შუალედი - დან - მდე
 
 


ძლეული სენი


ეს იყო ცხრაას
პირველი წელი -
სუსხი ბნელ დროთა.

ჰქროდა შავი ზღვის
ნიავი ნელი,
მსუბუქად ჰქროდა.

მიველ ერთ სახლთან,
სად როდოდენდრონს
გაეკრა ჩრდილი.

დავაკაკუნე ფრთხილად,
დროდადრო...
ფუჭედ: დუმილი...

ახლო, - დარაჯი
ბოსტნის და ბაღის -
მუხა შვენოდა,

და მისი ფართო
ჩრდილი ვენახებს
გადაფენოდა.

ყველგან რატომღაც
ეს შემფარავი
მიყვარდა მუხა...

კვლავ კარს შევეხე,
მაგრამ არავინ
არ მიპასუხა.

ბოლოს, ვით იქნა
გაიღო კარი,
და როს შეველი,

ძლივს გავარჩიე
იქ ბინადარი
ოთახის ბნელის.

საწოლს კვლავ ჩაწვა
ცოცხლად ცხედარი,
ძალზე ცახცახით,

მკრთალი, გამხდარი,
მჭლე ნამეტანი,
მინისფერ სახით.

ის მიყურებდა
იდუმალების
ცქერაში ძგერით.

უზარმაზარი
ზღვისფერ თვალების,
საოცარ მზერით.

შემდეგ ვინც ვიყავ
ვუთხარ და თანაც
იმ ერთი დიდი

მიზნის სისრულეს
და ამოცანას
ჩამოვუთვლიდი.

„მოხარული ვარ
რომ მინახულე, -
სთქვა მანაც მშვიდად, -

დიდია, რაცა
გაქვს განზრახული
და ძნელი დიდად.

ჩემს გზას სხვაგვარი,
როგორც შენ ხედავ,
ბედი განაგებს.

მე მიგითითებ
უფრო გამბედავ
სხვა ამხანაგებს.

თავგანწირული,
გამოსადეგი
ხალხია ყველა!“

სნეული შეკრთა:
აქ მას სასტიკი
აუტყდა ხველა...

ხველა ედება,
ხველამ უმატა,
ახრჩობს აშკარად.

„რა მემართება...
რა დამემართა...
ჰაერი ჩქარა!“

მივწვდი ფანჯარას.
მშვიდველოვანი,
ცვარში ნაბანი

ჰყვაოდა ბაღში
სურნელოვანი
იასამანი.

სულ ახლო ბინდით,
ჰაეროვანი
ლაჟვარდი ფრთებით

იდგა აჭარის
ბრგე, ფეროვანი,
მსუბუქი მთები.

და რა ავადმყოფს
ცოტა ეშველა,
ჩონჩხად ქცეულის

მაღალ ბალიშზე
ავწიე ნელა
მხრები სხეულის.

შეუნელდა რა
მომსკდარი ზღურბლად
მძაფრი სულხუთვა,

ფერი მიეცა
და თავისუფლად
დაიწყო სუნთქვა.

მივეცი წყალი.
თვალებში ისევ
აინთო კრთომა,

როგორც სიცოცხლის
ოდნავ ღიმილზე
შემდგარი ნდომა.

რაკი ჰაერი
შეისუნთქა და
დაცხრა  ალმური,

მან საუბარი
დაიწყო სადა
და საამური,

სულ მასზე, რაზეც
ღელავდა გრძნობა,
ელვარე მზეზე,

რომლით ამაყობს
კაცობრიობა,
სულ იმ გმირებზე.

ის ახსენებდა
ადამიანებს
მრავალზე მრავალს,

გზებს რომ კაფავდნენ
ნარ-ეკლიანებს,
სხვის მიერ უვალს.

მხნედ გაჰყავდათ მათ
დიდი გზა ძმობის
სხივით ნათესი,

სიმართლისა და
თანასწორობის
გზა უდიდესი.

ის ოცნებობდა
ხანაზე, ოდეს
ვით არდანდობას,

გზა არ ექნება
კაცთ სიბოროტეს
და ძალადობას,

ყველა იქნება
ჯანსაღი, ლაღი,
მოყვარე დღეთა.

და აინთება
პლანეტა ბაღი,
ჩვენი პლანეტა.

