შუალედი - დან - მდე
 
 


საბედისწერო ფიქრი


I
რა თბილი დღეა... მზე დაქათქათებს
ველს საამურად ამწვანებულსა,
სადღაც ბულბული გაჰკივის ჰანგებს,
მთის ნაკადული ტკბილ ნანას მღერის.
ყვავილს გარს უვლის ნიავი ნელი,
ცისკენ ისწრაფვის ჩურჩული მთების,
ოცნებით სავსე და უზრუნველი
ნაზი პეპელა ბუჩქში ცქრიალებს,
მორცხვად ძირს თავს ხრის მაყვალი შავი,
ფრინველთა გუნდი ცელქობს, ფრთხიალებს..
ხარობს მზის სხივი დაუღალავი.
ცის სპეტაკ სახეს დედამიწასთან
ოდნავ აერთებს თეთრი ღრუბელი
და ფიქრით მიჰქრის შორს, იმ ლაჟვარდთან
აღფრთოვნებული სამყარო მთელი.
„ფრთები არა მაქვს, - ფიქრობს ნეტარი, -
თორემ იქ, ცაში გავფრინდებოდი
და უკვდავებით უხვად დამტკბარი
გავბრწყინდებოდი, აღვინთებოდი“.

II
დასტკბეს ბუნებით, ვისაც ამ სოფლად
წილად ხვედრია ბედნიერება,
ვისაც ტანჯვები არ აქვს საგრძნობლად,
ვისაც სწამს შვება, მშვენიერება.
ვინც ცხოვრების ქსელს ფერადათ ქარგავს,
ოცნებით ამკობს და იხიბლება,
ვინც მომავლისთვის თვით გვირგვინს იწნავს
და ტანჯვებშიაც იმედით სტკბება.
ის კი, ვინც მარად სხივ-უნახავად
ცხოვრების ალში იწვის და კვნესის,
ხმა სანუგეშო კი არსით ესმის.
ვინც ადამიანთ გულის ძგერაში
ვერ ჰპოვებს შვებას და მოსვენებას,
დნება, შიგ კვდება და ციურ ნამად
ხმა სანუგეშო კი არსით ესმის,
თვითონაც მუდამ კრეფს ცხოვრებაში
უიმედობას, ჯვარცმას და ვნებას.
ვინც სიყრმიდანვე ჩაფიქრებია
ცხოვრების კანონს, სიბნელით მოცულს,
მწარე ნაღველი წილად რგებია,
ვერ სცნობს სიყვარულს ძმურს და მეგობრულს,
ის ვერ დასტკბება შემკულ ბუნებით,
ტკბილ ალერსს მისგან ვერ ეღირსება,
შესცქერის მზის სხივს მიმკრთალ თვალებით,
ეს კი არ არის ბედნიერება.

III
ზის მაგიდასთან... დროგამოშვებით
დააცქერდება სარკმლიდან ყვავილს,
ან გადახედავს სევდით, მოწყენით
წიგნს დიდი ხნიდან მის წინ გადაშლილს.
ფერმკრთალი სახე, მუდმივ წამების
და შავბნელ ფიქრთა გამომხატველი,
მზის სპეტაკ სხივზე კანკალებს და თრთის,
როგორც ფოთოლი უკანასკნელი.
მშვიდად წიგნები... ოთახის კედლებს
გარს წურბლებივით შემოხვევიან...
და ობობები შრომით გაბმულს ქსელს
ცურვით, ფუსფუსით თავს ევლებიან.
ჯერ ახალგაზრდა, დაქანცულ სახით
აქ ჩაკეტილი... მარტოობას გრძნობს,
შორს, სარკმელს იქით გასცქერის კრძალვით,
ხედავს მთებს, მინდვრებს და ასე ამბობს:

IV

„გულს სევდა მიკლავს, სევდა საზარი,
სულს უძრწის შვება და მოსვენება,
გულდახშულია ჩემთვის მთა-ბარი,
ნაზი ცის სივრცე, ტურფა ბუნება.
როგორც ვარსკვლავი ცისა კამკამში
ობლად შთენილი თრთის და ცახცახებს,
ისე ცხოვრების მრისხანე ზღვაში
ობლად ვიკაფავ მრისხანე ტალღებს.
და ეს მას შემდეგ, რაც კითხვა მწვავი
გულის სიღრმემდე საგრძნობლად მსწვდება:
„რაა სიცოცხლე, რაა საფლავი,
სად ჩანს ცხოვრება... სად გათავდება?
ადამიანი რისთვის არსებობს,
ან არის ზეცა სადმე თუ არა?“
ოჰ, ეს საკითხი ძარღვში სისხლს მიშრობს,
გულმკერდს მიკაწრავს, როგორც იარა.
სიმართლეს ვეძებ დაუღალავად,
მაგრამ ვერ ვპოვე და ვიტანჯები.
ცხოვრება მიჩანს ტანჯვად და შხამად,
მაგრამ მის ქუხილს კი არ ვნებდები.
წიგნებს ვკითხულობ, დღე და ღამეებს
მათთან ვატარებ, მათთან ვსაუბრობ...
მაგრამ ამაოდ, - სიმართლის სხივებს,
ჩემგან დაფარულთ, ვერსად ვპოულობ.

V
ყოველი სიტყვა ადვილად ითქმის,
ენა კი ხშირად, ხშირად სტყუვდება...
და რაც საკითხი ძლიერი არის,
მით უფრო სული შფოთავს... სწუხდება.
ზეცა... ის უნდა აკავშირებდეს
ადამიანებს სიცოცხლის ძარღვთან,
ცხოვრება რასმეს უნდა ეძებდეს
თვით დასასრულში, საფლავის კართან.
და ამ დროს ის სულ აღარ არსებობს,
არ არის სადმე სასუფეველი!..
სულ არ ვსცოცხლობდეთ, კიდევ ისა სჯობს...
ბარემ ადრევე გაჰქრეს სოფელი!!
მწვავე საკითხს კი ყველა გვერდს უვლის,
სტყუის აქავე ბრძენთა თქმულება,
ჩვენ ვსცოცხლობთ... მაგრამ არ ვიცით რისთვის,
რა არის ჩვენი დანიშნულება?

VI
მეუბნებიან: შენ ეს ფიქრები
სულელად გხდიან, ეს ცხადად სჩანსო,
ეგრე ვერვის ვერ გამოადგები,
უდროოდ ითხრი, გიჟო, საფლავსო.
სჯობს, რომ გაერთო, სამშობლოსათვის
ვალად გვაწევსო მოღვაწეობა,
თავგანწირულად ვიბრძოლოთ მისთვის,
გვქონდეს სიმტკიცე, გვქონდეს მხნეობა.
იმოღვაწეო!.. სასაცილოა,
რისთვის ვიშრომო, რაა მიზანი?
ბნელი საფლავი ყველას ბოლოა...
უძლური არის ადამიანი.
ხვედრი მწარეა, მაგრამ მართალი,
არვის დაინდობს, არ შეიბრალებს,
თვითონ სამშობლო, ეხლა ცოცხალი
ერთ დროს მონახავს საფლავის კარებს.
გაჰქრება წყნარად, შეუმჩნეველად,
დედამიწიდან მტვრად აღიგვება,
წესს ქმნის ბუნება დაურღვეველად,
სამარეს ელის ყველგან ცხოვრება,
შემდეგ... შემდეგ კი...

VII
და წრფელ გულისთქმას,
მეგობრობასაც, თვითონ სიყვარულს,
ფიქრი მტარვალი ქვეყნადვე საზღვრავს,
ქვეყნადვე აძლევს სასტიკს დასასრულს.
მრწამს მეგობარი, როს მეგობრობა
სამუდამოა, განუსაზღვრელი,
ვერ წაშლის მის კვალს ჟამთა მსვლელობა,
გულ-დახუთული, დაუნდობელი.
მრწამს სიყვარულიც, როცა ამ გრძნობას
გზას ვერ შეუცვლის თვითონ სიკვდილი,
ვერ სძლევს იმის მკაცრს, სასტიკს მფლობლობას
თვითონ სამარე გულ-გადახსნილი.
როცა... მაგრამ, ეჰ... იწვის ცხოვრება,
იცვლება მისი ჟამი და ფერი
და ერთ დღეს, ვნახოთ, სრულად გაჰქრება,
ამაო არის სუყველაფერი.
გაჰქრეს, თუ არის სადმე ცხოვრება
უფრო უმანკო, ვით ცეცხლის ალი.
გაჰქრეს, თუ ჰქრება ამაოება,
რომ შეჰქმნას ძალა თავისუფალი.
მაგრამ, ვაიმე, ეჭვი გულს მიკლავს,
ეჭვი სასტიკი, ეჭვი საზარი,
არარას ველი... არაფერი მრწამს,
შემძაგდა ზეცა, მძაგს მთა და ბარი“.

