შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობის წიგნი


1
წარსულის შორის
მოწამე ჟამთა,
ორ სერთა შორის
შვენის შუამთა.
უგრძვნია მჭევრი
ტკივილი მტევრი
და უფრო ბევრი
კი დაუამდა.

2
მოწმე იმ ყრმობის,
კვლავ შუა-ჟამთა,
სხვა მთათა შორის
შვენის შუამთა.
მრავალთა წამთა
სჯეროდათ, სწამდათ
ძველი შუამთა,
კარგი შუამთა!

3
დევს ჰგავდა ნამდვილს
მუხა იმ გზაში,
ერთხელ იმ ადგილს,
იმ შუა-მთაში,
სად სჩანდა ჩრდილი,
გზად შედგა წყვილი,
იმერი ზრდილი:
ქალი და ვაჟი.

4
ვითარცა სევდა
რამ იდუმალი,
რაღაც აღგზნებდა
ორთავეს ალი.
მომსკდარ ღვარებად,
ცრემლთ მდუღარებით,
ვაჟს მწუხარებით
ეტყოდა ქალი:

5
- ტარიელ, ბნელა,
ეზო ჰგავს ქუჩას,
შემოდის ყველა,
ვისაც გზად უჩანს.
ვინ იცის, იქნებ
მისწვდეს ძველ წიგნებს,
გზასაც გაიგნებს,
თუ რომ დაურჩა.

6
ვისაც როგორ სურს,
ეპრიანება,
სისწრაფეა თუ
დაგვიანება,
შემოდის ყველა
მხეცი, წურბელა
მათ  კაცთა თელვა
ვინ მიანება?

7
მტერი... მზვერავი...
უნდა მოგვარდეს,
რომ შინ ვერავინ
ვერ შემოგვარდეს,
გმირი შეიქნე -
სცადე, შეიგნე,
მშვიდობის წიგნი
უფრო გიყვარდეს!

8
მშვიდობას მიჰყე,
ხარ ფალავანი,
ააგე ციხე,
გარს გალავანით.
წიგნისთვის სრული
გქონდეს ფარული,
გინდ ცხრაკლიტული,
გინდა თავანი.
9
გალავანს გარით
დე, გრგვინავდეს ზღვა,
მტერი სხვა არის
და მოყვარე სხვა,
ასეა, თორემ
მტერმა მეორემ,
ახლომ თუ შორემ,
თავის სიტყვა სთქვა.

10
რა გითხრა ერთგულს,
წიგნი წაიღეს,
შენს გარდა ჩემს გულს
ვერვინ გაიგებს.
არ იცის ყველამ,
რა დარდი მწველად
მწვავს. გულში ბნელა,
დარდი წამიღებს.

11
მაგრამ რა ვუყოთ,
რომ დაღამდება,
დრო უპასუხოთ
არ დაამდება.
ასეა ჟამი,
მისდევს წამს წამი,
ღამის წამწამი
ახამხამდება.

12
მჯერა, დიადად
რომ გათენდება,
ის განთიადი
აღმოცენდება.
რაც აირევა
და დაირევა,
რაც დაინგრევა,
კვლავ აშენდება.

13
მოედოს აგრეც
გზას ჟრუანტელი,
მაინც ვერ ჩაჰქრეს
ჩვენი სანთელი.
იტყვი: ეს  რაცა
მოხდა, დამაცა,
იყო რაღაცა
თოვლი, ფანტელი.

14
იტყვი: არს რაცა,
არის სიზმარი,
მეტყვი? მითხარი!
................................
..............................
..............................
..............................
..............................

15
დუმილით ვით ხარ...
მოდის, ენთება.
ტარიელ, მითხარ,
რომ გათენდება.
..............................
..............................
..............................
..............................

16
- თამარ, ამიერ
გზათ მონა ვიქნე!
- მაშ, ვლი სულიერ
ვენახთა  წინდვით?..
- თამარ, ჯერ უვლელს
მოვივლი ტყე-ველს...
- წიგნი, ტარიელ,
ტარიელ, წიგნი!

17
იმავ დღეს ძველი
ფაზისის პირად
მთელი სოფელი
შეკრბა თათბირად,
იქ, სადაც, ჭადრის
სივრცე-სიბადრის
ყოფნას ინატრის
გული ხშირ-ხშირად.

18
ღელვათა მჩენი
შეკრბა სოფელი,
ამბობდა: „ჩვენი
შემამკობელი,
ჩვენი წყვდიადის
და განთიადის
წიგნი მარადის
მანათობელი,

19
ჩვენი ძვირფასზე
ძვირფასი წიგნით
ვვიდოდით ასე
გარეთ და შიგნით,
ნათელით მისით,
წრფელით, ფაქიზით
ჩვენ მარადისით
გზები გავიგნეთ.

20
წიგნების მზოგვარს,
ჩვენ ძველის-ძველი
გვიყვარდა, როგორც
სიმართლის მცველი.
აწ მოხდა ავი
რამე ამბავი,
დაძრულა ზვავი
შავი და ბნელი.

21
ნაწერი მრავალ
საუკუნის წინ,
ასე ერთთავად
გამოგვტაცა ვინ?
ან წაიღეს სად?
რისთვის ანუ რად?
თუ გააქრეს მთლად?
ვერ ვისვენებთ შინ!

22
დამცველებს ვგვანდით,
ძველ ასოებით
წიგნს ვინახავდით
ჩვენ სასოებით.
დავკარგეთ ასე,
დაგვადგა თავზე
ჟამი, აღსავსე
ამაოებით.

23
მიწაც და ცაცა
მოწმობს: ვერ ვიგნებთ,
ვინ, ვინ მოგვტაცა
ძვირფასი წიგნი?
აწ ქმნილნი გრძნობად,
რაიმე ცნობად,
გამოსაცნობად
დავმდგარვართ რიგნი.

24
ჩვენ ვართ თანახმა
მრავალი კაცის,
წიგნი ფაზს გაღმა
რომ გაიტაცეს.
აწ ის, ვით ნესტან,
მყოფი საფრთხესთან,
მოელის ვეფხს ან
მოელის არწივს“.

25
მაშინ წარმოსდგა
ყრმა ტარიელი,
სიტყვა წარმოსთქვა
ერთობ ძლიერი.
ასე დაიწყო:
„ის, ვინც წაიღო
წიგნი, ვინ იყო
ის, უდიერი?

26
წიგნი, მხნეობა
თუ გაიტაცეს,
მოვალეობა
ჩვენ დიდი გვაწევს,
რომ არ განიბნეს
კვალი იმ წიგნის -
მოითხოვს სიბრძნეს
და სითამამეს.

27
რომ დავიბრუნოთ
ის განძი ძველი,
უნდა ვიზრუნოთ,
მოვვლოთ მთა-ველი.
ეს ითხოვს ძმობას,
წავალ, ვსცნობ ცნობას,
მხოლოდ თანხმობას
მე თქვენსას ველი.

28
წავალ, მოვკვდები
ან ვიპოვი წიგნს,
არ შევუკრთები
დაბრკოლებათ რიგს.
როს თქვენი ნება
წინ გამიძღვება,
იქ დაბრკოლება
რაა, რასა იქმს?

29
თუ დამავალებთ,
როგორც დიდ მცნებას,
ვით ავალებენ
კაცს თავდადებას -
გულს გულად ვგულებ,
სიტყვას ვასრულებ,
მე შევასრულებ
თქვენს დავალებას!“

30
ხალხმაც ერთპირი
სიტყვა, ძლიერი,
იგრგვინა: „გმირი
ხარ ტარიელი,
არ მოდუნდები,
ხანს მოუნდები,
არ დაბრუნდები
ხელცარიელი“.

31
ეს იყო და ეს.
სპეტაკი, წრფელი
გაუდგა შორ გზებს
ყრმა ტარიელი.
რა მოხდა მასში,
ვინ შეხვდა გზაში -
მოძმე ვაჟი თუ
გადამთიელი?

32
გრიალებს ქარი,
წყრომით დაბურვილს
არ აქვს საზღვარი
კაცთა მათ წყურვილს, -
ასე მრავალთა,
გრიგალთ და წყალთა,
ბუნების ძალთა
დაძლევის სურვილს.

33
ფაზისი ზღვასთან
არ მოქადულობს,
იგი თანდათან
მძიმედ მატულობს,
საიდან ვისი
მიმოდის ნისლი?
ველს ღელავს ისლი
უსიქადულო.

34
ნაპირს მოაწყდა
კაცი და ქალი,
არა სურს დაცდა,
მატულობს წყალი.
აქ მწვანე ტევრი
გვინახავს ბევრი,
ნიავი მჭევრი -
ფრთადაუმცხრალი.

35
ეხლა ამ დაბლობს
ახრჩობს ხველება,
მწუხარედ ამბობს:
- რა გვეშველება?
ეჰა, ინება
წყალთა დინებამ
აბიბინება
და გაძნელება.

36
მას ახსოვს არა
ერთი და ორი
ლურჯი, კრიალა
მდინარის თქორი,
ახსოვს მიდამო,
როსმე საამო,
ვით სამუდამო
ზმანება შორი.

37
ბევრი უნახავს
მას სოფლის შიშიც,
ომში რომ სახავს
და იერიშში,
ტყეში შეჭრილი,
ტოტებად შლილი
საამო, გრილი,
ხეების ნიში.

38
ხელში არმოხვრად
დროშა სჭერია,
რომელზედ ოქროდ
სჩნდა ივერია.
დღეს კი სულ მთელად
რამ გადათელა
ამდენი თელა?
ნისლი... ჟვერია...

39
მეორე ხელში
სჭერია ხმალი,
იმ შეტევებში
სწრაფი და მალი.
წყებათა წყება
წამით არ წყდება,
ნაპირს აწყდება
აწ მღვრიე წყალი.

40
თუმც ცისაგან არ
მირონცხებულა,
არასდროს ის არ
დამარცხებულა.
ის დროშა ურჩი,
ვით ძველი ბურჯი,
ნისლით ნარუჯი,
ძირს არ გდებულა.

41
ის ფართო მკერდი
და გულგრილობა?
ჯერ მას არცერთი
არ აქვს ჭრილობა,
ქართაგან მცველი
მარად უცვლელი,
თან მიაქვს ძველი
ხანდაცდილობა.

42
ურიცხვი ომი
გადაიტანო,
მაინც ის დროშა
მხნედ მიიტანო,
თუმც ქაჯთა წყება
მოდის, არ ცხრება,
მდინარის სწყრება
ფრთა, მოყვითალო.

43
დროშას უპოვო
თავის ადგილი,
განა ეს, დროო,
არის ადვილი?
შმაგ მოძრაობას,
ხეთა ნავობას,
ზვირთთა ავობას
დღე აქვთ ნამდვილი.

44
გახედო სოფელს,
გაათამამო,
უთხრა მეზობელს:
- შენ ეს საღამო
გგონია დიდი?
არსად სჩანს ხიდი,
წყნარი და მშივდი,
მყუდრო, საამო.

45
რისთვის გგონია
უკანასკნელი?
ვრცლად ვერ გქონია
დასკვნა დასკვნილი.
იყოს მორები,
სჩანდეს მორევი,
ყოვლის მომრევი
არაა ჩრდილი.

46
ყოველ წელს ჩაგვრა,
თითქო მტერია.
ჰქუხს წყალი, მაგრამ
არაფერია.
მოისპოს დავა:
აქ გამბედავად
ტალღებში გავა -
ვინც ძლიერია.

47
არავინა სთქვათ,
თავს ნუ დასდებო,
არა გრცხვენიათ,
ახალგაზრდებო?
დარეკეთ ზარი,
ხედავთ, საზარი
ტალღათა ჯარი
ნაპირს ასკდება.

48
აზრი, სმენა გაქვთ,
ხელი და თვალი,
როგორ ვერ ხედავთ,
მატულობს წყალი.
ზათქით და დაფით,
ზვირთების ქაფით,
შლამით და ლაფით
აქ მომავალი.

49
მოხუცი ვინემ
აქ ბჭობდა წყენით,
გაღმით ყრმა ვინმე
გამოჩნდა ცხენით.
ეს ტარიელი
იყო. ზღვა ვრცელი
შეხვდა ხმით ძველით
და აღმაფრენით.

50
ნავის უფროსად
არის მამია,
დილაა, თუ ცად
მწუხრის ჟამია.
დამშვიდებაა
თუ აზვირთება,
არ ერიდება,
ის თამამია.

51
მის ხედვას მწვავეს
იგი ვარსკვლავი
არ სწყდება - ნავი,
ლამაზი ნავი...
ნავს არრა  ხურავს,
ძალას მოსწურავს
და მიმოცურავს,
როგორც ნიავი.

52
ის მისით ლაღობს,
ის სიამეა -
მისით ამაყობს
კარგი მამია.
მისით სრულიად
დაისრულია,
დასასრული თუ
დასაბამია.

53
ნამდვილი რვალი
იყო ეს ნავი.
რაგინდ გრიგალი
შეხლოდა ავი,
ვერ იყო ვერრით,
ვერრაგვარ ფერით,
მისი ნამქერით
გამომრიყავი

54
აკლებდა ვერრას.
ჰქონდა მაგარი
წინა ერდო მას
და წინა კარი,
სიცოცხლით მთვრალი,
გრძნობით მავალი,
თავისუფალი,
როგორც ზღაპარი.

55
ხშირად  უნახავთ,
როცა ზღვა ანცობს,
მიაგორებს ნავს,
როგორც პირსაცობს,
არსად ერთხელაც
არ ითხოვს შველას,
აკვირვებს ყველას -
უცნობს და ნაცნობს.

56
გვერდთ და წინაშე
სცემდა მაგარი,
შავი ზღვის მლაშე
და მღვრიე ქარი.
ზღვის დარჩეულის,
გადახვეულის,
როგორც რვეულის
პირველი კარი.

57
არმცნობი ავი
ზღუდის და ტიხრის,
მამიას ნავი
წარბსაც არ იხრის.
ბურუსებს უძლევს
უძლებდა, უძლებს...
ქარი წიგნთ ფურცლებს
მოჰყრის და მიჰყრის.

58
ასე იალქნებ-
გადაფერილი,
ტალღებისაკენ
მკერდმიშვერილი,
დაიძრა, რახან
ჰგავს ახალთ-ახალ
წიგნს, სულ ეხლახან
რომ დაწერილა.

59
ბადე დიდი მას
გვერთ რომ ჰკიდია...
რა ამინდია!
რა ამინდია!
იმთავარსარდლე,
გითხრათ სიმართლე,
გულმა სინათლე
ვერ დაიტია.

60
მხნე და იალქან-
დაუღალავი
შუაზღვისაკენ
მისცურავს ნავი.
წინ, წინ, მამია!
გარს სალამია,
კარგი რამეა
ჩვენი ზღვა, შავი.

61
ეს ბადე ხელად,
წამსაც არ აცლის,
მოულოდნელად
აკრეფს და აცლის,
ზღვის ფსკერს აქვს რაცა.
გულო, დამაცა,
იყვეს სადაცა,
კაცი არ გაცვლის.

62
მოციმციმეა
ქაფობის მძივი,
ტალღაც მძიმეა
და ქარი ცივი.
არ იცვლის ზღვა ფერს,
ტალღებს ანაძგერს
მამია დასცქერს,
როგორც არწივი.

63
ბევრჯერ მხედავი
ამნაირ ვადის,
მამიას ნავი
სათევზედ  გადის,
იგი სცნობს ამ დროს,
ამოს თუ სამტროს,
სივრცეს უსაზღვროს,
სივრცეს მარადისს.

64
ის ხედავს ნისლთა
დარის დარებას,
ასცდეს ქარის და
ზღვის მდინარებას.
ჰგავს ქაფის მოსხმა
და ნიჩბის მოსმა
წაკითხულთ როსმე
წიგნთ მცინარებას.

65
როს ცა არ ღრუბლობს,
თქმა არძნელია
და საიდუმლოც
გასამხელია,
ვსცნობთ, რაც ჟამია,
ამ ადამიანს:
რისი მამია...
ტარიელია!

66
არ ბობოქრობს ზღვაც,
წყნარია ზეცა
ნავთსადგურის წყალს
ლანდათ დაეცა
ხომალდთა ხაზი,
ვით წიგნთა რაზმი,
თითქო ლამაზი
ყდა გადიკეცა.

67
უზარმაზართა
ხომალდთა წყება!
აჰა,  დროშათა
შრიალი სცხრება.
არ იცის დაღლა,
იწევს სულ მაღლა...
წიგნი ხელ-ახლა
გადაიშლება.

68
ნავს ნავი სტოვებს
იალქნიანი,
მას აოქროვებს
შუქი მზიანი,
თითქოს წიგნათ ჩნდა
ის სამხრეთი და
დასავლეთის ყდა
ხავერდიანი.

69
ელვარებანი
ცეცხლთა ქურების -
აჰა, შორს ნავი
მებადურების,
წიგნი - ფერების
ასხვაფერების,
ბედნიერების,
უბედურების,

70
სივრცით შემოსილ
მამიას ნავში
ზის, ზის უფროსი
მოსილი შავში.
ვინ არის იგი?
კაცი თუ წიგნი?
კაცია. რიგით
ზის წყნარად თავში.

71
ზღვის გულზვიადის
სამი - ლანდებად -
მისცურავს ბადის
გადასაგდებად.
შორს კი - ტყეები,
სალი კლდეები
და კიდეები
სჩანან ნაკვთებად.

72
მაგრამ მოვარდა
ქარი სულ მალე,
ქარიშხლად გახდა -
ხმა-მოგრიალედ,
ზღვად მოარეა,
უნდობარია,
არივ-დარია
დარის სიალე.

73
ქარიშხლის ფრთებზე
ნავი, მეთევზე
გადის ტალღებზე,
ვით მთიდან მთებზე,
ზევით თუ ქვევით,
საოცარ ხვევით
გადასარევით -
ხმით შეტევებზე.

74
ნაპირისაკენ
გზა აღარ არის,
ისევ ზღვისაკენ
ტალღა მძაფრ ღვარის
ნავს მიაქანებს,
ბღავის, ქაქანებს,
უგანდაგანებს,
უნდობი არის!

75
ნაპირთა კლდეებს
მოეხეთქება,
სცდება კიდეებს
და არ შედგება,
კვლავ მობრუნდება,
აგუგუნდება
და უცებ სკდება,
ვით აფეთქება!

76
უთანაბარო
არის ამბავი,
რომ შეაფაროს
აქ ნავმა თავი.
ნაირ-ნაირი
მოსავს ჰაერი,
ზღვამ სხვანაირი
არ იცის ზავი.

7
7
კვლავ შუა ზღვაში
გასვლას აპირებს,
უმიზნებს მაშინ
სულ სხვა ნაპირებს,
აქ ხვდება ძლიერ,
არა-მიწიერ
ზვირთებს,  ქაჯთ მიერ
გადანაბირებს.

78
ო, ასე თუა,
მაშინ მენავე
ბრუნდება შუა
ზღვისაკენავე.
რისხვა ათოვე
ამ სიფართოვეს,
რაც მიატოვე -
მისწვდი, შენავე.

79
ყოვლ ნაპირის ხავსს,
ქაფს, ხმაურობას
განსაცდელში ჰყავს
იქაურობა.
შეგხვდა - აიტან,
მოსულმა ზღვიდან
არ სთქვას საიდან -
სადაურობა.

80
კვლავ გამოექცა
იმ გარემოდან,
ისევ მოექცა
ტალღებს ზემოდან.
არ დაითენთა,
ითმენს, ითმენდა,
ვინ ჩაიდენდა,
ნავო, შენოდენს?

81
ზღვა აქანებდა,
მაღლა ისროდა,
აკანკალებდა,
რა დაიძროდა
სიძნელეები.
სჩანდნენ ვეება
აქ საფრთხეები
სიღრმეთ ვიწროთა.

82
სახეში რისხვად
სცემდა ზღვის შხეფი,
მაგრამ ვინ იყო
ხელ-დანაკრეფი?
ვინ დაიმონე,
ასეთი ღონე,
სიმაგრის მქონე
ძალა-ნაკრები?

83
რა არის ამ დროს
ზღვის ღელვის წამი?
ეს იყო სამკვდრო
ბრძოლა მისდამი.
ვინაა ამ დროს,
ალალბედს ანდოს,
რომ განიფანტოს
ღელვის ის შხამი?

84
არასდროს ზვავით
ხომ არ ყოფილა
აქ ქარიშხალი
უკმაყოფილო.
აბა მეტი რა?
თვით სიცოცხლის ზღვა
ღელვა არის, სხვა
რაა, ძმობილო?

85
დასაბამიდან
ცვალებად ბედის
გულს შვებას ჰგვრიდა
შუქი იმედის,
გვინდა მშვიდობა, -
ძმობა და ნდობა,
არა ფლიდობა
და მოხრა ქედის.

86
ბოლოს იოტად
მკაცრი და მწყრალი,
დამშვიდდა ცოტა
ის ქარიშხალი.
მთმენი სიმძიმის
გასწორდა სიმი,
გამოჩნდა ღიმი
თუნდაც მისხალი.

87
ნავი ჯერ იმ დროს
ისევ ზღვაშია,
თუმცა ზღვა თითქოს
განცხრომაშია.
გულით ორგულით
არის  მორთხმული
გარს შემორტყმული
ვრცელი არშია.

88
მამიამ ტაშით
თვის კაცთ მანამდე
მიმართა, ზღვაში
გადეგდოთ ბადე.
ვცადოთო ბედი,
იქნება მეტი
გაშუქდეს ხედი
მოგანთიადე.

89
გადუშვეს. ზოგს ჯერ
ეთამაშება,
საქმეა სამჯერ
თოკის ჩაშვება.
განაგდეს ჭოკი,
გადუშვეს თოკი,
მოძრაობს ზოგი,
ზოგი რას შვრება.

90
ცხარედ ტრიალებს
მორგვი მხვეველი,
ფსკერს მისრიალებს
ის სათრეველი.
თითქო მსხვრევას სდებს
ხმა ის კიდეებს,
დაიმსხვრეს, დეე,
დასამსხვრეველი.

91
ამ დროს დაარტყა
ტალღამ გვერდთ არეს,
კვლავ გადაირხა
ნავი ცალ მხარეს,
მაგრამ მოასწრეს,
ის ბადე დასძრეს.
თევზი გადასცრეს,
ნავი დაფარეს.

92
შუბლს ოფლი აჩნდათ,
როგორც წერაში,
მათ გაუმარჯვდათ
თევზის ჭერაში.
„გვიწოდებენ კაცთ“,
ბრუნდებიან აწ
ჩონგურთ ჟღერაში
და სიმღერაში.

93
მამია იყო,
რომ ნავში ხოპებს
უსვამდა, თითქო
ვნება აცოფებს,
ნავის ბოძებთან
ზვირთს აკოცებდა,
გააოცებდა
ყველა იქ მყოფებს.

94
სიმძლავრით, ცნობით,
მეზღვაურივით
და ნებისყოფით,
გზააურევით,
ის კარგად გრძნობდა -
ზღვა არ ხუმრობდა,
ზღვა ხმაურობდა
ყრუ ხმაურობით.

95
იტყოდნენ მაშინ:
ძალას ამ ბერის -
არა ზედაშე -
ხმალი შეფერის,
განა ვინ უწყის
გულში რა უძევს
ქვეყნის მოხუცის,
ქვეყნის ბებერის.

96
ეტყოდნენ: მგონი,
მამია, შენა
მაგნაირ ღონით
გიფარავს ზენა.
ვეფხთა ქვეყნიერს,
მართლაცდა ძლიერს
ჰგევხარ ტარიელს,
მოგეცა ლხენა!

97
უფრო უვრცესი
და სახიფათო
გზებისთვის გეზი
შეგფერის ფართო,
არაბეთის ცა,
ინდოეთის გზა,
ხატაეთის და
სხვათ-სანავარდოთ.

98
თავგადასავალთ
მრავალთ ფენილი,
ომებში გასვლად
ხარ გაჩენილი.
აღმოსავლეთით
და დასავლეთით
მთელი ხმელეთით
ხმალ-გაწვდენილი.

99
ბრძოლისთვის, ციხეთ
გარემოცვისთვის
უფრორე, ვიდრე
თევზთა ხოცვისთვის,
საიდან სადა
გახვიდე ზღვადა,
ეს მიწაა და
იბრძოლე მისთვის.

100
სანახაობა
იყო არ ამო,
თევზთა რაობა
ყოვლ ამის გამო
თითქო ეყარა
გადიტეხა-რა
მთელი ქვეყანა
მთელი მიდამო.

101
თევზები იქ მთად
ეყარნენ გვერდით,
სუნთქვა უმძიმდათ
ტანით და მკერდით,
გვინახავს ხანით
ბევრი სვიანი
ადამიანი
ასეთი ხვედრით.

102
სჭვრეტდა უცილოს
სულხდომას თვალი
და სასიკვდილო
ჰქონდათ ფართხალი.
რას იტყვის თევზი?
ვერ წავა ზღვებზე,
მისი ვის ესმის
სიტყვა მართალი?

103
ასეა. რადგან
ტალღათ ზედაპირს,
ნავი მოადგა
კოლხიდის ნაპირს,
გადაწვდენილს შორს,
ვით მიმფრინავ ქორს,
ამნაირად სწორს,
ასე პირდაპირს.

104
მიდამო-არედ
ოდნავი ბური;
იყო მდუმარედ
ყრუ ნავთსადგური,
სად სრესდა იმედს
ჰაერი მძიმე,
და რამდენიმე
ჩნდა მებადური.

105
მეთევზეთ გულმა
სხვა ჭაობიდან,
მობრუნებულმა
თევზაობიდან,
როცა შენელდა,
როს ისვენებდა
შრომათა ძნელ და
მძიმე ყმობიდან,

106
მსწრაფლ შეამჩნია
მამიას ნავი.
- ჩვენი მამია! -
სთქვეს და ვით ზვავი,
დაეშვნენ ხელად
ისე, ვით ძველად
სწრაფად და წრფელად,
გულით და მკლავით.

107
დაეშვა ყველა
ნაპირზე ხელად,
რომ ამოთრევა
ნავის ეშველათ.
ჰეი ძველებო,
ეს მიშველება
ღირს, ვით ჩვენება,
კალმად და მელნად.

108
მიმყოლი ძალთა,
ნავი ქვიშაზე
გამოსრიალდა,
როგორც ნიშანზე.
მოჰქონდა ზავი,
ეს იყო ნავი
შესანიშნავი
შესანიშნავზე.

109
იგი ქებული,
ფსკერ წაყოფილი,
გამარჯვებული
და კმაყოფილი,
მზად არის კიდევ
გადასცდეს კიდეს
და ასე ვლიდეს
ნავად შობილი.

110
მზად არის გმირი,
მიმწვდომი ბინის,
მთლად სანაპირო
გადაირბინოს.
იგი მზად არის
მოედოს არეს,
შემდეგ თვით ჰაერს
შესწვდეს, იფრინოს.

