შუალედი - დან - მდე
 
 


სატანა


ლეგენდა

I
არ სძინებია სელიმს... უეცრად
გადაიწია დარბაზის კარი...
და სარეცელთან მიიჭრა ერთად
ფერიათ გუნდი გასაოცარი.
უცნაურ სუნთქვით შეშინებული
პირქვე დაემხო მათ წინ სელიმი
და იდუმალად ატოკებული
ტანჯვით შეირხა გრძნობათა სიმი.
- ოჰ, ფერიებო! - სელიმი ამბობს,
რად გააშუქეთ ჩემი სადგური,
მზად ვარ თქვენს სიტყვას, გრძნობათა გამთბობს,
მორჩილებითა დავუგდო ყური.
მე თვით არ ვიცი, რისთვის ავღელდი,
რისთვის შეშფოთდა ესოდენ სული...
თვით ზეცამ იცის - რასაც ვეძებდი...
ღმერთს ვფიცავ, არ ვარ შეჩვენებული...
- ოჰ, მართალს ამბობ და გერწმუნებით, -
ნაზად ისმიან ფერიათ ხმები, -
მაგრამ გახსოვდეს, დამთუთქველ ვნებით
ვერც შენ მოილხენ, ვერც შენ დასტკბები.
ჟამი იცვლება... ხანი ბერდება,
ტალღა ტალღას სცვლის დაუდეგარი.
შენც, მეგობარო, დრო შეგეცვლება,
თან აგიტაცებს ტანჯვა ერთგვარი.
ეს სთქვეს და ერთ წამს გაჰქრა სუყველა,
დაცალიერდა უცებ დარბაზი...
შორით გაისმა რაღაც ყრუ ხველა
და ღამის სევდას გაავლო ხაზი.
„ჰოი, სატანავ! - ამბობს სელიმი
ვინ, ვინ მოგიხმო სულისა  მწველად?
ბრძოლის ქარცეცხლი, ალის ციმციმი,
არ გეყო ფიქრთა ასარხეველად?!
რისთვის გსურს, ჩემი, შეუშფოთველი,
ტანჯვად მიქციო სიცოცხლის დღენი...
სჩანს, ამაოა შენთვის ყოველი...
მაგრამ მე... რისთვის?.. ჩამომეხსენი!“

II
ისევ იდუმალ ფარულ სიფრთხილით
გადაიწია ჩარდახის კარი...
სატანა იდგა მის წინ ღიმილით,
ძლივს გასარჩევი, როგორც სიზმარი.
მთელს დარბაზს მისი დაღვრემილობა
იდუმალების ელფერს მატებდა...
შეკრთა სელიმი... უცხო სტუმრობა
გულში კარგს არას უკარნახებდა.
- ჰოი, სატანავ, - ჩურჩულებს იგი, -
ვინ, ვინ მოგიხმო ნუგეშის მცემლად?
ბრძოლის ქარცეცხლი, მსხვერპლი, ტარიგი,
არ გეყო სულის განსასვენებლად?
რისთვის გსურს, ჩემი, შეუშფოთველი,
ტანჯვად მიქციო სიცოცხლის დღენი?
სჩანს, ამაოა შენთვის ყოველი...
მაგრამ მე... რისთვის... ჩამომეხსენი!
- მე ქნარს დავუკრავ, - ამბობს სატანა, -
შენ კი იცეკვე, ჩემო გიჟ-მაჟო,
მსურს ჯოჯოხეთად და სულთათანა
დაგიხშო ფიქრი საგარიჟრაჟო.
- ამაოდ, ჩემო ბნელო სტუმარო! -
სიტყვა იცვლება მოსულის ხმაზე, -
არ შემიძლია, რომ ვიხუმარო,
მრწამს უკვდავება და სილამაზე.
რაზედ, არ იცი, ჩემი მიზანი
სულ სხვაა, ვიდრე ავ-სულს ჰგონია,
რომ თვალთმაქცია ადამიანი,
რა სასიამო გასაგონია,
რომ სატრფოს ჩემსას, სხვა ფლობს ჩემს გარდა,
ვერ დამაჯერებ, წინ ნუ მიხვდები...
მასში ვერ ვპოვებ რასმე ფიქრთ მქენჯნავს,
კაეშანს რისთვის შევურიგდები?
შენ რა გაქვს ჩემთან? მე ბედნიერი
ვარ, და მონახე შენებრ ვნებული,
ვისაც სიცოცხლე ამ ქვეყნიური
სძაგს... ეზიზღება მოძულებული...
- ხა, ხა, ხა, - მწარედ გადიხარხარა
უცებ სატანამ. ასწია ხელი, -
რისთვის არ იცი, ჩემი ნაღარა
სიმართლის ხმაა დაულეველი!
ცხოვრების ბავშვო, ჩანს, რომ არ იცი
იმავ ცხოვრების კარგი და ავი.
ადამიანის ფუჭია ფიცი -
სატრფო თასია და საწამლავი.
მომყევ სატანას... მომყევ, აგიხსნი
ყოფნის საზარელ და ფარულ მცნებას.
ნუ შეუკრთები, ნუ შეიმცირებ
კვნესა-გასაჭირს და მწუხარებას...
აი, წამალი - დალიე ჩქარა
და დამიმადლებ სატანას ბოლოს,
რომ ტკბილი წუთი მსწრაფლ ჩაგემწარა,
სატანას სურს, რომ კიდევ გაბრძოლოს.
დალიე ჩქარა! შენ კაცის გულში
ამოიკითხავ ერთად ყველაფერს...
რა სძევს ტრფობასა და სიყვარულში,
გაარჩევ ერთგულს, გაარჩევ მკაცრ მტერს.
სძლია მგოსანი წინადადებამ
ესდენ მრისხანემ და საზიზღარმა...
ვითარცა ქაჯის სულისკვეთებამ
გაიწკრიალა სატანას ქნარმა.
დასცალა თასი და გადააგდო -
„ჰპოვე, მხატვარო, ჰპოვე სიკვდილი!
ტანჯვით მსურს, სელიმ, შეგაფერადო!“ -
სთქვა სატანამ და გაჰქრა ვით ჩრდილი.

