი ცოდვა, რატი,
დაგიფარეს რა ძალებმა? -
ო, ბედი გაქვს იშვიათი“, -
შემდეგ უცებ
იქ დავეცი,
სად არ ჩანდა
ორი მხეცი.

ასე მოხდა:
მეც დავეცი
ფხვიერ მიწას,
სასიამოს.
და ხმა აღარ
გადაეცა
იმ არეს და
იმ მიდამოს.
გამალებით
სცემდა მკერდი,
წელს უდრიდა
წუთი ერთი!

ალბათ, წინდღით
ორმოს რამეს
თხრიდნენ აქ და
ნაწვიმარი
იდგა, და შიგ
მოვხვდი ღამის,
ამნაირის,
მეომარი.
მიწა თხელი და ფხვიერი
იყო გრილი, ლმობიერი.

გუშაგებმა
თითქო რაღაც
კი შეიგრძნეს
ძვრა რამ მკრთალი.
მაგრამ რასმეს
დაინახავს
ამ წყვდიადში
კაცის თვალი?
ყელამდეა
მიწა ლბილი,
კვლავ სიჩუმე,
კვლავ დუმილი!

მოტრიალდნენ,
გზას დაადგნენ,
დაჩვეულნი
ისევ შეხვდნენ.
ადგილიდან
იმ ერთ ადგილს
გაუთანაბრდნენ და
შესდგნენ.
„გაიგონე შენ რაიმე?
აქ დაეცა რაღაც მძიმე!“

„სიბნელეა
ეჰ, არა ღირს!
აწ რად გვინდა
ძებნა ბევრი.
ჩამოვარდა,
ალბათ, აქ, ძირს,
აგური, სხვა
არაფერი!
თითქო რაღაც უხერხულად
ჩამოვარდა, მოგვეყურა?!

რამ ფიცარი
სულიერად
მოგეჩვენა,
ალბათ, შენცა.
წადი შენთვის,
დაიძარი,
იარე, რამ
გაგაცეცა,
ამას წინათ
ქვა დაეცა,
შენ მაშინაც
ელდა გეცა“.

კვლავ გაშორდნენ
ერთურთს სვლაში
და განაგრძეს
გზა ჩვეული,
მიმოდიან მაზარაში
უზრუნველად გახვეული.
მე კი თხრილში
ვარ ჩაფლული
და ვისმენ სულგანაბული.

ყველაფერს ხომ
ვერ მოვყვები?
შეკავებულ
სუნთქვას ვგუბავ.
ფიქრი:
ერთ ხმის გამოღებით
წუთი, წუთიც
კი, დამღუპავს,
თავდაღწევა მიზნად მიჩნდეს,
რადაც უნდა
არ დამიჯდეს!

უნდა მივატოვო თხრილი...
ფრთხილად, ფრთხილად,
შეუმჩნევლად,
ამოვედი
როგორც ჩრდილი,
გავეკარი კედლებს ხელად!
თავდაღწევა
მიზნად მიჩნდეს,
რადაც უნდა
არ დამიჯდეს!

ფრთხილად!
წამი მიჩანს წლებად,
ბნელა:
კოშკია თუ სახლი?
ვნახოთ -
მხიარული ყეფით,
უცებ მუხლთ მომვარდა ძაღლი!
გავშრი!
აქ რამ მოაშურა?
აქ რამ მოიყვანა მურა?

მურა, მურა!
რა დროს მოჰყვა!
ან და რისთვის
გაისარჯა?
ალბათ, ის ჩემს
კვალს გამოჰყვა
მინდვრიდან და
აქვე დარჩა!
თხრილს მოვშორდი:
არ იქნება -
არ სმენოდათ
ძაღლის ყეფა.

დრო არ იყო
მასზე ფიქრის,
იქვე ხესთან
ვნახე ცხენი.
ზე მოვახტი.
მიჰქრის, მიჰქრის
ჩემი უფრთო შავარდენი!
წყვდიადი კი
შუბლს შეიკვრის.
შავარდენი ჩემი მიჰქრის!

ვერ გაარკვევ
ღამის სახეს,
იგი ყრუა
და კვიმატი,
(ქალებმა კვლავ
დაიძახეს:
„ვაი შენი
ცოდვა, რატი!“)
მიჰქრის
შავარდენი სივრცის,
სად? არც მე და
არც მან იცის!

მაგრამ უცებ ატყდა სროლა,
ის დარაჯიც
მომდევს ორი.
სხვაა ჩემი მერნის ქროლა,
მიჰქრის, როგორც მეტეორი.
ინათა. ცა
იხსნის რიდეს.
მივაღწიე, ვფიქრობ, კიდეც!

მე მივქრივარ,
ჰა, ილანდა!
მიწა გაეხვია ქარში.
რა რკინისგზის
ლიანდაგსაც
მივაღწიე,
ვთქვი, გადავრჩი!
მაგრამ ბედმა არ გამიჭრა!
გზა ორთქლმავლით
გადამიჭრა!

აუტანლად მიდის ნელი
მატარებლის
ძვრა-ზოზინი,
მიგორებით უდარდელით
და კვამლების
ცამდე ზვინით.
და მიმავალს ულმობელად
მატარებელს ვხედავ მკვლელად.

ჩამოვხტი.
რაც უნდა გახდეს,
მთავარია აქ სისწორე.
მატარებელს
მსურს შევახტე...
ო, ახლავე,
თორემ... თორემ...
საცაა მკვდარს
გადმომდებენ:
მე მომდევენ,
მე მომდევენ!

აქ სიჩქარით
მეტისმეტით
უცებ წამოვედე
მავთულს,
მთელის ტანით,
მთლად მოსხლეტით,
გადავეგე
რკინის ხლართებს.
წამოდგომას
ვცდილობ, მიმძიმს.
ოთქლმავლისას
ვჭვრეტ შორს ციმციმს.