111
მაგრამ მშობლიურ
არეს დაჯერდა
მზე თავის მზიურ
სხივებს აჭერდა,
არ კმარა ვაშად,
ვერ იქცა რაშად,
მერე ერთბაშად
შესდგა, გაჩერდა.

112
კაცნი მზიანნი,
მთების წიაღით,
ალერსიანით
მოვიდნენ სახით,
უთხრეს სალამი,
ნახეს ალამი,
ასე ნალამი
ნაფერი  ტალღით.

113
- მამია,  ვარგა.
მდგომო კლდესავით,
მამია, კარგად
ხომ ითევზავეთ?
ჩვენებრ მძლავრი ფრთით
ხომ ზვირთებსა სჭრით,
გაგვითანაბრდით,
გვენათესავეთ!

114
შეხვდნენ ერთმანეთს
ძალიან კარგათ,
დრო უქმად მაინც
არ დაგვიკარგავს.
ცნობათა მჩენნი
გარს მეთევზენი:
- ეს და ესენი
ყველა ჩვენა გვგავს.

115
ჩვევია ამ გზებს
კაცთ ძლიერება.
დაუწყეს თევზებს
თვალიერება.
კაცს, მსგავსსა ლომის,
ანათებს შრომის
და ზღვასთან ომის
მშვენიერება!

116
თევზებს მჭკნარ იის
ლურჯ მინაზებით,
თევზებს ნარინჯის
ფერი ხაზებით,
მათ და მათ ჰავას,
ზღვით ამომავალს,
მრავალს და მრავალს
ვჭვრეტთ აღტაცებით.

117
- აჰა,  არ კმარა? -
ამბობს მამია, -
თევზი კი არა,
ოქრო რამეა.
შეხედეთ, რაა -
ეს მიწის ძვრაა,
არა, ეს ზღვაა,
ეს სიამეა.

118
ეხლავე, მანდეთ,
უნდა შეგიწვათ,
ცეცხლი დაანთეთ
თელათ და წიწვათ,
მოგროვდით ჩქარა,
ვინ იუარა?
გესმით თუ არა?
ვახშამზე გიწვევთ.

119
აბა, ფიცხლად... და...
გააჩენთ ღვინოს,
არავინ რათა
არ მოიწყინოს.
ჩვენ მივმართავთ ჭურს,
ჩვენს სულსა და გულს,
ვისაც არა სურს,
მან მოითმინოს.

120
არ სთქვან: თევზი რის?
დიდი რამაო!
ასე არ არის,
წმინდა მამაო?
თევზი, საფერი,
სულგუნი, კვერი...
სხვა ყველაფერი
არის ამაო.

121
- ასეა, შვილო,
საღვთო წერილი
ამ ხმით უცილოდ
არს შეფერილი, -
სთქვა იმა ბერმა,
უსმინა ერმა
არკადნიერმა,
დიდის სიფრთხილით, -

122
გულსა კაცისას
ახარებს ღვინო,
ჯვარს თლის ვაზისას
თვით წმინდა ნინო.
დაინახავს როს
იმ ვაზის ღეროს,
ვით არ იმღეროს,
ვით არ ილხინოს.

123
ეხლა დარწმუნდით?
ხომ გაიგონეთ?
გამხიარულდით,
შესვით, იღონეთ.
ისე, ვით წინედ,
თავი იჩინეთ,
აღმოაჩინეთ,
გამოიგონეთ!

124
ნაპირად ახლა,
ყვითელი ქვიშით,
მომდგარი ახლო
კრძალვით და შიშით
ყურს უგდებს ზვირთი:
- შესვი, მიირთვი,
რა დიდი ტვირთი
ეს არის, მიშვით!

125
პატარა მერცხლის
ტალღები სცემენ,
არშიას ვერცხლის
გარეავლებენ,
ქცეულნი კრძალვად
შიშობენ, ალბად
დასამალავად
სვლას ამალებენ...

126
ყრუდ მობაასე,
ღელავდა ურჩი
ზღვა ლურჯი, ასე
უსაზღვროდ ლურჯი,
ელვარე მზისგან
შორით-შორითგან
იქ, სადაც იდგა
სახლი - საუნჯე.

127
შთამხატველი სხვა
მზის ზესთა-ზესი,
ჩვენი შავი ზღვა,
ულამაზესი,
შვენის იქ, ცამდეც
მთვლელია ჟამთა
ძველი წინამთა,
ძველი ფაზისი.

128
ჩვენი შავი ზღვა
ესოდენ ვრცელი,
სავსე, ვიდრე ხვალ,
კორიანტელით,
ღელავს, ამინდი
თუ არის მშვიდი -
მართლაც, რომ დიდი
წიგნია მთელი.

129
და მიმავალი
მთად თუ მდელოზე,
სად რჩება თვალი
საქართველოზე,
დღეთა ქცევაზე
ღამეთ თევაზე
კაცთ მიღწევაზე
და მათ ლელოზე.

130
თვით სპეტაკ თოვლზე,
წრფელზე, წმინდაზე,
საქართველოზე,
თვით კოლხიდაზე.
მიმალულ ვით ხარ,
ის წიგნი, მითხარ,
ო, ვინა, ვინ ხარ,
რომ მოიტაცე?

131
ფიქრობდა და თან
ფიქრები ფრიად
ცხოვრობდნენ წიგნთან,
იყო განთიად,
რომ წიგნი კრულში,
თუნდ ცხრაკლიტულში
იყოს, ჩვენს გულში
მაინც ანთია.

132
ჟამი სისხამი
დილის ამოსვლის,
ფიქრთა მათ ჟამი,
თუ კითხვად მოცვლის,
განცდათა ძვირთა
უმძიმეს კირთად,
მოწოლილ ფიქრთა
ოხვრად აღმოცლის.

133
ჟამი ვარსკვლავთა
მათ ამონთების,
დრო დაკარგვათა
არდამონების,
მარად და მარად,
შექმნილი ქნარად,
დაუვიწყარად
მოსაგონების.

134
ჟამი არ-ჩუმის
ქარიშხალისა,
ჟამი სამუმის
და გრიგალისა,
დღეცა და ღამეც
ჭმუნვა-სიამე,
სიცოცხლე რამაც
გაახალისა.

135
რაღაც სათუთი
სიმშვიდის ჟამი,
ყოველი წუთი,
ყოველი წამი,
ერთ წითელ ზოლად
მიმყოლი ტოლად,
მისდამი მხოლოდ,
მხოლოდ მისდამი -

136
ეს მშვიდობაზე
იყო ოცნება,
სიგიჟე მასზე
და გაოცება,
მოგლეჯა თალხის,
გაფანტვა ტალღის,
მშვიდობა, ხალხის
გასხივოსნება.

137
სიცოცხლეთ წყებას:
თასი იცლება,
რის დავიწყებაც
არ შეიძლება.
ქვეყანას მოვლი,
იყოს ქარ-თოვლი,
მშვიდობით  ყოვლი
დღე შეიცვლება.

138
ასე მდიდარით
და უდაბურით
ზღვას თავის ჩქარი
გარე-საბურით
მგზავრი კი, მხნედ, ვით
უსაზღვრო ხედვით,
იყო ჩაკეტვით,
იყო დაბურვით.

139
უდიდესისკენ
მიჰყავდა სული,
მცირედისაგან
ასე წასული.
ო, ის მცირედი
არ-სიმწირეთი
ამ ზღვისპირეთით
გადახაზული!

140
ზღვა რამდენ მცნებას
კაცთ ითავსებდა.
იგი ოცნებას
მათსას ავსებდა.
ის, შექმნილს ძლიერ
ავსულთა მიერ,
ყოველგვარ ცბიერ
ალს დაავსებდა.

141
და დინებითა,
ცეცხლში ნაწებით,
აღტყინებითა
და აღტაცებით,
ტალღებმა იგრძნეს,
რაოდენ სიბრძნეს
მოჰფენდა სივრცეს
გულთ გადაცემით.

142
განახლებულს ზღვა
სულს მასში ქმნიდა
და იყო წმინდა,
საოცრად წმინდა.
ღელავდა ქვიშა,
ვაჰ, თუ აიშვა,
თუ გაითიშა,
რაც დაიწინდა.

143
ისევე, ვითა
ძვირფასი თვალი,
ის, მარგალიტთა
ნთება მაღალი,
გვანთებს ჟღერითა
მშვენიერითა -
წიგნი ძველი და
წიგნი ახალი.

144
აყვავებულზე,
გულით მჯეროდა,
ჩემს სამშობლოზე
ქარი მღეროდა,
და თვით მორიგი
ხდებოდა წიგნი,
როდესაც იგი
წიგნს დასცქეროდა.

145
გულთ მაძგერალი
მგზნებარე ჰანგით,
როგორც მერანი
რკინის უზანგით,
ველად მიჰქროდა,
მის გულს მიკვროდა,
წიგნზე ფიქრობდა
მასზე ქმნილ ჩანგით.

146
ვერდაძლეული
და ჯადოქარი,
ველთა ჩვეული
მღეროდა ქარი.
მან ხმა განითქვა,
ხომ მასზე ითქვა
მრავალი სიტყვა,
მრავალი ბწკარი.

147
და ფანტავდა ის,
რაც კი ებადა
იმ ყვავილების
სურნელებათა,
ეშხთ ფერ-უკლებლად,
ხელშეუხებლად,
წიგნის ფურცლებად,
წიგნის ყდებადა.

148
ტალღებს მოხვეტილს
და თავბრუდამხვევს,
ვნებით მოწყვეტილს
მშობლიურ მთა-ხევს
ეტყვის რა, ოდეს
ცა ირღვეოდეს,
წიგნს არასოდეს
არა, არ დახევს.

149
- გთხოვთ ჩაიბაროთ
ეს ცხენი ჩემი,
მხედრისთვის მარად
ნუგეშის მცემი.
მშვიდობით, კარნო,
თავშესაფარნო,
მივდივარ, გარნა
გული აქ მრჩების.

150
ჩემი სხვა სეტყვით
სხვა არის გეზი,
დღეს მე ვერ გეტყვით,
რაა მიზეზი.
არა ძვირობის
და უპირობის,
კაცი პირობის
ვარ უმტკიცესი.

151
ერთი წლით, ორით...
ვერაფერს გეტყვით,
და თუ სიშორით
ან გზათ ჩაკეტვით
ვერ გეახელით,
ვერრა ძახილით,
არცა რამ ველით,
ანუ რამე ტყით.

152
მაშინ, არ ვნანობ...
ცხენი თქვენია.
ჩემო მერანო,
რას მოგწყენია?
თუ დავახანო,
მასაც ნუ ნანობ,
ჩემო მერანო,
არა გრცხვენია?

153
რა გავაგრძელო -
დღე და სოფელი,
ო, მასპინძელო,
სულ მადლობელი
ვიქნე მე თქვენი.
აქ სიტყვა ბრძენი
დიახ, ვიგრძენი -
მანათობელი.

154
მარად, ყოველ დროს
გახსენებთ ნდობით,
თქვენთან შეხვედრის
კვლავ ისევ ნდომით,
იქნეთ ზღვად, ბარად,
მტკიცედ და მყარად,
მარად და მარად...
აბა, მშვიდობით!

155
ყველამ სცნო თვისად
ეს ხმა გრძნობისა,
მეგობრობისა
და ერთობისა
უქებდნენ სახეს,
ერთხმად შესძახეს:
- გზა მშვიდობისა!
გზა მშვიდობისა!

156
გადაცმულ არის
აწ სხვისი კაბით,
რომ იჭვის არვის
მისცეს საბაბი, -
ლუარსაბ ჰქვია,
ნამდვილად კია -
ტარიელია,
რის ლუარსაბი!

157
ეხლა სხვა რამე...
აწ სულ სხვა სოფლად
ზის ლუარსაბი
არც ისე ობლად,
თითქოს ლუარსაბს
ღომის გარდა სხვა -
არ  სჯერა, არ სწამს
რამ წუთისოფლად.

158
რაღაც კუპრიანს,
უმადლოს, ყისმათს,
დღეს შეუპყრია,
როგორც თილისმას,
გრძნობს სითბოს, ჰაერს,
ვით რამე დაირს,
დღეს ასეთნაირს
ხედავს, ვით სიზმარს:

159
თითქო  დღე-მალი
არ დაწყებულა,
მწვადზე ტყემალი
არ  დაცხებულა.
.............................
.............................
.............................
.............................

160
სუფრას გაჰყურებს
ამ  დღეს ჭიატით
მოსამსახურე,
დადის ხელადით,
თითქო ველს კაფავს,
იძახის: აბა!
მიმოდის სწრაფად,
სწრაფად, ხელად, ვით...

161
მსახური დარბაზს
გარე მოუვლის
და წყალს ხელსაბანს
აწვდის თვითოულს.
გაურბის სიცხეს,
უფროსით იწყებს,
არ დაივიწყებს
არც სხვას, მოწვეულს.

162
მას, კაცთ შემყურე,
ახლო, არ შორე,
მოსამსახურე
მოსდევს მეორე.
ჭაბუკს და მოხუცს
აწვდის ხელსახოცს,
უმშრალებს. ნახოთ -
ვეფხია სწორედ.

163
სიცოცხლის გაზრდის
ხმას უჩვეულოს,
ორთქლები ასდის
სამზარეულოს,
და ამ ორთქლს სუფთად
ფენს  გუფთა-გუფთად
აქ მზარეულთა
საგვარეულოს.

164
და გამბედავად
უზარმაზარი,
შესახედავად
დია საზარი
ქვაბით პირს-წორით
კაცია ორი,
ვით ორი ქორი
ფრთებით მაგარით.

165
ქვაბში გაყრილი
მოზრდილი კეტით,
მხრებით, დახრილით
სიმძიმით მეტით,
ჯანი - მკაცრია,
ორი კაცია,
რომ მოაღწია
აქამდე მკერდით.

166
მოსდევს მნათობად
კვლავ ერთი კაცი -
მარიფათობით
დია, მამაცი.
ჩოგანი ავად
შესახედავად
ღომის ამთავად
მრიგებლად, აწი.

167
ვინც უნდა იყოს,
მოიღოს ღომი
და დაირიგოს,
იბრძვის ეს ლომი.
.........................
.........................
.........................
.........................

168
- ღომი! - წვით ხმაში
სთქვა ლუარსაბმა, -
მსურდეს ამ სახლში
სხვა რამ? ა-პა-პა!
თუ ლუარსაბი
მქვიან, და წარბი
მაქვს, თქვენზე სწრაფიც
ვარ... მნახეთ, აბა!

169
კვლავ მეორე მას
მოსამსახურე
სდევს, ყოველ წვრილმანს
სწრაფად გამყურე.
ხელშიც -  კარდალი,
რომ ვთქვათ მართალი,
მთავარსარდალი
დადგება ყურედ.

170
მოჰყვება ამათ
უკან ხაბაზი,
მან პურის ჭამათ
იცისო ფასი.
მას თავის ჩანთით
თან მოაქვს ათი,
თუ ოცდაათი
პური. მაშ, ასე.

171
მან აღტაცებით
ჩამოურიგოს,
პატივსაცემი
პურით ვინც იყოს.
ხაბაზს გაჰყურებს
მოსამსახურე,
ასეთი პური
როგორ არ იქოს.

172
ახალი რომ აქვთ
გრძნობს წვეულება,
ხონჩებით მოაქვთ
ხორცეულობა.
შემწვარი ღორი
ერთი და ორი,
აი, როგორი
განძეულება.

173
რამოდენიმე
კაცი სულ ბოლოს...
ერიდეთ (იმე!),
ვერ იტყვი ღოლოს.
ესდენ მრავალი,
ზეაღმავალი
შამფურის ძალი
რას დაეტოლოს?

174
შამფური მრავლად
აგებულია,
რაც თავისთავად
გაგებულია,
ხელთ აქვთ; ვერ მოთვლით,
და ვერ შემოთლით,
შამფური ორთქლით
დიდებულია.

175
მოაქვთ მწვანილი -
ფხალი ან რამე
აქ მოტანილი,
თან რომელსამე
ატანენ ნიგოზს...
ჩამოირიგოს,
პირველი იყოს,
გინდა მესამე.

176
- მწვადი! - სიზმარში
სთქვა ლუარსაბმა, -
ილხინოს მაშინ
ჩემმა ღაბაბმა,
წიგნს ოხშივარი
არ ადის, ბწკარი
წიგნის რა არი,
არ იცის მწვადმა!

177
ო, ეს ეხლაა,
თორე სულ წინათ...
მოლხენა რაა -
ეზოში ლხინად,
წვეულება დღეს
ცხენებიან ტყეს
ვერ სთვლიდნენ და ეს
ღირდა გვირგვინად.

178
უვლიდნენ სტუმრებს,
მყოფთ ათასობით,
დროს ვინ აურევს
ფიანდაზობით
ხარების გორას,
ვინ ასს, ვინ ორასს
ვერ სთვლი, მოგორავს
სულ დას-დასობით.

179
იმდენსავე ღორს,
ვით ძვირფას მადანს,
გაწვდენილა შორს,
სუფრას ძლივს ატანს,
ისე, როგორც ბატს,
ვინ დაითვლის მათც.
წინათაც და აწც
ფასიც აქვს ქათამს.

180
ყოველივე სხვა
მოაქვთ ხონჩებით,
რომ დაიწყოთ თვლა,
აქ ჩამორჩებით.
ფრინველს და ნადირს
ვადის შესადარს
შეხედავთ სადაც,
რიცხვს ვერ მორჩებით.

181
შამფურზე სრულად,
სიტყვა-უთქმელი,
აგებულია
მთელი კურდღელი.
...........................
...........................
...........................
...........................

182
დიდებულია
ველთ უნოხობით,
წამოცმულია
წვერზე ხოხობი.
ბატკანი ჩვილი,
მერე წიწილი,
არის სიცილი
ისეთი ყოფით.

183
ყოველივე ეს
ყველას ეყოფა,
მიჰყვება დღეებს
ასეთი ყოფა,
და შამფურები,
როგორც შუბები,
ნუ ეხუმრები,
ჯარად ეწყობა.

184
იზიდავს მწვავედ
მრავალ დამყურებს,
იმ ცეცხლზე სწვავენ
იხვს, ინდაურებს.
აქ სიზმარეულს
ხედავთ არეულს
საცივს, მზარეულს,
გობებს, შამფურებს.

185
- საცივი! ხშირ-ხშირ, -
სთქვა ლუარსაბმა, -
მხოლოდ საცივში
კარგია ჩაბმა.
იქცეს ნიაღვრად,
წახდომად, წარღვნად
მიწა! გვიხსნას მართ
საცივის ჩქაფმა

186
შევსება ყურედ
არ იდგამს კიბეს:
ეხლა უყურეთ
თქვენ მერიქიფეს,
ჩამორიგების
რომ სდევდა ნებას,
ღომზე ოცნებას
გააიგივებს.

187
ქვაბით, სიცხარით
კვალად რომ იღებს,
დიდის სიჩქარით
ურბენს, არიგებს.
არ მისდევს, წრუპავს
ღომის ულუფას.
მადლობა უფალს,
ეხლა არ იგებს!

188
შემდეგ რბის, ომი
აქვს მკვეთრზე მკვეთრი,
როდესაც ღომი
მიმოაქვს თეთრი,
პატარა ჩოგნით
სანთლად ჩამოქნით
იტყვიან ზოგნი:
ავივსეთ... გვედრით!

189
ისმის რიგებად:
ხედავთო, ვითომ
რა დარიგება
იცის ამ ხვითომ.
დარიგებისას
ქებათ-ქებისა
და გამხნევების
ხმაც არს ამიტომ.

190
ხორცეულობას
სჭრის მზარეული,
იმას წესი აქვს
არ არეული:
არ იწყებს ჩანჩალს,
არ იწყებს ჯანჯალს,
იშიშვლებს ხანჯალს
ხელ-ჩქარეული.

191
ნაჭრები, აქ ზღვად
გამოჩენილი,
სტუმარს სხვადასხვა
აქვს მიჩენილი,
ბარკალი - ბეჯითს,
ზოგს - მთელი ბეჭი,
ზოგს - მხოლოდ „ქვე-ჭი“.
(რითმისთვის ქმნილი).

192
აქვს სხვა ნაჭრებიც
უხვად თამადას,
როგორც შეფერის
მის გულს და მადას,
უფრო ღირსეულს
და უფრო რჩეულს,
ბეჭს გარდა ჩვეულს...
მწვანილს დაატანს.

193
ერთს მეტს მიართმევს
მოსამსახურე,
სრული სიმართლე
აქვს დასახული.
უუძველესი
არის ეს წესი:
ერთს უკეთესი -
სხვას.. სული, გული...

194
ხან ასო-ასოს
ერთს და მეორეს
ნაჭრებს სთავაზობს,
ნამდვილს და სწორეს.
კვლავ დიდხანს გასწვდეს
ძნელია ასცდეს
ის ახალგაზრდებს -
ახლოს და შორეს.

195
მსახურთ დაიძრა
დანარჩენთ მკერდი,
იციან, ვის რა
ეკუთვნის გვერდი.
თანამდებობას
და შენ-ჩემობას
თუმც ადგილი აქვს,
ეჰ, არც ისეთი!

196
თავის მარიფათს
და თავის ნებას
არაღარიბად
აწოდებს კრებას.
ლუარსაბს  ძლევა
აქვს. ნამალევად
ღვრის? უკაცრავად,
არ გაძლევთ ნებას!..

197
- ბეჭი! - ეშხს მყოფმა
სთქვა ლუარსაბმა, -
ბეჭთან მამყოფა,
სცნოს დღემა მძაფრმა.
ის სულის  ლევად
მაქვს ნამალევად,
შემჭრას კვლავ ძლევად
მომხდომად დაფმა!

198
ადრე თუ გვიან
ამ სიჩაუქეს
ცოდვად უთვლიან,
თუკი გაუგეს.
არ სურს დალევა
და ნამალევად
ღვრის? კვლავ წყალივით
ღვრის კაცთა ნუგეშს?

199
რომ იღრჩობოდეს,
მოკვდეს წყურვილით
ადვილად, ოდეს
ნება-სურვილით
სთქვა რა უარი,
სადმე თუ არი
ეს მატყუარა,
მორჩა! გულგრილი.

200
მერიქიფე მას
ავიწყებს მერე,
არ მოართმევს თასს -
არაა ჯერი.
მოუნდეს კიდეც,
გათავდა. იდგეს,
მას თასის კიდეს
ვერც მიუღერებ.

201
ისჯება.  რაა,
რომ დააყოვნა?
რა ზრდილობაა
სასმელის თხოვნა?
დალევა ტკბილად
რომ ითაკილა,
ეხლა რა გინდა.
ძნელია პოვნა.

202
თხოვნა არა ხმით,
არამედ ნიშნით,
ხელების წმენდით
და მოშლა-მიშლით
შემდეგში იქნებ
კარგად შეიგნებს,
რომ არ შეიქნეს
შებმული ეჟვნით,

203
არვინ ცბიერი
გრძნობა არ იღოს
და ყველაფერი
რომ რიგზე იყოს.
რად ლუარსაბმა
არ იცის ჩაბმა,
სჭამს. თქვას ღიღაბმა,
თუ არ ჰგავს კიკოს.

204
აგერ თავში ზის
თვით მასპინძელი,
არ სცხრება იმის
თვალები მჭრელი,
რას ლუარსაბმა,
მისმა ნიკაპმა,
ჭამაში მძაფრმა,
არ გაჰკრა ცელი.

205
რა აგონდება
ბაგეებს მდუმრებს,
ხან დაღონდება,
ხან გაიხუმრებს.
ლუარსაბი კი
იძვრის, ვით ტიკი.
არაფერს იგი
არ უშლის სტუმრებს.

206
კვლავ მასპინძელი
აწოდებს თვითონ,
ესე სასმელი
რაა, მიირთოს.
დაუსხამს სასმელს,
ზეციურ რასმეს
და კვლავ შთაასმენს
ლუარსაბს იმ დროს.

207
- სადღეგრძელოთა
თქმად ჩვეულებად,
უნდა გელოდოთ,
ვართ წვეულებად.
.................................
.................................
.................................
.................................

208
- ლუარსაბ, რჩები, -
ეტყოდნენ, ოდეს
ოდნავ ტუჩები
მიაკაროდის
და ცოტა მოსვის,
ცით გარდამოსვლის,
სახეს მიმოცვლილს
სხვა ფერი ჰქონდეს.

209
სულ ცოტა მოსვის
და მერე ხელად
იმ ადგილს მოსწმენდს
თასისას ხელით,
სად ბაგე მცხრალად
მან მიაკარა.
თავს მდაბლად, წყნარად
დაუკრავს რცხვენით.

210
დაუბრუნებს როს
მოწიწებით თასს,
სხვა სადღეგრძელოს
მთქმელი იღებს მას.
ლუარსაბ ყანწებს
არ სცლის. სხვა აწევს
დარდი, სჭვრეტს საცივს
და ისწორებს მკლავს.

211
აქ სხვაა ზეცა,
აქ სხვა ქარი ჰქრის,
ისევ მიეცა
ტარიელი ფიქრს:
„აქ ვხედავ ბეცებს,
თვალს რას აცეცებ?
აქ წიგნს დაეძებ?
აქ რა უნდა წიგნს?“

212
გარეთ ჰქრის ქარი,
წყრომით დაბურვილს
არ აქვს საზღვარი
კაცთა მათ წყურვილს,
ასე მრავალთა
გრიგალთ და წყალთა,
ბუნების ძალთა
დაძლევის სურვილს!

213
ბჭობს მასპინძელი:
- სტუმრებო, იცით,
რას გეტყვით? ძველით
გარწმუნებთ ფიცით -
არც ისე ახლოს,
ზღვას იქით, მაღლობს,
ერთს სამოსახლოს
ვიცნობდი მტკიცეს...

214
მას უწოდებენ
ყველანი ქაჯეთს,
მხოლოდ ცოდვები
დააქვთ სიაჯეთ.
მათ ეწოდება
ანგელოსები,
ნუ გეოცებათ,
ქურდობენ მარჯვეთ.

215
გახსოვთ თუ არა,
ნაქურდალ წიგნით
გამოიარა
ჩვენი ბილიკით -
ერთმა მათგანმა,
როს რწმენის ჯანმა
უგანდაგანა,
გაჰქრა... ზღვას იქით.

216
რა წიგნი იყო,
ვერ ვიტყვი, ვერა,
მაგრამ ურიგო
არ იყო,  მჯერა.
ზღვისკენ განიბნენ
გზანი ირიბნი,
„მშვიდობის წიგნი“
იმ წიგნს ეწერა.

217
რად გამახსენდა
აწ ეს, არ ვიცი,
დიდება შენდა,
მშვიდობავ მტკიცევ!
ქაჯეთს ასული
წყევლა და კრულვა!
სულით და გულით
მშვიდობად ვიწევთ!

