თასი
მწარე დუდუნით იგონებდა
განვლილ დროს მტკვარი,
ამ დროს მის პირზე ლხინს ეძლეოდა
ქართველთ ლაშქარი.
და დედოფალი რუსუდანი,
კახურით მთვრალი,
ცისა დასავალს გასცქეროდა
სუსტი, ფერ-მკრთალი.
წყნარი ოცნება დაღალულ სულს
შორს მიაფრენდა,
მთვარე ფერმკრთალი მის სახეზე
მკრთალ ნათელს ფენდა.
თითქო კვირვობდა დედოფალი
ამ ლხინის ხმებით,
რომ ვნების მორევს მისცემოდა
მთელის არსებით.
ისევ ისმოდა მტკვრის ნაპირზე
სიმღერა ნელი,
გულის სიღრმიდან მოხეთქილი,
განუწყვეტელი.
უცებ დედოფლის თვალთა ცქერა
ვაჟმა მიიპყრო
და მოაგონდა სიყმაწვილის
გაფრენილი დრო...
როცა ამგვარვე მომხიბლავი
ლამაზი ჩრდილი,
მომჯადოები ისე, როგორც
ვნების ყვავილი,
სადღაც ენახა, და დაუწყო
ფანცქალი გულმა,
კვლავ გაიტაცა ძველებურად
ვნების ჩურჩულმა.
უთხრა: „ვინა ხარ, საიდან ხარ,
ჭაბუკო, შენა?
მითხარი რამე... მწყურის შენის
სიტყვის მოსმენა.
ისე, ვითა ვარდს უდაბნოით
ველადა გაშლილს,
სწყურის და შესტრფის ცის წიაღით
მოწყვეტილს ნამს გრილს,
ისე შევსცქერი დედოფალი
შენს ლამაზ თვალებს.
და რუსუდანი კი სიცოცხლეს
მათ ანაცვალებს“.
მაგრამ ყმაწვილმა არც შეხედა
დედოფლის სახეს,
წაიდუდუნა: „ვაი ჩვენს ბედს
და სივაგლახეს!
აქ დედოფალი განუსაზღვრელ
სურვილს ეძლევა,
დავიწყებია ქვეყნის ჭირი
და ცრემლთა ფრქვევა“.
გააწყვეტინა დედოფალმა
ყმაწვილს ჩურჩული:
„ჩემი ქვეყანა ჩემს ხელშია
დამკვიდრებული,
რად მინდა ტახტი ან გვირგვინი,
ან კაცთა კრება?
მე შენს თვალებში მსურს ვიხილო
ქვეყნიერება!“
"ოჰ, დედოფალო! - ყმაწვილმა კვლავ
ამოიკვნესა -
რად არ იგონებ საქართველოს
უკუღმართ დღესა?
ნუ თუ, მითხარი, დიდი დროა
მას შემდეგ განა,
რაც ჯელალ-ედინს მსხვერპლად ერგო
ჩვენი ქვეყანა?
უამრავ ჭირით მოესია
საბრალო მხარეს
და როცა იგი ჩვენ გვითხრიდა
შავბნელ სამარეს,
შენ მაშინ ისე, როგორც ეხლა,
ეძლეოდი ლხინს,
გარყვნილებაში ჰკლავდი ყოფნის
დაუცხრომელ ჟინს...
რად არ იგონებ, დედოფალო,
იმ უკუღმართ დღეს?!“
- კმარა! - ასე სთქვა რუსუდანმა -
კვლავ იმგვარ საფრთხეს
ჩვენი სამშობლო ვერ იხილავს,
კვლავ ჯელალის ხმებს...
ყველაფერს შენი ერთი კოცნა
გადამავიწყებს!
- ნუთუ? - ჭაბუკმა დაიძახა, -
აღარც ის გახსოვს,
როს მონგოლები აოხრებდენ
ჩვენსა სამშობლოს?
და გაუკ-ხანის მძვინვარე გულს
ვერ ამშვიდებდა
ვერც კაცთა ცრემლი, ვერცა სისხლი,
ვერც ჩვენი სევდა.
შენ მაშინ ისე, როგორც ეხლა,
ეძლეოდი ლხინს,
გარყვნილებაში ჰკლავდი ყოფნის
დაუცხრომელ ჟინს!
რად არ იგონებ, დედოფალო,
იმ უკუღმართ ჟამს?
- შენს ლამაზს ტუჩებს, ჰე, ჭაბუკო,
შენს თვალთა კამკამს,
ძალუძს ამ ქვეყნად ყველაფერი
გადამავიწყოს,
რაც კი ნაღველი მოუცია
ჩემთვის იმ შავ დროს!
შენ არ მოგწონვარ, ჩემო კარგო?
- მე? არა! არა! -
სთქვა ახალგაზრდამ და ფიქრებში
თავი დახარა.
და დედოფალი მის წინ იდგა
გაფითრებული,
მის წინ საზარლად ირეოდა
მთვრალთა კრებული.
„იყო დრო, - ფიქრობს რუსუდანი,
ღონე მიხდილი,
როცა ბევრს ყმაწვილს ჩემის ეშხით
არ ჰქონდა ძილი,
როცა მესმოდა ყოველ კუთხით
ხმა გულის თქმაზე,
ეხლა აღარ მაქვს ძველი ეშხი
და სილამაზე.
და რისთვის, ვისთვის ვარ საჭირო,
ან ვსცოცხლობ რადა?“
ზეზე წამოდგა და საჯაროდ
გამოაცხადა:
- მამულიშვილნო, თამარ მეფის
ხელთა მაქვს თასი,
ვინ უწყს, რამდენი შვების წვეთი,
წვეთი ძვირფასი,
უგემებია მისგან ძლიერს
ჩემს დედას - თამარს,
რომელიც ძლევის ნათელს ჰფენდა
ქართველთა მთა-ბარს.
დიდი ხანია, რაც მე ამ თასს
დავატარებდი,
სხვას არ ვუმხელდი და ნიავსაც
არ ვაკარებდი.
და დადგა ჟამი ჩემთვის მწარე
და სავალალო,
უნდა დავსცალო მე ის თასი,
უნდა დავსცალო!
დასცალა კიდეც... დაამსხვრია
თასი ნარნარი,
და დედოფალი ძირს დაეცა.
უსულო, მკვდარი...
მისწყდა ლხინის ხმა... გაიფანტა
შვების სიზმარი,
მწარე დუდუნით იგონებდა
განვლილ დროს მტკვარი.
[1915 წლამდე]