VIII                           
დასავლეთისკენ მზე გადიხარა...
წითლად აენთო მწვერვალი მთისა,
შეკრთა ლაჟვარდი ცისა კამარა...
ათრთოლდა წვეთი ნაკადულისა.
აგერ, ჩამოკრეს საღამოს ზარი
და აუტოკდა მსწრაფლ ჭაბუკს გული,
გაჰკრთა მის თვალთ წინ, როგორც სიზმარი,
სიყმაწვილის დრო, ტკბილი წარსული.
გაჰქრნენ დღეები, როცა ზარის ხმას
ის ყურს უგდებდა სულგანაბული,
შორს იტაცებდა მის წრფელ გულის თქმას
წკრიალი, ვით ცის ნაზი ჩურჩული,
ეშურებოდა, რომ მოესმინა
ტკბილი ხმა ციურ ჰანგით აღვსილი,
თავდახრით იდგა ის ხატის წინა
და თვალთგან კრთოდა სიცოცხლის ჩრდილი.
მაშინ მას სწამდა... უსაზღვროდ სწამდა...
ეჭვი მის გულში არ არსებობდა,
ეჭვი სიცოცხლეს არ უწამლავდა,
მხოლოდ სიხარულს და შვებას გრძნობდა.

IX
ახსოვს აღდგომა... რა აღტაცებით
ზარების გუგუნს ეგებებოდა,
რა რიგ სტკბებოდა ამ სამღვთო ხმებით,
რა რიგ ნორჩ იმედს თავს ევლებოდა.
სადმე ხის ტოტზე მჯდარი ფრინველი
ფრთხიალით ცისკენ აფრინდებოდა,
თავს ხრიდნენ მთები... ხარობდა ველი...
სიო დაჰქროდა... ღამე კვდებოდა.
წარვიდა ის დროც... ტკბილ-ნეტარ დღეებს
გადაეფარა შავი ღრუბელი...
ნორჩ რწმენას კვალად ვერ დაიბრუნებს,
ტყვილა ჩამოსდის თვალთაგან ცრემლი.

X
მშვიდი ღამეა, ტკბილ ნეტარებით
და აღმაფრენით შეზავებული
ნიავი ჰქრის და სისინებს ვნებით...
ოდნავ ირხევა ტყე დაბურული.
ცა, ვარსკვლავებით შემოჭედილი,
ბრწყინავს, კაშკაშებს და ფერადდება.
მთვარე ფერმკრთალი, ღონემიხდილი
ღამის ციმციმში სინაზით კრთება.
სდუმს სასაფლაო... მას კი ნაღველი
შემოსწოლია გულმოსაკლავი,
სიჩუმე მეფობს შავ ფიქრთ აღმძვრელი...
იქაც საფლავი... აქაც საფლავი!..
აგერ მნათობის სხივს ქვეშ ჯვარი კრთის,
აქ განისვენებს ვიღაც მდიდარი,
იქ კი კუბო სდგას მოხუც გლახაკის,
ობლად შთენილი, მიუსაფარი.
მაგრამ მიწაზედ, იქვე განრთხმული,
ეს ვინ ქვითინებს გულ-ამოსკვნილი?
რას ეძებს ამ დროს მკვდრებთან ბედკრული,
რა შვებას აძლევს საფლავთა ჩრდილი?
მდუმარ საფლავებს ნაღველს შესჩივის
და შეწევნას სთხოვს ობოლი სული,
ძველ, სპეტაკ რწმენას დაკარგულს სტირის
წუთით მწყრალ წიგნებს მოშორებული.
სტირის იმედის სხივს ადრე მოკლულს,
სტირის სიცოცხლეს დაობლებულსა,
წმიდათა-წმიდას, უღვთოდ დანგრეულს,
შეურაცხყოფილს და მტვრად ქცეულსა.