218
ტარიელ ფიქრობს:
„აბა, სიმარჯვე
ვინ, ვინ გამიქროს?
მოვნახავ ქაჯეთს.
გული მაქვს, არ ქვა,
რას მიქვია ზღვა?
ნახეთ, ბოლოს ვთქვათ:
ჩვენ გავიმარჯვეთ!“

219
მალე ნელთბილი
ვრცელი ზღვიდანა
ნიავი გრილი
ამოიდენა...
სიამით ლაღით
აავსო ბაღი,
ნაპირთ წიაღი
და ველთა ყანა.

220
ზეთისხილთ წყნარი
ჰყვაოდა მტილი,
სად ლოცვით მკრთალი
და ფერმიხდილი
ვიდოდა ბერი.
იდგა ჰაერი
სულ სხვანაირი
შუქით და ჩრდილით.

221
შუბლს ოფლი შრომის
გადადაგავდა,
შუბლი მეომრის
შუბლს მიაგავდა.
გზათ გადასვლითა
ბუჩქთ გადასცვლიდა,
ერთს გადასხვლიდა,
სხვას გადარგავდა.

222
იგი რგვას მორჩა
ბუჩქისას, მარამ
იგი შებოჭა
მწუხრის კამარამ.
ფიქრნი სხვად რბოდნენ,
ფიქრნი დათრთოდნენ,
რა ჰყოს მარტოდენ
ფიქრთა ამარამ.

223
სადაც ბექობით
სდგას მონასტერი,
ზღვისკენ მშვიდ გრძნობით
ვიდოდა ბერი.
ფოთოლს ეტრფოდა,
ფოთოლი თრთოდა,
ეჩვენებოდა,
ვით ხელნაწერი:

224
სწორად ჩამავალ
ზღვისკენ ხეობით
მრავალ და მრავალ,
ბევრ სახეობით
მიმავალს ასე
მთიდან თუ მთაზე -
წიგნი, აღსავსე
მზიურ მხნეობით.

225
თბილ მკათათვისა
იყო საღამო...
მიზეზის სხვისა
და სხვისა გამო
ფიქრის დას-დასი,
თვალწინ დგა ასე
წიგნი ძვირფასი,
წიგნი საამო.

226
ფიქრს იყო წრფელი
ბერი გართული,
თვალისმომჭრელი
მზე ჩაღმართული
მისდევდა მწველი,
რომ გაჰქრა ჩვენი
ის წიგნი ძველი,
წიგნი ქართული.

227
რა დარი იდგა!
ფუნჯით დახატვის
ღირს იყო თითქო
სივრცე მკათათვის.
ჰხატე ნათებით
კარგი ხატები
და სურათები
ძვირფას წიგნთათვის.

228
მშვიდი და წყნარი,
წელგამართული
ღრმა ფიქრში არი
ბერი გართული.
რა ცაა, რა ცა!
შუქი განავრცო,
წიგნი - ვითარცა
ასომთავრული.

229
მოგონებათა
არხევდა ჩქერი,
ვლიდა ნელად და
მშვიდად ეს ბერი.
მისთვის ეს რული
იყო გრძნეული,
რამე რვეული
ხელით ნაწერი.

230
ნიავი ოდნავ
მომწყდარი გორას
გარს ეხვეოდა
მის ანაფორას,
ამბობდა: - არ აქვს
თვლა იგავ-არაკს,
არც წიგნთა მარაგს,
წიგნების ხორას.

231
მთას ასასვლელად
მზადმყოფ მთიელის -
ღონიერ, ნელად,
ნაბიჯით მვლელის,
ნაბიჯის დარის
წიგნის მდიდარის,
გადაშლა არის
ერთი ფურცელის.

232
მსგავსად ვიდოდა
სიმაღლედ ბერი,
დაბლა მინდორთა
სხვა, მშვენიერი
სჩანდა სიალე,
ოდნავი, მკრთალი.
იყო შრიალი
წიგნის მიერი.

233
ყოველი მხრიდან
იდგა ხალისი,
ძველი კოლხიდა -
სამშობლო მისი -
ხვდებოდა მომსვლელთ.
ვერა, ვერ მოსხლეს
წიგნი - სიცოცხლე,
წიგნი - სინდისი.

234
კვლავ, როცა ღრუბლობს,
თქმა არ-ძნელია
და საიდუმლოც
არ სათქმელია.
ბერი სხვაფერი
და ღვთისნიერი,
რომელი ბერი...
ტარიელია!

235
აი, სენაკი
მონასტრის ჩვენის.
აღმაფრენა კი
მთას ვით არ შვენის.
გული დაწვია,
სტავრა აცვია,
თარო საწყვია
წიგნების ფენის.

236
რომელს არა გზა -
ჰქვია გზაწმიდა,
სენაკი მე სხვა
არ მაქვს, არც მინდა.
აქ სული ფრენდა
და ნათელს ფენდა.
წიგნით გათენდა,
წიგნით შებინდდა.

237
არრა სამოთხედ
კოლხიდის გარდა,
სადაც ჩემთა დღეთ
აეშვა ფარდა,
მიყვარს აქ წესი
და ჰა, მიზეზი:
უსაყვარლესი
წიგნის კარადა.

238
სენაკი მთიდან
ნდობას ბადებდა.
შუქი სარკმლიდან
მოანათებდა.
ვინ იცის, სადმე
აქ მყოფი რამდენ
გათენებამდე
წიგნს არ დასდებდა.

239
სანთელს ჰმონებდა,
მის შუქზე სწერდა,
შთააგონებდა
რასაც კი სევდა.
სევდა, ხალისი,
რწმენა, სინდისი,
სიცოცხლე მისი
წიგნია ერთი.

240
ამ ძველთა წიგნთა
უმძიმეს კონებს
გაშლიდა, თვლიდა
ძვირფას სტრიქონებს.
დრო თუ იოხრებს,
კაცი ძალს მოჰკრებს,
წიგნთ სიოქროეს
როს მოიგონებს.

241
გულმოდგინედ სხვა
წიგნს გადასწერდა -
რამდენი სიტყვა,
რამდენი გვერდი,
რა გულის ძგერით,
იმ სიტყვათ ბგერით
ხელით ნაწერი
და ყდა-ხავერდი.

242
მასაც კვლავ ხელით
გადუწერია,
ო, როგორ შველი
წიგნს, ივერია.
დიდია ძღვენი
სინათლის მფენი,
რაც ქვეყნად შენი
ხელნაწერია!

243
იქ დაშვრნენ შენდა
წმინდა მამანი.
ბჭესთან, სად ფშვენდა
იასამანი.
მტეხელმა ღამის
დასძლიოს ლამის
ვინმე მოწამის
დიდი საგანი.

244
გადასწერდნენ კვლავ,
კვლავ სწერდნენ დღისით,
შემოჭრილს ოდნავ -
შუქის ხალისით.
გაჭრილებს გვანდნენ,
სტრიქონებს ნთქავდნენ,
მისით სუნთქავდნენ,
ცოცხლობდნენ მისით.

245
ღამით რიგ-რიგად
ძლივს მბჟუტავ სანთელს
ანდობდნენ გრიგალს
და კორიანტელს.
მოხდიდნენ ძაძას
უძველეს ტაძარს,
მას, უზარმაზარს
რომ ჰგავდა კანდელს.

246
ამაოდ ხვალის
ამაოება
ებრძოდა ხალისს,
სდევდა დროება, -
ჩნდა წიგნის ყდაზე,
ბარად თუ მთაზე,
განვლილი ასე
საწუთროება.

247
მარადის გზნებით
სანთლად დნებოდა
და ამ წიგნებით
იფინებოდა
მსვლელი მხარდამხარ,
არ-მთქმელი: „სად ხარ“.
არასოდეს არ
ეძინებოდა.

248
მზე-ივერია,
გმირების ხვედრი,
ბედნიერებას
მისას ვის ვვედრი,
იგი, ვინც იცის
ამ ძვირფას მიწის
ძალა სიმტკიცის
და ხმალი მკვეთრი.

249
მიეც მას ბოლოს
გონი და ძალა,
რომ აიშოროს
მძიმე ფიალა,
შხამებით სავსე,
რაიცა ასე
ბედმა მის თავზე
დაატრიალა.

250
წიგნები ზრდიდა
ხალხს დაპირებით,
ვიდოდა ზღვით და
ზღვის ნაპირებით,
არა გან-განით,
წმინდა განბანით,
წიგნის ანბანით,
წიგნის წკირებით,

251
რომელნიც ისე
მგზავრს დაატკბობდნენ,
წიგნები ისევ
ცდიდნენ, ათბობდნენ
მხარედ - სად ძმები
მღერდნენ - დატკბები,
სადაც ატმები
ისევ ატმობდნენ.

252
და ანათებდნენ
სიღრმეს გულისას
და ალს აგზნებდნენ
სიყვარულისას,
მშვიდობის მდომის
ყოველი ტომის,
მნატვრელის ომის
დასასრულისა.

253
ამრიგად წელი
ათი გავიდა.
ერთხელ ერთ ძველის-
ძველი ნავიდან
გადმოიყვანეს
და დასვეს მწვანეს
სნეული მავნე
ზვირთთ სიავიდან.

254
კოშკია ძველი
გზას მოწყვეტილი,
სახლიც გულწრფელი,
არჩაკეტილი.
ყველას უნდოდა
განეღო დროთა
ღალა, გულთ ჰქონდათ
რამე კეთილი.

255
თავს ევლებოდნენ
მწირს ყოველ მხრიდან,
კარგად უვლიდნენ
და ამ მოვლიდან
კარგი ნაყოფი,
დაღლის არ მგრძნობი
ჩნდა. ავადმყოფი
ჯანზე მოვიდა.

256
მალე ის ხვითო
მთლად კარგად გახდა,
აწ გამიშვითო,
იგი იძახდა.
მაგრამ უარეს
მიმოუარეს,
მტკიცე უარიც
პასუხად დახვდა:

257
„ცის მჩქეფარება
არ სჩანს, გვგონია,
რა გეჩქარება,
გაგიგონია?
მოღონიერდით,
გამაგრდით მკერდით,
ეს ერთად ერთი
კარგი ღონეა.

258
დარჩით ოღონდაც,
რომ გქონდეთ ფერი“.
რაღა გზა ჰქონდა,
დათანხმდა ბერი.
................................
................................
................................
................................

259
კარგი მოვლითა
და მზრუნველობით,
თავდადებულ და
ძმური ქველობით
უცხო ოჯახში,
მყუდრო ოთახში,
ვით თავის სახლში,
გულით, მით მგრძნობით,

260
სახეს მიეცა
ღაჟღაჟა ფერი,
გადურჩა როცა
გასაჭირს ბერი.
ფერით გაბრწყინდა,
მინდვრად არ სწყინდა
ესუნთქა წმინდა
ველთა ჰაერი.

261
ასე დასჩემდა -
მწუხრისა ჟამად
დგას ლოცვაზედა
ციურ სიამით.
ცას ევედრება,
რამეს ყვედრება
ან ამხედრება?
კმა არის ამით -

262
რომ არ ივალებს
მარხვას, ან თვალებს
ჩუმ-ჩუმ აწ ავლებს
მშვენიერ ქალებს.
ამას ვერავინ,
თვითონ მზვერავიც
ვერ იტყვის, ავი
გულს არ უწვალებს.

263
ო, ძველო თქმაო,
რომ წმინდა ბერი
წმინდათ წაწყდაო -
ეგ არაფერი.
ენა კაცისა
არც ეს, არც ისა
საქმე ისაა
რომ მორჩა ბერი.

264
ასეა ამა
სოფლისა ბრუნვა,
კარგმა მოვლამა,
მუდმივმა ზრუნვამ
გამოაკეთა.
ველებს გახედა
და გადავიდა
სახიდან ჭმუნვა.

265
განელდა ოხვრა,
როცა ტირიფის
ქვეშ თვალი მოჰკრა
მან საჯინიბეს.
სახეზე ღიმის
გასცურდა სიმი,
იწყო ციმციმი:
ის არის... ის... ის...

266
ის, ვისთან მწველი
ახსოვს სივრცენი,
ის, მისი ძველი
ლამაზი ცხენი,
ოდესმე შარად
რომ მიაბარა,
თვალს მიეფარა,
შემდეგ... ის დღენი!

267
თქმა არ უნდა, რომ
ისაა, თორემ...
ვერ შესცვალა დრომ,
წელთა სიშორემ.
ალბად არ აკლდა
თივები, თან და
თავს გადააკვდა
მზრუნველი, სწორედ.

268
ალერსით ცხენთან
მივიდა ბერი.
სალამით შეხვდა
მას თვინიერი.
- სალამი, კარგო
ძმავ, ამხანაგო,
ვითარ არ ვაქო
მე ეს დღე. ვმღერი.

269
მართლად ირჯება
საწუთრო ჩვენი,
მაშ, გამარჯვება,
ძმობილო, შენი...
ცხენმა შეიცნო
პატრონი. იგრძნო
შვება უსივრცო
და ამაზრზენი.

270
- წილად გვრგებია,
მსახურო ჩემო,
რაც ამბებია
ჩვენსა გარშემო.
აწ გულთ ძგერანი
ჩვენი, მერანო,
არის ჟღერანი
რამ საედემო.

271
გახსოვს, იმ ჯერად
მდინარის ხახამ
ორნივე ერთად
გვშთანთქა კინაღამ.
მაგრამ დღე თვალე,
ახლის სიალე
მალე, სულ მალე
დადგება, ნახავ.

272
გადავრჩით. მენდე
ეს გადარჩენა -
სიკვდილის დღემდე
გვახსოვდეს ჩვენა.
აწ კვლავ გაჩვენებს
უცხოს და ჩვენებს.
ის გაგაჭენებს,
ვინც მოგაჭენა.

273
სიხარულის მჭევრ
ნიშნად მის წინა
რამდენიმეჯერ
გადიხვიხვინა
ცხენმა. და ოდეს
სამჯერ იმ დროთი
დაარტყა ტოტი -
მიწამ იგრგვინა.

274
პატრონმა ხელი
გადუსვა გავას
კმაყოფა ვრცელი
ჰქონდათ ორთავეს:
- გავუდგებით გზას,
ვევედრებით ცას,
განგვაშოროს აწ
ჟამთა სიავეს.

275
წარსულზე ძალით
ნუ ვითუთქებით,
მალე, სულ მალე
გზას გავუდგებით.
ცხენის ფაფარი
შეირხა მძლავრად
თანამგზავრია,
შეესხა ფრთები!

276
მწირი ამბობს: - დღეს
კვირაა მთელი,
რაც ამ მასპინძელს
მე ვეახელი.
გული გაიღოს,
რომ არ გაიყოს,
კურთხეულ იყოს
მისი სახელი.

277
რომ არ ის, მოდი,
ეხლა ვინ იცის
მე ვიქნებოდი
მჭვრეტელი ამ ცის?
ასეთ ავდარის
რამდენი არის
მსხვერპლი მედგარი
და გულ-მამაცი.

278
სიკეთე დამდო
ვალად უვადო,
როგორა ვსცადო,
რომ გადვუხადო?
მაგრამ გავიგებ,
ვიცი, გავიგნებ,
ვიპოვო იქნებ
რაიმე ჯადო.

279
არ გვსიზმრებია,
ნუგეშო ჩემო,
რაც ამბებია
ჩვენს გარეშემო.
შენც ბევრი გმალეს.
წავალთ დღეს, ხვალე,
მალე, სულ მალე,
მერანო ჩემო.

280
უცებ... როს, ან სად
ნახა სიზმარი:
რაღაც საოცრად
იმის წინ მდგარი
თვისივე სახე
დამდგარი  მახედ,
მთლად მოცახცახე,
ჩუმ-მოუბარი;

281
თვისივე სახე,
სხვა, ორეული
არა მოსახლე,
არ შორეული,
რამ მითითებით,
დაბეჯითებით,
თვალთ მოდიდებით
ცრემლ-მორეული.

282
დაბეჯითებით
ეტყვის: - შეიგნე,
სავსე დიდებით,
არ წახდეს წიგნი.
ეტყვის ზმანება:
- თუ გეტანება
მზის ხმოვანება,
იგია, იგი.

283
სიზმარში სწუხს ის:
- წიგნი სადაა?
და უპასუხეს:
- გაშრა. მზადაა.
- მაშ გაშრა? - გაშრა!
- მწყურის გადაშლა.
- ხმალია, დაშნა.
- რა მზე, რა ცაა!

284
- მაშ, აღარ იშლი,
მამაო, არა?
- დიახ, გამიშვი,
სტუმრობაც კმარა.
ოქრო ხარ დილით,
ვერცხლი - შუადღით,
მართალია? სთქვით!
სწორი ვარ, მა რა.

285
- ვინ სთქვა ეგ ცნობა,
სიტყვა ლენცოფა,
შენი ვერცხლობა
და სპილენძობა?
ვინ სთქვა, მამაო,
სიტყვა ამაო?
დაშთება ამოდ,
ვინც გაგეცნობა.

286
ა? დაგეთანხმო?
უნდა წახვიდე?
ქვეყნები ნახო
კიდითი-კიდე?
რა გაეწყობა!
კეთილი გზობა
და კვლავ მშვიდობა!
მშვიდობით ვლიდე!

287
- რა უნდა გთხოვო,
მონა ვარ შენი,
უნდა მათხოვო
ეს შენი ცხენი.
- ცხენი? ინებე!
გევლოს მით ნებით,
სულ მოლხინებით
და არა წყენით.

288
ეგ ცხენი, ვინემ
სხვა გზა იპოვა,
როსღაც ყმამ ვინმემ
აქ დაგვიტოვა.
მთლად ათი წელი,
გავიდა მწველი -
არ სჩანს ის ძველი...
გაჰქრა, ვითომა?

289
- ვინ იცის... ეჰ, შენც...
გზას ვინ სცნობს მისას,
დაგიბრუნებ ცხენს
თავმდებს ძმობისას.
განთქმულს მინდობით
და ბეჯითობით...
აბა, მშვიდობით...
- გზა მშვიდობისა!

290
ეს იყო სახლი,
მშვიდი სოფელი,
ყოველ სიახლის
ახლოს მყოფელი,
მხოლოდ იმედის
სვლით, ზედიზედით,
თავისი ბედით
არ კმაყოფილი.

291
თვის ეზოს, აბა,
რაც ჰქონდათ ჯაფა,
იქ მისი პაპა
და პაპის პაპა
ამბობდნენ, რომა
მკვიდრია, დრომა,
რაც მათმა შრომამ
გზა გაიკაფა.

292
ოფლს ღვრიდნენ ოდეს
და თავდადებით
ფიქრობდნენ: როდის
ათავთავდებით,
ჯეჯილნო, თქვენა,
მოფინეთ ლხენა,
დააცხროთ წყენა
გულით თავმდებით.

293
ხმა-უნაზესი
და თანაც მკვრივი
იყო ფაზისი
ჩვეულებრივი.
გულით იმღერდა,
ოდეს მის სერთა
გადაიფრენდა
არწივთა მწკრივი.

294
თუმცა ზემოდან
მავალი, წუთით
ის შესდგებოდა,
და აწ გეგუთით
ესმოდა ძველი,
მღეროდა ველი
შორით, პირველი
სტვირით და გუდით.

295
ვრცლად, რა სახავდა
ველსა და ჭალას,
ის ინახავდა
იმავე ძალას,
არა ჰფანტავდა,
ცას იხატავდა,
გულზე. გათავდა,
რაც იღრიალა.

296
არა ძალთ სინჯვათ,
არა სიმძაფრით,
აწ უფრო დინჯად
და არა ზაფრით,
ზათქად ვერ მოდებთ,
ვერ მოუწოდებთ,
ვერ შეაშფოთებთ
თითქო ვერაფრით.

297
და სულ ბოლომდე,
შავ ზღვამდე აგრე
მიჰქონდა მისი
ჩუმი სიმაგრე.
რაკი თავს იდევ,
მშვიდობას მისდევ
და აწ, სიმშვიდევ,
შენ ვეღარ ჩაჰქრე.

298
რაკი გამოსცდა
უქიმერიონს,
დიდი ცდა-მოცდა
ემჩნევა მერანს,
თვალი მზვერავი
მისდევდა ავი,
აწი ვერავინ
გახდება ვერრას.

299
ტოვებდა რა თვის
ქანებას ფრიადს,
სრულებით იცვლის
ზნეს და ხასიათს,
ეს ზნე კი, დია,
კრძალვა, რიდია,
ვითარ მშვიდია,
ვითარ ნაზია.

300
ეგებება ვის
მზე გაზაფხულის,
ასე მცხუნვარის
და დაზაფრულის,
მზე იშვიათი,
არ-გულზვიადი,
მაგრამ დიადი,
რაღაც ზღაპრული.

301
რა მოსიმღერე
არის გენია,
ჭალა-იმერეთს
რომ მოჰფენია.
ო, ყვავილებო,
უნდა იმეფოთ,
თქვენი ტბა ქვემოთ
რაოდენია!

302
აუარებელ
ყვავილთა სახით,
მისასალმებელ
თრთოლვა-ცახცახით,
აღმოსავლეთით,
გინდა სამხრეთით,
აბა, გახედეთ,
შეხედეთ, ნახეთ!

303
სხვად უმხრობია
აქ მოსამხრობი.
ჭალა სჯობია
ვნებათ დამცხრობი.
და უფრო მეტი -
გმირი, სპასპეტი
ასე  მომქმედი,
ასე გამწყობი.

304
და ათასგვარად
მორთული ვაკე,
სადაც ანკარა
და მორაკრაკე
წყალი არაკებს
ალაპარაკებს
ძველად ანაგებს
აქ აგარაკებს.

305
ველნი თვალცინცხალს
ჰქმნიან ნაკადებს,
რაც ყოფნას იწყებს,
ჰყვავის, ღაღადებს.
გაფანტავს დარდებს,
იმ ია-ვარდებს,
იმ სილაჟვარდეს
ტვირთად დაგადებს.

306
ჰხვდება ფაზისი
ჯილოებს, ნავებს,
ჰხედავს ნაპირზე
ქალწულთ ნაწნავებს:
იმერი ქალი,
რა დაუმცხრალი,
ედება წყალი
მედეას კავებს.

307
ესმის, ვით ძველად,
მღერა კოლხიდის.
ის კი უცვლელად
მიდის და მიდის.
თვალუწვდენელის
შვენება ველის,
უდარებელის
მსგავსება მითის.

308
უცქერს რა ფონად
ქმნილ მეფის ჭალას,
ზედ კონა-კონად
შერჩენილ ჩალას.
ისმენს მთების ბანს,
სად ნანგრევი სჩანს
და შორიდან ვანს
ის აძლევს სალამს.

309
ასე სიმაღლე
ნაირ-ნაირად
სჩანს, სად დგას სახლი
ფაზისის პირად,
ნიაღვარს სულით
დაგვანებული,
დაქანებული
იმ ძველ ორპირად.

310
კარგია სახლი
ფაზისის პირად.
იმ ეზოს ახლაც
იგონებს ხშირად,
ლამაზსა და საღს
ნახულობს ბევრ სახლს,
მაგრამ იმის მსგავსს
პოულობს ძვირად,

311
შუამთის არედ
შემორგულ ეზოს,
სუფთას, უწყნარესს
და უმიზეზოს.
ოდეს ქარი ჰქრის,
ის ქედს არა ხრის,
მაშინ იგი მტრის
გულს ლახვრად ესოს.

312
წინ გვიცდის, გველის,
ლანდი ხეების -
ცაცხვების, ვრცელი
სიმაღლეების,
მომსწრეთ, რა სწრაფად,
არა იაფად,
არამედ მძაფრად
განვლილ დღეების.

313
დინჯი, დიადი
დგომა მუხების,
ხმა ქარში მათი
ამოქუხების,
გულში ფარულის
ხსოვნა მხარულის,
ხან სიხარულის,
ხან შეწუხების.

314
და შუადღისად
სიცხის მოალვის
გარე აწვდილან
ტოტები ალვის.
წყნარად და დინჯად
დგანან აქ  მიჯნად,
თავს ხრიან ნიშნად
იდუმალ კრძალვის.

315
მგრძნობნი სიმაღლის
ჭადრები, თელა,
ტოტები კაკლის -
ვეებერთელა,
სწრაფ და ვნებიან
გრიგალს შებმიან,
დაჯახებიან
არა ერთხელა.

316
ვაშლების ჩრდილი
უზარმაზარი,
ვაშლნი ხუნძვლილნი,
როგორც ხანძარი,
რაც შემკობილა,
ღამე თუ დილა,
არსად ყოფილა,
არსად არც არი.

317
თითქო უცქერის
უხილავ უფალს,
ისეთი ფერი
ჰქონდა ალუბალს.
მიუშვერდა პეშვს,
იგონებს მის ეშხს,
რამდენჯერ მის ქვეშ
ცხენი  გადუბამს.

318
რა ყვავილთ გულის
ფრთა ერთოთ ტყემლებს,
როს გაზაფხულის
ქარი ხერხემლებს
გადაუხრიდა,
ზედამთის მხრიდან
რარიგად ჰყრიდა
გრძნობიერ ცრემლებს.

319
გადაუხრიდა,
ვით თრთოდა ნუში,
ალუჩა, კიდევ
ალუჩის ბუში.
გულს ისრად მოხვდა,
ოხვრა აღმოხდა...
თითქოს ეს მოხდა...
ეს მოხდა გუშინ.

320
და რხევა სავსე
კაკლის ხეების,
და ჩრდილი მსგავსი
სამოთხეების...
იმ ჩრდილში რბენა,
ფოთლების ფენა
და ხეთა სმენა
მძლეთა-მძლეების.

321
რაოდენ ბევრი
მსხალი და თხილი,
რა მრავალფერი
სხვადასხვა ხილი
მზით დაიწოდა...
მზემ გაიწოდა,
როს არ იცოდა
რაა წუხილი...

322
ხშირად ასულა
უდიდეს ხეზე,
არ დაქანცულა
იმ სიმაღლეზე.
ვინ გასცემს ხმასა,
აზრი აქვს მასაც.
ასრულებს რასაც
მოიმიზეზებს.

323
კიდემდე-კიდით,
ვით ლურჯი ბინდი,
თავს მაღლა მიდის
ლურჯი  სიმინდი.
სიმინდის ღეროვ,
დროა იმღერო
რაშო-და-რერო,
კვლავ ინდი-მინდი.

324
დასავლით ისევ
სიწითლე  ბინდის -
ბოლომდე მისდევს
სუნთქვა სიმინდის.
სუნთქვა წრიალებს,
ტოტს აფრიალებს,
მიაშრიალებს
და მიდის, მიდის.

325
ეხლა მოარე
სივრცით და დროით
სიმინდის არე
ღელავს ჩრდილოით
მთავარი გზისა.
ეხლა ისაა:
რა სივრცისაა
სიმინდი, ჰოი!

