შუალედი - დან - მდე
 
 


სურამის ციხე


მაინც იმედი, მაინც სუნთქვა,
             მაინც ლოდინი.
იყო ყმობა და ბატონობა,
            ო, რაოდენი!
უსაშინლესი ფურცლები აქვს
            „სურამის ციხე“-ს,
ბევრი ციხე დგას, ეხლაცა სდგას,
            არსად არ იხევს.
კვლავ მას ვკითხულობ. წიგნს აკლია
            ფურცლების რიგი.
ასეთი მშვიდი შესავალით
            იწყება იგი:
„აქ რამდენიმე ყმაწვილკაცთა
            (მათში, ვით წესი,
ერია თქვენი მონა ესე
            უმორჩილესი)
დადეს პირობა: მთელ ზაფხულზე,
            ყოველ საღამოს
შეყრა რიყეზე, ანჩისხატის
            გასწვრივ და ამო
დროს გატარება ხანგრძლივ, კარგა
            შუაღამემდის.
ამ პირობაში იყო მუხლი,
            რომლით მორიგ პირს
ერთი მოთხრობა, ან არაკი
            წყნარად, თავმდაბლად
საქართველოის ცხოვრებიდან
            უნდა ეამბნა.
აქ ნახსენები „თქვენი მონა-
            მოსამსახურე“,
სათვალეებით, ნარიყალის
            მხრისკენ გამყურე,
არის ავტორი, დახატული
            თვით წიგნის ყდაზე,
გულხელდაკრეფით, ახალგაზრდულ
            იერით სავსე,
განათლებული, მოწინავე
            რწმენით გზნებული,
სამოციანი წლების კაცი,
            დაკვირვებული.
ამ გონიერმა ახალგაზრდამ
            იცის მანძილი,
თმა გვერდზე მეტად სუფთადა აქვს
            გადავარცხნილი.
ახალთ-ახალი ტანთსაცმელი
            კარგად ნაკერი.
ატარებს პენსნეს. მწერალია,
            სხვა არაფერი.
მანერა გულზე ხელდაკრეფის,
            ნება ძლიერი -
ერთი ნაბიჯის წინ გადადგმის.
            აქ ზომიერი
არის რაღაცა მთელ ამ სახის
            გამოხედვაში
ისეთი, რაიც უსათუოდ
            აახლებს მასში
იქვე, მის მიერ გამოხატულ
            სახებას ეგზომ:
„ჰეი, დაიხიეთ, ყმაწვილებო“, -
            სთქვა პ-მ ალექსომ,
რომელსაც ჰქონდა ხასიათი
            სულ ყველა აზრზე,
თქმულზე ტოლებში, გინდ მოწმენდილ,
            გინდა ამაზრზენ,
ზამთრის თვე იდგა თუ მაისის
            იყო დამდეგი -
ეთქვა რაიმე უეჭველად
            წინააღმდეგი.
წინააღმდეგი! რომლისთვისაც
            ხომ, თავის დროზე,
ჩვენ მას დავარქვით „საშინელი
            ფილოსოფოსი“.
ისევ ავტორი. ავტორი ხომ
            იყო მშრომელი
და მუყაითი. ამ თვისებით
            დაუცხრომელი
თავისი ნიჭის მეოხებით
            ყმამან მიიღო
განვითარების ის სიმკვეთრე,
            რაც ცოტა იყო
და იშვიათად თუ ჩნდებოდა
            მხარეში სადმე.
ჩვენ უნდა ვენდოთ „ციხის“ ავტორს,
            მაშასადამე.
გამბედაობა! ის მიიტანს
            წიგნს ისეთ გზამდე,
რომ გულისწყრომით აღიმართნენ
            მის წინააღმდეგ,
ეს მან იცოდა წინდაწინვე,
            სიძლიერეში
სჩანს უაღრესი სიმახვილე,
            მოიერიშე.
„სურამის ციხის“ ერთ ადგილას
            სწერია: „ყანად
ერთხელ წავიდა მამაჩემი
            ძნის მოსატანად.
არ იქნა, ვეღარ დაუჭირა
            ხარ-კამეჩს თავი.
მაშინ ურემი გადაქანდა...
            ბედის სიავე!
მყის წააქციეს კამეჩებმა.
            მილეწა კლდემდე
კაცი ურემმა. და ასეთი
            სიკვდილის შემდეგ
მთლად ჩვენი სახლის ყოველივე
            მყის გადაბრუნდა,
ჩატყდა, ჩაბნელდა, გაცამტვერდა,
            გაუდაბურდა.
დიდმა ბატონმა ჯერ წაგვართო
            ეზო-ვენახი:
„არ  ძალგიძსთ მოვლა. რად გჭირდებათ
            ბაღჩა და ბაღი“.
მან ხარ-კამეჩი თითო-თითოდ
            მერე წაგვართვა.
უკანასკნელად კი დედაჩემს
            უბრძანა, რათა
გადასულიყო მასთან სახლის
            მოსამსახურედ.
უნდა გენახათ დედაჩემი
            ვით გაჰყურებდა,
რა მწუხარებით ის თავის სახლს
            ეთხოვებოდა.
„ოჰ, დედაკაცო, მე არ მიყვარს
            ბევრი ყბედობა,
ხვალვე მზად იყავ!“ - უბრძანა მან
            და გაიცინა.
რა საზარელზე-საზარელი
            დღე გვედგა წინა.
დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ
            მწარე და შმაგი -
არა თვით კაცი, იცინოდა
            კაცში ეშმაკი.
ო, ამნაირ დროს მხოლოდ ეშმაკს
            ძალუძს იბრწყინოს -
მხოლოდ ეშმაკს თუ შეუძლია,
            რომ გაიცინოს.
რა საშინელი, მისის სახით
            ადგა მონობა
ქვეყანას თავზე. იყო ყმობა
            და ბატონობა.
სანაპიროთა საღამოებს
            ასეთი ერტყა
ნისლი რიყეზე, ანჩისხატის
            გასწვრივ, სად ერთხელ“...

[1928]