შუალედი - დან - მდე
 
 


ჯონ რიდი


ბავშვები ყიდდენ პაპიროსებს.
ზოგი მათგანი ცინიკურად გაიძახოდა:
„რასპუტინის პაპიროსები“.
რაღაც არაჩვეულებრივი
სიგრძისა და ზომის პაპიროსები,
წიგნები გრიგოლ რასპუტინის
შესახებ:
„Про Гришку,
Про Сашку,
Про царя Никалашку“.
ყიდდენ არშინობით კერენკებს.
სასადილოში
სტუდენტები იგონებდენ დროს,
როცა უკეთესი იყო ცხოვრება.
მკვლელობა
პურის 1/8 გირვანქისათვის.
რეჟისორი გარდინი.
ფუტურისტების გაზეთები.
ლედა
კინოებში...
ვიკჟელი...
კერენსკის მოწოდება და კრონშტადტი,
გადატრიალება პეტროგრადში.
მზადება მოსკოვში, -
აჰა, საცაა -
და ერთხელ, დილით -
ჯერ არ არის გათენებული,
ქუჩაზე მოძრაობაა.
იუნკრები, თეთრი გვარდია,
წითელი დროშა,
დაჭრილნი მიჰყავთ
უნივერსიტეტის კლინიკაში.
ავტომობილები დაჭრილებით.
წაქცეული ხე ტვერის ბულვარში.
წაქცეული ცხენი ტვერის ბულვარში.
ტყვიისმფრქვეველი დიდ სამრეკლოზე.
ცეცხლი ედება
უზარმაზარ სახლებს ბულვარზე.
სახლები იწვიან ყოველმხრივ,
ყოველმხრივ...
ლეგენდა ერთ სახლზე.
მოსკოვი ღამით განათებულია.
განუწყვეტელი კანანადები.
საშინელი შიმშილი,
და მე ვინტოვკით.
კრემლში გამაგრება:
პური, რომელიც მიქონდათ კრემლში.
შემთხვევა გნეზდნიკოვის ქუჩაზე.
ხმები „ხიტროველების“ გამოსვლის
შესახებ,
კანანადა ცხრება.
სისხლის კვირის აპოთეოზი:
მკვდრები უპატრონო.
ჯარისკაცი თამბაქოთი, მახორკით.
სტუდენტები.
გიმნაზიელები.
გაჩეჩქვილი თავი,
რომლის ცნობა შეუძლებელია.
უეცარი ცნობა: ტირილი.
წარწერა ერთი სახლის კედელზე:
აქ იპოვეს ტყვიით მოკლული
5 წლის ოქროსთმიანი გოგონა.
პოლონელები.
ბუნტი და ცირკში ჯარისკაცები.
იყვნენ აგრეთვე
პარტიული ჯარისკაცები.
უმიზნოთ მოხეტიალე ბავშვები,
უკმაყოფილო ელემენტები.
სასულიერო წოდების რისხვა.
გლეხები სოფლიდან.
ახალგაზრდობა:
სტუდენტები.
დელეგატები.
პორტრეტები:
ირაკლი წერეთლის,
კერენსკის,
როძიანკოსი,
ჩხეიძის,
ჩერნოვის.
კერენსკის გამოსვლა მცირე თეატრში.
სახელმწიფო თათბირი.
სანახაობა დიდი თეატრის ბაღთან.
ჩერნოვი და როძიანკო.
ამბავი კორნილოვის,
ინციდენტი.
არაჩვეულებრივი ამბების მოლოდინი.
კერენსკის ტრიუმფი.
მიტინგები პუშკინის ძეგლთან;
ქურდების მიტინგი სოლომანსკის
ცირკში.
ანდრეი ბელის ლოდინი მიტინგზე,
მიტინგი ყრუებისა და მუნჯების;
მიტინგომანია.
ხმა კორნილოვის გამოსვლის შესახებ.
კერენსკის მოწოდება.
სამოსუდები.
ლედა კამენსკისა.
შალიაპინი „ბორის გოდუნოვში“.
სმირნოვა.
გელცერი, პრიმა-ბალერინა.
ყველაფერი რიგზეა.
მაგრამ ამ დროს
ფრონტი იშლება...
მატარებლები იმ ხანების...
გადამწვარი სახლები,
ჩალეწილი მაღაზიები,
გამოძახილი: ქალის ხელი.
„როგორ ებრძოდენ ზარებს ზარები“.
„წვეთები გადაღებული წვიმისა“...
პეტერბურგისკენ!
