შუალედი - დან - მდე
 
 


გამოგონება


„გამოიგონე
რამ, გევედრები,
ისეთი  ღონე,
რომ სინათლისკენ
აგვიხსნას ფრთები...
გამოიგონე!“

რატი დაფიქრდა.
ისე, ვით ხვითო
ან ანდამატი,
ევას წერილი
უბეს ჩაიდო.
საბრალო რატი!

„გამოიგონე!“ -
რატი დაიბნა.
„ო, მოგონება!
რა უნდა იყოს
ყოფნაზე დიდი
გამოგონება?“

რატის ცხოვრების
გზას ჩრდილმა დაჰკრა,
გაჰქრა მშვენება,
გულშიც ჩვეული
სიმშვიდე გაჰქრა
და მოსვენება.

მაგრამ გულს, ყოვლის
მიუხედავად,
ისევ ისევა,
ძილში თუ ცხადში,
მარად, ერთთავად
ახსოვდა ევა.

და ძალიან ბევრს
ფიქრობდა რატი,
მიმდგარი სარკმელს:
რა უნდა იყოს
ის იშვიათი
და დიდი საქმე   -

საქმე, რომლითაც
დაუზარებლად
საჭირო ხდება
ჩვენს ცხოვრებაში
მისი ჩარევა
და თავდადება?

ფიქრობდა ამას
და სხვა ამისგვარს
ბევრს, უბოლოოდ,
რის გადაწყვეტაც
მასზე მაღლა მდგარს
შეეძლო მხოლოდ.

რა ექნა?
ხარბი და თავგასული
თავს ადგა - აღა,
ოსტატი გახდა
მთლად გაძარცული...
შვება ვერ ნახა.

არ ჰქონდა კუთხე
მეოცნებე ბავშვს,
ვერ გასცდა კასრებს,
რომ მისცემოდა
როსმე თავის თავს
და თავის აზრებს.

და ქარხანაში
შევიდა რატი,
დრომოცდენილი,
აქაც ცხოვრება
არ იყო მისთვის
ვარდით ფენილი.

ცხოვრება მკაცრი,
ბედი უმართლო,
გამათხოვრება...
უსიხარულო
და უსინათლო
იყო ცხოვრება.

მძიმე დღეები
ეწყო იმ ხანად
მძიმე ვაზნებად,
მხარე ქცეული
იყო თოფხანად
და ზარბაზნებად.

იქ მარცხდებოდა
არმია მეფის,
ვაების ყოფით,
სათავეში მდგომ
ურცხვ გენერლების
ცხად უნიჭობით.

და მთელ რუსეთში
მეურნეობის
აინგრა კვალი,
გაფუჭდა, გაჰქრა
მომჭირნეობის
თვით ნატამალი.

მრავალი ნაკლის
და სიცოტავის
გამო მტირალი,
რკინისგზა იდგა
მჭლედ, საცოდავად
გამომზირალი.

მედგარი შრომა,
გულმოდგინება
მოსწყდა კარავებს.
ადამიანის
სახეს გინება
აარარავებს.

ფულის ნიშნების
წახდა მეფობა,
გაფუჭდა ქისა,
უუფლებობა
და ნაკლებობა
გამეფდა დღისა.

და საშინელი
ჩვენების ჩრდილი
ადგა მხრიანი,
ახლოვდებოდა
იგი... შიმშილი
ჩონჩხებიანი.

პირველმა ომმა
მსოფლიო გზებზე
არ დააყოვნა,
ხალხს მძიმე ტვირთად
დააწვა მხრებზე
და დააღონა...

უცდიდნენ, - როგორც
სჯეროდა მრავალს, -
სიახლის ჰაერს,
თუნდაც რაიმეს
გზას, გამოსავალს,
გზას რამენაირს.

ახალგაზრდობა
ის მდინარეა,
მხნე და გამტანი,
რომელიც მუდამ
უთმენარია,
მაგრამ ამტანი.

ასე მკაცრ, ასე
ჩავარდნილ დროთა
სხვა ახალ გზამდის,
ვინ იცის, თუ რა
მოუვიდოდა
მგრძნობიერ რატის.

ან ქურდობისთვის
მიეყო ხელი,
ან უგზოობით
სადმე დაეცხრო
გრძნობები ცხელი
სარდაფის ცოფით!

იქნებ სხვა ცუდ გზას
ის დასდგომოდა,
რომ თაროს მწყობრად
მდგარი ტომები
არ გახდომოდა
ძმად და მეგობრად.

წიგნებთან იგი
ედრებოდა დევს...
კითხვას იწყებდა,
თვის მძიმე და გრძელ
სამუშაო დღეს
ის ივიწყებდა.