326
აქეთ - მარჯვნიდან,
იქით - მარცხნიდან,
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან,
როსმე ჯეჯილი
თმაგაჩეჩილი,
ეხლა კი ზრდილი
სიმინდი წმინდა.

327
სიმინდი შორს და
ცის დასავლამდე
მოსჩანდა, თრთოდა
სრულად შავ ზღვამდე.
რამდენი ძალა,
რამდენი ჩალა,
ასე ეს ჭალა
იტევდა რამდენს.

328
ასეთ სიმაღლით,
არც ისე მწირად
მას ახსოვს სახლი
ფაზისის პირად.
მას ეღიმება
არა წვიმებად -
ჩანგის სიმებად
და ჩანგის წკირად.

329
სულ ახლო ღელეს
სურნელი თაფლის,
სახლი უძველეს,
უმაგრეს წაბლის,
სევდას და ხალისს
აქ მიწა-წყალის,
ასე საწყალის,
ასე თავმდაბლის.

330
ჰაერად წავა,
ზუზუნი სკათა,
აღმძვრელი მრავალ
მოგონებათა.
ფიქრთა მთოველი
ხმობა ცხოველი -
აი, ყოველი,
რაც მას ებადა.

331
მოშორებით სკას
წერო - სარწყული
ჭას თავზე ადგას
გადაფარცხული.
საისლე. სჯობნის
მსგავსი კიდობნის
ხულა. მას ჰყოფნის
ხმა, ბგერა, გული.

332
ლურჯნი ამრიგად
ცის კამარანი,
საისლე, იქით
კიდევ მარანი.
ცელიც მოისმის.
მიდამოის მის
მგზავრის მოისმის
ჰარი-ჰარალი.

333
სასიმინდე კვლავ,
იქით ბოსელი,
იქით ტყე, ახლად
შესამოსელი.
ლერწამსა და ჟვერს
და კვლავ ჩალის ღერს
დაინახავს ბევრს
აქ შემომსვლელი.

334
გაზაფხულის ამ
მშვენიერ ხელით
კვლავ რამდენი რამ
ტყითა და ველით
გამოვლინდება.
კვლავ აინთება
და გაბრწყინდება
შუამთა ძველი.

335
სიცხეს მოახლის
გრძნობა. სამზირად
ასე დგას სახლი
ფაზისის პირად.
..............................
..............................
..............................
..............................

336
ფაზის ოცნების
მზე არ შექრება.
მანდილოსნების
იყო შეკრება.
ვინ სჯობნის თამარს,
ზრდილსა და თამამს,
დიდებულ რამ არს
გაპაექრება.

337
იგი, რაც სხვისთვის
მოსაწყენია,
ამ შეკრებისთვის
არის გენია:
სართულს სართული
წიგნი ქართული,
ყდა-მოკვართული,
რაოდენია!

338
აქ არის დავლა!
მშვიდობის სწავლა.
მას უნდა მრავალ
საფეხურთ ავლა.
ვინც მოიწოდა,
ალბად, იწოდა,
წიგნი იცოდა,
ვინც გაამრავლა.

339
წიგნის იმ სივრცეს,
თქმის ხელოვნებას,
მაღალ სიფხიზლეს
და გემოვნებას,
აქვს ალი მზერის,
მშვენება ერის,
კაცთ რომ უმღერის
დიად ცხოვრებას.

340
წმინდა რომაა
წიგნი ქართული,
ამიტომაა
ასე გართული
მისით კოლხიდა,
მარადის მზითა
შუბლგახსნილი და
წელგამართული.

341
არავინ ამ დროს
წასვლას არ ჩქარობს,
არ მუსაიფობს,
არ მონარნარობს.
ყველა მოისმენს
ამბავებს ცისფერს,
ღამეს თუ ცისკარს
და გულით ხარობს.

342
ზოგი ასულის
ოხრავს შეგნება,
რომ დასასრული
ამ თქმას ექნება.
სწუხს ამის გამო,
სურს სამუდამო
იყოს საღამო,
თხრობა, შეკრება.

343
ფიქრი ასულის
კვლავ ის არს, რომა
თვით დასასრული
არ  იცის დრომა,
არ იცის, თორემ
რა სჯობნის სწორედ,
ერთის მეორემ
იცოდეს ნდობა.

344
ასე: მხარი მხარს.
ცა არ ექცევა,
წიგნთა საუბარს
ვინც შეექცევა.
იმ წიგნის მადლით,
სხვათა არ-დათვლით
ღამე სინათლედ
გადაექცევა.

345
ვინც წიგნთან დიდხანს
და დიდხანს რჩება,
გამარჯვებაც მას,
მხოლოდ მას რჩება.
ყოველი კუთხით
თავის, საკუთრივ
სიცოცხლეს უდრის
ეს გამარჯვება.

346
შეკრება დიდხან,
კვლავ უფრო შემდეგ,
იმ შუა-დღიდან
შუა-ღამემდე
რჩევას განაგრძობს,
დაღლას არა გრძნობს
საამოს, საცნობს
გზას სჭვრეტს ვიდრემდე.

347
მოედო ცისკარს
ღრუბლების ქულა,
კითხვა მაინც არ
დამთავრებულა.
იყო მოთხრობა,
ის გულთა თბობა,
რასაცა გრძნობა
მიეცა სულა.

348
უცხო, მბრწყინავი
ალით შეფერა,
დილის ნიავი
ველს მოეფერა.
ვერა ჰქმნა სრული,
თაღს ანთებული
სანთლისთვის სული
რომ შეებერა.

349
სდგას ფრინველთ ჯარის
ჟივილ-ხივილი,
არავითარი
გულის ტკივილი
არა აქვს ვისმეს.
ყოველი ისმენს
ხმას მომაისეს,
ისეა ტკბილი.

350
არა აქვს თამარ-
ქალს არა ერთი
წასაკითხავად
კვლავ გვერდზე გვერდი
წიგნის გადადის,
ასე ხომ მარდი
ლურჯი ხომალდი
გზას იკვლევს მკერდით.

351
შეკრება სრული,
გუშინ შუა-დღეს
წამოწყებული -
აბა, ეს რად ღირს -
მიდის კვლავ შემდეგ
დღის შუა-დღემდე.
ვერ იტყვი: შესდეგ!
ვერ შებედავ: ძირს!

352
მიდის მეორე
დღის შუადღემდე,
ხანდახან შორე
გრძელდება, ენდე!
გულით, გონებით
შეჰკარ კონები,
ნუ ემონები
წყვდიადს, აენთე!

353
აქ არის სრული
წიგნი ამდენი,
წიგნი, გმირული
საქმის ჩამდენი,
ლექსი, ამბავი,
ყდა-ნალამბავი,
დაუსტამბავი
კარაბადინი.

354
უბრალოა ის
თუ დიდებული,
ყველგან, ყოველთვის
არის ქებული.
გრძნობა და აზრი
მახვილი, ბასრი,
ნაზი და მკაცრი
სული და გული.

355
როს კითხვად ჩნდება,
კითხულობს ისე,
რომ არ აკლდება
შუბლს სიმაისე.
რა გატაცება
გულებს აწვება,
რა აღტაცება
და სიხალისე.

356
ქალი ხმით ნაზით
არის შთენილი
და სილამაზით
გამოჩენილი.
გული სნეული
აქ მოჩვეული
ხდება გრძნეული
ხმით მორჩენილი.

357
პირველი ქალი
იტყვის: - ვერ დაღლი,
აქ სიტყვა არის
ოქრო ბაჯაღლო.
სახე თამარის
სარკე რამ არის
სულის, გამტანის,
რხევა, სიმაღლე.

358
ამბობს სხვა მწველი
ქალი ქართველი:
- ასეთ მკითხველის
არ ვარ მნახველი.
მაინც და მაინც
ვიგონებ მაისს,
გამიქრა, რაიც
მქონდა ნაღველი.

359
მესამე ამბობს:
- ვერ შევბედავ მას
ვთქვა - გული ლამობს
საბუდარით სვლას.
მეც არ ვარ ცუდი,
მაგრამ... გავჩუმდი...
რაგვარი წუთი,
რანაირი ხმა.

360
მეოთხე მცვლელი
იტყოდა: - კი, კი!
ჩვენში პირველი
ქალია იგი.
რა ლამაზია
და რა ნაზია,
ვით სთქვას: ასეა,
მაგრამ მოგიგე?

361
მეხუთე იტყვის:
- არაა სიტყვა,
ეს წიგნი თითქმის
მთლად  წაგვაკითხა.
ვარდების კონა
დგას წონა-წონა,
მთლად  დაგვიმონა,
არ გაგვიკითხა.

362
მეექვსე: - დია
გრძნობა ძლიერი
კითხვა სცოდნია
რა მშვენიერი.
ვდებ სანაძლეოს,
თუ ვინმე დასძლევს.
და მას ბანს აძლევს
იქ მყოფთ იერი.

363
იქ ღამის მთევი
ბჭობს ქალი სვანი
და მას მოსდევენ
სხვანი და სხვანი.
ასე ადვილი
არის სცნო ზრდილი
ქალში ნამდვილი
ადამიანი?

364
- არ მყოფნის ღონე
და არცა სული,
ხმა გავიგონე
მართლაც ზევსური.
ამრავლებს ხალისს
ამ ჩვენი ქალის
წაკითხვის ძალა,
მივაგენ სურვილს.

365
- ამ კითხვას, - ხმას სწევს
ქალი-ყვავილი, -
კალმით თუ ასწერს
ის, რუსთაველი.
ტოლი ვინა ჰყავს,
აბა, ვინა ჰგავს,
მსგავსი გინახავთ,
მოვლოთ მთა-ველი?

366
- გული გაავსო,
სხვას აღარ ელი,
სახელი აქვსო
გასახარელი.
ცამდის ასული
არის ასული.
ძალა და სული
აქვს საყვარელი.

367
განა მარტო აქ,
საქართველოში
ახსენებდნენ ქალს
სადღეგრძელოში.
თამარის ქება
აქედან სწვდება,
მიდის, დიდდება
მთელ მსოფლიოში.

368
ძალა ჰქონია
ყოველი მხრითაც,
გასაგონია
საზღვარს იქითაც.
ისმის არაბეთს,
ინდოეთს, სპარსეთს,
ისმის ხატაეთს
კიდით-კიდითაც.

369
თუ საქართველოს -
ეს იოლია?
მსგავსი მსოფლიოს
რამ არ ჰყოლია -
ჰყავს ქალი სახის,
მნატვრელი ნახვის,
ყველა იძახის
და ჩოჩქოლია.

370
და ასე: ყველგან
გამოჩენილი,
სახელისაგან
სხივ-მოფენილი,
მანძილთა ვრცელთა
ასე გავრცელდა
სილამაზე და
სახე კეთილი.

371
მეფეთ ყურამდის
იგი მივიდა,
სთქვეს: თუ სადამდის,
რა მოგვივიდა?
გავგზავნოთ კაცი,
მონახოს აწი
სახე მიმტაცი
მზის სხივივითა.

372
გრძნობა-სიმრავლით
და არა მავნით
ლამაზ ქალს კრძალვით
სალამს ვუგზავნით.
....................................
....................................
....................................
....................................

373
არეთ მმიჯნავი
კი ქალი იგი,
შესანიშნავი
თხრობის ტარიგი
ფიქრობს: რა ძლიერ
დროთ სვლა განვლიე,
წიგნი, ტარიელ,
მშვიდობის წიგნი!

374
შემდეგ აწმყოთი
თუ მომავალით,
ამღერდა ოდით
ქალი მრავალი.
მორჩილი მგოსნის,
მარად სხივოსნის,
ვეფხისტყაოსნის,
მრავალი ქალი!

375
ისმის წრფელი ხმა
ბანოვანების.
ოცნებავ, ტყვე ხარ
თვალთა ზმანების.
ჰანგმა ლამაზთა
ქალთა ამათა
ხმა მიამატა
აღფრთოვანების.

376
რა სჯობს ქალთ იმერთ
კრების ბუნებას,
მრავალ-ჟამიერთ
აგუგუნებას.
მასში მიდამოც
სიმღერის გამო
ისხამს სხვა სამოსს:
მზის დაბრუნებას.

377
შეჩერდეს ჯილოს
მდინარე ხშული,
რომ მოისმინოს,
ეს ხმა გმირული.
სცემდეს კვლავ ჩქარად,
ქცეული ქნარად,
ისედაც მარად
აღელვებული.

378
თითქო თილისმის
და გრიგალთ მიერ,
როცა გაისმის
მრავალ-ჟამიერ,
ცა დამღერის სახლს:
მე არ გეტყვი სხვას,
სახლო, დროთა სვლას
გადურჩი ძლიერს.

379
თამარი ამ დროს
სრულებით არ შორს
მღერის, ვისაც სწორს,
არწივს, არა ქორს,
უწოდებენ ჩვენს
იმერ-ამიერს,
მრავალ-ჟამიერს,
და ესმის მთა-გორს.

380
მერე როგორი,
როგორი მერე,
სად არს მის სწორი
სიმშვენიერე?
და ყოველივეს
უმატებს იერს.
ქალი, ქალი მღერს
მრავალ-ჟამიერს.

381
იმ დროსაც, ოდეს
არქმევდნენ ფაზისს
იმავ ზემოთის
ნიშან-სინაზის
ნიშნად, კვლავ საღი
შრიალებს ბაღი
და ძველი დაღი
წიგნების აზის.

382
არეს სრულიად
სხვა არ აქვს დაღი:
გაზაფხულია
ვრცელი და ლაღი.
მიდამოს ჩვენის
ყოველ სახლს შვენის
მშობლიურ ენის
წიგნების თაღი.

383
ხეთა ხერხემალს
ავარდებს თეთრად,
ნუშს, ატამს, ტყემალს
ყოველ შეხვედრად
მიხვდებით, წვდებით
და ვეღარ წყდებით,
მუდამ შეხვდებით
წიგნების გვერდათ.

384
ეალერსება
ნიავი წყალთა.
იით ევსება
უბე და კალთა
სახლებს ყავრიანს.
რაც სიმძლავრეა,
თანამგზავრია
წიგნთა მრავალთა.

385
იგრძნობს რა ალებს,
ნაფენი მწვანით,
ნელა შრიალებს
ტყე იავნანით,
სახლში კი ნადით
იმღერის ვადით,
და ფერად-ფერად
წიგნების კანით.

386
ივსება ნადით:
ფერად პეპლებით,
ბავშვებით, მათი
მაძიებლებით,
ტყე. აგერ წვერით
მოდის იმერი,
თავის მწევრებით
და მეძებრებით.

387
ფრენა აქვთ გულის
შავთვალა მერცხლებს,
მათ გაზაფხულის
ძალა აცეცხლებს.
ხმაურობს ბზიკი,
მარცხდება იგი,
გაზაფხული კი
ყველაფერს შესძლებს.

388
ეკვრიან ფრთხილად
მდინარეს ფრთებით,
შემდეგ ჭყივილით
და აღტაცებით,
მერცხლები ლხენით
სტკბებიან ფრენით,
ყოფნით ამდენით
თვალწარმტაცები.

389
კვლავ იერიში
მათი ჰაერში,
მზის ჩანჩქერებში,
ლაჟვარდთა შქერში,
ყველაფერია -
ეს ჰაერია,
რომ გაერია
სახეში, ფერში.

390
ასე ბუნება
არ აკლებს მამულს
ახმაურებას,
სითბოს, ჟრიამულს.
უყვარს, მიწიერს
რაც აძლევს იერს,
აწმყოს მშვენიერს,
არა მოწამლულს.

391
საამსოფლოზე
გულით სჯეროდა,
მის სამშობლოზე
ქალი მღეროდა.
როს აგონდება,
გული ღონდება:
რა, რა მოხდება
უსიმღეროდა?

392
მშვიდად მეგულვის
ჩემი სამშობლო,
ზამთარო, გულის
ასე დამხშობო,
ვერ შესძლებ სიო
რომ გადასწიო,
საიმქვეყნიო
და საამსოფლო.

393
არ შეგწევს ყოვლის
ბრძოლისთვის ჯანი,
მთებზე ის თოვლი,
შენი ნიშანი,
წარმავალია,
თუმც მრავალია -
წყალნი წარვლიან,
რჩება ქვიშანი.

394
თოვლი მზის სხივზე
დადნა ან დნება.
თოვლო, შენ ისევ
გინდა, იქნება,
მისდიო განვლილს?
მიმღები დავლის,
ძალა მომავლის
არ მოიქნება.

395
შენ შენი ნელი
საბრალო ძალა,
უკანასკნელი
შენი სამსალა
გვიჩვენო, გინდა?
ო, არაწმინდა!
სიმართლე ვინ და
ან რამ დასძალა?

396
გინდა მიმოვლა,
მაგრამ ღვარებით
დნება ის თოვლი
მზის ელვარებით.
სადა გაქვს ძალა,
ცამ იციალა
რამე ბრჭყვიალა
ანკელარებით.

397
ისმენ იმ სხვა ხმას
ჩონგურთ, დაირათ,
იქ, სად სახლი დგას
მდინარის პირად,
იმ ბნელი ნატვრის,
საშინელ ავდრის,
უამურ ზამთრის
გულგასაგმირად.

398
თოვლი თანდათან
დადნა ან დნება
ჰქუხს მწვერვალთაგან
მისი დინება.
ეს სიხალისე
გაზაფხულს მყისვე
მზით ისევ ისე
მოეფინება!

399
ნიაღვართ ხვევას
მრისხანე ზვავად,
მყის რომ იმ მწვერვალს
მოსწყდა ერთთავად,
სავსებით მოსწყდა
მაღლით გადმოსკდა,
აჰა, გადმოსცდა...
გაისმის: წავალთ!

400
და რაოდენი
ნგრევა ხმოვანი...
თითქო თვით კლდენი,
მრავალწლოვანნი,
შესჭიდებიან
ნაპირს მთებიანს,
ეჯახებიან
ძალგულოვანნი.

401
კლდე დიდ ნაზიდარს
მოსწყდა ფრიალოს
და ეხლა ვით არ
დაიგრიალოს.
ვით არ შეებას
დევებს ვეებას,
არმიტევებას
ვით არ ეახლოს?

402
დაეშვა, მაგრამ
როგორ დაეშვა
ღელვა, წუთიც რამ
რომ არ გაეშვა
(არაფერს ხედავს,
შესძახის: ქედას,
ერჩივნა, დედას
სჯობდა, არ ეშვა).

403
ფერდობით ფერდობს
ის თავდაყირა,
რაკი იქ ერთობ
წყალს დააღირა
მან ხმალი იმ ხანს,
სად კეფას იფხანს,
ბრგე ჯილო დიდხანს
არ აჯახირა.

404
ცოფივით სახეს
ედება ქაფი...
რა სიჭახჭახე
და რა დაფდაფი!
ომის მდომელი,
დაუცხრომელი
ამბობს: რომელი
ლალი, სადაფი...

405
თოვლჭყაპის ნაწრეტ-
ხვეული ქაფი,
რომელს ვერ ახვეტს
ვერ-რა ნიჩაბი.
აბა, იღონე,
რას მოიგონებ,
ვერ დაიმონებ,
ვერ დაიჯაბნი.

406
მწვერვალით მორბის,
დაეშვა ზვავი,
ათასი ორბი,
ათასი სვავი,
მწარე წრიალით,
და ბორიალით,
ორომტრიალით
თან მისდევს ავი.

407
არწივთ განგაშნი
მქუხარ-ვნებიან
ნადირთა ხმაში
გადირევიან,
საფრთხეს ეძებენ,
თვალს აცეცებენ
და აღვიძებენ
კლდეებს დევიანს.

408
გლეჯენ უმადლოდ
ხეებს უძველესს!
და ამ უბადლო
საშინელ ღელეს,
აბა, ჰკითხოს დროს,
ის მისია, ხომ.
რაა, რბევად რომ
გზა გაუცელეს?

409
დროშად მფლობლობა
ქცევის ურიდის
და უნდობლობა
მიაქვს და მიდის -
არ დარჩა ბორცვიც.
არ არის მორცხვი,
რომ ნგრევა-ხოცვის
მას ეშინოდეს.

410
მას უერთდება
მრავალთ-მრავალი
ნიაღვართ წყება
ძირს შთამავალი:
თვალით, ყურებით,
გულგახურებით
გემსახურებით:
ო, დაგვავალე!

411
მიწა... და მღვრიე
წყალი, ხვეული,
არს ყოველივე
ერთად რეული.
აქ მეგობარიც
არის მგმობარი,
დაუნდობარი
და ჩქარეული.

412
და ჰა, განითქვა
რამე გუგუნი,
რომ გესმით: თითქო
გადაეღუნა
ჟამს თავ-კისერი.
დადე ისარი...
სწორედ ის არი,
ის, საუკუნე.

413
როს დედამიწა
პირველ ჩნდებოდა,
უთუოდ თვით ცაც
არ ღონდებოდა.
დიდი წამი ის,
ოდეს წყალის, ქვის,
ღამისა და დღის
გზა გროვდებოდა.

414
დიდი წამი ამ
ქვეყნის შექმნის დროს
სხვადასხვაა რამ,
ირეოდა როს.
სხვადასხვა სახე,
ხელს რომ ვერ ახებ,
ის სახე, აჰ, ის,
ქვეყნის შექმნის დროს.

415
აჰა, დაიცა,
კიდევ გრიალი,
ფაზისს დაეცა
ზვავი ზრიალით.
შეირყა ზეცა,
გადმოიკეცა,
ფაზისს დაეცა,
სვავთ  ძალთაძალი.

416
შეკრთა ფაზისი
გულგანაწყალი -
ეჰ, რას სჩადისო
- ეს მიწა-წყალი.
ეჰ, რად შეშურდა,
ეჰ, როგორ მქურდავთ,
განა ეს მსურდა?! -
ამბობს საწყალი.

417
მდინარის პირს მდეგს
იმ ძველი სახლის
ფანჯრიდანა სჩქეფს
გრძნობა სხვა სახის.
რის უღმერთობა,
სიმით ერთობა,
აქვთ რა ერთობა
ხმალსა და სახნისს.

418
გაზაფხულია,
ვარდების კრეფა.
სადღაც ბულბულის
გაისმის ყეფა.
დროშა ბუნების
დასადგურების,
ჟღერს ჩონგურების
წყებათა-წყება.

419
იქ იადონი,
აქ სტვენა შაშვის...
კისკისი რამდენ
ათასი ბავშვის.
სიცოცხლის ეშხი
ლამაზ მხარეში
სჩანს ყველაფერში -
კარგში და ავში.

420
როცა სიმწვანით
ველი ირთვება
და მას ნიავის
სცემს აზვირთება,
მალაღურებით
და ბეღურებით
მიდის ურემი -
გადიტვირთება.

421
მაგრამ ეს რაა?
ფაზისის სახე
ეხლა რადაა
ნაზ-მოცახცახე,
მსხვერპლია მახის,
ან ვისი ზრახვის,
თვითონ იძახის,
თუ სხვას აძახებს?

422
გუშინ აქ ნელი
და გუფთა-გუფთა
სჩანდა ღრუბელი,
ბროლივით სუფთა.
ეხლა ფაზისი
ჩანს უმკაცრესი.
საქმეა ვისი?
ერთთა თუ ჯგუფთა?

423
ამგვარად წყალი,
სარკედ მჩინარი,
მარად ცოცხალი
და მოცინარი
აიმღვრა უცებ.
ნუ მოახუცებ,
თუ გული უცემს
მედგარ მდინარეს.

424
როს აიმღვრა ის
და დაემსგავსა
შემოდგომის ტყის
მოყვითალო ხავსს,
ემჩნევა ზედა,
რომ გაგვიმეტა.
თუ არა ნეტა,
ნეტავ რას ნიშნავს?

425
ასე მარიფათ-
მომართულ ფერით
რაიმე ხიფათს
ზეცა ძლიერი,
მიმხდომი ვადის,
რაიმე ბადეს
ხომ არ ამზადებს
არ მადლიერი?

426
ხომ არ უმზადებს
უძველეს სოფელს
აწ რამე ბადეს
უზრუნვლად მყოფელს?
რაიმე ფერად
მიიღოს მსხვერპლად,
აქციოს ფერფლად?
მშვიდობა ყოველს!

427
გულს ძველ ეშხისთვის
ცემა არ გააქვს?
აიმღვრა რისთვის,
ღიმი რად არ აქვს?
თვალთ მოქუფრება
რად არ უქრება,
რად ემუქრება
სვავების მარაგს?

428
აჰ, ეგ მისთვის, რომ
გაზაფხულია,
მისი გულიც ხომ
მაინც გულია.
გულს, შესანიშნავს,
ვინ უდებს მიჯნას?
აი, რას ნიშნავს...
დიდი გულია.

429
მზის ელვარებით
რაც თოვლი დნება,
მთაზე ზვავებად
რაც იბადება
და რაც კი ზვავი
მოდის სიავით
და ნიავივით
არ იფანტება,

430
რაც ღვართა ფერი
დაიძვრის წყება,
რაც კი მეწყერი
იმა მთებს წყდება.
რაც წყაროს წყალი
იძვრის ცოცხალი,
რაც უმოწყალოდ
კლდე ადგილს წყდება,

431
რაც კი მოგორავს
წყარო ნაკადი
მძლავრი, როგორც გავს
ხელით ნახატი,
რაც კი ხე დააქვს
მდინარეთა თარგს,
რაც კი მთასა აქვს
გადასახადი,

432
ისიც ყველასთან
ერთად ასკდება
ფაზისს, რომლისაც
ჯერ არა სწყდება
მოთმენის ძაფი,
და მისი ქაფი
არა იაფი
არის მზადება.

433
ფაზისი, ძვირად
მგრძნობელი დაღლის,
მდინარის პირად
მდგომარე სახლის
წინ საკითხს მოფენს
ყოფნა-არყოფნის,
მარამა ყოფნის
ხმა დიასახლისს:

434
- გამოდით მალე,
მოკრიბეთ ძალი.
მოვარდა წყალი,
მატულობს წყალი.
.................................
.................................
.................................
.................................

435
ფაზს მორიდება
სხვისი როდი აქვს,
როს მოდიდდება,
დიდი შფოთი აქვს,
როდი აქვს მშვიდი
ნაპირის რიდი,
ზვირთები მოაქვს,
ზვირთები მიაქვს.

436
ამაოდ არ ბჭობს
კაცი და ქალი:
წყალის ნაამბობს
წაიღებს წყალი, -
მიმოდის ქარი
მიუსაფარი,
ტყესაც სხვაგვარი
გააქვს შრიალი.

437
წაიღოს ლაღმა
წყალმა თავისი,
მაგრამ ეს ბაღი
უსუფთავესი -
არ არის მისი,
რას სჩადის, რისთვის,
უუნაზესი
ჩვენი ფაზისი?