III
ნაღველმა, ფიქრმა და შავმა ძალამ
მღერალის გულში დაისადგურა...
უცნაურ წვეთად თასის სამსალამ
გულზე კაეშნად შხამი დასწურა.
გაჰქრა სატანა, მაგრამ ხმამ მისმა
თვით კედლებსაც კი ნაღველი გაჰკრა,
თავი დაჰკიდა დაბლა სელიმმა
და ჩურჩულით სთქვა: - ის გაჰქრა, გაჰქრა!
მიჰკეტა კარი, რომ კიდევ ვინმემ
არ შეუშფოთოს შვა-ღამის ჟამი.
გვიან-ღა არის, თვით ჟამთა სივრცემ
და სხვა სტუმარმა სხივმოციმციმემ
არ დაირიდა ფიალით შხამი.
გვიან-ღა არის, სელიმიცა სცნობს
დაკარგვას წარსულ ტკბილი ჟამისას,
ვინ მისცემს მხსნელ ხელს, ვინ თანაუგრძნობს
ტანჯვა-წამებას შუაღამისას?
რისთვის მიიღო წამების თასი?
- მაგრამ რას ვფიქრობ, - ამბობს სელიმი.
სად დაიკარგა ათი-ათასი,
მეგობართ გუნდი, ლელეს ციმციმი?
მე მას ვუყვარვარ? ჰოი, სატანავ,
შენს საჩუქარით გავიგებ მალე,
ჩავხედავ მის გულს და გადავფანტავ
ბურუსს, რომ ვპოვო ის გამჭვირვალე.
შენ ხომ მითხარი, რომ კაცის გულში
თვით საიდუმლოს მცნობათ დავრჩები?
რაა ესეთი ჩვენს სიყვარულში,
რა იმალება? რად ვიტანჯები?
გული რად შფოთავს... რისთვის ხარხარებს
ისევ და ისევ შავ-ბნელი სული...
წყვდიადის შვილო! რა განეტარებს,
იყავ წყეულ და შეჩვენებული!
მაგრამ ხომ ის ხარ უიმისოდაც,
რომ სპეტაკ გულში ჩახედვას ბედავ?
არ მეღირსება ხსნა არას დროსაც...
ნუღარ მღელვარებ... დასცხრი გულის თქმავ!
თითქო ალერსს სთხოვს, თითქო ტანჯვას გრძნობს:
„ოჰ, შემიყვარე, შენს მკერდზე დამდე“...
მაგრამ სელიმი რაღაცას ფიქრობს,
ფიქრობს მწარე ფიქრს  განთიადამდე.
მოწყენილია ვარსკვლავთა კრება,
ცის უდაბნოში მისცურავს მთვარე...
და უშფოთველად ესაუბრება
სევდიან სხივებს კორდი მთვლემარე.
მდიდრულ ფანჯრიდან მკრთალი ნათელი
დარბაზის კედლებს ეფარფატება...
და ტკბილ-უმანკო სიზმრებთა მთქმელი
სელიმის მოღლილ სახეზე სტკბება.