შემთხვევა მატარებელში:
ღამით, პეტროგრადის სადგურზე.
პლაკატი.
მთელი ძალა-უფლება
დამფუძნებელ კრებას.
ლატიშელი პოეტი.
ორი მეგობარი.
თოვლიანი ამიდები.
ქიმერები ნევასთან.
უდაბური პეტერბურგი;
სმოლნი.
„თორმეტი“ - ალექსანდრ ბლოკის,
„რამდენიმე დღე პეტროგრადში“ - ჩემი.
დაიწყო ასე:
ღრუბლისებური ღმერთი
ნგრევათა,
სასტიკი ღმერთი.
წმინდათ წასაწყმედ გადარევათა
დიდი რუსეთი,
ალ-დემონებად
ქცევა დასწრების,
ანგელოსები,
ყველა ტაძრების
და მონასტრების
ქაოსები.
გინებით მეტყველი
რუსული წმინდანის
ეშმაკი ბაგე.
ბაგევ, დაიცა...
სარწმუნოება
გახდა სატანის...
სარწმუნოება
ყურებს დაიცავ...
ლოცვა
ისე დაეცა...
პატრიარხის ტიხონის
თითქო ბუკია
იერიხონის,
ჰგავს გინებას;
ღიმდამცინავი
სახით იგულოს.
ეკლესია
დგას და წირავს,
სამრეკლო
ოხრავს სამოციქულოს,
ზარი
მთავარ-დიაკვნობს,
ყვითელი მღვდელი
გაოცებულია,
ბერი
გაშავებულია.
მსხვერპლით
აღარ მოდიან.
შემოვლებული
დროთა ხავსებით,
ხატი
პილატეს დაემსგავსება.
მისი ასეთი
ცოდვით დამწვარი
ჯოჯოხეთიდან
მიმოდის ჯვარი.
მისთვის
ჯოჯოხეთური
სამოთხე შენდება.
და შეიძლება,
როს გათენდება,
ედემის მსგავსი იგრძნოს
ჯოჯოხეთი.
გაჩუმებული
ციცაბო ციდან
ნელი ღრუბლები
ყვავილებს ცრიდენ.
ეს მწარე დღეა,
ამ ფეერიულ
საოცნებოში.
დეპეშა!
დეპეშა!
დეპეშა!
რევოლუცია!
რევოლუცია!
ამბავი
პეტროგრადიდან!
კრემლი იდუმალ
იწყებს მზადებას.
მოსკოვი შფოთავს -
რომ გაუთენებს
საკადრის დღეებს
კაცობრიობას
და თვითეული
ფიქრობდა მაშინ:
აჰა,
საცაა!
აიწყვეტს რაში.
არასდროს არ დამავიწყდება
ამიდთა სინოტიე.
სითბო ყინვის.
ტალახიანი ჰაერი,
ჭაობიანი,
მგმობი ნათელის
ტირის თვალები
ობივატელის.
ყველაფერი
ნისლის ფერია.
მთვარის ამოსვლა
და დაბნელება,
ავსება მთვარის.
ახალი მთვარე,
სიკვდილით,
ყოფნით,
დაბადებით -
ოცდება უცებ
კანონადებით.
მწუხარე ჩრდილი
მწარე დღეების
ფარავს ვარსკვლავებს.
დღემ სიზმრებამდე
გადაამეტა
შეღამებული
დილების ლანდი,
შუადღე -
მსგავსი შუაღამეთა
და თვითეული
ფიქრობდა მაშინ,
აჰა...
საცაა...
აიწყვეტს რაში.
ეკითხნა ვისმეს
მაშინ საათი
ვუპასუხებდი:
მარადისობა!
7 საათი
ედარებოდა
7 საუკუნეს.
ხვალ -
არ არსებობდა
ხვალ - ზევით
ვინ იცის!!
ისინი
მოდიან ფრონტიდან
სიბნელეში კი,
თეთრად ელავენ
ფანტასტიური
კრემლის კბილები,
და აი, ატყდა
ტკივილები
შეურიგებელი;
ჭექა-ქუხილი.
ეს იყო მოვარდნილ დღეთა
რკინებად კვეთა -
როდესაც სეტყვაა,
წვიმა და ქარი.
კაკანებდა
ტყვიისმფრქვეველი.
მახსოვს,
ეს იყო
ნისლიან ღამით,
განთიადის წინ.
თოფებს
აავადმყოფებს
დუღილი.
თვითეული
ცეცხლის ოქროდან.