კაცთა გონება
გაატიალებს
ქაოსებს წამტანს,

დაიმორჩილებს
ყოფნის ბნელ ძალებს
და მიმოფანტავს.

ახსნის ბუნების
იდუმალებას,
ახლა უმტკიცესს,

გამოიცნობს მის
ბრუნვას ცვალებადს
და მრავალ მიზეზს.

ეს მისწრაფება,
მძლავრს და მთლიანებს
ახალი ქვეყნის

კვლავ ურყევ
ტიტან ადამიანებს
ამქვეყნად შეჰქმნის.

წარმოდგებოდნენ რა
დროთა მიერ,
როგორც სიმართლე,

ისინი იყვნენ
სინათლე ძლიერ
დიდი სინათლე!

არასოდეს რომ
არ დაბნელდება
ძალა იმ მადლის,

იგი ანათებს,
იგი ვრცელდება,
შუქი სინათლის.

სხვანი მიჯაჭვულ
პრომეთეს მსგავსად
უჩვევნი ტორტმანს,

სულის სიმტკიცით
უდიადესით
იტანდნენ კორტნას.

ამტანნი იყვნენ
შხამის, სამსალის,
ტანჯვის და კვნესის.

სულ იმის გამო,
რომ დამრბევ ძალის
უბოროტესის

წინააღმდეგი
ისმოდა მათი
კიდითი კიდე

ხმამაღალი და
მტკიცე ღაღადი,
აზრთა სიდიდე.

ადამიანებს
ამგვარ დიდებით,
სხივით ნათესით

კაცობრიობა
მიჰჰყავდათ გზებით
უდიადესით.

ადამიანებს
ამნაირ დროში
არ აქვთ სარჩევი,

ჩვენი დრო არის
ყოველ სხვა დროში
გამოსარჩევი.

არა სანატრი
თავშესაფარი
ერთი იმ გმირის,

ყინვა და სუსხი,
თოვლი და ქარი
იყო ციმბირის.

მას არ ინდობდა, -
ეჭვს გარეშეა,
ქვეყნის დარაჯი.

ჩუმად ის ახლა
ჩვენს მხარეშია
აქ, აჭარაში.

რომ მათი არა
ძალა და ღონე,
მრეკავი ზარი,

ენერგია და
ნათელი გონი
რომ მათი არა,

ვინ იცის კიდევ,
ვინ იცის კიდევ
რამდენი ხანი

იბატონებდნენ
ძილი, სიმშვიდე
და ყვავ-ყორანი.

გმირებს გაჰყვება
დროის ეს ჯარა,
ურიცხვს და ულევს,

ხვალ მოახდენენ
რომ არ მომხდარა
იმ სასწაულებს,

გაიმარჯვებენ
ისინი, რადგან
ხიდი იდება.

დაუძლეველი
მოღვივის მათგან
ჭეშმარიტება.

მძიმე იქნება
ეს გამარჯვება;
როგორც შეჰფერის,

ბევრი შხამ-გესლი
დაიხარჯება
ფარული მტერის.

ახალი ცეცხლი,
რომელიც მოდის,
ხალხი რომ ელის,

დასაწყისია
ამ ბრძოლა-შფოთის
აურაცხელის.

მტერი კარგა ხნით
ნიღაბს შეირჩენს:
მას ეხერხება.

იბრძოლებს, მაგრამ
თავს ვერ გადირჩენს,
გადიჩეხება.

დღეებო, ასეთ
გზას იახელით,
ვით მიიჩქარით!

ახლა მე ვცხოვრობ
სხვისი სახელით
და სხვისი გვარით.

ახლა მე ვცხოვრობ
სახელით სხვისით -
მძიმე ხვედრია...

ცხოვრების გზაზე
მრავალ დევიზით
მე შემხვედრია

ჩვენს ქვეყანაში
მოღვაწე ბევრი,
მავალი მწყობრად,

თავი რომ მოაქვს
მრავალწამებულ
ხალხის მეგობრად.

მე ვიცი მათი
სახე ნამდვილი
და ამის გამო

არ იყო ეს გზა
ჩემთვის ადვილი
და სასიამო.

მრავალი ეჭვი,
მრავალი რყევა,
მრავალი მახე

მე განვიცადე,
სანამდე ძლევა
არ დავინახე.