IV
გათენდა კიდეც, მძლავრად, და მთებში
შორს, მონასტერში შემოკრეს ზარებს,
ფერია სცურავს წყაროს ზვირთებში,
მზის სხივი ცელქობს... ცა კი ნეტარებს.
„უფრო ჩამეკარ... მომიახლოვდი“ -
ყვავილი ყვავილს ელამუნება, -
რისთვის ცახცახებ, რისთვის ათრთოლდი,
სიყვარულია ჩვენი ბუნება..
არ შეიძლება, - ნიავი ამბობს, -
განა ვერ ამჩნევთ, ყურს გიგდებთ ვარდი?
- არ შეიძლება - ნამი ცახცახობს,
თვალს არ გაცილებთ ცისა ლაჟვარდი...
ყურს არ უგდებენ... შეყვარებულებს
გადაუხრიათ ბუჩქისკენ თავი...
ბედნიერები! მათ ნეტარ წუთებს
ვერ გააქარწყლებს სულთა მხუთავი.
სელიმ, შენს ყოფნას და სიცოცხლის სულს
იმ ერთ ბედნიერ წუთში გასცვლიდი,
რა იქნებოდა, რომ ფიქრს დაქანცულს
თან არ დასდევდეს სატანა ფლიდი?
ვაიმე! ტანჯვით სავსე ფიალა
ერთხელ ბედნიერს დაგაცლევინა...
სულში კი თვითონ ჩაისრიალა
და სამუდამო დაიდო ბინა.
მიდის სელიმი... მაგრამ ვისთან, სად,
რისთვის უტოკავს ოცნება მწველი?
რისთვის? მწარედ და შეუბრალებლად
მას ეჩვენება ირგვლივ ყოველი?
დარბაზობა აქვთ ლელეს დედ-მამას,
ლელე ირხევა, როგორც ლერწამი.
ჩუ, როიალმა დაიგრიალა...
მახლობელ სახლში, დაუგდეთ ყური...
თასს თასები სცვლის და ჯიხვს - ფიალა,
აზვირთებულა ზურნა, ლეკური...
იქ შეაბიჯა სელიმმა წყნარად,
მსახურს ბრძანებით მიაპყრა თვალი,
შემდეგ ავიდა კიბეზე ჩქარად
და როიალის შესწყდა გრიალი...
ლელე, ცქრიალა და უდარდელი,
სელიმს კარებში გამოეგება...
„სადა ხარ, სელიმ წვეული მთელი
დიდი ხანია რაც გელოდება“...
ლელეს თვალები მხიარულებით
ცეცხლივით თრთიან და ეგზნებიან...
„სელიმ, - ამბობენ, - ტანჯვის წუთებით
მოიშხამები ადრე თუ გვიან“.

V
სელიმი ფიქრით გატაცებული
სატრფოს თვალებში გრძნობას ეძებდა...
ამოიკითხა: „რა ვქნა, ეს გული
სულ სხვა იმედით გაიმედებდა.
ეხლაც... მაგრამ, ოჰ, ნეტავი რისთვის
არაფერს ამბობს, მოწყენილია...
სჩანს, აღარ სცხელა კიდევაც ჩემთვის,
სჩანს, სხვა მზისაკენ გადახრილია...
დროებით, სატრფოვ! ოჰ, რომ იცოდე
რა საიდუმლო მიღვივის გულში
ან ჩემს გზნების წუთს შენ რომ იგრძნობდე
აღმოცენებულს სხვასთან ჩურჩულში,
ხანჯალს დამცემდი და ჩემს სხეულზე
მწარედ, უგონოდ იწყებდი ხარხარს...
ცეკვას იწყებდი თვითონ ჩემს გულზე,
შურის ძიების ჩამოჰკრავდი ზარს!
გიჟო! მე ეხლა გულში ვიცინი...
გულში ვიცინი, შენ კი გიღიმი...
არ გესმის ჩემი ვნების სისინი,
ატოკებული ფიქრების სიმი.
როცა შენ წახვალ, კარებს გაცდები,
უგემურ კოცნით მოტყუებული,
მსწრაფლ გაიღება ისევ კარები,
რომ სხვა გიჟმაჟით დავატკბო გული...
შემოვა ლარა, შემოვა წყნარად
შენი თან-სწორი და მეგობარი...
მე ვეტყვი: „გზნებით, გულ-გამახარათ,
მაკოცე, ლარა, გულს ჩამეკარი...
სელიმი კიდეც მომბეზრდა, ლარა...
ეხლა შენა ხარ ჩემი იმედი...
მიყვარხარ! გულმა გადაატარა
მგოსანთან ხვევნა და მასთან ბედი...
ჩამეკარ, ლარა... უფრო მხურვალედ,
ეგრე... მაკოცე... კიდევ... ნუ კრთები,
დიდი ხანია გამოვუცვალეთ
სელიმის ალერსს ფუჭი ფესვები"...
ეს წაიკითხა თვალებში მისმა
გრძნეულ თვალებმა და ეცა ელდა...
ვით ჯადო რაღაც, როგორც თილისმა
ისე ჩაადნა... თვალთ დაუბნელდა.
განშორდა სწრაფად, სიტყვა-უთქმელად,
მის ნუგეშს სატრფოს და იქ მივიდა,
სადაც მეგობრის გული ეგრე ბრმად,
ეგრე სასტიკად ყიდდა და სცვლიდა.