გააფთრებული
ტყვია მოქროდა
გაქვავებული
ქარივით,
ქვეყნის ამღვრეული
გულის გასაგმირად.
თვითეული
წვეთი სისხლისა
უერთდებოდა
ერთი მეორეს -
რომ შეექმნა
ტბა,
ქალაქის გახელილი
თვალი.
გადმოსკდა სისხლის წყარო
და იქცა მდინარედ,
რომლის ნაპირებიდან
გადასასვლელად
ფონს ვერვინ იპოვიდა.
სართულები ყეფდენ
როგორც ძაღლები.
სახლები ინგრეოდენ.
მათ ნაცვლად დადგა
იდუმალ შიშად:
ღრე,
ფლატე,
ქვიშა.
ჰგავს ტვერის ქუჩის
უსახეობა
ნგრეულ ხეობას -
სადაც არაა
ბილიკი არსად,
ფანჯრების მინები
ილეწებოდა,
როგორც უხილავი ტყე -
ფეერიული პლაკატების
გალავნებით;
ცაზე მიდიოდენ
ელვიანი ბილიკები
ავარდნილ ცეცხლისა.
ცვივოდენ
მაღლით ნაპერწკლები,
როგორც ყვავილთა ფენობა.
ალი
ვენახივით იგრიხებოდა.
ღამე
ჩამოწოლილიყო
ყურძნის მტევნებით,
საიდანაც ხიტროვრინოკი
სწურავდა არაყს.
ხანდახან ღამე იდგა
როგორც ფანტასტიური
ხე
ცეცხლიან შტოებით.
ძველის ძველი
რუსეთი იმ ღამეს ეგდო
როგორც ხის კუნძი, ჯირკი,
ტყეში -
რომელსაც სცემდენ ნაჯახს.
ცეცხლის ფურცლები და ფოთლები
წიგნებივით ეყარა ველად.
და გარს ეხვია
ღველფი
ყვითელ ხავსივით.
ადამიანები ალზე მოძრაობდენ
ცოცხალი ფესვებივით,
მოსკოვი გუგუნებდა
როგორც მუხა -
და პირიდან აფრქვევდა ტყვიებს
როგორც რკოებს.
ვერხვივით სწორი იხრებოდა
კრემლის კოშკები
და გარს ეხვია სასახლენი,
როგორც ბუჩქნარი.
ჭინჭარივით ისუსხებოდა
ღამე -
რომელიც ახლა დაჯდა
სადგურთან
და სწევს ყალიონს.
უცებ გაჩნდა დემონი
და ცეცხლს ფიჩხს უმატებს.
ისევ ავარდა ალი,
როგორც ოქროს თავთავები,
როგორც შემოდგომის ჩალა ყვითელი.
ნაცარი ცვივა
როგორც ქატო და ფქვილი.
მხოლოდ არსად არ არის პური,
არც შაქარი -
შაქრისყინულივით
გაფენილია თოვლი.
არ არის თაფლი -
მოსკოვის განაპირა ქუჩების
ტალახიანი თოვლჭყაპია.
გაფითრებული,
როგორც წმინდა სანთელი,
დადის ადამიანი
და ხელით დააქვს 1/8 გირვანქა პური.
კრემლი კი ზუზუნებს,
როგორც სკა.
მარილივით მწუთხე თვალებით
მისჩერებიან ბავშვები სანთლებს.
მათ ენატრებათ ნაღები,
ყველი და ერბოწასმული
პური.
ქონი, სიმსუქნე მოაკლდა
ბურჟუას.
სანატრი გახდა
ცხენის ხორცისთვის
რიგებში დგომა.
გაჰქრა დრო, როდესაც არსებობდა
რედერერები.
თუ არ დაგიშლია -
სადილად გთხოვთ მიირთვათ
ტყვიისმფრქვეველის ტყვია.
ვახშმად - ვინტოვკების.
ის დგას და ფიქრობს:
შენ ახლა მამაკაცი არა ხარ,
არც  დედაკაცი:
შენი ცოლი ახლა
შენი ქმარია;
საწყალო ბურჟუა,
შენ არ ხარ მამა
შენი შვილების,
შენ ვერც დედობას გაუწევ მათ.
შენი ნათესავები:
შენი დიდედა,
შენი სიმამრი,
შენი რძალი,
შენი სიდედრი,
მამინაცვალი და მამამთილი,
დედამთილი. ცოლის და,
შენი ძმისწული
ყველა თეთრგვარდიაშია.
შენი დისწული,
საცოლოსთან ერთად
გარბის სამხრეთით.