438
მას არ ეკუთვნის
და მიაქვს რისთვის?
დღეს ძალა ფუთნის
მარიობისთვის...
ნაპირად მცველი
ტყე შველის ძველი,
ძლივს გასასვლელი,
ღელავს, განიცდის!

439
ხეები ასე
მოსილან ფშატით
და მოკისკასე
ქართა კვიატით,
იდუმალ გრძნობით
მიდიან წყობით
საღამოობით,
თუ განთიადით.

440
ღიმი აქ არ ქსოვს
სიმძიმილი - კი.
როგორ არ მახსოვს
ვიწრო ბილიკი,
ტყით მიმავალი,
ნაპირად კვალი,
სადაც მრავალი
იყო მაყვალი.

441
ოჰ, რა ტყე იყო,
რა მშვენიერი!
ხეები მომსხო,
ძლიერ-ძლიერი
ეხლა მდინარის
მიჰყვება არეს,
სხვათ უწინარეს
მხარ-განიერი.

442
ხე იმერეთის
მიჰყვება შორე,
ეცემა ერთი,
მერე მეორე -
იძვრიან ფესვნი
უსაყვარლესნი,
ღილებს ვერ შეხსნი
ზვირთს მემთაგორეს.

443
უსაყვარლესნი
ძვირფასნი ხენი!
ოდესმე მწყესნი
რომ რთავდნენ ლხენით,
ეხლა (აბა, ჰე!)
მოწყენილა ხე,
მიაქვს ჩვენი ტყე,
ჩვენი ტყე, ჩვენი!

444
ასე ტოლ-ტოლი,
ტივთ მიტოვების
მსგავსად რბის ზოლი
მწვანე რტოების,
ფოთოლთა დასის,
ათას-ათასის,
თან მიაქვს ფაზისს
ხმა იწროების:

445
ფოთლიან ხეთა
აწევ-დაწევა,
ტალღათა კვეთის
ზღვად გადაქცევა,
სივრცეზე ღია,
იტყვის, ბაღია.
ო, რა ლაღია,
ზვირთთ აღტაცება:

446
მიდამოების
გრიალი ისმის,
ეს ხაბოები
კვალად გადისმის.
ბუნება მაშინ
ყველაფერს წყალში,
ტალღების რკალში
მიუზღავს მის-მისს.

447
- მოყვასნო, - გვითხრობს
მოხუცი, - განა
ამას მოითხოვს
ეს დღე ჩვენგანა?
სთქვით, ტყე მდინარეს
ზვირთ დამცინარეს
მივცეთ? ვინ არის
აქ ამისთანა?

448
ხელი მოჰკიდეთ
ჩქარა ნაჯახებს,
ძალას ზვირთთ კიდეს
ვინც დააჯახებს,
გამოვა სახით
არა საძრახით...
ჩქარა ნაჯახი!
მივსწვდეთ ნაჯახებს!

449
მონახა იმ დღეს
ყველამ ნაჯახი
და მიადგა ტყეს,
შეიქმნა ჯახი.
აქ გვინდა ძმობა,
შეიქმნა ხმობა,
იყოს ერთობა,
წინ, იარაღით!

450
ახადე ფარდა,
დასცხე, დაჰკარი
და გავარვარდა
შრომა თაკარი.
ძირს ეფინება
ხეების წყება,
აშიშინება
ფოთლების ჩქარი.

451
სიმწვანეთ წყება
ხავერდის სამოსს
ემშვიდობება -
არე-მიდამოს.
........................
...........................
...........................
...........................

452
ხე ეხლა ძნელად
ძალღონეს მოჰკრებს,
უკანასკნელად
ამოიოხრებს...
გადიზნიქება,
და არ იქნება -
კიდევ - იქნება
გახედავს მოყვრებს -

453
აქ, ჩემმა მზემა,
განს უნდა გადგეთ:
ხე დაეცემა
ზარით და ზათქით.
გდია ძირს... კვდება...
სუნთქვა დიდდება,
და დამშვიდდება...
იყო? ეს რა თქვით?

454
ესაა მოსვლა,
მსგავსება მკვდარის,
იყო სიცოცხლე
და აღარ არის!
ვიღაც ტოტს ამტვრევს
და შორს მიათრევს,
ასე ნაადრევს -
და მოავდარეს.

455
სათიბს გადახტეს
ხე ახალგაზრდა,
რომ გამოსტაცეს
ფაზისს ანაზდად.
ასე მტევარი,
ტყის ნახევარი,
იმ არე-მარის
ხიფათს გადასცდა.

456
ასე ტყე გასჭრეს,
ფაზისი ძირებს -
ამაოდ დაშვრეს,
რასაც შეჰყვირებს.
დარდი აქვს ზარის:
ტყე აღარ არის,
ტყე მოზარზარეს
გასცდა ნაპირებს.

457
იყო კარგი ტყე,
და აღარ არის!
მე და შენ კი, ჰე,
ამ არე-მარეს
რამდენი წამი
გვახსოვს სიამის...
ის დრო და ჟამი
წაყვა სიზმარეთს!

458
დე, ძველო ბინავ,
მაისის ქარო,
რომ აღგედგინა
კვლავ იგი წყარო,
ან დღეს, ან ხვალე,
ყრმობის სიალე -
ფერგამჭვირვალე
და უანგარო!

459
- ბიჭებო, დროა
ზეცა ახსენეთ,
ნავნი პალოებს
სწრაფად ახსენით.
რისთვის ინება
წყალთა დინებამ
გაბიბინება
ნავებით ჩვენით?

460
გამოათრიეთ,
გასწით კარავებს,
თორემ ეს მღვრიე
მოგვტაცებს ნავებს.
ზვირთების წყება
წამით არ წყდება,
ნაპირს აწყდება
და ამოძრავებს.

461
- ო, არდანდობა,
აბა, ჰიალა! -
ახალგაზრდობამ
დაიგრიალა, -
ვიხსნათ მიდამო
ჩვენი საამო,
ეს სამუდამო
სიტურფე - ჭალა.

462
ასე ადრიან
ტალღით მბორგავი
ამოათრიეს
თხუთმეტი ნავი,
მაგარი, ურჩი,
ვით ბურჯთა-ბურჯი,
ნისლით ნარუჯი,
დაუღალავი.

463
და გაიტანეს
სულ ყირა-ყირად,
სად დგას ნიშანი
ფაზისის პირად,
წყალთაგან მცველი
მარად უცვლელი,
თან ასე ძველი,
თან მტკიცე ხშირად.

464
- ეხლა ამ მორებს
რომ უშვებთ ასე, -
ამბობს მეორე,
ხელს ისვამს თავზე, -
ამ მორების ზვინს
დაითვლიდა ვინ -
შარშან, შარშანწინ...
დღესაც იმასვე.

465
გეკითხებით ხომ
ზედას და ქვეშას,
ცივ ზამთარში რომ
გაშორებს ხვნეშას,
რომ გიხსნათ სევდით
და ღუღუნებდეთ,
დაიწუნებდით
ამნაირ შეშას?

466
ამბობენ მაშინ
ახალგაზრდები:
- შეშავ, ზამთარში
შენც დაფასდები.
მორების წყება
ნაპირს აწყდება,
თუმც წყალი წყრება,
არ გავნაზდებით.

467
შეშავ, ყოველ დროს
კი გაქვს იერი,
სულ მართალს ამბობს
ეს კაცი ბერი.
ბრუნავს მორები,
ჩნდება მორევი,
ყოვლისმომრევი
და მღვრიე ფერის.

468
შემდეგ ჩანგლებით
მივარდნენ მორევს
და არ განგებით
იჭერდნენ მორებს.
ძალთა მხნეობას,
წყალთ მომრეობას
მიდამო ქებად
გაიმეორებს.

469
გადააქვთ ახლა
ხე ძირა-ძირად
იქ, სადაც სახლი
დგას ფაზის პირად.
მოისპოს დავა,
აქ გამბედავად
ტალღებში გავა,
ვინც თავს გრძნობს გმირად.

470
წყალი მძლავრ მორებს,
ისვრის, ვით ნაფოტს,
თუმც ვერ იშორებს
ვიწრო კალაპოტს,
ზათქით და დაფით,
ზვირთების ქაფით,
შლამით და ლაფით
სივრცეს მიაპობს.

471
უმაღლეს ხაბოს
ვერ უსწორდება,
ტალღა კვლავ ამ დროს
გამოგორდება.
- ვინ ხართ მამაცი,
მორები ასწით! -
ხმობს დედაკაცი,
მორს არ შორდება.

472
ნაპირს აწყდება
თითქო ღრმა ნაღმით,
დიდხანს გასწვდება
გამოღმა-გაღმით
მტვრევა და ლეწვა,
ხალხმა დალეწა
ჯაგი და ხეცა
ნალოკი ტალღით.

473
ისმის გრიალი
ხაბოს დაცემის,
ორომტრიალი
ნაგვემ-ნაცემის
ზვირთის რღვეულის
და გაქცეულის
კვალ-არეულის
რბენის, წაქცევის.

474
განიახლება
სხვაგან ხათქანი,
თრთიან სახლები,
ერთი მათგანი
მზის სიხარულის,
ცხადის, ფარულის
იჭვის და რულის
მხნედ გადამტანი.

475
მრავალი ნაკლის
მქონი არძვირად,
ზანზარებს სახლი
მდინარის პირად,
სად ღრუბელთ კრთომა,
სინათლის ნდომა,
ამაყად დგომა
ანათებს ხშირად.

476
აქედან ველი,
იქით ხვილიფნი,
და სახლი ძველი,
ნაქები სიბრძნით,
სადაც გულის მწველ
გაისმა პირველ:
წიგნი, ტარიელ!
ტარიელ, წიგნი!

477
როგორ ჰკარგავს ფერს
ოცნება ძველი...
მისგან არაფერს
ახალს არ ველი...
არც ცა მაღალი,
არც მიწა მზრალი
ჩემთვის ახალი
არ არს, არც მწველი.

478
გაიგეს განა -
ბედით ჩაგრული
ყოფნით რაგვარად
მტკიოდა გული?
ის სილაჟვარდე,
ის ია-ვარდი,
თუნდაც ის დარდი
და სიყვარული?

479
გზა გადაეხნათ
ნორჩთა დღეთ დარის...
იყო ამ ქვეყნად
ხილვა სხვა არის.
სულ სხვა მიგნება
გადიწიგნება,
არც ის იქნება,
რაც რომ დღეს არის!

480
ფაზი ფერშია,
მას აქვს დღეობა.
და რა დღეშია
მოსახლეობა -
მისთანა თქვენს მტერს.
ფაზი ახლა მღერს,
რომ შეუცვლის ფერს
მთელს ამ ხეობას.

481
მისთანა თქვენს მტერს,
ზარად და ზათქად,
რაც ერსა და ბერს
მაშინ დაადგა.
აევსო შიშით,
სხვა ანგარიშით,
ვაით და ვიშით
მოვარდნილ დგანდგარს!

482
ვინ სთქვას, რა ძალით,
რაც აქ მომხდარა,
რაც ხალხი წყალით
აქ ამომწყდარა,
რაც აქ ყოფილა
უკმაყოფილო,
რაც დამხობილა
და მტლედ გამხდარა. -

483
ყველაფრის მთქმელი,
მომგონებელი
არის ეს ველი,
გზა ძველისძველი.
ეხლაც მუქ-ფერი
მისი ძლიერი
მდინარე ერის
გამხდარა მტერი.

484
მაინც ბევრს იტევს
კაცთა მხნეობა
და გულს არ იტეხს
მოსახლეობა.
მარტოდენ შიშით,
ვაით და ვიშით,
უიერიშოდ -
ვის აქვს მძლეობა?

485
რომ გზა მისცეს ავს -
ან რას გახდება?
დე, გადახდეს თავს,
რაც გადახდება.
გულანაძგერის
თვალით გასცქერის.
მოსვლაა მტერის?
ისიც დახვდება!

486
ასე ვიდრე ხვალ, -
ქარს აღმოხდება.
მდინარეც მალ-მალ
რომ ამბოხდება -
გზას რომ ეკვეთა
ტალღების წყვეტა,
ის ფიქრობს: ნეტა,
რა, რა მოხდება?

487
ამასობაში
კიდეც დაღამდა,
ცა მთიდან მთაში
გადახამხამდა.
აშარიშურდა
ნიავი შურთა,
სიმინდთ და პურთა
გადადაღავდა.

488
ბინდს გადაეცა
ღერი სიმინდის,
სოფელს დაეცა
აჩრდილი ბინდის.
სადღაც ხის ღრუდან
დაჰქრის ღამურა,
ღამემ გამურა
ჟრჟოლა ამინდის.

489
აწ ღამე დამძლევ
ბაგეს აღაღებს
და სიტყვას აძლევს
ძაღლებს, ბაყაყებს,
სადღაც იწყება
იმათი ყეფა, -
მეორე წყება
მესამეს გაჰყეფს.

490
თითქოს ამღერდა
დიდი თარეში
ქურდთა და მკვლელთა
არე-მარეში,
უყეფენ მთვარეს,
მაგრამ დღეს მთვარე
ცაზე არ არის...
არც სხვა მხარეში.

491
არც მთვარე არის,
არც ვარსკვლავები.
ავი სიზმარის
შავი მკლავები
ამ კუნაპეტებს,
გაშლილ კაპეტებს
ჰზარავს, აფეთებს
ნისლთ მოზვავებით.

492
კვლავ ნისლთ მამული
ბაგეს აღაღებს,
კვლავ ჟრიამული
გააქვთ ბაყაყებს.
მათ ეს ყაყანი,
ჟალტამი, ფშანი,
სიმწრის ნიშანი
აიარაღებს.

493
ხმა იკონება
ისეთი ღონის,
კაცს ეგონება,
რა აიწონის -
ასეთ უცნაურ
დევების ხმაურს
და აურზაურს -
ასე უგონოს...

494
ვინ ასწერს მოქმედ
დევების ხმობით -
მგზავრი შემომქმედს
უთვლის მადლობას.
რომ ასცდა კვიმატს
ძახებას იმათს,
სიმწარეს, ხიფათს
და უნათლობას.

495
და ასე: ავი
ხმა ძაღლთა ყეფის
და გამყინავი
ხმა ბაყაყების.
არრა მოებას
ამაოებას
და მყუდროებას
იმ ვენახების.

496
ეს მოძახილიც
გაჰქრა იმათი.
ბნელის სახელით
ღამე კვიმატი
უსაზღვრო გახდა.
ისევ ამაღლდა
სიბნელე სახლთა,
ავბედი ხატი.

497
რომ მოისახო
თვალებთან თითი,
ვერ დაინახავ.
რაღაცა ჩიტი
ფაზისს ერთმხრივად
გასწივლებს ცივად.
და ყოველმხრივად
ღამეა დიდი.

498
მოიცვა ჩაგვრამ
ვრცელი დუმილი.
ძილია, მაგრამ
ამგვარი ძილი?
რასაც ყველა ის
გული განიცდის,
თან სურს, თან იცდის,
გზაა განცდილი.

499
ნაპირზე რომ კრთის
ლანდი გვიანი,
ადგილზე იძვრის
ის ნაბდიანი.
აქ დანაბადი
იძვრის ნაბადი.
მაინც ეს ლანდი
მხნეა, მზიანი.

500
ნაპირად სწორად
მიდის და მოდის.
ნაპირზე ხორა
ჰყრია ნაფოტის,
არა ნუგეშის,
სიმწუხარეში
მოტანილ შეშის,
ვინ იცის, როდის?

501
გასცქერის რიყეს
მიდამოს მხნედა.
ვინ უნდა იყოს
ის კაცი, ნეტა?
აქაური თუ
ბინადარი ყრუ,
სად ხავსია, რუ
მივარდნილ ტყეთა?

502
უცნობი ანგრევს
ღამეს კუნაპეტს,
იღებს და გაჰკრავს
იგი კვეს-აბედს.
გზას ბნელი ჩაგრავს,
გზას ბნელი აკრავს,
ისევე გაჰკრავს
ბრწყინვას უცაბედს.

503
თივას დანარჩევს
ედება ალი.
იმ წამსვე ამჩნევს
იქ მდგარის თვალი.
ამჩნევს იმ წამსვე,
რომ ამის მსგავსი
რამ უსავსესი
არ ახსოვს კვალი;

504
რომ დინება ძირს
ტალღათა მძაფრთა,
აჰა, ხაბოს პირს
გაუთანაბრდა,
რომ აქ ბუნების
არ იღუნების
კვლავ მობრუნების
მკლავი, თანაც ფრთა.

505
აწ სხვა გზას ასცდა
და დაიხია,
ავიდა, სადაც
მკვიდრი რიყეა.
ღამევ პირქუფრო,
ვით გესაუბრონ...
ნაბადი უფრო
შემოიხვია.

506
მაგრამ დაუხვდა
წყალი იქაცა,
უცნობი სწუხდა,
რა დაიქანცა.
შავზე-შავი დღე...
მოკუპრულა ტყე.
მიმავალი ხე
ქანაობს ანძად.

507
გზები წყალს ისევს
ასე უცაბედს.
ნაბდის ქვეშ ისევ
გაჰკრა კვეს-აბედს.
მას იპყრობს ურვა,
ფიქრთა მობურვა...
წყევლა და კრულვა
ამნაირ ამინდს.

508
გაანათა. სწევს
მწუხარე არე.
გააფთრებულ დევს
აგავს მდინარე.
განცდათა მძივი
მიდის, ვით ტივი,
ესოდენ ცივი,
ესოდენ მწარე.

509
უცნობი თრთოდა;
სულ მაღლა-მაღლა
აიწეოდა
მდინარის ტალღა.
მან არ იცოდა
ბევრი და ცოტა
ბრალი და ცოდვა,
ძილი და დაღლა.

510
ის მზარდი ნელად
და ულმობელი,
აუცილებლად
დამამხობელი
მისი ძვრა ავს და
უნდობარს ჰგავდა,
მას ღამე ჰყავდა
მსმენელ-მგრძნობელად.

511
სოფლისკენ უმალ
მცოცავი ბნელად,
ისევ იდუმალ,
აუცდენელად,
ასეთ ნიშნებად
გადაშიშვლება
გადაიშლება
თვალუწვდენელად.

512
ასე ღამის ფერფლს
სდევს შედარება:
ვეფხვი თავის მსხვერპლს
რომ ეპარება,
სინჯავს ის არეს,
მსგავსად ისარის,
მისთვის ეს არის
მძლე ნეტარება.

513
ის იკავებს ჟინს
ფრთხილად და ნელა
მსგავსადვე, მაინც
აუცდენელად.
..........................
..........................
..........................
..........................

514
მაგრამ რადაა
ასე ნაყუჩი
ეს ლელი? რაა
თვით ფაჩა-ფუჩი,
არა სძრავს ამ წამს,
როს დრო არა სდგას.
მიდამოს ურტყამს,
როგორც ჩაქუჩი.

515
არ ისმის? ცეცხლო!
აქ ხომ ვეფხია,
მას ხომ შეეძლო,
რომ განერღვია
ავი და ძნელი
იგი სიბნელე,
ჭაობს და ღელეს
გარს რომ ეხვია?

516
შეეგრძნო წამი
და გაემარჯვნა?
არა! ვეფხს ღამის
სურს ფრთხილად განსჯა.
ჭავლს ნელა აფენს
და გზას იკაფავს,
ხოლო სისწრაფე...
ჯერ განზე დარჩა.

517
ამ შეღამების
ორპირი რას ჰგავს?
რა გამარჯვების
სინათლეს ნასკვავს?
რის აქვს იმედი
ნეტავი მეტი,
რომ მკაცრი ბედი
უბნელებს ვარსკვლავს?

518
სჭვრეტდა რა ზრდილი
ამ მოძრაობას
სხვას, აქ გუგუნა
სჭვრეტდა რაობას.
წარღვნის ბობოქარს
ხმალს, დაუზოგვარს
უჭვრეტდა, როგორც
არარაობას.

519
ვეფხვი გოჯ-გოჯად
მსხვერპლს ეპარება.
თვალთ მზე ნაოჭად
არ ეფარება.
ბრძოლაში გამძლე
მოდის მძლეთა-მძლე,
ამბობს: რას მაძლევ,
სთქვი, მეჩქარება!

520
არ შეირხევა
ლერწმის არც ღერი.
ეს ფრთხილი რყევა
და დანაღერი
ბრჭყალით ნატორი,
ერთი თუ ორი,
ზუსტი და სწორი
წამოწვა შქერი.

521
ეს სამოსახლო
რა ნახა ტურფა,
მიზნები ახლო
რა დაიჯგუფა,
მარდი, ვით ელვა,
შებოჭა ღელვა,
დრო შეინელა...
და ჰა, ისკუპა!

522
აქ, ბიჯიც თუნდა
არ მოიბრუნა,
ვეფხი გატრუნდა
და მოიღუნა.
დიდი აქვს მადა...
კვლავ მოემზადა
საომარ ფანდად
მძლე თვალთა ბრუნვა.

523
ასეთი ძნელი
იყო ფაზისი -
მოულოდნელი
მორღვევა მისი,
ქუხილი, რიხი,
მიმოსვლა რიყით
გაურღვევ ციხედ
ჩამომდგარ ნისლის.

524
ღამე უწვეველ-
უუბნელესი
უცებ ისევე
განათდა „კვესით“.
ღამეულ ფარდით,
მოცული დარდით
ლანდია მზარდი
და უსწრაფესი.

525
ნაბდის ქვეშ მხარი
რომ მოიღუნა,
უცნობი არი
იგი, გუგუნა.
ფიქრობდა: ხალხი
ტაროსმა ალყით
შემოსა თალხით
და მოადუნა.

526
ის სწუხდა, რადგან
მისით მწუხარე
სოფელს მოადგა
წყალი მქუხარე.
მიუახლოვდა,
შველას არ სთხოვდა,
მხოლოდ ახსოვდა
ეს არემარე.

527
გამოდის ზვირთი.
აჰა, ნაპირზე
ის ჭირის დართვას
აპირებს ჭირზე.
აპირებს შთანთქმას,
ასრულებს აღთქმას,
არღვევს, თან ადგამს
ზვირთს ისევ ზვირთზე.

528
ღელვამ სად ქაფად
დაიბუბუნა,
მაშინვე სწრაფად
იწევს გუგუნა.
გზას იკვლევს ძალით,
ყველგან დგას წყალი,
მაგრამ კვლავ რვალი
ვინ მოადუნა.

529
აგე გზაც არის
მრავალ ბილიკით,
აგერ ტაძარიც -
მიილტვის იგი.
ჰა, მიაღწია,
მუხლი ასწია,
რკინად აქცია
ნება და ძალი.

530
ჰა, უცაბედი
სამრეკლოს კიბით
მას კვეს-აბედი
თან მოაქვს ჯიბით.
ნაბადს მიარხევს,
სადღაც მიახვევს,
ადის, მიარღვევს
ბნელს ავდრის ჟინით.

531
ვეღარა მისწვდეს
ზრახვა უკმეხი.
აჰ, არ დამიცდეს
კიბეზე ფეხი.
ხალხია ჩვენი
გადასარჩენი, -
ვერ იტყვი ენით,
სადაა მეხი.

532
კიბით ის, აჰა,
ავიდა კიდეც,
ფიცართ მონახა
მერყევი კიდეც.
მხარს ფართოდ შლიდა,
ემჩნევა დიდად,
სურს გზად და ხიდად
ხალხის წინ იდგეს.

533
გასინჯა ფრთხილად
სიმტკიცე ფიცრის,
მისთვის ამ წილად
ხატად საფიცრის.
მიაპყრო ყური,
აქ საფეხური
იმ ჩვენებური
ხის იყო მტკიცის.

534
არ მიამიტად,
ის დადგა მკვიდრად,
ეხლა თავს სთვლიდა
იმდენად მდიდრად,
რომ იგრძნო კვალად
უშრეტი ძალა.
მხრები გაშალა
სიმძიმეთ მზიდრად.

535
ზარის ენის რა
ჰპოვა ბაწარი,
მოსწია, მძლავრად
დარეკა ზარი.
ჭექა გაისმა.
ისმის ზარის ხმა,
ძახილი - რისხვა.
სჩანს, რაღაც არი.

536
ბნელ შუაღამის
კიდევ და კიდევ
გრგვინავდა ზარის
ძალა-სიდიდე.
ჰქუხდა ხმა იგი,
მერე რა რიგით -
ხევების იქით,
ქედების კიდეს.

537
განივრცო დიდად
წამთ სიდიადე,
გასჭრა, გასწყვიტა
წყვდიადის ბადე.
გუგუნი ზარის
მოედო არეს
მძინარ-მდუმარეს
ესე, მანამდე.

538
წყალი წინადღით
რომ მატულობდა,
მალე აქ მოსვლას
მონატრულობდა.
აქ ვინც დღეს სტოვებს
მაღალ ხაბოებს,
ხვალ ვეღარ ჰპოვებს,
რასც ნახულობდა.

539
ძველი, ხმოვანი
მოხსნა ტყეები,
თან ასწლოვანი
დასცა ხეები.
ხაბოდან ახლა
მოიწევს მაღლა,
სწყურის სიახლე,
სიმაღლეები.

540
ახლოა ბარის
რისხვა საზარი,
გრიალებს ზარი,
გუგუნებს ზარი.
ნახეს, აქ ვერვის
შიში ვერ იხსნის,
ტვირთს ვერ მოიხსნის
ვინმე ლაჩარი.

541
ვის იდუმალი
იხსნის სახება,
საქმეა მკლავის
დაკარწახება,
მძლავრად შეტევა,
თავგამეტება,
კვლავ მოქმედება,
კვლავ დაძახება.

542
ყველა ერთბაშად
საომრად დახვდეს,
თორემ რაც მაშინ
სოფელს გადახდეს...
რისხვის მაგვარი
გრიალებს ზარი.
გუგუნებს ზარი:
ყველა მტერს დახვდეს!

543
და გაადინა
რა ჭექა თოფმა,
თოფებმა იწყეს
გაბმა-გამობმა.
ტყვიამ არ მდუნედ
გაიზუზუნა,
იტყვის გუგუნა:
მოესმათ ბოღმა!

544
მოესმათ: მოსცდა
ღელვა ნაპირებს,
რომ ამოქმედდა
და აწ აპირებს
სოფლის წალეკვას -
ამაზედ რეკავს,
ამას მჭექარებს,
ეძახის გმირებს.

545
როგორც ძვრა ფილტვის
უზარმაზარი,
სოფლისკენ ილტვის...
გუგუნებს ზარი:
სიათო ჩემო,
ჩვენს გარეშემო
რამ საედემო
ეხლა არ არი.

546
უეცარია
გულთა დუღილი,
სროლამ არია
ჭექა-ქუხილი,
როს მათთან მხარით
მრისხანე, ჩქარი
გრიალებს ზარი,
როგორც წუხილი.