VI
ლარა კი იდგა ამხანაგებში
და სანაძლეო ფიალას სცლიდა,
სიცოცხლით სავსე იმის თვალებში
გრძნობა მარგალიტ წუთებს ითვლიდა.
ის წუთი იყო გაუგებარი
მოკვდავ კაცთათვის, არვის საცნობი...
ბედნიერება იყო ერთგვარი,
თანაც მრავალ დღეთ წამების მგრძნობი,
„მგოსანო, აბა, რათ დაღვრემილხარ,
აჰა, ეს თასი, გადაჰკარ ღვინო,
სხვა რა შეგვრჩება მის გარდა, მითხარ,
უნდა იცელქო, უნდა ილხინო...
მოვკვდებით, ჩავალთ ბნელსა სამარეს,
თუ თვით  ყოფნამ არ დაგვასამარა“.
ამ ტკბილ სიტყვებით მშვიდს და მდუმარეს
მიუახლოვდა სელიმსაც ლარა...
მის თვალებში კი უცებ სელიმმა
ეს წაიკითხა: „რას მებუტები,
ან რა გაიგოს მძინარე ჩვილმა,
როცა მის სატრფოს ჩავეხუტები.
ნუ, ნუ გგონივარ, უგნურო არსო,
შენი მოაზრე და მეგობარი...
მსურს შვება, ლხენა გავიათასო,
თორემ რას მარგებს საქმე სხვა-გვარი.
რას მომაცქერდი? ეჰ, ვერ გაიგებ
ჩემს საიდუმლოს ღრმათ გულში ფარულს,
მე სატრფოს გართმევ... მე მახეს გიგებ,
გართმევ სიწმინდეს, გართმევ სიყვარულს.
შენ თვით ვერ იგრძნობ საზარელ მახეს...
და ვიგრძნობთ მხოლოდ მას მე და ლელე,
დავმარხავთ ფიქრებს და სივაგლახეს,
ფიქრი ბინდია და სისულელე...
მაშ ეგრე, სელიმ... ზღვა არის გული...
განსაკუთრებით კიდევ - ქალების...
იქ ხან შენა ხარ გამეფებული,
ხან შენ მეგობრით გაიმსჭვალებით!“

VII
განშორდა მასაც და ძალ-მიხდილმა
მყუდროს მიეყრდნო და მიაშურა,
ვერ შეამჩნია იქ ბრბოს ძახილმა
და თვალმაც ცრემლი ჩამოაცურა...
„მოვსტყუვდი! რა ვარ ეხლა ამ ქვეყნად,
არც სატრფო მყავს და არც მეგობარი“...
სტირის სელიმი შეუმჩნეველად,
ზეცის მდურავი, ბედის მგმობარი,
სტირის და გული აღელვებული
ცრემლში ირხევა და ილესება.
„არა, ვინ არი ქვეყნად რჩეული,
ბედნიერება ვის ეღირსება?“
უკანასკნელად თვალ-ცრემლიანმა
ამოიკვნესა და ხალხს შეხედა...
„ოჰ, ვით ვიცოცხლო ადამიანმა...
ამგვარი გმობა რად დამებედა?
ვსცდებოდი... აი, ბედნიერები,
ბედნიერება ხიბლავთ უკვდავი,
არ შეაშფოთებთ მწვავე ფიქრები,
არ ჰყავთ სატანა სულთამხუთავი“.
სთქვა და წამოდგა, ლელე კვლავ დაჰქრის,
როგორც ნიავი, მთით მოწყვეტილი...
თამაშობს... ხარობს... გარს სხივებს აყრის,
როგორც ვარსკვლავი ცით მოკვეთილი.
მიუახლოვდა სელიმი წყნარად...
უთხრა: - მივდივარ, ლელე, მშვიდობით!
- რა დაგემართა?
    - მე, მე ავად ვარ...
- მაშ მტოვებ?
    - რა ვქნა, არ შემიძლია...
სულ ერთი არის, ხომ კვლავ გიყვარვარ?
- მე მკითხავ? ჯერ შენ მითხარ, ვინ გძლია.
რისთვის მიმალავ?
    - დასამალავი
არაფერი მაქვს... მხოლოდ გახსოვდეს,
რაც სთქვი... ვაი თუ სხვა საწამლავი
მეპარებოდეს ვით წრფელი ძალა.
მშვიდობით!
    სთქვა და გამალებული
ლელეს მოსცილდა და მიიმალა...

VIII
- წავიდა?
    - დიახ!
        - ჰმ... ეგრე მალე?
დღეს უცნაური იყო საოცრად.
მაგრამ რას ვეძებ... მითხარი, ლელე,
შუაღამისას?
        - არა, რაკი მთლად
თავ-თავის სახლში წავლენ სტუმრები...
მაშინ შემოდი... ფრთხილად... რომ არვინ
არ შეგამჩნიოს... დავიღუპები,
თუ თვალი მოგკრა ვინმემ იქ მაშინ.
ამგვარი იყო ჩურჩული წრფელი...
ლელეს წინ იდგა მგოსანი ლარა...
აგერ, გაისმა უკანასკნელი
მუსიკის ჰანგი და მისწყდა წყნარა...
მოთამაშენი მსწრაფლ დაიშალენ,
დაქანცულთ ოფლი ჩამოიწმიდეს...
ტურფა მასპინძელს გამოესალმენ
და მხიარულად ჩასცილდნენ კიბეს...
წავიდა ლარაც, მაგრამ, როდესაც
შეამჩნია, რომ არვინ შეხედავს,
ისევ მობრუნდა... და თვით კედლებსაც
არ აგრძნობინა, თუ რასაც ბედავს...
აი, კარებიც იმ ოთახისა,
სადაც აღგზნებით მას ლელე ელის.
სისხლი უჩქეფს და ძგერა გულისა
ნეტარ წუთს აღგზნებს... ნეტარ წუთს შესტრფის.