მოსკოვში ახლა ცოტა-ღაა
შენი ნაცნობი,
ო, ჭეშმარიტად ხარ საცოდავი.
სახლიდან გაიქცა მოსამსახურე,
სახლიდან გაიქცა ძიძა.
არ გეკარება
ერთად-ერთი მეგობარი
ღენერალ-ლეიტენანტი -
იგი ტახტქვეშ იმალება.
ხანდახან
თუ მოვა სტუმარი -
ირიბად იცქირება განჯინისაკენ,
კითხვითი ნიშნად გადაქცეული.
ცარიელია ის განჯინა
თუ არა?
ო, როგორ გიცქერს
მეზობელ სახლიდან
გახარებული მტერი -
ბრიყვი, სულელი კერენსკი -
ამბობს ბურჟუა.
მთელი სტუდენტობა
შეგირდები -
ფრონტზეა.
არავინ არ არის ახლა ვაჭარი;
არავინ არ არის ახლა
მდიდარი;
ყველა ღარიბია,
ყველა ლამაზია,
მოლაშქრე ჯარისკაცი დამჯდარა,
და იწყობს მახორკას.
მუშა გარბის და ყვირის:
შეიარაღდით,
იარაღისკენ!
ისევ მოისხა ჯავშანი,
მოზიდა შვილდი
და სტყორცნა ისარი კრემლს.
ზოგიერთს ხელთ ჰქონდა შუბი,
ზოგი წმენდდა თოფს;
ზოგი ხმალს.
ხმლის ტარი -
არა ერთჯერ დატრიალებულა,
ხმლის პირი -
არა ერთხელ აელვარებულა,
დიდი ხანია
არ ჩასულა იგი ქარქაშში:
ჯერ კარპატები -
მერე მოსკოვი.
შენც, თოფის ლულავ,
გახვეულო სულ მუდამ ბოლში,
განუწყვეტლად რახრახებენ
შენი ტუჩები.
.......................
ბულვარზე
უზარმაზარ სახლს
ცეცხლი ეკიდება,
ეს იყო მუჭა ხალხის
თავშესაფარი.
ბრძოლაა
სასტიკი და თანაბარი,
გამოჰყავთ ტყვეები,
რომელთაც
არავინ გამოისყიდის -
სისხლით და რკინით.
ხრიალებს გრუზოვიკის ჯაჭვი,
როგორც ბორკილი
ტყვეებით დახორგილი.
მოდის გრუზოვიკი
წითელი ბაირაღით.
გრუზოვიკს თავს ესხმიან.
ტყვეები გაქცევას ახერხებენ.
თოფის სროლა,
ხმა: „გამოდგომა, მდევარი“.
რამდენიმე ტყვე
მოკლული დაეცა
თხრილში,
ერთი მათგანი გაჩეჩქვილი
თავის სარქველით
ეგდო პირაღმა,
წამწამები და წარბები
თოფისწამლის ბოლით
ჰქონდა გატრუსული,
საფეთქელი -
გადახეთქილი.
თვალის გუგა
ღია დარჩენოდა,
ნესტოდან დიოდა სისხლი.
ღრძილები ჩამტვრეული
ჰქონდა.
მეორე მათგანს
ენა გადმოეგდო
სრულიად შავი.
იგი ეგდო
ტვინდანთხეული;
დაცემის დროს
ქვას მიარტყა
კეფა.
.........  
კლინიკაში
მიაქვთ უპატრონოთ დახოცილი
ხალხი.
კლინიკა აივსო
დახოცილი ჯარისკაცებით.
რუხი ფარაჯის გულს ამშვენებს
ერთად ერთი გამოსაცნობი:
მახორკის ფხვნილი.
არც პასპორტი აქვს,
არ იცი ვინ არის.
გიმნაზიელების ცხედრები -
და უბრალოდ
სხეულის ნაწილები:
მარჯვენა ხელი,
მარცხენა ხელი.
გაშავებული ფრჩხილებით,
გაშეშებული თითებით.
უეცრად შემოდიან ქალები;
ასობით გაფენილ მკვდრებში
ეძებენ შვილებს, ეძებენ მამებს,
ისინი ტირიან გულგამგმირავი
ტირილით,
როცა უბრალო ხალით
გულს ახლო
იცნობენ მათ,
ძვალგადამტვრეულებს,
ტვინ-დანთხეულთ,
სახეგადაშლილთ...
...................................
კანონადა კი ისევ იზრდება
როგორც სიმსივნე.