547
ეს იმას ნიშნავს -
გასკდა იარა -
ნაპირი მიჯნის
გადმოიარა.
ფშნებში გროვდება,
გვიახლოვდება
ეს ბოროტება
შხამ-მსხმოიარე.

548
შეიგნე ტალღათ
ძალთ სიძლიერე,
თორემ გვიან-ღა
იქნება მერე.
ღამეო ბნელო,
ვაზო და მდელო,
აქ სურთ, რომ თელონ
სიმშვენიერე.

549
იტყვის რომელი -
ღამეა ბნელი,
განუზომელი,
განუჭვრეტელი.
ვით აღირიცხა
ღამეთა რისხვა,
ისმის ზარის ხმა
განუწყვეტელი.

550
ზარის ნაყოფად,
რომ უფრო მეტად
გამჭრიახობა
იყოს იმედათ,
გუგუნებს ზარი,
გრიალებს ზარი,
რომ ნიაღვარი
მოდის შავბედათ.

551
აქა-იქ სოფლად
ანთებენ სანთლებს,
გააქვთ მახლობლად
ბრდღვიალი კანდლებს.
სიათს სიათი,
არიშვიათი,
ღამის წყვდიადის
გაჭრით ანათებს.

552
ამბავს მოასმენს
სიათს სიათი,
რომ ღალატს რასმეს
აწყობს წყვდიადი,
რომ  ნაზავთარი
ბედის ავდარის
წინ გრგვინავს ზარი
წვევით დიადით.

553
ყრმა და მოხუცი
ჩირაღდნებს ანთებს.
გააქვთ ფუსფუსი
ნათელზე ლანდებს.
ბერის, დიაცის,
ქალის და კაცის
წვის დაღი აზის:
არ დაგვიანდეს.

554
გზაზე, ეზოსთან,
ღობესთან, ბაღთანც
სწრაფი მიმოსვლა
აქვს ამ ჩირაღდანს.
ღამეს აწინდელს
და დღეს ხვალინდელს,
ალს წითელ-ყვითელს
სძრავს, სადც მიატანს.

555
ის ბრჭყვიალება
ჰქრება და კვალად
აფრიალებულ
იქცევა ალად.
გაიბარდნება
და მტლედ ადნება
გაჩირაღდნება
ღონედ და ძალად.

556
ამ კოლბოხებში
აწ ვინ არ აქებს
დაბალ ქოხებში
ანთებულ ჭრაქებს.
მოძრაობს ღვარი,
სოფლის ამგვარი
დარდით დამწვარი,
დაჰქრის, ქადაგებს.

557
ვით დახავსება
და ცივი არის
რაღაც მსგავსება
შორეულ კვარის.
მკრთალად სჩანს, კრთება
ქალთა სახება,
აცახცახება
ეზოსი, კარის.

558
მათით ამხელენ
სიბნელეს ნისლის,
მით თვალს ახელენ
ქოხები ისლის.
კვლავ სიათების,
კვლავ თავდადების
და განათების
მიმოსვლა ისმის.

559
და სამრეკლოდან
გუგუნა ხედავს,
ვის სად ევლო და
ვინ როგორ ბედავს.
არის ზანზარი,
გუგუნებს ზარი,
გრიალებს ზარი
წარღვნას ნამეტარს.

560
ამჩნევს ჩრდილთ ბრუნვას,
ალების ფრენას,
ჰხედავს ზრუნვასა
და აღმაფრენას,
საერთო საქმის
ჭედვის, გარდაქმნის,
ყოველი საგნის
აზრსა და ენას.

561
ხალხი გმირულად
კვლავ ბევრს გაუძლებს,
ასე ფრთა-სრულად
მფრინავ მუგუზლებს.
ვერვინ ჩაჰკეტავს,
მას ყველა ხედავს,
ბედავდა, ბედავს,
გაბედავს უცებს.

562
სამრეკლოდ მდგარი
ხედავს გუგუნა,
რომ ხალხმა ზარი
არ დაუწუნა.
ვით ღობით ღობეს,
ხედავს მეზობელს,
ხედავს მთელს სოფელს
გარდაქმნილს ზრუნვად.

563
ხედავს შუქთ მძივებს,
მუგუზლებს, ჭრაქებს,
და ყოველივე
ეს მას ქადაგებს,
რომ ებრძვის ღამეს
და მომხვდურს რამეს,
ძალა-მიდამოს
აქ რომ განაგებს.

564
რაც კი იხარებს,
რაც კი მოძრაობს,
არ მიიკარებს
ხავსსა და ჭაობს.
მოძრაობს, ღელავს,
გზებს გადათელავს
და მტრის ნახელავს
სპობს. კვლავ ქანაობს.

565
დრომ გაახელა
ხალხის ზიარი,
ხან მაჭახელა
და ხან კი ზარი.
გავარდა ის ხმა,
სოფლად გაისმა,
როს სჭექა მისმა:
მხარე შესძარი!

566
საღამომდისაც,
ო, ყრმობის ხანა,
ერთხელ, როდესაც
გამოიტანა
გიდელი ბაღით,
ყანის წიაღით,
იმავე სახით
უჩანს ის ყანა.

567
მოაქვს გიდელი,
მტევნებით სავსე,
ფუტკრების მთელი
სკა შეხვდა გზაზე.
ჰოი, ფუტკარი,
რაც გსურს, უთხარი,
ჰქუხს მისი ჯარი
მძლედ მობაასე.

568
ზუზუნებდა თან
ირგვლივ ფუტკარი,
მაისის მზისგან
ზურგ-ნათუთქარი...
რას ზუზუნებდა,
რას ბუბუნებდა,
ვის უწუნებდა
საქმეს, უთხარი...

569
რას შთაგაგონებს,
გრიალის დარის
ხმას მოგაგონებს
ძვრა სოფლის ჯარის.
ჰკონავს საკონებს,
იწვევს გამგონებს,
სკას მოგაგონებს...
ასე არ არის?

570
ფუტკარი აწ სხვას
შრომას ნაკისრის
შეუდგა დაცვას,
როდესაც ისრის
ნატეხით იმ სკას
შეუშლიდნენ გზას,
მაშინ იგი ჰგავს
გრგვინვას მიწისძვრის...

571
ნატეხით იმ სკას
უნგრევდა ბავშვი.
მისწვდნენ: „ჰკა მაგას
კისერში, თავში!
მოქნეულ ხმალს ჰგავს
სიტყვა: ჰკა მაგას!“
მტკიცეს და მაგარს
თქმულს ბრძოლის ზვავში.

572
და თითქოს გმინვით
დაუწყეს კბენა,
თანაც დაცინვით
სთქვეს: ესეც შენა!
წაგეღო თანა
ჩვენი ქვეყანა
გინდოდა განა?
კმარა მოთმენა!

573
მოძრაობდა მკა
სოფლით კრებული
ისე, როგორც სკა
შეშფოთებული.
მხარი მხარს, მხარი!
ბნელი დასძარი
გაუგონარი
ფრთით მოდებული.

574
ასევე ეგზომ
სცნობენ სიმრუდეს,
ჭიანჭველებს რომ
უნგრევენ ბუდეს.
ნეტავი იმ დროს
რით სურს დაისროს,
გულში რას ფიქრობს,
გულში რა უდევს?

575
გუგუნას ამგვარ
ფიქრებში გართულს,
იმგვარვე მდაგვარ
ღამით შეკვართულს,
სურს დაგვას და წვას
ააშოროს სხვა -
და სიბნელის გზას
არღვევს დახლართულს.

576
ზრუნვა ჰფენს მწველად
მგზნებარე ალებს.
უკანასკნელად
ზარს აგრიალებს,
მაგარს და ორფას,
სიბნელის ბორბალს
ჟამთაგან მომბალს
მოატრიალებს.

577
ხმობა არ სცხრება,
სჭექს ის სიათი.
და ჰა, ნათდება
გზაზე წყვდიადი,
ეს ხმა, ეს წრფელი
მომწოდებელი,
მოულოდნელი
და იშვიათი.

578
ხალხი ამა ხმით
მიდის აღგზნებით,
სწრაფად, შარაგზით,
გაჩირაღდნებით
მოიკრებს ღონეთ,
ჯანით და გონით,
ჯერ არ ნაპოვნით,
სავსეთ მადნებით.

579
მიაფრენს ეტლებს
მარად დიდებით,
ამკობს ქვის კედლებს
მარგალიტებით.
სჯერა თუ არა,
აქ ისიც კმარა,
რომ გზის კამარა
სდგას განდიდებით.

580
კედელს მსახველი
ნათელის მკვეთრის
ჰქვია სახელი
რაინდის თეთრის,
სავსეს ვნებებით
და ოცნებებით,
გადმოცემებით
მხედართა მხედრის.

581
სდგას და არ იხევს
ძველი სავანე -
კვლავ ძველი ციხე
და გალავანი,
მემატიანემ
გვიამბოს ბარემ
მისი მქუხარე
ავან-ჩავანი.

582
აქ სანაპიროდ
უფრო და უფრო
აქვთ სათათბირო
და სასაუბრო,
ხალხს რა მიეცა,
იგრძნობენ როცა, -
გულცივი ზეცა
რაგინდ მოკუპრო.

583
- ძმებო! - ვისმესი
მიმყოლის წესის
ხალხში გაისმის
ხმა უხუცესის, -
არა სიამე -
მოვარდა ღამის,
ქვეყანა ლამის
წალეკოს ეს-ეს...

584
მოგვადგა მჭიდროდ
მუქარით ფაზი,
უნდა ვიფიქროთ
ყველამ იმაზე.
ხმა გამოიღო,
წინად რომ იყო
ჭალა, მოიღო
წვიმა-წვიმაზე.

585
შავბედში მყოფელს,
ცურვით თუ ნავით,
მივხედოთ სოფელს
თვალით მზრუნავით
და მარად სრულით
სულით და გულით
არ დაშთეს წყლულით
განუკურნავით.

586
ამეღამ კიდევ
ჩვენი სადგომი
სხვენია, კიბე-
შემოსადგომი,
ო, ძველი სხვენი,
სავანე ჩვენი,
მოწმე, დამრჩენი
ფეხზე დადგომის.

587
იმ სხვენს ხომ მაინც
ვერ მისწვდეს ფაზი...
ზრუნვით, ერთმანეთს
ძახილის ხმაზე
დღეს ჭირში მყოფ ხალხს
მივხედოთ მალ-მალ,
მარად, ვით დღეს, ხვალ, -
ვიფიქროთ ასე.

588
- გუგუნა, სთქვი, ხომ...
ლანდი გვიანი,
მდინარესთან რომ
ჩნდა ნაბდიანი,
ხომ არ იყავ შენ?
რომ სიბრძნითა ჰქმენ,
რომ სიბნელე ჰგმე
მძიმეფრთიანი?

589
- გუგუნა - სხვამ სთქვა, -
წინ ღუღუნებდი,
ზარებს შენ ხომ არ
აგუგუნებდი?
- ჰოი, აჰანდე...
- შენ რომ არ გვყავდე...
- ჰოი, გუგუნა,
მაღალ განგებით,

590
ხარ კაცი, ჭალა-
კუთხის საქები, -
და მიუძალნენ
ამხანაგები.
....................
....................
....................
....................

591
გარს შემოერტყნენ:
- ჰაი, გუგუნა! -
ყველამ აქ ერთხმად
დაიგუგუნა.
- ვერ დაგვძლევს ის სხვა...
- ობლის კვერი ცხვა...
- ჩვენს კარს მთელი ზღვა
რომ მოაბრუნა.

592
- ამაღამდელი
სადგომი ჩვენი
სხვენია ძველი
და მხოლოდ სხვენი.
სხვენი სიმართლის...
ხან მძიმე ჭვარტლის,
ხან კი სინათლის
ძვირფასი ძღვენი.

593
აწ, მარტოოდენ
სათოფურები,
ასე ამბობდნენ
ჩვენებურები.
სად ვპოვებთ სხვაგვარს,
იმის თანაბარს?
სხვა თავშესაფარს
არ ვეშურებით.

594
და დაიშალნენ.
არის თავანი
ასეთი დროის
ავან-ჩავანი.
- ფიქრებს არ ვისევთ,
სხვენს ვირჩევთ ისევ,
არა ვართ ისე
ამპარტავანნი.

595
ასეთი, მხარის
მწუხარე ღამე,
ვინ იტყვის: არის
ჩვენი მოამე?
გზა მოვვლო შორით,
მოვიდა ტბორი...
სწორია, სწორი!
ვიღონოთ რამე.

596
რაღაც ახალის
შემგრძნობი, ავი,
ღამე დაღალვის,
ბნელი და შავი
ვერ შეგვაშინებს,
თუ კვლავ იგრგვინვებს,
მოვხადოთ ბინებს
სიავის შვავი.

597
- ისეთი დროა,
ღვინო და პური,
რაც საჭიროა,
გვაქვს ჩვენებური.
ნუ დააღებს პირს,
დავანარცხოთ ძირს
წყალდიდობა - ის
შეჩვენებული.

598
- თავანზე დაღლას
არ გრძნობდეს კაცი.
აზიდეს მაღლა
კათხა და ყანწი,
წიგნები, ძველი
ხელნაწერები -
კაცთ ძლიერების
ძვირფასი განძი.

599
რა დაავიწყებს
ქართველებს მგოსანს?
ვინ დაამიწებს
"ვეფხის-ტყაოსანს"?
ამშვენებს არეს,
ჰგავს მზეს და მთვარეს,
გმირთანაც არის,
თავანსაც მოსავს!

600
ქართველი სიტყვას
ომშიც ატარებს,
სახლში კი კითხვას
აჩვევს პატარებს.
გაიზრდება და
რაც მათ ებადა,
სასოებათა
ჟამს შეადარებს...

601
წიგნი მის დღეში
არის პირველი,
მათდა ნუგეშად
დღეთ შემწირველი,
გული მით იწვის,
როგორც ტყე წიწვის,
მშობლიურ მიწის
მკერდ-ჩამკირველი.

602
ო, რუსთაველო,
ო, დიდო შოთა,
მთათა და მდელოთ,
ბაღის ნეშოთა
მსგავსად თუ კაცთა
ცხოვრება გასცვდა,
წლებს მაინც გასწვდა,
რაც გულში კრთოდა.

603
მსგავსად თუ თოვლთა
მიდიან დღენი,
განა ბევრს გვთხოვდა
სამშობლო ჩვენი?
ახალსა და ძველს
ჰკითხეთ მთა და ველს,
გვთხოვდა განა ბევრს
სამშობლოს ბჭენი?

604
ცოტას სინათლეს,
ცოტას სიმშვიდეს,
რომ ერთის ნათესს
სხვა არა მკიდეს.
ცოტა იმ მწირის
წიგნს და სიგმირეს -
ასე სულ მცირეს,
არა უდიდესს.

605
ხომ შეგიგნია,
რაიც მისია,
ხმალი, წიგნია,
თუ სახნისია,
თუ ვისმეს ესმის
ძახილი ეს მის,
თავს ნურვის ესხმის, -
წესი ისეა.

606
რა თავდადებას
ატანდა საწყალს
თვის დედა-ენას,
თავის მიწა-წყალს,
ავსწევთ დედების
თავგამეტებით
ჩვენ იმედებით
სავსე საწყაულს.

607
აჩნდა თვით ხავსსაც,
რომ ივერია
გულით ინახავს,
რაც კი სწერია
წიგნში-მავალი
მრავალთ-მრავალი
შთამომავალიც
ბედნიერია.

608
წიგნში, რომელიც
დიდი ხანია,
სახელად „ვეფხის-
ტყაოსანია“,
არის ნადიმნი
მოქათქათენი -
აქ თინათინი,
იქ ნესტანია.

609
ასე. საგზალიც
თავანს აზიდეს,
ამეღამ წყალი
მოსწყდესო კიდეს.
წიგნსა თუ რვეულს,
ზრუნვებით ხვეულს,
საგანს თვითეულს
ზრუნვადა ხდიდეს.

610
ღამით იმ სახის
სიზმრებს ჩაბარდა
ყოვლი, ოჯახის
წევრების გარდა.
ღამე იმ სახის
ჩრდილებს ეძახის,
მაღალის თაღის
დაეშვას ფარდა.

611
იმ ღამეს უფრო
ქვათა და რკინათ
ოჯახის უფროსთ
არსად ეძინათ.
გულთა ამბოხთა
ზმანებათ მოხვდა
მსგავსი, რაც მოხდა
დიდი ხნის წინათ.

612
ვერ გამოცდიდით,
იცოდნენ, რომა
ამგვარ დროს დიდი
არის შეცდომა,
თავი მისცეს ძილს,
მტკიცე სიფხიზლის
გეზს ვერვინ იცვლის,
ძილთა არ ტყდომა.

613
ძილმა მიიღოს
პატარა, დიდი,
თითქოს დრო იყოს
წყნარი და მშვიდი.
თითქო არ არი
ტალღა მზარავი,
ასე არავინ
არ უნდა ბჭობდეს!

614
მიწოლილთ სანგრად
თვალი აქვთ ღია,
მიყრილან, მაგრამ
სძინავდათ კია?
ვერ დაითრგუნა
მიწისა ბრუნვად
მზე, რომელს ბრუნვა
სახელად ჰქვია!

615
არა! ზართ ღილი
დაირეკა-რა,
არვის თვალს ძილი
არ მიეკარა.
ასე ნახატი
სჩანს ანახადი,
გადასახადი
რამე, ბეგარა.

616
გვერდზე გვერდიდან
გადაბრუნდება,
ძილი კი დიდხანს
არ მოუნდება.
გრძნობს ერთმანეთის
სიფხიზლეს ის, ვინც
იღლება, მაინც
არ მოდუნდება.

617
გადმობრუნდება
და ისევ თვალწინ
წარმოუდგება
ფშანი და ანწლი.
არაფრად აგდებთ,
მაინც ვერ აგდებთ,
ვერ ამოაგდებთ,
კანს ვერ გააცლით.

618
ქარი, შარაგზის
ხაბოთა ნგრევა -
მრავალ ათასის
ხმით აირევა.
აქაა ჩვენი
ცხელების სენი,
მაგრამ აქ ბრძენიც
გადაირევა.

619
და სულ წაიღოს
სიცოცხლე ლამის,
ასეთი იყო
ძალა იმ ღამის.
მრავალ ათას ხმის
ზმანებათ ასხმის,
მათი თავდასხმის
და სითამამის.

620
წვალებამ სცოდა,
ვით იქნა, ბოლოს
(ძილსაც სურს, ცოტა
რომ გაიბრძოლოს),
მოვა დიდებით,
როს ეჭიდება
და ერიდება
იმ სოფლის ღოლოს.

621
მწოლარეს ფიქრით
მოედო რული,
თუ რულის ფიფქით
გადაფარული
რაიმე მისხლის
რაიმე სისხლი,
რაიმე ნისლი,
რამე ჰარული?

622
ოდნავი ძილის
მომსგავსო რამე
და ასე ივლის
ის ბნელი ღამე.
რა მიადევნებს
უსახო მტევნებს,
რა გაათენებს?
ვაიმე! ვაჰმე!

623
და სულის მხრჩობლად
შეიქმნა შფოთი,
სადღაც მახლობლად
აკივლდა ჭოტი.
რომ აკივლდება,
არც დამშვიდდება,
არც მორიდება
თუნდაც იოტის.

624
და აქაურსა
შორს იქაურად
სხვა ჭოტი იმ ჭოტს
გაეხმაურა.
თავისუფლება
აძლევს უფლებას,
მთელს შეთქმულებას
ემეთაურა.

625
და მკივანა ხმის
ამ სასაუბროს
მღვიძარე სახლის
არ მოსწონს უფროსს,
მაგრამ სხვის ჩივილს
ჭოტი რას ჩივის,
ჭოტი გაჰკივის
უფრო და უფრო.

626
ცხადია, ხიდან
გაჰკივის ჭოტი,
გადის სახლიდან,
მშვიდდება როდი.
მივიდა იმ ხეს,
იტოვებს სიმხნეს,
ხმასაც არ იღებს,
სდუმს, როგორც ლოდი.

627
ხელთ თადარიგით
აქვს მუგუზალი,
ესროლა იგი,
რაც ჰქონდა ძალი.
დაიწყო ბრძოლა,
მაგრად ესროლა.
ხემ შეჰქმნა ძრწოლა
რამ იდუმალი.

628
ჭოტმა ცეხცლის ფრთა
შეიგრძნო დროთი
და აფრთხიალდა,
გაფრინდა ჭოტი.
გაფრინდა ბინდის
შორის სიმინდის,
და იმის სინდისს
დაენდე, მოდი!

629
კვლავ, როგორც იქნა,
თვალდაზაფრული
სხვენთა ძველ ბინას
მოედო რული,
თითქო გაერთო,
სულიც დაერთო
არა საერთო
და არა სრული.

630
ვარდებს და იებს
ეტყვი: არ გვრწამდე?
არარა ჰგიებს
უკუნისამდე.
სთვლემს კიდით-კიდე,
თითქო სიკვდიმდე
არის სიმშვიდე
მიწიდან ცამდე.

631
როგორც თავდასხმა,
არა-ტყუილი,
სადღაც გაისმა
ძაღლის ყმუილი.
რა გაბადია,
ვინ გაპატია,
აქ ხიფათია,
ამ გზით ნუ ივლი.

632
იმ ძაღლს სხვა ძაღლი
გაეხმაურა,
იქცა ხმამაღალ
აურ-ზაურად.
მიდის ასე ყრუ
უკმარობის რუ,
ამინდია თუ
უამინდობა.

633
ძაღლთ ქვა და გუნდა!
ამ შუა-ღამეს
საოცარს უნდა
ნიშნავდეს რამეს,
რამეს, შხამის თასს,
რამეს, კუბოს მსგავსს,
მტრისთვის კი ძვირფასს
და უსიამესს.

634
სთქვა მან უფროსმან
იმა ოჯახის,
შეიგრძნო როს მან
წახდენა ბაღის:
- შენ მანდ დამიცა,
განახვო მიწა
აბრაამისა
შინა წიაღის.

635
და გულმოსული
იგი სპასპეტი,
გააფთრებული
იმერი კეტით
არ განაზების,
არამედ გზნების
და გაბრაზების
გზით მეტის-მეტით,

636
ძაღლს მიეპარა,
უპოვა კეფა.
სხვა ძაღლთაც ჩქარა
შესწყვიტეს ყეფა.
ვით სტვენა ქართა
და ტანჯვა მგზავრთა,
ასე დამთავრდა
ძაღლების ყეფა.

637
და ამ სახებად
ეროდე გახლდათ,
რომ აჯანყება
ჩაახშო ძაღლთა.
ეყოს სიამედ...
რა ჰპოვა ამით,
ქვეყანა შხამით
გამამაძაღლდა.

638
კვლავ რა ჩარაა, -
დამშვიდდა არე,
არვინ არაა
თუმცა მძინარე.
არავინ არის,
თუმც არე-მარეს
ტოტი სწვდა ქარის
მიმომფინარე.

639
მაინც იჩქარის
თვალებზე რული,
მაგრამ რა არის
მარადიული?
სცემს არ-გვიანის,
მარად მზიანის
ადამიანის
გული, ოჰ, გული!

640
ქროლვა ზენარის,
ფიცი, მტკიცება
და უეცარი
გამოღვიძება.
არის ხმამაღლა
ხმობა: არ-დაღლა.
ცხოვრება ახლა,
ახლა იწყება.

641
- ადექით, თედო,
ირაკლი, ცაბო,
მგონი მოედო
ზეცას რიბრაბო.
აწ ყველა ჰპოებს
ძველ სანაოებს,
ეზო - ეზოებს
და  ხაბოს - ხაბო.

642
ადექით, შოთა,
ილია, ვაჟა,
ვერ გრძნობ, იოთამ,
რომ ირიჟრაჟა?
მეგი, ნუ იწვი,
ჩქარა ჩაიცვი,
თვით მცირე კვიცი
გადიქცეს რაშად.

643
- ასეთი ძარღვებს
არყევს რიჟრაჟი,
მაინც შეარყევს,
რომ იყოს კაჟი.
მიდი, ჰე, მიდი,
ვინც დღეს უცდიდი -
პატარა, დიდი,
ქალი თუ ვაჟი,

644
უფრო  თუ რულის
გაქვს რამე ნაკლი, -
გაცოცხლებული
ამბობს ირაკლი,
მაინც არ სჯერა
ცისკარი ჯერა...
რასა ჰგავს კერა,
რასა ჰგავს სახლი?

645
და საწოლს კი თვით
ვერ სცდება მარდი,
თუმცა ჰყვავის, ვით
მაისის ვარდი.
სითბოში ხვევდა
მამა და დედა,
არ იცის სევდა,
არ იცის დარდი.

646
ეტყვის ილია:
- ჩაიცვი ჩქარა,
რა დროს ძილია,
ნუ ხარ ხუმარა.
აგრე ნუ იცი,
ჩქარა ჩაიცვი,
თორემ დავიწვი
სირცხვილით, კმარა.

647
ვერ გაირეკე
სიზანტე ბალღის;
ჩადი, გაგვიგე
ამბავი წარღვნის.
- წავიდე კიკოთ,
მე რომ გაგიგოთ
და თქვენ აქ იყოთ?
აი ამბავი!

648
და მაინც ნავით
ერეკლე მიდის,
რათა ამბავი
იცნოს ამინდის.
მას მცირე ხნისას
გული აქვს კლდისა,
გული აქვს ყრმისა
არ-მიამიტის.

649
ჭერიდან მთელი
სიალით ჰღვივის
აღმაგზნებელი
ჭიატი სხივის.
ჰხდება მთოვარე
და ჰხვდება გარე
სწორ-უპოვარი
მამლების ყივილს.

650
მძლედ გადიქცა და
გამალიმალდა
მამლაყინწათა,
გინდა მამალთა
ჩქარი ყივილი,
ფრთოსანთ ტკივილიც,
ჟივილ-ხივილიც
აღსდგა, ამაღლდა.

651
სულ შინაური
და გარეული
აურ-ზაურის
ხმაარეული...
იყო კრებული
მით აკლებული,
გამძაფრებული
და ჩქარეული.

652
კიდევ მალმალი
ისმის ხმაური, -
ეს ხომ მამალი
არს ინდაური.
ბოლოს შლის და როს
ასეთს გრძნობს ტაროსს,
ჰსურს დაუაროს
მან კინტაური.

653
ის მედიდურად
შლის თავის ორფა
კუდს, ქმნილს მდიდრულად,
რომ აგავს ბორბალს.
ჰხედავს სავსე გობს
და თავს გმირად გრძნობს,
სულაც არა სცნობს
ნიადაგს მომბალს.

654
ქათამსაც მიაქვს
ჭია, კაკანებს,
კრუხი იმ ჭიას
აწ მიაქანებს.
მსგავსება  შურთხის
აწ თავის ბუნდღის
წართმევას უფრთხის
და უგანგანებს.