IX
ლელე მაგიდას გადაყრდნობია
და დიდს სარკესთან დალალს ისწორებს...
ერთობ კანკალებს... ფერი კრთომია...
ხან მკლავებს გაშლის, ხან გააზმორებს,
ხან გაიღიმებს და თეთრი კბილი
სარკის სიღრმეში მწყობრად გაკრთება,
ხან ააღელვებს მისვე სიცილი,
ხან კი მისივე შვენებით სტკბება...
იმის ზედა ტანს, სატრფოს ლოდინში
მოსახურავი არა-რა ფარავს...
როგორც გედს, მკერდი უღვივის სისხლში
და გზნებით ტოკავს... გრძნობას არ მალავს.
კრთება... დუღს... შფოთავს... აღარ ისვენებს...
ცისფერ თვალებში ვნება დასცურავს,
და მოლოდინის დამტანჯველ რითმებს
ოცნების სხივში აკრთობს და სწურავს.
აგერ, გაიღო კიდეც კარები...
ლარა გამოჩნდა... მგზნებარე მკერდი
მოუთმენელად ანაძგერები
ვეღარ შესძლებს და... ის კოცნა ერთი
სხვა გვარ კოცნაში არ გაიცვლება,
სხვა გვარი ხვევნა, როგორც სხვა ბედი...
წუთშივე ჰქრება, წუთში იხრწნება...
„მაკოცე, ლარა, გულს ჩამეკარი,
უფრო მხურვალედ, უფრო სხვა გზნებით...
მაკოცე, ლარა, ეს წუთი მტკბარი
მათრობდეს, დეე, თავდავიწყებით...
კიდევ... ოჰ, კიდევ, უფრო მხურვალედ,
ეგრე, ნეტავი, მითხარ, რას კრთები?
დიდი ხანია გამოვუცვალეთ
სელიმის ალერსს ფუჭი ფესვები“.
საშინელებავ! ფარდის შიგნიდან
ფეხი გადმოდგა სელიმმა სწრაფად...
„ჰა, ლელე, მცვლიდი? და იმ წუთიდან...
რაც თავს გწირავდი დაუფარავად?“

X
- მაშ, დასტკბი! - ხანჯლის ერთმა წკრიალმა
ძირს იატაკი სისხლით მოსვარა,
როგორც ყაყაჩო, როგორც მთის პალმა,
ძირს გონმიხდილი დაეცა ლარა...
უკანასკნელი ერთი სიტყვაც კი
წარმოსათქმელად ვერ მოახერხა...
და თითქო მსხვერპლად ტრფობის ზვარაკი
შვაზედ გაიპო და გაიჩეხა.
ლელემ შეჰკივლა და იმის ხმაზე
მსახურთა გუნდი ოთახს მიასკდა...
სელიმი ახტა მსწრაფლ ფანჯარაზე,
გადახტა და მსწრაფლ მიდამოს გასცდა...
დიდხანს ისმოდა კრულვა და წყევლა,
დიდხანს მსახურნი აქა-იქ რბოდნენ,
სელიმი გაჰქრა, როგორც ცის ელვა...
ამაოდ იმის პოვნას სცდილობდნენ.
განცვიფრებული და დაღალული
ფიქრს მისცემოდა მსახურთ კრებული,
მათ თვალთწინ უდგათ ტურფა ასული
ტანთ-გახდილი და გაშიშვლებული.

XI
„ვერვის ვანდობ ფიქრს, არ შემიძლია
ჩემი ნაღველი ვისმეს შევჩივლო...
ნუგეშის სიმი გაწყვეტილია,
გულს ვერვინ იხსნის... ვერვინ, დედილო...
ჩემი ნუგეში და შველა ერთი
აწ შენ გეკუთვნის... ის შენს ხელშია...
მომეცი ნება, ვიწამო ღმერთი,
განვსცხრები, წავალ მონასტერშია...
იქ ჯავრს გადვიყრი... აქ, ჩვენს სახლ-კარში
სულს მოსვენება აღარ ექმნება...
მაინც უდროოდ შთავალ საფლავში,
მაგრამ მიშველის, ვგრძნობ, - შენანება...
რომ ღირსეულათ, იქ, სულთათანა
წმინდა ედემი დავიმსახურო...
გამიშვი, დედავ, დავსთმო ქვეყანა,
შხამიდან შვების წუთი დავსწურო...
ოჰ, იმ წამიდან დაუნდობელი
ქვეყნიერება დავგმე, დავწყევლე...
შეიბრალევი შენი მგმობელი,
საწყალი შვილი, საბრალო ლელე...“
და ქალის თვალთგან, როგორც ცის ნამი
ობლად შთენილი ცრემლი კრთებოდა.
ის იყო გულის წმინდა კამკამი
და ცას შენდობას ევედრებოდა.
ასულს, მშობლიურ მკერდზე მიყრდნობილს,
დედა კანკალით არ იცილებდა...
უფრთხილდებოდა ბედით დაგმობილს,
ის კი ტიროდა და ქვითინებდა.