გადაიყვანდა
კვლავ კარგი წიგნი
სხვა სიცოცხლეში.
სულ სხვა ცხოვრებას
იგრძნობდა იგი
წიგნის ფურცლებში.

მომჯადოები
წიგნი საუბარს
მასთან იწყებდა,
უმაღლეს გრძნობებს
გულში ნაგუბარს
გააღვიძებდა.

წიგნთან ფარული
გრძნობით დახრილი
იწვოდა ღამე
და პოეზიის
ფერფლგადაყრილი
კრთოდა სიამე.

კითხულობდა თუ
უბრალოდ შლიდა
ლექსს ან პოემას,
აღელვებული
გრძნობა უდრიდა
თაყვანისცემას.

მშვენიერ გრძნობებს
იგი იჭერდა,
მრავალთა, ბევრთა,
გულის პოეტი
კი არა წერდა,
არამედ მღერდა.

ლექსი სარკეზე
უსპეტაკესი,
ახლო გრძნობებთან.
რატის ფაქიზ სულს,
თითონ ფაქიზი
მოუწოდებდა...

ეტყოდა წიგნი
საქმეს საგმიროს...
მზად იყო რატი,
ვითარცა ცეცხლმა
ხმალი დაჰპიროს,
ფოლადი მნათი.

მთელი არსებით
მომავალ ბედის
მოასპარეზე,
მთელი შეგნებით
იგი პოეტის
დადგა მხარეზე.

და პოეზია -
მშფოთვარე სულის
კორიანტელი -
უწინამძღვრებდა
მიზანს დასახულს,
როგორც კანდელი.

და მშვენიერი
ხმა პოეტისა,
ასე მგრძნობარი,
რატის მეომარ
სულს შეეთვისა,
ვით მეგობარი.

და ხელოვნება
შეგნებულ რატის,
როგორც სამყოფელს,
წინ უსახავდა
რასმეს მარადისს
და უკვდავმყოფელს.

სავსე იდეათ
უკვდავთა ქნარი,
ხმათა მცველობით,
მას იზიდავდა
გასაოცარი
მიმზიდველობით.

პოეტში, მთქმელში
და ხელოვანში
ხედავდა მზიანს,
სასიქადულოს,
ძლიერს, ყველაზე
მძლავრ ადამიანს.

ამიტომ სცემდა
იმისი გულიც
მგზნებარე ცემით,
წიგნებისადმი
ღრმა, უერთგულეს
პატივისცემით.

მადლობის გრძნობა
და სიყვარული
თუ იყო სადმე,
ისევ ამ უკვდავ
სულით ძლიერი
წიგნებისადმი.

კარგად ესმოდა
ნირშეუცვლელი
მჭედელის სიყრმეს
ხალხთ მწუხარება
გამოუსვლელი
და სევდის სიღრმე.

რა უნდა ექნა
მაშინ მას, რატის?
რა უნდა ექნა,
თუ გრძნობას, გულის
წვამდე რომ ადის,
გზა ვერ გაეგნო?

სად წარემართა
გულის ნდომანი
და სულის კრთომა?
ხელთ ჩაუვარდა
ლექსად რომანი:
„ეს შემოდგომა“.

მაგრამ რომანის
გმირი მთავარი,
ნატვრის ამხდენი,
არ იყო მისი
ერის ჯავარი
და დასაყრდენი.

და არც მოსწონდა
რატის, მაგრამ ის
სულ მადლობელის
მთქმელი იყო იმ
უდიდეს მწერლის,
ვინც ულმობელი

კალმით ჩვენს თვალწინ
ვრცლად გადაშალა
სურათი მთელი:
სიცარიელე,
მერყევი ძალა,
მიდამო ბნელი,

სიმკაცრე, სისხლის
მსმელი ობობა,
ტანჯვა ათასის,
და არსებობის
უნაყოფობა
იმ მმართველ კლასის,

იმ მმართველ კლასის,
ვისგანაც ხალხი
დამონებული,
იყო სიბნელით,
სისხლით და თალხით
დაღონებული.

და არაფერი
არ დარჩა მთელი
ამ დიდი გემის,
ის აღარ არის
ღირსი ნდობის და
პატივისცემის.

ღვთის მიერ მირონ-
ცხებული მეფის
შეირყა ნდობა,
ბრმა სახელმწიფო
წესწყობილების
ვინ თქვას დანდობა?

მათ ქვეშ ჩააწყო
მწერალმა დიდმა
დროის ამინდი,
თავისი ცეცხლი,
თავისი რიტმი,
ვით დინამიტი.

ხმის ამაღლება
და აღშფოთება,
ის მრისხანება,
რისთვისაც მწერალს
ქვეყნად გოდება
არ ენანება,

რატის მგზნებარე
სულს მეტისმეტად
მძლედ გადაედვა,
გულს შთაენერგა
და ქვაკუთხედად
მტკიცედ დაედვა.