655
წიწილას სხვების
მისხივის ჯარი
აგე, იხვების
მთელი ლაშქარი,
მახლობლად ქოხის
სდგას, ვითა კოხის,
მათი  როხროხის
სიაშკარავე.

656
ბატის გულიან
ახმაურებით
აკლებულია
აქაურობა,
თუ გაგულისდა
და ქათამს მისწვდა,
ახლოა ცის და
მიწის ხუმრობა.

657
გზად თივებია.
ის, თვალებ-ჭროღა,
მოსშივებია
და ბღავის  ძროხა.
ის ბღავის, ბღავის
მაგრამ არავის
არ ახსოვს აწ ის.
ხბოც ახლო ხოხავს...

658
არ აძლევს დედას
ხბო მოსვენებას.
იწვევს ჩვენებას
ხარი გამბედავს,
ჭიდილი სწადის,
ღმუის და დადის
და მტერს უქადის
გადაშენებას.

659
ფეხით მიწას თხრის,
ღმუის და ლაღობს,
თუ არ დასცა ძირს,
ბაღი არ ბაღობს,
დაჯახებისას
დაკარგვას რქისას
იგრძნობს... და ისეც...
მაინც ამაყობს.

660
ურქოდ, ამაყად,
მხნე, ოქროსფერი
თივისკენ ლაღად
მიდის მოზვერი
ღობესთან, ჯერა
სხვა მოზვერს ცერად
შებღავის: ვერა,
ვერ გამოვძვერი...

661
აუარებელ
ცხვარის, თხის, კრავის
მოძრაობა, ჰყეფს,
ხმაურობს, ბღავის.
რამე ნამცეცი
მიწის და ზეცის
უნდა მიეცეს,
მაგრამ ვის და ვის?

662
გასული, აჰა,
დაბრუნდა მალე.
სწორედ წარღვნაა,
შენ გენაცვალე.
ხელმეორედ კი
აქ მე არა ვმკი!
კი, კი, კი, კი, კი, -
მე დავიღალე.

663
ზედ ჩვენ კარებთან
მოსულა წყალი.
რა აჩქარებდა,
მითხარ მართალი.
არ გჯერათ? სახე
შესცვალეთ მკვახე,
რომელი მნახეთ
მთავარ-სარდალი?

664
ისე თან-თანი
და ისე წყნარი,
თითქო წმინდანი
იგი რამ არი.
გამოსცდა  თელას
ვეებერთელას
და მოდის ნელა
მთელი კამარით.

665
რისთვის არვინ სჯის
ამნაირ წმინდანს,
ადამიანის
შავ ზღვაზე მიმტანს,
გარს შემოევლოს
ყანებს და მდელოს
და მერე სწყევლოს,
ვისც სურს... აიტანს...

666
გაიგეს რაკი,
იმ წამში ყველამ -
შოთამ, ირაკლიმ,
ნუგზარ, ნათელამ,
მსმენელმან ამის,
გამტეხმან ღამის
დარბაზი ლამის
მთლად გადათელონ.

667
ფერხთა სამოსნი
თვისნი  აკრიფეს
და სანაოსნოს
ჩაეშვნენ კიბეს.
კიბე ვიწროა
და მთელმა გროვამ
მისგან იპოვა
ახალი კიდე.

668
ცეცხლი ატატომ
გამოიტანა,
ფიცხლავ დაანთო,
მონახა დანა.
ღიმილი მანა
მიმოიტანა
დათა, ძმათა და
მეგობართ თანა...

669
ნესტანმა კარით
ბიჯი გადადგა
და მისი გარით
თითქო ხმა აღსდგა:
თითქო მიწისძვრამ
მოიყვანა ამ
წრეში ბევრი რამ
იცოდა, რადგან:

670
- ისე, ვით უწინ,
მსხვერპლი მრავალი
ბავშვი, მოხუცი
კაცი და ქალი
იქნებოდაო,
ძმაო და დაო,
ნათლად სადავო
რამე აქ არი?

671
და აქ გუგუნა
რომ იდგა მარჯვედ,
წუხელი დიდად
ჩვენ გავიმარჯვეთ.
განგვიწონია,
ძალაც გვქონია.
გავსცდეთ, მგონია,
ზმანებათ მტანჯველთ.

672
ქოხნი სრულიად
ბუნების ძალით
დაფარულია
მოვარდნილ წყალით.
ბუნების, დახე,
ასეთი მახე
ჩვენ დავინახეთ
ჩვენივე თვალით.

673
ამ ამბოხიდან,
მსხვერპლი არ არის
ყველა ქოხიდან,
ჩვენი მდინარის.
იქ გული იდგა
თვითეულის და
გარე უვლიდა
ფხიზელ-მძინარეს.

674
იქიდან, დია,
ვით მზრუნველს ნამდვილს,
გადუყვანია
ხალხი ავთანდილს,
იმ ნაპირიდან
და იმ ძირიდან,
სად ზვირთნი ჰხრიდენ
ქოხებს წინანდელს.

675
ეფთვიმე სინჯავს
წყალს ვაზის ჯვარით -
ცხადია, დინჯად.
მატულობს ღვარი,
სინჯავს ეფთვიმე,
თან ამბობს: - იმე,
თქვენი ჭირიმე,
რამე მითხარით.

676
მადლობა ზენას,
გადავრჩით წუხელ
ამ გადარჩენას
თვალს ვერ აუხვევ.
ო, ამ ვაიდან
გზებიც საიდან,
სჩანს, თვით აიტან
და სხვასაც უმხელ.

677
შუა-ზვირთები
მძლავრი აქვს ფაზისს.
იგი, მტვირთველი
წელთ მრავალხაზის,
ძლევით მიათრევს
ზვირთებს და აფრებს,
როგორც სიაფთრეს,
ისე სინაზეს.

678
როს მედეასი
და იაზონის
წყებად დას-დასი
ვიდოდნენ დრონი,
მაშინაც სწუხდა,
მაშინაც დუღდა,
და ჰქუხდა, ჰქუხდა
იმისი ფონი.

679
გაფრინდა ფარჩა
დღე ოქროს ვერძის,
ვეღარ გადარჩა
ვერც ეს და ვერც ის -
გადარჩა ვეღარ.
ეს ხე, ეს ტყე-ღა
დარჩა და ტეხა
ისმის იმ ლერწის.

680
რად მონისლულა
გზა, სადაც წყალი
ჯერ არ მისულა?
გადასავალი
ახლოა მიწის.
ღიმის, სიცილის
მან უკეთ იცის
ალბათ გზა-კვალი.

681
არე დამბალა
მაინც სისველით.
ქვეწარმავალი
ამოდის ხვრელით.
იგი ამოდის,
რიყის, ნაფოტის
და ჭინჭართ ტოტის
მდგმური შავბნელი.

682
ირღვევა მიწა
სტიქიის რღვევით,
ვერ სძლებს, დაიცა,
ამოდის ზევით.
მოშიში სხივთა
რიგი მათ მძივთა
ამოტივტივდა
ხვევით და წნევით.

683
როცა ჭიები
მიწით ძვრებიან,
მათ ფრინველები
ეხმარებიან,
ეძალებიან
და გიჟდებიან -
რა თვალებია,
რა წარბებია!

684
ამოდის მაღლა
ავი მახარა,
ისიც მზემ ჩაჰკლა,
დაინახა-რა.
ცდის ეზო-ღობეს
გასროლა თოფის
და წყალდიდობის
ბუკი, ნაღარა.

685
მზე აპირებდა
ამოსვლას მთიდან
ამ ნაპირებთან
აღმოსავლიდან.
დიდებული, ზე,
აპირებდა მზე,
ჰყოფილიყო მწე
შუქთ სიმძლავრითა.

686
სხივთა სიურჩით
ცა გამჭვირვალე,
დილის ცა, ლურჯი,
სულ მალე, მალე
დაიფარება
აუარება
შუქთა ღვარებად
ძირს მოჩქრიალეთ.

687
მნათობის ფრთებით
მცდელნი ძალ-ღონის
აენთნენ მთები
კავკასიონის.
ის სიმაღლე ჯერ
ცდილი მრავალჯერ
ვერ დამალონ, ვერ
დააქციონ ის.

688
წინანდებურად
ამაყად მდეგი
იდგა მეფურად
ძველი ყაზბეგი.
იმ მთიდან ახალ
იმედათ სახავს,
ვისაც უნახავს
ფაზი ან თერგი.

689
ო, მშობლიურო
ძვირფასო მთებო!
ვარდის და იის
რამ საოცნებო,
რამდენი კარგი,
ლამაზი თარგი
ამ მთებზე დარგეთ,
ჩვენო მგოსნებო!

690
რამდენი იცით
ყარიბი მგოსნის.
თქვენს გარდა იმ ფიქრს
ვერვინ ამოხსნის.
მიყვარს თქვენი ცა,
და მეძახის გზა,
მოვიგონებ რა...
სურათს ჩამოხსნილს.

691
აგერ ჭალად ზის
მუხა უმუმლო,
იქნებ მან იცის
ეს საიდუმლო.
იქნებ ის ფიციც
იყო სხვა მიწის,
იქნებ შენ იცი,
მყინვარის შუბლო!

692
აგერ ლაჟვარდით
დაჰქრის არწივი -
იქნებ ის იმ დიდ
საქმეზე წივის,
რომელთგან გული
ჩემი, ჩაგრული,
ბედდაკარგული
მოელის სხივებს?!

693
ბევრი რამ არის
ქვეყნად საგზნებო,
მშობლიურ მხარის
ძვირფასო მთებო!
არის ცხოვრება
გამათხოვრება,
თუ მახსოვრება
იქნა უფრთებო.

694
გარეკეთ ჩქარა
ეს საქონელი,
აიღეთ ჩალა
შესაკონელი.
კიდევ რამდენი,
კრავთა გამდენი,
დღეთ არ გამცდენი
თვლის საგონებელს.

695
აქეთ და იქეთ
იყვნენ ნავები.
სხვაგან გარეკეთ
თხა და კრავები.
დრო დარჩა არცა,
ზვირთთა ბგერათა
ისმის, ვითარცა
ხმა საკრავების.

696
სასახლის გარეთ
სართულს მიხედეთ,
რაც შიგნით არის,
მოხვეტ-მიხვეტეთ!
ასე იარეთ
არ მგლოვიარეთ,
შიგნით და გარეთ
მიმოიხედეთ.

697
აზიდეთ ქარგვის
ნაშთები მაღლა.
რაც დაგვეკარგოს,
იმას ხელახლა
აღვადგენთ. წინაც
ახსოვდათ ბინა,
ძველ დროში ვინაც
აქ დაესახლა.

698
- ვპოებთ, წყალმა დღეს
თუ არ დაგვღუპა, -
დარბის, ქაქანებს
მოხუცი ბუბა.
სიტყვა ცოცხალი,
სიტყვა მოწყალე
სჩქეფს, მაგრამ წყალი
არ დაიგუბა.

699
- შენ აქ რას ეძებ,
ზეინაბ, ბაბა,
ა, იმ ხის წვერზე
აცოცდი, აბა.
ჰაი, ხის წვერით
რა მშვენიერი
მოსჩანს იერი
ზევით და დაბლა.

700
არ წააგო კი
კენწეროს თავი,
ადი, გაგვიგე
ქვეყნის ამბავი.
ამ ხის ტანს აყევ,
შენ თვითონ ნახავ,
თუ რა სანახავს
აჩენს წყალთ ნავი.

701
- ო, ვინ არ მიხვდეს, -
ზეინაბ იტყვის.
სწრაფად ფეხთ იხდის
და მსგავსად ციყვის,
ხის წვერზე ადის,
რომ განთიადის
მოექცეს ბადეს,
დე, ასე იყვეს.

702
ადის კაკლის ხის
უმაღლეს წვერზე
და მისი სახის
მოსულის ფერზე
განცდებით სავსე
ფიქრობს და რაზე?
ბუნების ძალზე -
სხვა არაფერზე.

703
ქარსა თუ ნიავს
იყნოსავს ხარბად.
ცა შემორტყმია
ქვეყანას კარბად.
ჰოი, ზეინაბ,
ხეზე გაქვს ბინა,
ქცეულხარ მინად,
თვალად და წარბად.

704
- უუ, რა სიგრძეა!
მომჭრა თვალები.
ეს რა სივრცეა,
გენაცვალები.
კოლხიდის მთელი
ავსილა ველი
აუწერელი
ფერისცვალებით.

705
სივრცეს რამეს სხვას
ჰგავს აქაობა,
ზღვაა, ზღვა, აი
სანახაობა!
არც სიხარული,
არც სიყვარული,
არც მხიარული
რამ მოძრაობა.

706
არსად ფაზისის
არ სჩანს ნაპირი
წყალს დაუნისლავს
ჭალაკი ხშირი.
ო, ჩვენი ჭალა,
მერთმევა ძალა,
სად მიიმალა
გზა პირდაპირი?

707
მხოლოდ იქ, სად ძევს
გული მდინარის,
ზღვისკენ მიიწევს
და მიიჩქარის,
იქ თითქოს ქარის
სისწრაფე არის,
მთისა და ბარის
თანაზიარის.

708
ო, იქ ძარღვი არს
და მოძრაობა.
გარშემო კი ტბას
ჰგავს აქაობა,
გაშლილი ვარდათ,
შექმნილი დარდათ,
ო, აი მართლა
სანახაობა.

709
გრიალებს ქარი -
წყრომით დაბურვილს
არ აქვს საზღვარი
კაცთა მათ წყურვილს:
ასე მრავალთა
გრიგალთა, წყალთა,
ბუნების ძალთა
დაძლევის სურვილს.

710
ფიცრულ, უბრალო
სახლში მცხოვრები,
ბევრ სავალალო
დღეთ მმახსოვრები.
სახლია მისი.
შეშფოთდა ისიც,
შეკრთა ფაზისის
შეუპოვრობით.

711
წყალდიდობების
ბევრის მომგონე
შიშის ზარს ებრძვის,
რაცა აქვს ღონე.
შეიცვლის სახეს,
უცებ შესძახებს:
- ჰოი, რა ვნახე,
რა გავიგონე!

712
ამაოდ ვნებულს
თავისთავს ლოცავს.
მას შეშფოთებულს
მძაფრად მოიცავს
კვლავ აღშფოთება.
რაღაც გოდება
და მოწოდება
მოესმის მმოსავს.

713
ის შიშის ზარი,
რაიცა დასდევს
ყველაფერს, რასაც
სურს არ მოთავსდეს,
თან მისდევს აკვანს, -
რას ჰგავს, ო, რას ჰგავს,
აკვანი მის მსგავს
აკვანს თან გასდევს, -

714
შიში, რომ ვერ სძლევს
კაცთა მშვიდობას,
მაგრამ თანა სდევს
მძაფრ წყალდიდობას.
ალბათ, აკვანში
წევს ერთი ბავშვი -
ფაზისის მკლავში
იგრძნობს ბავშვობას?

715
გაშლილა სივრცე.
უქმად დამშვრალა
ყოველი სიბრძნე,
ყოველი ძალა.
ბავშვი აკვნისა
ვინ ააკვნესა,
ჰოი, იმ დღესაც.
.............................

716
ეს იმიტომ, რომ
უხეში გრძნობით,
უეცრად, არა
თანდათანობით,
მიათრევს აკვნებს,
ზვირთებში აბნევს
პატარა საბნებს
განისგანობით.

717
კაცი მწველ გრძნობით
განიმსჭვალება,
როს უცნობლობით
არის წვალება,
არა აკვანში
და არა ნავში
პატარა ბავშვის
ფერისცვალება.

718
რომ გადასცდა ქედს
უშიშროება,
მხოლოდ ალალ-ბედს
მიჰყავს დროება.
ასობით ნაბანს,
ნაფოტს და ნაგვანს,
მიარხევს აკვანს
საწუთროება.

719
რომ ყოვლის ნების,
რაც კია კაცის,
გინდა ბუნების,
მიწისა და ცის,
სდევს აკვანს წინას,
სამუდმო ბინას,
შიგ, ალბათ, სძინავს
პატარა არწივს.

720
ზემფარველობა
დამხობილია,
რაა ცხოვრება? -
ლანდი, ჩრდილია,
მაგრამ ხომ ყველა
აკვნის მცველია...
გასაზრდელია?
აჰ, გაზრდილია!

721
უნდა იყოს ვით
აქ დიდებული
მდინარე, ველით
ადიდებული.
ნაპირისაგან,
სადღაცა სხვაგან,
მიილტვის აკვან-
აკიდებული.

722
ო, ვერ დაკოჭლდა.
აკვნის ნატეხებს
აქ სახლს, იქ კოჭს და
საწნახლებს, კეხებს -
ვინ სწვდეს იმ ჯადოს,
გულით ეწადოს,
ბევრიც ეცადოს -
რას მოახერხებს.

723
პეტრე-მეხრეებს
და იაგორებს -
საქონლის მძოვრებს
გვერდთ მიაგორებს.
აგორებს, ქელავს,
მიდის, მიღელავს,
თან მღვრიე წყევლას
უთვლის მთა-გორებს.

724
ეს გულმამაცის
რისხვაა ღვთისა,
რომელსაც კაცი
ვერ შეეთვისა.
აკვანთ ჩვენება,
აჰ, მეძნელება
საშინელება
თვალთა ხედვისა.

725
და დაუკარგავს
ყოველგვარ რწმენას,
მტრობით უქარგველს
ვერ ხედავს ჩენას.
აქ გული ვერ სძლევს,
განაღა შესძლებს
სიმხნეს, სიმერცხლეს
და გადარჩენას.

726
ის ვერ მიართმევს
რაიმე  ნდობას
ზეცის სიმართლეს
და მფარველობას,
როდესაც ხედავს
აკვანს უდედოს,
ყოველმხრივ ხედავს
უსაშველობას.

727
ადამიანთ ძალს,
მაღალ გონებას,
შორსმჭვრეტელობას,
ზეშთაგონებას,
თუმც იტყვის ენა,
დასცინის ზენა,
არ სურს არც სმენა,
არც გაგონება...

728
- რა ღვთის რისხვაა? -
ვიტყვით, - ვითომა
მდინარის სხვაა
თვალბედითობა.
დროა აკვნების
მიმობრუნების,
დაჰქრის ბუნების
არამშვიდობა.

729
ვინ იცის, რისთვის:
ყველა ერთია,
სამოთხე მისთვის
ჯოჯოხეთია,
ჯოჯოხეთს ამოდ
სჭვრეტს ის უდავოდ,
იქ სამუდამოდ
შესძლებს ხეტიალს.

730
მრუდედ მხედია
თუ საამოდ ხე,
ჯოჯოხეთია
მისთვის სამოთხე.
იქ არა მშვიდმა
სულმა ბედითმა
გასძლოს სულ დიდი,
დიდი სამ-ოთხ დღე.

731
აქ საედემო
ძეგლს ვერ შეიქმნი:
აკვნებს გარშემო
უვლიან ფიფქნი.
სუნთქვას მიწიერს
მისწვდეს აწი ვერ...
სად ხარ, ტარიელ,
ტარიელ, წიგნი!

732
მხარე ვით დაღრღნა
მაინც იმ ხანად,
იყო რა წარღვნა
ცად და ქვეყანად.
აქ შავი შავზე,
ფიქრებით ავზე
მიდამოს თავზე
ადგას სატანა.

733
არყოფნას აკლდა
სულ ცოტა რამე,
ხალხს არ სძინავდა
არც დღე, არც ღამე.
იდგა ჩაგრული,
ბედისგან კრული,
ჯვარზე გაკრული,
როგორც მოწამე.

734
იყო ოღონდაც
სიმწარე-შიში,
მედგრად მოჰქონდა
წყალს იერიში.
შეიჭრა თან ის
იმ დრო და ხანის
ადამიანის
სიძლიერეში.

735
ყოველ ეზოსთან,
ყოველ იმ გზაზე,
ის მიდიოდა
ჯიქურად ასე,
მრისხანე გახდა,
მთლად გაპარტახდა,
რაიც კი დახვდა
მოფიანდაზე.

736
კერა სად ნახეს
ჩაუმქრალ-ცხელი?
რამდენ მოსახლეს
მოსწყვიტა წელი.
ან კორიანტელს
ვინ ანდობს სანთელს,
იმედს წინანდელს
გადესვა ცელი.

737
წამხდარა სველი
აკვანი, გობი,
სიმინდი მთელი
წყლისა სამყოფი.
აქ ყოფნა თავის
გრძნობდა სიმწვავეს,
და სისუფთავეს
მოედო ობი.

738
სახლები დიდი
მან დაანგრია
და იქადიდა
„რაკი აგრეა,
მიჰყე, ჰე მიჰყე,
აბა, აიღე,
რაც თქვენი ციხე
და სიმაგრეა.

739
კიდეც მოვალო
თქვენს ასაკლებად!“
მის სავალალოდ
იწყო დაკლება.
იქ მხოლოდ გავლით,
არა ნადავლით,
აწ მალე ჭავლით
მოინაკლება.

740
დაკლება იწყო
წყალმა მძვინვარემ
და გამოეწყო
ის არე-მარე.
გადვიდეს თუთქვა,
ვინ რა ჩაუთქვა,
ამოისუნთქა
შინამ და გარემ.

741
დაკლება გახდა
სულ ერთი გოჯით.
ხალხი იძახდა:
- მგონია, მოვრჩით!
და გადაბარგდა...
დღე მოვა ნარგთა
ყოველთა კარგთა,
ყოველ სინორჩეთ.

742
ჯერ ერთი გოჯით,
კვლავ მეორეთი.
ასე, ნაოჭით
იცვლება ბედი,
ხან მზით ბარდნილი,
ხან დაწვართნილი,
გადმოვარდნილი
აქ ჯოჯოხეთით.

743
კიდევ ცოტა დრო -
მაშინ ცის მადლით
წყალმა დაიკლო
ძირს მთელი ადლით,
მორღვევა ცათა
შეინანა და
შემოანათა
ოდნავ სინათლით.

744
ბარს გამოეყო
წყალი, ჩავარდა.
ეყო, ხომ ეყო,
დროა, დამთავრდა.
გაჰქრეს ჩვენება,
ვის რად ენება
გადაშენება
იათ და ვარდთა.

745
ძლივს ძალა უნდა
ორიოდ ნაფოტს,
სვლა დაუბრუნდა
თავის კალაპოტს.
დრომ ყოველ დროში,
დღე-რიბრაბოში,
თავის ხაბოში
მოიკალათოს.

746
ფაზისი გახდა
კვლავ, ისევ წყნარი,
ზღვისკენ არ სხარტად,
ნელა მდინარი.
ფრთა მოიზიდა,
ფარდათ რომ შლიდა,
გახდა მშვიდი და
ზვირთ-უწყინარი.

747
მაგრამ რამდენი
დასტოვა შლამი,
ხამს წელიწადი
მოუნდეს სამი, -
ძალა ადიდოს,
არე გაწმინდოს,
შლამი გაზიდოს,
გააშროს ლამი.

748
რომ გაშრეს გზები
და დაიწრიტოს,
შლამი თხრილებში
რომ აღარ იდოს,
მინდორ-სანავოს
გზა აუყვავოს,
ასე უხვავოს
და უფაიდოს.

749
შლამთა სიმაღლე
უხვად დასტოვა.
ოდეს მოსახლე
სხვენით ჩამოვა?
იგი ჩქარია,
არ ლაჩარია,
მაგრამ... არეა...
და მის გამოა,

750
რომ ქვევით ჩასვლას
ის ვეღარ ბედავს,
კიბით ნასილარ
საფეხურს ხედავს.
.................................
.................................
ის ხედავს კარებს
გადაუკეტავს.

751
შიგნით და გარეთ
დამდგარა შლამი,
ტალახში არის
ჭურჭელი, დგამი, -
მით უვნებელი,
სუფთა და მრთელი,
ხელუხლებელი
არ არის რამე.

752
შლამში არა სჩანს
თუმც არაფერი,
მისცემია სახლს
სახე სხვაფერი,
დასჭრა, დაღლიტა,
წყალს რომ ახლიდა,
რაღა სახლი და
რაღა ნაპირი!

753
დამშვიდდა ქარი.
მაინც დაბურვილს
არ აქვს საზღვარი
მოსახლის წყურვილს,
ასე მრავალთა
გრიგალთ და წყალთა,
ბუნების ძალთა
დაძლევის სურვილს.

754
იქ უნდა დარჩეს?
ვერ მოდის სხვენით.
უნდა გადარჩეს
რა გადარჩენით?
შიმშილსა გრძნობენ,
ნათელს ვერ სცნობენ
და საზრდოობენ
რაღაც ნარჩენით.

755
სხედან სხვენზედა
დედა და შვილი,
შესტირის დედას
გამზრდელს გაზრდილი:
- მე მინდვრად მინდა
წაბლი და შვინდი,
მინდა სიმინდი,
მინდა ასკილი.

756
და ანუგეშებს
პატარას დედა:
- გიყვარდა ხომ შენ
აქ, ამ სხვენზედა
ჩუმად ამოსვლა,
ფეხის არ მოცვლა,
გიდლის გადმოცლა...
სად ვიყავ, ნეტა!

757
ეხლაც აქ ყრია,
ეწყო მრავალი,
ჩურჩხელა, ბია,
ვაშლი და მსხალი.
არ მკრთომი დვირის,
მხვეტელი ჩირის
ეხლა რად სტირის?
ჰოი, საწყალი!

758
- ნუ მიხევ კაბას,
თორემ  ვთხოვ გზირებს...
გაჩუმდი, აბა
რაღა გატირებს?
მე რომ მკლავ ბედკრულს,
ბარაქა ერთგულს,
მას, ვინაც შენს გულს
მოინადირებს.

759
ბავშვი გაჩუმდა.
დაფიქრდა დედა.
იგი აწ სწუხდა
ერთს რამეზედა:
ირგვლივ გვევლება
საშინელება,
რა გვეშველება...
დარდი მკლავს, სევდა.

760
არ ჰგავან ვეფხებს
იგი და ქმარი.
რა უნდა ხერხი
ნახონ იმგვარი,
არ გააყივნონ
არ გააცივონ,
კვლავ გააღვივონ
კერა მიმქრალი.

761
შლამებისაგან
გასწმინდონ კერა,
ვერ ჩასცდებიან
ხომ კიბეს ჯერა.
ცოლ-ქმარს სულგუბვა
აქვთ, ჭირთა ქუბვა,
აი, დაღუპვა
და ბედისწერა.

762
ფიქრობს მოსახლე:
ტალახი ბოჭავს,
რასაც ხელს ვახლებ -
კედელს თუ კოჭას
ო, გული მტკივა,
ბავშვს ცრემლი სცვივა,
პატარას სცივა,
შესცივდა ოჯახს.