XII
..............................................................
ნორჩი გულ-მკერდი შავმა დაჰფარა,
ნაზ მოძრაობას ფერი ეცვალა,
ძველი სიტურფე, ძველი იმედი,
სხვა ფიქრთან ერთად, გადაეცალა.
მაგრამ ძაძის ქვეშ, იმისი სახე
სხვა-გვარად ბრმაა და მშვენიერი,
ნაზად მსრბოლავი იქ სივაგლახე
კრთის, და იცვლება მხოლოდ ელფერი...
ისევ ირხევა ასულის გულში
ნაზი ფიქრი და ნაღველი წყნარი,
ისევ განგაშებს იმის სხეულში
ტანჯვა ფრთხილი და გასაოცარი.
ისევ ციმციმებს მის თვალწინ ლარა,
მის დავიწყებას ამაოდ სცდილობს.
ისევ სელიმის მკაცრი თვალები
ღამის წყვდიადში ეჩვენებიან
და მკაცრ ჭრილობით განაწვალები
ლარა ფართხალებს. ოდნავ კრთებიან
იმის სახეზე შური და მტრობა...
ლარა ფართხალებს, ლარა, ჰა, კვდება,
უკანასკნელი მისი „მშვიდობა“
გულს ლოდად აწევს და შხამად ხვდება.
ამაოდ სცდილობს უკანასკნელი
ეს მოგონების გაფანტოს დღენი...
„შეიწირევი, უფალო, ცრემლი
და სამწუხრონი ლოცვანი ჩვენი,
შეიწირევი გულით მიძღვნილი
შენდამი წმიდა ლოცვა-ვედრება,
მომეც მონა-ქალს მშვიდობის ძილი...
მომეც მშვიდობა და განსვენება...
რა ვქნა, არ ძალმიძს ფიქრთა აღმძროლნი
სულის სვე შენად შემოვიერთო...
შეიწირევი, გთხოვ, სამწუხრონი
ლოცვანი ჩემნი, ჰე, ღმერთო, ღმერთო!“

XIII
ღამეა, ლელე აღშფოთებული
იდუმალ ჩურჩულს ისმენს და კრთება,
სურს, რომ განდევნოს ფიქრი წყეული,
მაგრამ არ ძალუძს და ცრემლად დნება...
ჩუმი ხარხარი ესმის მარად ჟამს,
ჩუმი დაცინვა ხანჯლით გულს უპობს...

სატანა
შენი ქვითინი აწ არავის სწამს,
შენს გრძნობას არვინ არ თანაუგრძნობს,
შენი ხვედრია სამარად-ჟამოდ
მწარე ტანჯვები და სულის შფოთვა...
ამაოდ ეძებ შველას, ამაოდ,
ძლიერი არის ეგ შენი ცოდვა,
უნდა იტანჯო და შენი ტანჯვა
მონასტრის სპეტაკ კედლებზე სწერო.
ცოდვამ სასტიკმა დაღად დაასვა
არსებას ცეცხლი საბედისწერო...
რა საბრალო ხარ!

ლელე
ჩამომეხსენი...
მაკმარე ტანჯვა... ოჰ, გევედრები...
მეყოფა სულის ქენჯნა ესდენი...
სხვა რაღა გინდა? რა გსურს?

სატანა
შენ სცდები...

ლელე
მაშ, რა ვქნა?

სული
რა ჰქმნა? მე თვით არ ვიცი,
ეს კი ცხადია, სული იხრწნება...
გაჰყიდე ტრფობა და წმინდა ფიცი
და მოსვენებაც არ გეღირსება...

ლელე
ოჰ, ღმერთო... ღმერთო...

სული
             ის შენ არ გისმენს,
ის შენ გაჰყიდე, ის შენ მოჰკალი.

ლელე
მაგრამ შენ ვინ ხარ?

სული
ის, ვინც გულის სენს
ანაცვლა ზეცა და წმიდა ძალი...
ის, ვინც ბედნიერ თავდავიწყებას
ადამიანის ტანჯვაში ეძებს.
ის, ვინც მოშხამულ თავისუფლებას
მწარე ფიქრებით მწარედ ინელებს...
ის, ვინც მარტოა და ერთად-ერთი,
ის, ვინც მტრობაში ქვა გულ-მკერდს იღგზნებს,
ვინც თვით ტანჯვაა და ჯოჯოხეთი,
ის, ვინც, ასულო, ხსნას არ გაღირსებს...