ორთქლმავალიც
მიფარდა თვალს,
ვთქვი: გათავდა!
ყოფნა წყდება!
რაც რომ გულში
მინთებდა ალს,
რაც არასდროს
მავიწყდება, -
უცებ ძაღლი
აწკმუტუნდა...
მურა! მას აქ
რაღა უნდა?!

დაცემისას
ვგრძნობდი ტკივილს,
ვერ ვატანდი
მკლავებს ძალას,
ვცნობდი მატარებლის კივილს,
ვგრძნობდი მის უაზროდ ჩავლას.
მკლავს ტკივილი
და მკლავს დაღლა...
მტერს მეტი რა
უნდა ახლა?

ბორბლებმა გზა მოირიბე
გაიარეს არამცირე.
ცოტა ღონეც მოვიკრიბე
და გაქცევა დავაპირე
თავის დროზე,
როს უეცრად
საქმე შეიცვალა
მკვეთრად.

როს უეცრად
მწვდა მდევართა
მაგარი და
მტკიცე ხელი,
მოვემზადე,
გამემართა
ბრძოლა მკაცრი
და ფიცხელი.
უნდა გითხრათ,
ამ ჭიდილში
მე არ მქონდა
ორის შიში.

უცებ მურა
(თვის მეგობრის
ეგრძნო წამი
ეს წყეული)
ხან ერთსა სწევს,
ხან მეორეს,
გააფთრების ხმად ქცეული.
მაგიერად მასაც ქუსლებს
სცემენ: ვთქვი, თუ
როგორ უძლებს?

ძაღლი აგლეჯს
ხორცსა თუ ძვლებს,
სცემენ, იგი იჟეჟება.
და ყველაფერს იგი უძლებს
და არასგზით არ ეშვება.
მოდი, მურა,
მოდი, მოდი,
და ვგრძნობდი, რომ
ვსუსტდებოდი.

იარაღს არ
სცდიდნენ ჯერა,
გზა იმგვარად
დაებურდათ:
რა საქმეა
მკვდრის დაჭერა?
ხელთ ჩაგდება
ცოცხლად სურდათ.
ორთავესი,
ანაგებად,
შევძელ განიარაღება!

და გაგრძელდა
ხელჩართული
ბრძოლა იმ რკინისგზის კიდეს.
ის გამწვავდა და გართულდა
და გათენდა მალე კიდეც.
მაგრამ მთლად
წამერთო ძალა.
ვთქვი:
სიცოცხლე დაიცალა.

დამელია
სულ მთლად ღონე,
რაც მებადა, რაც მშთენოდა.
კვლავ ვთქვი: რომ მტერს
არ ვემონე,
სიკვდილი რომ ამცდენოდა!
და რა მოხდა:
ღამის ძალა
უცებ ცისკრით შეიცვალა!

და რა მოხდა:
უცებ ჩქართა
განათებათ ლივლივისა,
თითქო თვალწინ აღიმართა
მზე სიცოცხლის
და დილისა!
თანამოძმე დამიბრუნდა.
ვთქვი:
გულს მეტი რაღა უნდა?

გაჩნდა ჩვენი
ჯარისკაცი
არმიელი ამ ჭიდილში.
ორის კი არ,
თუნდაც ასის
რომ არ ჰქონდა გულში შიში.
მსწრაფლ გავბაწრეთ,
ვინაც სამტროს
ედგა საქმეს.
მაგრამ ამ დროს

ფაშისტების
სხვა ახალი
მეომრები
დადგნენ ბექით.
ყოველ მხრიდან
შეჰკრეს ალყა
და მოგვესმა ხმა:
„შესდექით?“
ჩვენ ვიფიქრეთ:
აი, ზვავი -
უამრავი, უთვალავი.

კვლავ სწრაფი ხმა.
ფაშისტების
ზარდაცემა იყო:
დადექ!
შევხედეთ ჩვენს
ჯარისკაცებს
მოსულთ მტერთა
წინააღმდეგ!
ჩვენ შევსძახეთ
მოძმეთ: ვაშა!
და დიდებამ
ირიჟრაჟა!

და გულთა იმ შენაერთმა
ჰპოვა გეზი და მიზანი.
„დადექით“, რომ
სჭექა ერთმა,
მე ვიცანი ის,
ვიცანი!
და თქვენც იცნობთ
მას მრავალგზის,
იგი აქ ზის, ჩვენთანა ზის!

და თქვენც იცნობთ
მას მრავალგზის,
მისი სახელია უჩა.
იგი აქ ზის, ჩვენთანა ზის,
ის ბევრ ხიფათს გადაურჩა.
იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

გაიმარჯვა, გაიტანა
ბევრი საომარი ლელო.
გვყავდეს ბევრი ამისთანა!
შევსვათ უჩას სადღეგრძელო!
იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

გადაჰკარი, გადაჰკარი
ღვინო ახალი თუ ძველი,
მეც ხომ მსმელი
ვარ, მაგარი,
უჩას კი ვერ გავუძელი.
იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

მოდი,
მოგეხვიო, ძმაო,
ჩემო ძმაო, ჩემო ტოლო,
მაპატიე თქმა ამაო,
ჩვენებური, უთავბოლო!
იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

მაშინ მე შენ გადმოგეცი
ის საბუთი, თან რომ მქონდა:
საბუთები მღელვარე დღის!
გაგახსენდა?
მოგაგონდა?
ბევრჯერ გვაცინებდა ჩვენა,
ჩემი იმ დღის გადარჩენა!

იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!“
         
1950