მასში მშობელი
აღელდა მიწა
ახლის მტკიცებით
და მეამბოხემ
გამოიღვიძა
მხნე გაღვიძებით.

თუმც ახალგაზრდას,
დარბაისელს,
რატის ოღონდაც,
დაკვირვებული,
დინჯი, ფხიზელი
განჭვრეტა ჰქონდა.

მას გამომცდელი,
დაჟინებული,
დაუმონები,
ვერავისგან ვერ
დაშინებული
ჰქონდა გონება.

ცოდნის შეძენის
წყურვილი დიდი
რომ აწვალებდა,
მას საკვირაო
სკოლების მერხი
თვისკენ იწვევდა.

სულ მოკლე ხანში
თითქო ანაგებ
უფროსს და უმცროსს -
ჯერ დაეწია
თვის ამხანაგებს,
შემდეგ გაუსწრო.

შეითვისა რა
სულ მცირეოდენ
ძალების ხარჯვით,
ჯერ დასაწყისი
პირველი ცოდნის,
დიდი სიმარჯვით,

სვლას განაგრძობდა
შემდეგ თავისით,
გულით მწყურვალით,
დაუხმარებლად,
დიდი ხალისით
და სიმხურვალით.

სკოლაში დროის
ყოველი წუთი
იყო საზოგი,
რატი სწავლობდა,
აქ ქალიშვილი
გაიცნო ზოგი.

აოცებდა მათ
ჭკუით, გაგებით
და საუბრებით,
მუდამ გარს ერტყა
ამხანაგები
და მეგობრები.

ამ ლამაზ ქალებს
ძალა შესწევდათ,
ხედავდა რატი,
მაგრამ მათ მაინც
უძნელდებოდათ
სწავლა ცოტათი.

მაგრამ ისინი,
ყველა ერთთავად,
ცდილობდნენ მეტად,
თავიანთ ბედის
მიუხედავად,
თავგანამეტად

მოშორებოდნენ
სიბნელის კარებს
ამიერიდან,
საითკენაც მათ
სწევდა ცხოვრება
ყოველი მხრიდან.

ამ ქალიშვილებს
ჩვეულებრივად
როცა ხვდებოდა,
ყოველთვის რატის
გულს უნებურად
აგონდებოდა

ევა. ისიც ხომ
ამათა ჰგავდა -
ბევრის მკითხველი.
მასაც ხომ ასე
მიიზიდავდა
გზა მიმზიდველი.

ევა! - სმენას ეს
ხმა ეფერება,
ხმა თილისმური...
როგორი ჰქონდა
მეხსიერება
და გულისყური!

რაოდენ შაირს
იმეორებდა
ნაფიანდაზებს
და რამდენს თვითონ
მოიგონებდა
ლექსებს, ანდაზებს.

რა საუცხოო
ზღაპრების ქროლვა,
სიტყვების ხვევა,
რა მშვენიერთა
ამბავთ მოყოლა,
იცოდა ევამ.

როგორი სწრაფი
და პირდაპირი
დგას სახსოვარი;
იყო ცხოვრების
მისის ნაპირი
შეუპოვარი;

რა გაბედული
ის იყო ბავშვი,
რა გაბედული,
მშობლიურ მთების
ნათელ ამბავში
წინდახედული.

მოიგონებდა
ხშირ-ხშირად რატი
მზეს, თამაშობას...
რა მშვენიერი,
რარიგ დიადი
ჰქონდათ ბავშვობა.

როგორ ეძებდნენ
ისინი მთებში
ნისლში, ჯაგებში
ამირანს, შექმნილს
ძველებურ თქმებში
და არაკებში.

როგორ ცოცავდა
ფრიალო კლდეზე
ის შეურხევლად,
როგორ დახტოდა
ღრმა უფსკრულებზე
პატარა ევა.

მოსწყურდა რატის
იმ გზით იაროს,
იპოვოს ევა,
თავისი აზრი
გაუზიაროს,
შეხედულება.

ის თან წაიღებს
წაკითხულ წიგნებს,
იპოვის ევას...
იგი მონახავს,
ის გზას გაიგნებს,
არ დაიბნევა.

ევას გაუგებს
მოწოლილ აზრებს
უკვდავს, მარადისს;
ევა გაიგებს
და დააფასებს
მის ერთგულ რატის.

და ეს იქნება
იმის გზა-ხიდზე
სინათლის მკვესი,
გამოგონება
უუდიდესი,
უუმძაფრესი.

„გამოიგონე!“ -
რა არის კიდევ,
სხვა მოგონება,
რევოლუციის
მოსვლაზე დიდი
გამოგონება?!
          
1949