ლელე
ჰოი, სატანავ, დაუნდობელო,
ვინ, ვინ მოგიხმო სულისა მწველად...
ჩემს ყოფნას, მითხარ, რისთვის, რად სწამლავ,
რად გენაღვლება ვსცოცხლობდე ქვეყნად?
რად გსურდა, ჩემი შეუშფოთველი
ტანჯვად გექცია სიცოცხლის დღენი?
მაშ, ამაოა შენთვის ყოველი,
მაგრამ მე, რისთვის?.. ჩამომეხსენი!
(სატანა ლელეს მიუახლოვდა...)

ლელე
მაშ, მე შენ ხელთ ვარ?

სული
ჩემი ხარ, ჩემი!

ლელე
ოჰ, შემიბრალე! მე სიცოცხლე მსურს...
მე კვლავ წინ მიდგას წმინდა ედემი...

სული
ის შენ გაჰყიდე!
დაჩუმდი... კმარა...
მეც მქონდა ერთხელ სამოთხე წმიდა,
მეც მქონდა შვება და მოსვენება,
ერთმა სურვილმა ერთად გაჰყიდა
სპეტაკი ლტოლვა და ფიქრთა გზნება.
ვინ დაუგდებდა ყურს შენსა ჩურჩულს!!
უმანკოების მომხიბლავ ტაძარს
ჩირქი მოეცხო და შხამად იქცა,
ამაოდ ვეძებ მშვიდ თავ-შესაფარს.
სატანა ბედმა ჯოჯოხეთს მისცა...
საუკუნენი საუკუნეებს
მისდევენ ერთგვარ მოწყენილობით,
ვინ მომცემს ხელს და ვინ შემიბრალებს
ამ გაცივებულ სულით და გრძნობით!
ჩემი ხვედრია... ჩემს მწუხარ ქნარზე
ავათამაშო ადამიანი,
რომ წმიდა ღმერთზე და მშვიდ ზეცაზე
აღარ ფიქრობდეს გულ-ნაღვლიანი...
მგოსანი... იცი, ჩემმა ჩურჩულმა
რა უკვდავებას გადაატარა?
ოჰ, შენ გაიგებ, სულ-დაღუპულმა,
ბოლოს რა ჰპოვა!.. გამომყე ჩქარა! -
და წყნარად ლელეს მკლავს ათრთოლვებულს
უწვევ სტუმარმა მოავლო ხელი...

XIV
თვალუწვდენელ და ნარნარ უბსკრულს
შემოვლებოდა ვარსკვლავთ ნათელი...
და ლელეს, ლტოლვით მოღლილს, მოქანცულს
ციდგან სიმღერა ესმოდა წრფელი:
„სულო, ობლად მოარულო,
ქვეყნად ტანჯულ-დაჩაგრულო,
აქეთ, აქეთ გამოსწიე,
სჯობს სიცოცხლე დაასრულო...
სულო, დაჰგმო სჯობს ქვეყანა,
მას ხან მზე ჰფლობს, ხან სატანა.
აქეთ, აქეთ გამოსწიე
ანგელოსთ და სულთა თანა...
ჩვენ არას ვსწუხთ, არც ვვალალებთ...
საქმეს საქმეთ მოვაგვარებთ.
აქეთ, აქეთ გამოსწი,
გაგახარებთ... შეგიყვარებთ...
სულო, ობლად მოარულო,
ქვეყნად ტანჯულ-დაჩაგრულო,
აქეთ, აქეთ გამოსწიე,
წამებულო, დადაგულო!“
ლელე ათრთოლდა... მთლად მისი სული
დაემონავა სიმღერის ჰანგებს,
მაგრამ სატანა აღელვებული
რაღაც იდუმალ ჰანგს კვლავ ღაღადებს.

XV
„საბრალო ლელევ! ვეღარ დაგიხსნის
ვარსკვლავებისა ჩურჩული ტკბილი...
სად გეღირსება ყოფნა ვინ იცის,
ახლოა, ახლო მწარე სიკვდილი.
ეჰ, რა იქნება ეხლაც, ამ წამში
ჰანგშეუცვლელი ბედი კვლავ ვსცადო,
დაგაწყებინო ქნარზე თამაში
და მწარე სიტყვა გამოგიცხადო?
მეც ვგრძნობ, ლამაზო, ეგ შენი გული
რა რიგ აძგერდა, რა რიგ ატოკდა!
ეგ გულის წვაა დავიწყებული...
სელიმი არ გყავს, სელიმი მოკვდა!
არ აქვს საფლავი, იქ, ბნელ ტყის გულში
გდია, ყორანი თავს დავალალებს...
მწერნი ბუდობენ იმის სხეულში
და მთის არწივი უჯიჯგნის თვალებს.
მწარე ტანჯვა და მდურვა სატრფოსდმი
იმის სახეზე ზე აღბეჭდილა...
მოულოდნელი კიცხვა და ურვა,
ბედის საღამო, ბედისვე დილა...
გადაკარგული სალამი შორი,
სურს ხელის გაშლით თითქო მოგზავნოს
ტკბილი ამბორი, ჩუმი ამბორი...“
გაფითრებული ლელე კედლისკენ
გადაიხარა ვით ქანდაკება...
სატანა ოდნავ იხრება მისკენ...
ხარობს ვერაგი... ხარობს და სტკბება...