XI
ეხვევა ჯვრებს და კოცნის საფლავებს,
ყურს უგდებს დუმილს გამეფებულსა,
გულწრფელად აფრქვევს მდუღარე ცრემლებს,
გულწრფელად უხსნის სიჩუმეს გულსა.
სწამს, რომ ხელს არვინ აქ არ შეუშლის,
მარტოდ მარტოა... სძინავთ სულდგმულებს,
მაგრამ სიღრმეში ეს რაღა იძვრის?
თვითონ სიჩუმეც მასთან ჩურჩულებს...
ახ... ეს რაღაა? უცხო ჩვენება
მის წინ სდგას, წყნარად, შავით მოსილი,
სდგას თავდახრილი, ვით ქანდაკება
სახე გამხდარი და ფერ-მიხდილი.
მწარე შემთხვევა გადაავიწყეს...
ბრბოს მასლაათმა ჰანგი შესცვალა...
ცხოვრების ტალღებს ეს ხსოვნაც მისცეს
და მოგონებამ დაჰკარგა ძალა...
თვალნი ცეცხლს ყრიდნენ... თმა გაწეწოდა,
ფრთხილად შეახო მომაკვდავს ხელი,
გრძნობა აღინთო... სული ათრთოლდა,
გაჰქრა იმედი უკანასკნელი.
„ჰოი, ჭაბუკო, - ამბობს ჩვენება, -
სჯობს სულ არ გრძნობდე სიცოცხლეს ბედკრულს,
არ გეღირსება ბედნიერება,
ვერ ეღირსები ხსნას და სიხარულს,
ივლი ამ სოფლად, გრძნობა-მიხდილი,
სიცივ-კანკალში, მზით ვერ გამთბარი,
გახრწნილ ცხოვრების უგვანო შვილი,
სულით ობოლი და გარეწარი“.

XII
საბედისწეროს ისმენს განაჩენს...
თვალთ უბნელდება... თავი დახარა...
ხმა იდუმალი გულზე ცივად კბენს,
უცებ შეკრთა და გადიხარხარა.
ყველა გათავდა... გაჰქრა ჩვენება,
წყვდიადს მიეცა წყვდიადის სული,
როგორც წარსულთა დღეთ მოგონება,
როგორც ბურუსი თვალახვეული.
მაგრამ ვის ძალუძს კვლავ დაუბრუნოს
სიცოცხლის ძალა გონება-ახდილს?
წყლული სულისა აწ ვინ განკურნოს?
ვის სთხოვოს შველა? მიმალულ აჩრდილს?
კლდე-ღრისკენ ილტვის, რომ შეაფაროს
თავის სიცოცხლე, გზა დახლართული.
ერთია მისთვის აწ ყველაფერი;
ის ვერ იპოვა, რასაც ეძებდა,
დიდი ხანია, რაც სულის მტერი -
გრძნეული ფიქრი მუდამ თან სდევდა.
ნორჩი გონება იმას შესწირა,
მას გადაადნო გული და გრძნობა,
არ შეიბრალა ზღვამ და ჩასძირა
სიცოცხლის გემი... ახალგაზრდობა...

XIII
ამბობენ მხოლოდ: როცა განთიადს
ღამის წყვდიადში ელის მთა-ბარი,
ოცნება ხიბლავს, ხედავს სხივს დიადს,
ატკბობს ოცნება, სხივს ჰფენს სიზმარი.
როცა დუმილი გამეფებული
ბორკილად ხლართავს აქა-იქ ძაფებს,
ნაძვი ფრთხილად სდგას გარინდებული
და თვით ფოთოლიც კი არ შრიალებს -
სასაფლაოზე ვიღაც შეშლილი
დადის, ხან სტირის, ხან კი ხარხარებს,
ხან გარინდდება, როგორც ქვა თლილი,
ხან აღგზნებული დასცქერს საფლავებს.
ამბობს: დავკარგე და ვერ ვიპოვე...
ვიპოვე მაინც... აჰა, ეს არის...
ერთ დროს მხურვალე ბჭობის საგანმა
აწ ძველებური დაკარგა ძალა.
წარვიდნენ დღენი და გულგრილ ხალხმა
ეს ხსოვნაც გულში სრულად წაშალა.

[1915 წლამდე]