სისხლის ძიებით სავსე
უცნობი
ცარცით სწერს უცნობ
სახლის კედელზე:
„აქ ვიპოვეთ ჩვენ სწრაფი ტყვიით
გულგანგმირული
5 წლის ბავშვი, ოქროსთმიანი
გოგონა“
და კანონადის
კვლავ იზრდება
ჭიაკოკონა.
....................
კრემლში გამაგრებულთათვის
ავტომობილს
მიჰქონდა პური.
ესროლა ვიღაცამ,
მოჰკლა შოფერი.
ავტომობილი
გაჩერდა გზაზე.
სდგას იქ, სდგას...
ვინ გაბედავს მიახლოვებას?
იარა, წყლული. -
გულგატეხილი,
სულ ნაღრძობი,
ნასიცხარ მუწუკივით
განაპირა უბნებს
მოედო ყვავილი,
ღარიბთა უბნებში
დადის სახადი.
ბავშვებს მუნი სჭამს,
რკინისგზის სადგურზე
ჭირიანი ხალხი დადის;
არ არის წამალი
მათთვის.
რაც შეეხება ბეჭედს,
აქ არის ერთი მძლავრი ბეჭედი
რევოლუციის.
ამ ბეჭედით თუ გინდა
მსოფლიო შეჭედე.
სდგას ერთი გრანდიოზული
სკამი,
რომელსაც მართლაც მოტეხილი აქვს
სამი ფეხი
და ზედ ძლივს ზის
ჯერ ისევ ძველი
რუსეთი.
ქვეშ დახეული
ხალიჩა უგია.
წინ დამტვრეული ჯამი უდგას
ქაშით.
აქეთ ცარიელა სკივრი,
სავსე სატკივარით.
ამ სიცივეში საწყალს არ აქვს
ქვეშსაგები,
მისთვის ბალიში არ არსებობს
და არც საბანი.
მხოლოდ თოვლია მისი ბუმბული.
ქარში, თოვლჭყაპში ამოწუმპული:
სანთელი დიდი ხანია გაუქრო ქარმა.
ზურგზე ჰკიდია ტომარა,
ხელში ცალიერი დოქი,
ქამრის მაგიერ თოკი.
წელზე ჰკიდია ქვაბი
და გატეხილი ტაშტი,
წასული დროის ნაშთი.
ხელში უჭირავს ჯოხი,
თავზე ახურავს გობი -
ყოველივე ამის შესახებ
შემდეგ მოვა
ვიღაც,
რომელიც რომანებს
დაღვრის ჩაფებით,
ის იტყვის:
უზარმაზარი ბოქლომი
დაადო რუსეთს
მონობამ,
გასაღები ხალხმა იპოვა.
მეფემ უმძიმესი ურდულით
გამოუხურა რუსეთს კარები.
მისი სკიპტრა ახლაც მიყუდებულია
რომელიღაც მუზეუმში -
ხალხმა ამოიღო კვესი,
მონახა აბედი,
გაჰკრა კვესს.
მაშინ როდესაც
პირსახოცით მხარზე
და ხელში სავარცხელით
წყაროსკენ მიიმღეროდა
ფეოდალობა.
დახეული ფეხსაცმელი.
სველი წინდები.
მოდი და ცრემლად
ნუ დადინდები,
მაზარას არ აქვს
ცალი სახელო.
კაცი რუხია და უსახელო.
ჯიბესთან ნახვრეტი.
არც ფოლაქია და არც ღილები,
მხოლოდ ერთი დუგმა.
ასეთ ფარაჯაზე
წითელი სირმა.
ცხვირსახოცის მაგივრობას
სწევს ისევ ის ცალი სახელო,
კარგა ხანია
პირს არ მიკარებია
სამართებელი,
თმას - მაკრატელი,
გონებას - ნათელი.
ცუდი ამბავია,
რა გასაკვირველია,
რომ ის იგინება.
სადგურები
ჰგავს აწიოკებულ ჩიტის ბუდეს,
ბნელა, და ცივ სარდაფებში,
სადაც არა იპოვება რა,
ვირთაგვებივით
ყნოსავენ ჰაერს ქურდები.
დადიან შიშველი ბღარტები.
პეტერბურგისკენ,
პეტერბურგისკენ.
ქარში და წვიმაში
მივანგრევდი
ფანტასტიურ მგზავრებს
პეტერბურგისკენ.
მინებ ჩალეწილი
მატარებელი
საქათმესა ჰგავს.
არ არის ტევა.
თევზის და ჩექმების
სუნით სავსე
მატარებელი
მიდის თოვლში,
როგორც დაღლილი ჯოჯოტ.