XVI
აჩრდილი რაღაც ლელეს გონებას
სულთამხუთავად წამოელანდა...
კლიტედ დაედო ენას და ნებას...
ლელე სულთმობრძავ ვარსკვლავსა გვანდა...
წუთით იმის წინ ხროვად განიკრთო
სიყმაწვილისა სიზმარი ტკბილი...
შემდეგ ის ცოდვა - ოჰ, ღმერთო, ღმერთო,
შემდეგ ეს მწარე, მწარე სიკვდილი!
ოჰ, რა მზაკვრულად უახლოვდება
სწრაფის ნაბიჯით სტუმარი მძიმე...
ვეღარ გიშველის კვნესა, გოდება...
და ცრემლთა ფრქვევა ამაო არის!
აჰა, გაისმა მოკვდავის შფოთვა,
აღმოხეთქილი ოხვრა და კვნესა,
ლელე სამუდმოდ გამოეთხოვა
სიცოცხლეს, სოფელს, სიყმაწვილესა!..
თავის სულიერ მდგომარეობის
გულგრილ დაფარვა ამაოდ სცადა,
მწარე სიცოცხლის, მოშხამულ გრძნობის
დაღი სახეზე გამოიხატა.
ნორჩი ტრფიალი სიცოცხლისადმი
ლელეს თვალებმა რა ვერ დაფარა...
„განირთხე მიწად სამარისადმი“! -
სთქვა სატანამ და გადიხარხარა.
ოჰ, ის ხარხარი!.. მწარეა, გულში
შხამს აწვეთებს და თვით შიგვე დნება,
მშვიდობით! ვისაც წრფელ სიყვარულში
უეკლო ვარდი ელამუნება...
მშვიდობით, ლელევ! თუ კი მეტს ქვეყნად
ვერრას იხვედრდი, ვერრას იგრძნობდი,
ამიხსენ ბარემ უკანასკნელად,
რისთვის სცოცხლობდი, რად არსებობდი?

XV
არვინ იგონებს აწ შენსა სახელს...
მხოლოდ მონასტრის კარებთან საფლავს,
რაღაც უცნაურ სევდის დამსახველს,
თითქო გულს ფიქრი უზრავს და უკლავს,
ბევრის გულისთქმა თან მიუზიდავს.

ეპილოგი

დაფიქრებული იდგა მხატვარი,
ლელესთვის სურდა ძეგლი შეექმნა...
სერაფიმს ხელში ეჭირა ჯვარი,
სერაფიმს ლოცვა ეკერა პირზე,
ლელეს გულში რომ ქარმა მოჰფანტა.
არ იქმნა, ცათა სერაფიმი, მზე
მხატვარის ხელმა ვერ გამოხატა.
ღიმილის ნაცვლად ჩამოჰქმნა შური,
ჯვარის მაგიერ - მბასრავი დანა...
ძლიერის ადგილს, რაღაც უძლური
და სერაფიმის ნაცვლად სატანა.
სატანა იყო! ძეგლი ეხლაც სდგას,
სდგას და სატანას აგონებს არეს,
თითქო სურს, ვნებით მიდამო შთანთქას,
თითქო სურს, ჰანგებს მისცეს მწუხარეს...
ამბობენ, თითქოს სატანას გრძნეულს
მოაქვს ლელესთან სელიმის სული,
გაშორებული გატყორცნილ სხეულს
და სადღაც ველად მიტოვებული...
მოაქვს და ღამით, როცა მიდამოს
ეპატრონება სიჩუმე მკვდრული,
სასაფლაოზე მოისმის ამ დროს
სულთა სისინი... სულთა ჩურჩული.
- გიყვარდი? - დიახ... გიყვარვარ? - არა...
- რისთვის? - არ ვიცი! - არ იცი განა?
- ვისაუბროთ, გსურს? - აღარ მსურს... კმარა...
- რათ არ გსურს? - მე მფლობს შავი სატანა!
განთიადისას, რა აინთება
მნათი, სხივებით შემოსუდრული..
სასაფლაოზე თანდათან სწყდება
სულთა სისინი... სულთა ჩურჩული.
ძეგლი კი კვლავ სდგას... როცა მის ახლოს
გაივლის მგზავრი ტანჯვათა მთმენი...
ჩურჩულებს ლოცვას შავი შიშის დროს:
„ღმერთო მიხსენი! ღმერთო მიხსენი!“

[1915 წლამდე]