მე სიდიადე
რჩეულ მიზნისთვის
ვით არ მახსოვდეს.

არ გადმიხრია
ოი, ამ გზისთვის
მე არასოდეს...

იგი დადუმდა.
დაღლილი თვალი
ოდნავ მიხუჭა.

მკრთალი სინათლის
გაბრწყინდა ალი,
განათდა ქუჩა.

და მე მანამდე
ასე მალულით,
დაგუბებულით

აღტაცებითა
და სიბრალულით
ამევსო გული.

„სიცოცხლე მინდა...
მაგრამ რად მინდა
განაწვალები!“ -

სთქვა მან სუსტი ხმით,
და დაიბინდა
ისევ თვალები.

„სიცოცხლე მინდა,
რადგან მგონია,
ვარ მისი ჩრდილი,

მაგრამ ჯერ კიდევ
მე არ მქონია
იგი ნამდვილი...

აი, დღეები
ჩემი დათვლილი...
ის საბოლოოდ

ანარეკლია
ყოფნის ნამდვილის...
მხოლოდ და მხოლოდ.

ცუდია ჩემთვის
ეს გაზაფხული
პირმშვენიერი,

ეს შიმშილია
გამოსახული,
და ქარხნის მტვერი.

ო, შემიძლია
კიდევ რამდენი!
ლტოლვა დიდია -

ვაკეთო საქმე...
მიდიან დღენი,
დღენი მიდიან...

სავსეა ჩემი
გული და ტვინი
ხალისით მწველით,

მისწრაფებითა
და ბრძოლის ჟინით
დაულეველით.

აჰ, შეიძლება
განა სიკვდილი...
თავგადასავლის

შეწყვეტა, როცა
გზა არის ხსნილი
კარგი მომავლის?

არა, მე წასვლის
არა ვარ მდომი,
ცა გამიბრწყინდა,

არ გადმიხდია
არც ერთი ომი,
როგორც მე მინდა!

ახლოს ცისკარი
ყველა მშრომელის
არის საამო,

მე კი  სამარის
კარი მომელის
სამარადჟამო“...

„არა! - შევსძახე
მაშინ მე სნეულს -
ყოფნა გაქვს ვრცელი.

დიდხანს იცოცხლებ,
უნდა იცოცხლო,
იყო დღეგრძელი.

შეხედე, როგორ
შრიალებს თხემი,
ბზებით ნორჩებით

მხარე ნამდვილი
არის ედემი.
შენ აქ მორჩები!

ამ ლაჟვარდ კუთხის
ცეცხლი, მზე, წყალი
სივრცედ, ჰაერად

შემმატებია
სისხლის და ძალის
ყოველნაირად.

აქ უნდა გვქონდეს
გული ჯანმრთელი,
სული სათუთი,

რომ გაქრეს სენთა
კორიანტელი,
მკაცრი, ჯიუტი.

შენ გაიხედავ
და აქ კვლავ ნახავ,
მაგარი კუნთით

კაცს ასი წელი
რომ გადულახავს,
ვით ასი წუთი.

დგანან ხეები
მრავალწლოვანნი
ტოტების განით.

იგივ მხნე, იგივ
გულით ხმოვანნი,
სავსენი ჯანით“.

„ვნახოთ... ახლა კი
მასზე ვიმსჯელოთ,
სხვაზე უარესს

ვინაც ბედშია...
უნდა ვუშველოთ!
ასე არ არის?

...გაივლი კონცხთან,
მიზნად ისახავ
პატარა ფაცხას.

ფაცხის წინ ბაღჩას
შენ დაინახავ,
ლამაზს და საწყალს.

იგი ეკუთვნის
ჩვენს კაცს. ჰპოებ მას.
ეტყვი ჩემს სახელს.

ყველა მიგიღებს,
ვით საკუთარ ძმას
და არ გაგამხელს.

სტუმართმოყვარე
იმ კაცთან სახლში
ახლა ფარულად

ცხოვრობს მეორე.
ყველაფერს მაშინ
აუხსნი სრულად.

თავგანწირული,
გამოსადეგი
იქ არის არე

და რაკი ასეთ
გზას დაადექი,
გასწი, იარე!