ფარფარა პეპლებივით
შემოდის თოვლი
ფანჯრებიდან.
ბავშვები ხრავენ
ჭიიან და მატლებიან
პურის ქერქს.
პარაზიტები იერიშით მოდიან.
პურის ნამცეცივით
ირევიან იატაკზე.
აი, მართლა ძაღლური სიცოცხლე, -
იძახის მოხუცი ქალი.
და წყევლის ქალაქებს,
მისთვის უცხო მოედნებს,
უცნაურ სახლებს და სარაიებს
და ქარხნებს,
სადაც გრდემლით ანგრევენ რკინის
კოშკებს - რომლის კედლები
ახლა ნანგრევებად ქცეულან.
მატარებლის კიბეზე
ჩამოკიდებულა ხალხი,
მატარებლის ბანი და სართულები
დაფენილია რუხი მაზარებით.
და ქარი ჰქრის.
ჭერამდე ჭერეხივით ჰყრია რუსი.
მატარებელს არ აქვს კარები.
ფანჯარა
დაიტანჯა,
ჩამოტყდა.
ცხვირწითელი კაცი, უსულო საგანივით
დგას, როგორც ფილაქანი
ან და ფიცარი.
ეუბნებიან:
ან დავიძრები, ან დაიძარი;
თაროებიდან
ცვივა ნაგავი.
ფანტასტიური ხროვა
ხრიალებს, ახველებს,
კვამლით იღრჩვება.
ფერფლის, ნაცარის
ფერი აქვს ყველაფერს.
იყოს რაც არის.
ფანჯრიდანა სჩანს
თოვლიანი მინდვრები
როგორც სასაფლაო,
როგორც თეთრი კუბოები,
როგორც მგლოვიარე ეზო
უკალოო
და უგუთნო.
აიღე ორთითა-ორკაპი
და ანიავე ეს თოვლი.
ახალი ნიჩაბი
აზიდავს ამოდენა თოვლს.
ახალი ხერხი გადახერხავს
ნაძვს ამოდენას.
ახალი ჩაქუჩი
გააღვიძებს ასე მძინარე
ქოხებს.
აქ საჭიროა კიდევ  ბურღი
და მხოლოდ ბურღი.
ჩემს წინ დგას კაცი.
სახე
დაჭმუჭნული კალენკორია,
რომელსაც სცემდა წვიმა.
მეორე ამ ყინვაში დგას
ჩითის პერანგის ამარა.
და ის ისე კმაყოფილია
თითქო ხავერდი ეცვას...
კანკალებს
და მაინც კმაყოფილია.
მაინც ჯიბეში აქვს
ფული: ოქრო და ვერცხლი.
მესამე:
თითფერის სახით,
სპილენძის ხელებით,
ნატყვიარი შუბლით,
დაკალული თვალებით
სდგას ფოლადივით.
გიორგის კავალერი,
ყოფილი;
მისი დიდება -
წინანდელი ჯვარია
მისი სიმდიდრე.
მხოლოდ გამოხედვაა,
მოგონებები
ძველი მამაცობის,
ძველი მხნეობის.
როდესაც
ომი იყო დიდი
და შესაზარი. -
გიორგის კავალერი
იხსნის ჯვარს -
რომელმაც არა ერთხელ
შეახედა სიკვდილს
თვალებში.
და ამბობს:
ამასთან ერთად
ვწირავ მე მას
ძალას და ღონეს
ამიერიდან.
ტიალ მინდორში
მატარებელი მიდის.
მათხოვარი
ხმამაღლა ლაპარაკობს
რომელიღაც დღესასწაულზე
კალუგიის გუბერნიაში.
ქადაგებს მამაშვილობას
და სამაგიერო ზეციურ სიხარულს.
ყურს უგდებენ ქალები
მოწიწებით და პირჯვარის წერით.
ხანდახან
გაისმის სიმღერა,
უფრო კი წყევლა
და გინება
რუსული ტონით,
თითქო ყველა უგვაროა,
უნათესავო.
არავის ჰქონია უზრუნველი
ძილი,
ბავშვური სიცილი,
პირველი ნახვა
ნაზი ქორწილის.
არ ისმის სიმღერის სიტყვები,
ისმის ელეგია.
მესმის რულში
მატარებლის
რა-რა-რა-რა-რა-რა-რა.
არა რა ბედს
არარარა, არარა...
ძველი გული
ერთხელ გაიბზარა - რა,
არარარარა, არარა...
შეკრებულება
რაღაცას დავობს,
რაღაცას ჩხუბობს,
საშინელი ვიწროობაა.
აწვებიან ერთმანეთს
თითქო სამსახურისათვის
გულმოდგინეობა იყოს.
დაიწით - გაისმის ხმა -
ბავშვი იჭყლიტება.
არავინაც არ დაიწევს,
გზა არსად არის.
მისდევენ ვერსებს ვერსები,
რელსებს რელსები
ეალერსება,
ღამემ უსაზღვრო
გაშალა სიღრმე -
.............................
ფიქრობ,
ამბობს ვიღაცა:
ქვეყანა კიდევ უფრო დაიმშევა,
უფრო გაძლიერდება სიმწარე.
დაეკარგება სინდისს ფასი.
ღვთიური ყველაფერი დაიკარგება,
დაინგრევა ყოველივე წმინდა
საქვეყნო წყევლათ.
მაშინ,
როცა ბრწყინვალე ფრინველი,
მზე ამოვა და დაინახავს
განადგურებას.
როცა მაღალი და დიდი
მზე ამოვა.
გამოჩენილი
ახლა ვინ არის?
ძველი -
რომელია?
წყნარი -
თქვენს შორის არის ვინმე?
მშვიდი -
ახლა მხოლოდ ცხვრები არიან.
როგორც სჩანს, ახლა ყველა
მხნე და მამაცია.
ყველა თავისებურად
ძლიერია.
უსუსურიც კი
ღონიერია.
ნეტავი
იყოს სადმე ასეთი გამბედავი,
როგორც ეს რუსის კაცი,
მეტად მართალი -
წინად კი თითქო იყო მხდალი
და უბედური.
მაგრამ დასძახეს
მძლავრი და სასტიკი:
აღსდეგ!!
რუსეთი დაიძრა,
მომთმენი რუსეთი.
ავადმყოფი, ცოცხალ-მკვდარი
რუსეთი დგება.
ჩემს ახლო
დგას ჯარისკაცი
უფერული,
გამხდარი,
პაჭუა ცხვირით.
როდესაც რამეს ეკითხებიან,
ბლუდ უპასუხებს -
სჩანს - ენაჩლუნგია.
საერთოდ,
მუნჯივით დგას.
მე ვაკვირდები:
მას არ აქვს
ცალი თვალი -
ის ცალი თვალიც
ბრუციანია,
ელამი.
იგი პირ-ნაყვავილარია,
წარბები
მუდამ შეჭმუხნული აქვს.
უცებ მისი ფარაჯიდან
ზედ გულთან
წითელი ვარდივით
იშლება სისხლი.
„სისხლი“, - ვამბობ მე,
„სისხლი“, ამხანაგო...
მან გულზე დაიხედა,
მოინდომა
მატარებლიდან გადავარდნა.
ის არ გაუშვეს...
ეუბნებოდენ:
შენ ალბად
დაჭრილი ხარ,
გულთან.
უხსნიან ფარაჯას...
მას ულამაზესი ქალის ხელი -
მაჯაში გადაჭრილი,
თითებზე ოქროს ბეჭდებით,
ბრილიანტებით...
უბეში უპოვეს.
„მკვლელი... ავაზაკი!
სიკვდილი მაგას!“
ასწიეს,
სცემეს,
მიასიკვდილეს
და გადისროლეს.
წვერმოპარსული
სპარსელი -
მსგავსი მის გვერდით მდგომ
ოსმალელის,
მალულის ენერგიით
სდგას.
თავისუფალი ზავით
გერმანელი ტყვე,
ამ მატარებლით პეტერბურგში
მიემგზავრება;
მას ცისფერი თვალები აქვს.
სწევს სიგარას.
შეუმჩნევლად სიგარიდან
ცეცხლი მოსდებია
ოსმალელის ქუდს,
ქუდიდან ტანთსაცმელს...
დამწვარის სუნია...
რაღაცა იწვის.
ოსმალელს
მატარებელში მოედო ცეცხლი
და, რომ ამ ცეცხლით
გადაიწვას
მთელი აზია -
მოჰკიდეს ხელი
და გადისროლეს მატარებლიდან.
მიდის მატარებელი.
ტყიანი ველიდან
თოვლიან მინდვრებზე,
ვაკე ადგილებზე,
გადადის ღრმა ხევებზე,
უვლის ციცაბო გზებით
ღრანტეებს.
ვიწრო ხეობიდან
განიერ სოფელზე
გრძელი გზით.
დანგრეული სადგურები.
ფრთამომტვრეული წისქვილები.