მაგრამ... ეს რაა?!.
როგორ დაბინდდა...
ო, გულის მატლო!..

სული მეხუთვის...
სარკმელთან მინდა...
მიმწიე... გმადლობ...“

...იმ გაზაფხულის
მძიმე და შავი
ფანჯრიდან არე,

ჰაერიც იყო
ცივი, უძრავი,
იყო მდუმარე.

ვიფიქრე: სუნთქვა
ბალახ-მცენარის
სთვლემს უმოძრაო,

ნუთუ მშვენიერ
მთების ჰაერი
არის ამაო?

ხუთვაა. თითქო
ცხოვრობ დროს იქით,
უხილავ შუქად.

დრო მიდის ნელა
და სისასტიკით,
მაინც მსუბუქად.

უხილავ არსთა
მილიონები
ძარღვების კონვით

აღრჩობს კაცს... ვერას
ხდება გონებით
და ვერცა ღონით.

და იმ არმიის
მირიადები
უსივრცოდ გასტანს,

დარაჯობს ცოცხლებს
და ყურადღებით,
გულთან, მაჯასთან,

კართან, სახლებში,
გარეუბნებში,
თრთიან კრებულნი,

მდინარის პირად
ჩარჩენილ  ფშნებში
ჩასაფრებულნი.

მოაქვთ სასტიკი
მათ იერიში.
ყრუა ვედრება.

მათ ვერვინ სჯობნის
სიძლიერეში,
გზა იცხედრება.

ღამის სიჩუმემ
მოიცვას გული,
შესწყვიტოს ცემა.

მე ვდგავარ მწარედ
აღელვებული:
თავზარდაცემა!..

მწარე დუმილი...
ისევ სულხუთვა,
საათმა დაჰკრა.

ყოფნამ აქ თითქო
შესწყვიტა ბჟუტვა...
სანთელიც ჩაჰქრა.

სიჩუმედ მყოფი
ამაოება
უთუოდ ამ დროს

გრძნობდა სიკვდილის
მოახლოებას
მძლავრს და არ დამნდობს.

***
მას შემდეგ დიდი
ხანი გავიდა,
მშფოთვარე, ძნელი,

იმ საშინელი
სანახავიდან
რა დარჩა ძველი?

არა-რა! შემდეგ,
ოცი წლის მერე,
კვლავ ვდგავარ სახლთან.

შემატებია
სიმშვენიერე:
იგი განახლდა!

ახლა დარაჯი
ბოსტნის და ბაღის -
სხვაგვარად შვენის

მუხა - ამაყი
სახე სილაღის
და ძალის ჩვენის.

ორი პალმაა
იქვე დარგული,
ორსავე მხარეს.

ფენს ყვავილები
ამოქარგული
სურნელს მღელვარეს.

თითო ყვავილი
თითქო გულია
და მისი ქნარი.

შეხედეთ, რარიგ
დიდებულია
აქ ბინადარი!

შეველი. იგი
ვიცანი ვეღარ -
სწორედ ვეფხვია.

გაოცებული -
სთქვა - რადა დგეხარ?
გადამეხვია.

და მოგონებათ
დაიძრა ლავა, -
თუ ესოდენი

დრომ, ენერგიამ
გაანიავა
მრავალი სენი.

მღელვარე გულო,
ჩვენ არ ვართ მშვიდად -
ვგრძნობთ სხვა ჟრიამულს.

ცხოვრება ჩვენი
გზადა და ხიდად
ედება მამულს.

დრომ უმართლობას
ახადა ფარდა,
მისწვდა ტიალებს.

და დროშა იგი,
ჩვენ რომ გვიყვარდა,
მაღლა ფრიალებს.

მისით სიმღერა
ქვეყნად იღვრება
საგაზაფხულო.

და არასოდეს
არ დაიხრება
ის დროშა, გულო!

ახლა სიკვდილის
არ არის ხანი,
არ არის ასე?

გარს სიცოცხლე დუღს,
მე ის ვიცანი
ბევრ გმირულ ხმაზე.

ჩვენ კვლავ ვიბრძოლებთ,
დიდი ლელოა
ძლეული სენი!

უნდა ვიცოცხლოთ.
სასახელოა
სამშობლო ჩვენი!

[1944]