მოსჩანს ოქროსფერი გუმბათები
ეკლესიების.
ტყვიისფერი ცა ნათლდება.
ნათლდებიან ხის კენწეროები.
ფეოდალური სასახლის სადღაცა,
უძველესი კედლები
ისევ დარჩენილა.
მჭრელი და ბასრი ზარის ხმა
არყევს ჰაერს.
მსხვილი ქალი
ჰყიდის მზისუმზირას,
სადგურიდან
ტანით შუათანა
მოგვდევს სატანა
წვრილმანი საქმე:
სახურავებიდან
გადმოცვენილან
მძინარე ჯარისკაცები
და დამსხვრეულან.
მატარებელი
ისევ მიდის...
უეცრად
ისევ გაჩერდა...
მახლობელ ტყიდან
გამოდის ყაჩაღების
მთელი ბრბო.
სროლა...
ძარცვა
წინა ხაზიდან.
მიაქვთ
კერენკები,
საათები ოქროსი,
ბეჭდები,
ფართალი.
ისინი
ძარცვავდნენ მატარებელს
მთელი საათის
განმავლობაში.
უეცრად გვერდიდან
გამოვარდა
შეიარაღებული რაზმი.
ყაჩაღები
ჩასაფრდნენ ტყეში.
ისმოდა სროლის ხმა
ცალიერ ჰაერში;
მაგრამ ტალახიანი ცა -
გამოიდარებს.
დიდი ხნის,
ძველი,
გაღარიბებული და ტკბილი
მოხუცი
იღიმება ამ აზრის გაფიქრებისას.
ცივი,
გაყინული ცხენოსანი,
თოფით მხარზე მიეშურება გზაზე.
უთუოდ აჩენს
ახალ ცეცხლებს
და ბარიკადებს.
ხარბი, გაუმაძღარი თვალები
გამოხატავს საშინელ შიმშილს,
გლეხი
მედიდურათ აზის
პურით სავსე ტომარას,
და მას უცქერიან
მწყურვალე თვალებით.
მაგრამ, აჰა, გაისმის
ხმამაღალი,
ხრინწიანი,
უიმედო კივილი
მატარებლის.
აი, პიტერიც!
გაფითრებული,
მთვრალივით რეტდასხმული,
შეჩვეული უსიხარულო
მორჩილებას,
დარღვეული და მძინარე
ჩერდება იგი
როგორც გიდრა
სადგურის წინ...
გადაწყდა სადავო საკითხები.
გადადიან მგზავრები,
ჯგუფდებიან სადგურის ბაქანზე,
სადაც მათ კიდევ ხვდება
სხვა ათასი
მოფუსფუსე, მოხეტიალე.
საღამო ხანია.
პეტერბურგია.
„ათი დღე,
რამაც შესძრა კაცობრიობა“
განვლილია.
მაგრამ ჯერ ისევ სჩანს
უზარმაზარი
პლაკატი -
„მთელი ძალა-უფლება
დამფუძნებელ კრებას“.
ო, რა თქმა უნდა,
მე არ მელოდენ,
როცა სისწრაფით
ვეშურებოდი საქართველოდან.
იგი წამოვიდა
ნიუ-ორკიდან -
ნამდვილი ჯონი!
ჩვენ შევხვდით -
როცა იგრძნეს ბორკილი -
და ნგრევის დრონი.
როცა მასსები
გადავარდნენ
ცხარე ბრძოლაში.
ჩვენ ერთად ვიყავით.
აშენებდნენ ბარიკადებს,
ჩვენ ერთად ვიყავით.
უფრო წინად კი
ჩვენ დავესწარით
რევოლუციის მსხვერპლთა
დასაფლავებას.
ყველაფერი დასრულდა.
და აი:
გამჭვირვალე პეიზაჟზე
რაღაც უცხო ამბავი
იწვევს ნისლიან
შებინდებულ მირაჟს
მწუხარებისას.
წითელი მოედანი,
სადაც განისვენებს
ჯონ რიდი -
პოეტი რევოლუციის,
დელეგატი
III ინტერნაციონალის. -
პიროვნება,
რომელთან ერთად განვიცადე
რევოლუცია...
მთელი სიმწარე მოვლენების
და მთელი სიტკბო,
რომ ეს სტიქია
უჩემოდ არ ჩატარებულა...
ო, რა თამამად
ცეცხლისკენ ვვლიდი -
.........................................
ჯონ რიდი
პოეტი რევოლუციის...
დელეგატი
ინტერნაციონალის.
           
1924 წლის 7 ივლისი