763
მიწას გოჯ-გოჯას
მივეც სვენება,
ო, ჩემს ყოყოჩა
ბედს შეჩვენება.
აწ სნეულება,
ოფლი, ხველება...
რა გვეშველება,
რა გვეშველება!

764
უზენაესო!
ვით ელვა მალი,
ხმა შემოისმა,
ხმა გულმართალი:
„მოვსულვართ თქვენს კართ.
ბარემ ათნი ვართ,
ხომ ცოცხალნი ხართ,
ხომ ხართ ცოცხალნი?“

765
გულმა ძახილს მას
კანკალი დართო,
როს  მოისმა ხმა -
„ცოცხალნი ხართო,
ასე ხანდახან
უფსკრულის წინ, თან
სიბნელის კართან
როს სდგახართ მარტო?“

766
თითქო ვიწრო ცა
გახდეს სულ ფართო,
რომ გაისმის ხმა -
„ცოცხალნი ხართო?“
აქ ყოველ ეშმაკს
უჯობს, მოეშვას
თვის სათარეშოს
და სანავარდოს.

767
რას არ მოგვითხრობს
ხმა სიტყვათ მხნეთა,
როცა კაცს იპყრობს
სასოწარკვეთა.
თუ ისწრაფა დრომ,
„ცოცხალნი ხართ, ხომ?
ჩვენც მზადა ვართ რომ
დავიწყოთ წმენდა“.

768
უვლის სიამედ
კაცს ტანში ჟრჟოლა,
თუ სიტყვამ საქმე
თან მოაყოლა.
ეს ხმა ალიან
ყოფნის ძალია.
გრძნობთ: ცოცხალია
ყოფნისთვის ბრძოლა.

769
- აბა, ბიჭებო! -
ამბობს გუგუნა, -
თავში, კინჩხზემო,
ჩამიკაკუნა
ორმოცდაათმა,
მაგრამ ვით  დავთმო...
ვერრა წყვდიადმა
ჯერ ვერ გამღუნა.

770
ურთოს ერთმანეთს
სამოცდაათმაც,
გაჯობებთ მაინც,
უწყოდეს ხატმა,
ნიჩაბი, აბა,
აბა, ჰე, აბა.
...................
...................

771
დაიძრა საქმე:
ნიჩაბი, ბარი.
მეზობლისადმი
გრძნობით გამთბარი
ეს ათი კაცი,
მხნე და მამაცი,
აქაა. ასწი
თუნდა მთა-ბარი.

772
იბრძვის და ბრუნავს
ცხრა ახალგაზრდა,
მგრძნობი გუგუნას
საქმეთ და აზრთა,
საქმეს ეკვეთა,
დაიწყო წმენდა,
სინათლეს ჰფენდა,
შრომა განათლდა.

773
თუ ახალგაზრდა
თვალები ელავს,
რაც არ ღელავდა,
აწ იგი ღელავს.
ნიჩბებით ღვარი
გახვეწეს გარე,
ეს იყო ცხარე
დღე, სძრავდა ყველას.

774
სახლს სულს უბრუნებს
ახალგაზრდული
გული, გუგუნებს
გუგუნას გულიც,
ტალახი, შლამი,
სულ მცირე ჟამი...
და აღარ არი
შლამი გრძნეული.

775
მკლავნი რა მარჯვედ
დაატრიალეს
და კერაც სწრაფად
გააკრიალეს.
მოსახლე ჯერაც
თვალს არ უჯერის,
რა მისი კერის
ხედავს სიახლეს.

776
ცეცხლი კერაზე
დაატრიალეს.
ეხლა მოსახლე
უჯერის თვალებს.
ბავშვმა სცნო მისად
ცეცხლი გიზგიზა,
და შეკისკისა
ნანატრ სიალეს.

777
ყველამ დინჯ  სახით
ახსენა აქა
ამა ოჯახის
სიმხნე, ბარაქა,
ჯანმრთელი გრძნობა,
კვალად მშვიდობა.
ქება მას, ძმობა
ვინც იქადაგა.

778
და ყველა ერთად
განვიდა, რათა
განეგრძო წმენდა
ეზოთა სხვათა.
...........................
...........................
...........................
...........................

779
სწვეოდნენ მჭიდროთ,
აწ სხვა მეზობელს -
და თუ საჭირო
იყო, მთელ სოფელს.
განვიდნენ კარით,
შესძახეს გარეთ:
- აბა, დასძარით,
არ სწვდება ღობეს.

780
მართლაც, სახლიდან
ნასროლი შლამი
იდგა კარებთან
როგორც მთა რამე
ყოველ სახლის წინ
იდგა ეს ზვინი,
აკლდა გვირგვინი
დაფნის, იწამეთ.

781
აჰა, მდინარის
ბევრია მსხვერპლი,
როგორც მძვინვარე
ცეცხლს რჩება ფერფლი,
რაც უქმნია წყალს,
იმავ ცეცხლის ალს,
დამანგრეველ ძალს
იმ მძიმე ტერფის.

782
წავიდა გვიან
ეს წყალდიდობა,
ხეს ხე არ ჰქვიან
და ხიდს ხიდობა.
გახედეთ, რას ჰგავს,
რაგვარად ნასკვავს
აქ ბედის ვარსკვლავს
უამინდობა.

783
თუმცა დროებით
ჩვენი გზა-შარა
აწ ორმოებით
გადაიფარა.
გასულმა წრიდან,
ყოველი მხრიდან,
წყალდიდობიდან,
ეს დაიბარა:

784
გზის გასწვრივ ნაგებს
გახედეთ თხრილებს,
მღვრიეს, ანაგებ
წყალით აღვსილებს.
ეს ის თხრილები
არს, სად ღილები
მჭკნარ ყვავილების
ვერ იყვავილებს.

785
ასე განაწვდენს,
ამგვარად ნაშრომს,
თხრილებს ვინ გასწმენდს,
ვინ ამოაშრობს?
და იმის ნაყოფს
კაცთ შორის გაჰყოფს.
ჰპოებთ ავადმყოფს
წელსავე, მაშ როს?

786
რაც არ გადახდეს,
უნდა დაობდეს,
ადგილიც წახდეს
და დაჭაობდეს.
კაცმა ნახოს როს,
ამოიოხროს,
ვერ მოიფიქროს,
როგორა სჯობდეს!

787
მის ონავრობას
ვერავინ წაშლის,
არ სწყვეტს მგზავრობას,
საშინელ წამის,
იქცევა კერად,
შხამს უდიერად
ბაიის ფერად
როდესაც გაშლის.

788
გარედან-განით
თხრილების ფერდი
ბიბინებს მწვანედ,
როგორც ხავერდი.
ხავსით ამ ჭაობს
ამკობს და ამბობს:
სილამაზით სჯობს
რომელი ერთი?

789
რა სჯობნის იერს
და მის დანახვას,
რამდენს მშვენიერს
განიხსნის ზრახვას.
შრიალებს ნეშო,
როს სათარეშოდ
მისცემს გომბეშო
სიმწვანეს თაყვანს.

790
საკმარისია
შესძრა კომბალით,
მოვარდეს სუნი
კიდე-მომპალით.
მწერებს, არც ასე
ნაზს და ლამაზებს,
მიუთავაზებს
მიდამოს წყალი.

791
აურაცხელი,
მღვრიე და მყაყი
შეიძვრის გველი,
ჯოჯო, ბაყაყი,
გარემოს მშვენის
ხმა მოსალხენის
მისი გენიის
ზედ ეკვრის დაღი.

792
კიდევ, ვით ხელით
გაუსინჯარი,
აქ ულეველი
არის ჭინჭარი,
ანწლის, ლაფანის
სივრცის და განის
მრავალთაგანის
სდგას ჯარის ჯარი.

793
კაცი ვერც ისე
გამოიყენებს,
ბაყაყი ისევ
წყალში ყიყინებს,
გზის ყოველ ნაჭერს
ცხელი მზე აჭერს,
ვერ ჰპოვებს საჭეს,
რომ ტბა ბიბინებს.

794
და თხრილებიდან
სდის ოხშივარი,
ისე მყრალი და
ისეთი ცხარი...
კაცი? მწარდება,
რა ემართება,
რაღაც მყარდება
დაუვიწყარი.

795
ზღვარი ან ხაზი
არავითარი,
რაა - ლამაზი,
რაა - მდიდარი...
ერთ-ფერ ნაფერი
აქვს ყველაფერი,
ჰქვია ქვას მტვერი,
ხიდს - ნახიდარი.

796
მის თვალწინ მდგარი
ვრცელი მორევი
ვერავითარი
ძალით, მორევით,
სდგას დილის ბინდით
ჩამპალ სიმინდით,
არა სიწმინდით
ნაამბორევი.

797
ფაზისს კალაპოტს
ვინ დაუბრუნებს,
და თვითონ წყალი
მას არ იზრუნვებს,
მოიკრებს ნებას,
ტალღათა წყებას
და გაფიქრებას
მსწრაფლ აისრულებს.

798
მხრით სხვადასხვათი
სწრაფად მოძრავი
დასცურავს ათი-
თხუთმეტი ნავი.
მათ  მოვლეს ფაზი
და სჩანან ასე,
როგორც ლამაზი
უფრთო ნიავი.

799
ფიქრთ განუახლებს,
ზრუნვას უდიდებს,
გუგუნა სახლებს
მათ მიუთითებს,
ნავს გააქანებს,
ჰქუხს და ქაქანებს,
უყივის, ბრძანებს,
ცეცხლს მიუკიდებს.

800
ქოხი რომ იდგა -
მისცურდა ნავი.
ქოხშიაც თითქო
არ სჩანდა არვინ.
მიუდგა ბჭესა,
კვნესაა? კვნესა.
არ სჩანს. ესაა -
კვნესაა მხოლოდ.

801
აკვირდება სახლს
ის, მარტოდ მარტო
და შესძახებს მას:
ჰე, ცოცხალნი ხართ?
სთქვით, ცოცხალნი ხართ?
იძახის: სად ხართ?
მაგრამ ვის მიმართ?
კვნესაა მარტო.

802
და მალე წყალთა
ბრჭყალს გამოცლილი,
გადმოჰყავს მწდალთან
დედა და შვილი.
დედა ოდნავ კრთის,
ძლივას სუნთქავს, თრთის,
სტირის, ცრემლსა ღვრის
პატარა, ჩვილი.

803
ეს მერამდენე
არის ნეტავი,
რომ მან განდევნა
ზმანება შავი.
წყალთ შეთქმულებას
ხედავს: სრულებით
განწირულებას
არ მისცა თავი.

804
ხედავს ეროდე,
ყველაფერს ხედავს,
მაგრამ რა, ოდეს
ძლივს-ძლივა ბედავს
გამოჩნდეს გარედ.
ხმით მეომარით,
თავზე ტომარით
გულს არა ჰკეტავს.

805
წყალთან მიჩოჩდა
ფეხით ძლიერი
ეროდე, ჭოტთა
და ძაღლთა მტერი.
გამოსცილდა ბაღს
და მინდვრების თაღს,
მას ამაყი აქვს
ქცევა, იერი.

806
გმირი და ავი.
ეს როგორ მოხდა,
რომ მასაც ნავი
არა ჰყავს კოხტა.
არა აქვს ნავი,
მაგრამ აქვს თავი,
თავი და თავი
ეს არს, რა მოხდა.

807
გასცუროს, საქმეს
შეხვდეს საჩინოს,
ჭირს მყოფი სადმე
გადაარჩინოს,
მიუზღას ვალი,
ადევნოს თვალი,
რომ თუნდაც კვალი
რამ დააჩინოს.

808
მხოლოდ ამას გრძნობს -
არა აქვს ნავი.
გულს კი ვერ აცხრობს:
აი ამბავი!
შიში აქვს ქარის
და ნიაღვარის,
აი, რა არის
თავი და თავი.

809
ახლო კი ოდეს
ყველაფერს ხედავს,
აგე ეროდეს
ცოლი სახლს ხვეტავს,
საქმეს განაგებს,
აწყობს, ალაგებს,
იამხანაგებს
სიამეს ნეტარს.

810
თვით კი გულმკერდით
ეძიებს სახელს,
ის სახლის გვერდით
სინჯავს საწნახელს.
საწნახელს სინჯავს,
გაუხრავს ჩინჩას!
და ბოლოს დინჯად
განზრახვას ამხელს.

811
ასე განსაჯე:
გამოდგეს ნავად.
მონახა საჭე,
გასინჯა კვლავად,
გადავლო ისლი,
უდუღდა სისხლი,
ეროდეს ნისლი
უჩნდა ვარსკვლავად.

812
გამოდგეს, მამა,
ეს საწნახელი,
და ცოლიც, ამა
საქმის მნახველი,
ხარობს, მიხვდა-რა
და გაიხარა,
სულ გადიყარა
დარდი, ნაღველი.

813
ო, ვერ მიასწრებ
ვერასგზით, ოდეს
რაიმე აზრებს
მისწვდეს ეროდე.
მიდის საწნახლით,
მისცურავს მაღლით,
გულის სიახლით
მიიმღეროდეს.

814
გამოგონებით
სულ ახალთ-ახლით
მისცურავს გზნებით,
თავის საწნახლით.
ლაღია ოდეს,
გზა უმღეროდეს.
დაღლით ეროდეს
ვერა, ვერ დაღლით.

815
მაგრამ რას ან ვის
ხვდა ერთს ორობა,
საწნახელს ნავის
წონასწორობა,
ასე მარად ჟამს
ყველას ასე სწამს,
ქარს ქარობა ხამს
და ქორს ქორობა.

816
საჭით  ძრაობა
შეიქმნა ძნელი,
სულ გორაობდა
ის საწნახელი.
აი, რაობა,
სვლა, გორაობა,
ვაჰ, თუ ავობით
წახდა სახელი.

817
საქმე ხვდა ძნელი,
გეზი გამრუდდა,
და საწნახელიც
მყის გადაბრუნდა,
გადაბრუნდა მყის
საწნახელი ის,
ვით ნაფოტი ხის,
და აბდა-უბდა.

818
შემკრთალი სახის
მქონე ეროდე
აწ გაიძახის:
- ცაო, რა გცოდე.
გარს წყალი კრთოდეს
ნეტავი ოდეს,
ნეტა მესმოდეს,
ნეტა ვიცოდე...

819
არ შველის მკლავიც,
ბედმა უმტყუნა,
მაგრამ მსწრაფლ ნავით
გაჩნდა გუგუნა.
თან ავთანდილის
ხმა მიმოივლის,
ო, როგორ გვივლის
ეს საუკუნე...

820
ეროდე ხელით
ამოათრია,
ნავს საწნახელიც
მოსდო ადრიან,
საჭეს კვლავ ხელყოფს,
კვლავ უბრუნებს მწყობრს,
ეროდეც თავს გრძნობს,
ვით ინატრიან.

821
ეროდეს, დია
უყლაპავს წყალი,
გატრუნულია...
იქნებ დამხრჩვალი!
მას წინ რა უდგა,
როს გზას გაუდგა,
იქნებ გაუდგა
გვერდებში მჭვალი?

822
ასე, თანდათან,
როგორც  ყადრია,
ეროდე სახლთან
გადმოათრიეს.
სახლი, სინაზე
თავის ბინაზე,
არასდროს ასე
არ უნატრია.

823
ეროდე სახლთან
გდია, ვით მკვდარი.
- აბა, რუსუდან,
მომე ბაწარი!
ბაწარი მომე,
მოვაბრუნო მე
ეს  ყრმა როგორმე,
ასარ-ბასარი.

824
ხედავთ, მოდუნდა,
ვერ დგება ფეხზე,
ეროდე უნდა
დავკიდოთ ხეზე.
გამოვაჩინოთ
ხეზე საჩინოთ,
გადავარჩინოთ...
აი, მიზეზი!..

825
მისწვდა თოკით და
გულგამეხებით
მსწრაფლ ჩამოკიდა
ხეზე ფეხებით.
ყელით მრავალი
მოდინდეს წყალი,
კვდება საწყალი,
ვერ შეეხები.

826
ვინც ვერ გაარჩევს
ნავს და საწნახელს,
ვერ გადაარჩენს
ვერასდროს სახელს
თავისას, და ის
ვერ მისწვდეს მაისს,
უის და ვაის
დაიწყებს ძახილს.

827
და ვინც მიბაძავს
საწყალ ეროდეს,
ისიც ვერ ნახავს
სახელს, სჯეროდეს.
გამოჭრა ყელის
საკუთარ ხელით -
თუნდ საწნახელით
მიიმღეროდეს.

828
ეროდე ხიდან
მოვიდა გონზე,
ბაწარს მოსჭიდა
ხელები ტოტზე
და ისევ ისე
არხევდა კისერს,
ფიქრი კეთილზე,
ფიქრი ბოროტზე.

829
გუგუნა: - ქაფი,
ეროდე, შენა,
წყალის შეყლაპე,
მოგეცა ლხენა.
წყალი გააპე,
მღერა გააბი,
რაში დააბი,
მოსწყინდა რბენა.

830
ცამან დაგსაჯა,
არ იტყვი, რისთვის?
კანონი დარჩა -
ნავი ნავისთვის,
ნავისთვის ნავი,
გაურიყავი,
მუნ კი იყავი
თავისთავისთვის.

831
საწნახელი თვის
საწნახელისთვის,
ეგე - წყალისთვის,
იგი - ღვინისთვის.
მიჰყე თქმულებას.
მის ერთგულებას,
დანიშნულებას
მათსას - ვინ ითვლის.

832
სიტყვაა წრფელი,
ჰკითხე მთელ სოფელს -
რას მეზობელი
ურჩევს მეზობელს,
წრფელი სიტყვაა.
საქმე სულ სხვაა.
საქმე ის გზაა,
ნათელს რომ მოჰფენს.

833
დრო არ იცდიდა,
საჭეს სწვდა მკლავით
და იმ არიდან
განვიდა ნავით.
აწ ავთანდილმა
განვლო მანძილი
შორს გადაწვდილი
ასე ზღვასავით.

834
მოუსვა ნიჩაბს,
დაენდო საჭეს,
ხომ არავინ სჩანს? -
იკეცს მკლავ-მაჯას,
ხომ არავინ სჩანს,
განიცდიდეს წვას,
ღელვებს სხვადასხვას,
მომწყდარი აჯას.

835
ქორებრ თვალები
ეძებდა მათი,
არ იმალება
სადმე ხიფათი?
თუ იმალება
სადმე წვალება,
კაცთ ევალება
ზნე, მარიფათი.

836
შორს გაჰყურებდა
ტბას მღვრიედ ნაფერს,
ზეინაბ ხიდან
სჭვრეტდა ყველაფერს,
ყველაფერს სჭვრეტდა
ხედვად მზის სვეტთა,
გამჭვირვალეს და
სხვანაირს, სხვაფერს.

837
ხიდან გაიღო
ზღვა დიდებული,
გაშლილი იყო,
ვით ხელის გული.
იყო გაშლილი,
საზღვარ-წაშლილი,
აფრაც შორს, ლილის-
ფრად მოქარგული.

838
იოტის მსგავსს და
სხვა რამ ცვლილებათ
ის შეამჩნევდა
აუცილებლად.
ასე ზღვა  დღეის,
მაღალი ხე ის,
ყოველივე ის
იდგა მხილებლად.

839
ეხლაც რაღაც შორს
გამოჩნდა შავი,
რა უნდა იყოს,
რაა ნეტავი?
იქნებ იქ გული
თრთის დიდებული,
თავდადებული
და გამბედავი?

840
თვალებზე ერთად
თითთა მიდებით
ლაქს მიაშტერდა
დაბეჯითებით.
იქ მიაშტერდა,
სად წყალი სძგერდა
სიძლიერით და
დიდის დიდებით.

841
და არ აშორებს
იმ წერტილს თვალებს,
ლაქა აგორებს,
სჭრის წყალთა რკალებს.
ისევ იმ წერტილს,
სად ერთად-ერთი
მოაპობს მკერდი
გზათა სიმრავლეს.

842
იქ იყო შარა,
ეხლა წყალია,
თუ ვინმე ჩქარად
მომავალია,
მარად და მარად,
ამინდს თვლის არად,
მიმსვლელი ჩქარად
აქ მრავალია.

843
რა ძალამ ვითომ
გააბედვინა,
რომ წამოვიდა,
არ დარჩა შინა.
მოდის საიდან?
იწყებს ვაიდან
და გადაიტანს,
ვინ არის, ვინა?

844
გარღვევა მხედარს
წყალის სწადია,
მაგრამ ზღვას ხედავს.
მისთვის ცხადია
შორით ძახილი
თვალგასახელი,
რომლის სახელი
განთიადია.

845
ის ინიშნება
ხელით რაღაცას,
მხედავს, იქნება,
მაგრამ აჰა, ცას
შესჩერებია.
იქ რას ჰხვდებიან?
იქ ღრუბლებია,
რომ ვლენ გზას ნაცადს.

846
მიაპყრობს სმენას
რას, ვის ედრება,
ის გადარჩენას
ვის ევედრება,
ისინჯავს უბეთ,
აღსავსეს გუბით,
ცაზე სჩანს ღრუბელთ
გადათეთრება.

847
მაგრამ წყალთ მეტი
ახლო არრაა
მცირე იმედი,
იმედი რაა,
მისთვის არა სჩანს.
ის შეჰყურებს ცას,
მაგრამ იმის გზად
აქ მიწისძვრაა.

848
მაგრამ ავთანდილს
უახლოესმა
გრძნობამ, ცათამდის
უსასოესმა,
შეასხა ფრთები.
სთქვა: განა ვსცდები?
მე იმ ხმას ვსწვდები,
ხმა, ხმა მომესმა!

849
ხმა იგი მიწყდა.
ძველებრ არ რთულით
ის საჭეს მისწვდა -
მართალი გულით.
აქო გაჩენა,
სთქვა: ჰე, მარჯვენავ,
ან გადარჩენა,
ან აღსასრული!

850
იმ ადგილისკენ
მოუსვა ჩქარა,
მარჯვედ, სივრცისკენ,
ნავი მიჰხარა.
ნავი აპობს წყალს,
ხმები მოაქვს ქარს,
სხვა მენავეს ჩქარს
არა გინდა რა.

851
მსწრაფლ მისრიალდა
იმ ადგილს ნავი,
სად მღვრიე წყალთა
დუღდა ამბავი.
ამოჰყავს კაციც,
გადარჩა აწ ის,
მრავალ ათასის
განმცდელი ავის.

852
ავთანდილი სჭვრეტს
კაცს ბრგეს და მოსულს
და, არ იწვევს ეჭვს,
შორით წამოსულს.
მის ასე მზირალს,
ასე განმგმირავს,
გრძნობს, რომ შესწირავს
მას სულსა და გულს.

853
- მომეცი, მოდი,
შენი მარჯვენა,
ვიღუპებოდი,
რომ არა შენა!
შველა კი, დია
გზა და ხიდია,
თმენა დიდია,
დიდია რწმენა!

854
სთქვა მგზავრმა, როცა
გადვიდა ნავზე,
შუბლზე აკოცა
მადლობით სავსემ.
აქ, ამ ადგილას,
ვინც რა უნდა თქვას,
თითქო მზე ადგას
სულთმობრძავს თავზე.

855
რამ მოავლინა
კაცი წყალთ შინა...
გადაარჩინა,
გადაარჩინა.
- დარდებს არ ვისევ,
დღევ მომაისევ,
ცხოვრება ისევ
წინაა, წინა!

856
მე ისევ ვხედავ
საკუთარ თვალით,
რას აძლევს ბედი
იმედთა ძალით,
ისევ იმ ძალთა
მოკრების გარდა
ადამიანთა
გულთ სიმხურვალით.

857
რა სილაღეა!
თავისუფალი
სიბრძნის სახეა,
შრომის უფალი.
ყოფნა მწყურია...
მშობლიურია
და მზიურია,
ო, ეს უბანი.

858
ეს იყო და ეს,
მგზავრი გაჩუმდა,
სიტყვა რა არის,
არ უთქვამს, სდუმდა.
აღსდგა. წინ იდგა
ის, რაც შთაითქა,
ჰაერიც თითქო
გააბრეშუმდა.

859
მხოლოდ ბაო და
სანთელი თაფლის
ედარებოდა
მის სითავმდაბლეს.
მისთვის გრიგალის
შეწყდა გრიალი...
სადღაც შრიალი
ესმოდა წაბლის.

860
ეს მოკრძალება
იყო ფიცივით,
თუმც კანკალებდა
მგზავრი სიცივით.
რა არის ქარი?
ოდეს გამთბარი
არის დამტკბარი
გული... ვიცი, ვით.

861
თავით ფეხამდე
ის იყო სველი,
ძონძებსა ჰგავდის
სამოსი ძველი,
როსმე კეთილი,
აწ დაფლეთილი
და გაჟღენთილი
წყალით და ლელით.

862
ივსება ნავი,
როგორც ფიალა,
შესამოსავით
ნადენი წყალით.
ის ქანაობდა,
თითქო დაობდა
და მოძრაობდა
აფრის კანკალით.

863
ვერ გადამდგმელი
ვერა-რა ბიჯთა,
მგზავრი არ მთქმელი
ნავის თავს იჯდა.
იყო მის მთელი
ბუნება წრფელი
მამხილებელი
იდუმალ ნიჭთა.

864
მოხრილი მუხლებს
ეწყო ხელები,
რაღაც აწუხებს
არ განელებით,
მოედო მზე რა,
შეუკრთა მზერა
და მისი ცქერა
ჰკრთება ცხელებით.

865
სახეზე სულ მთლად
გამოიცვალა,
უცებ სრულიად
დაჰკარგა ძალა.
გზა გადიბარდნა,
თუმც გადავარდნა
მარჯვენამ მარდმა
არ დააცალა.

866
ცაზე ბრწყინვალეს
ვერ სჭვრეტდა მზესა,
მზე სჭრიდა თვალებს,
რაღაც მოესმა,
თითქო ხმა ზარით
იძროდა არედ...
და მწარედ, მწარედ
ამოიკვნესა.

867
მთლად მოიხარა,
მთლად მოიკეცა,
ნავში არარად,
უხმოდ დაეცა.
ძალა ვინ მისცა?
თუნდ ასეთიცა
დაბნელდა მიწა,
დაბნელდა ზეცა.

868
ამის მნახველი
ავთანდილ სწრაფად
სწვდა ორთავ ხელით
ძალდაკარგულ მგზავრს.
მგზავრი კი დიდხანს
ვერ ამბობს სიტყვას,
სულს ძლივსღა ითქვამს,
თვალებსაც ნაბავს.

869
საჭე, ნიჩაბი
ნავში მიჰყარა,
იმავ სისწრაფით
გადაიხარა.
შესძრა რა მხარი,
სულთ ნიაღვარი,
დარდი და ჯავრი
აქ დაიღვარა.

870
მგზავრს გაუსინჯა
მფეთქავი მაჯა,
აწ იტყვის დინჯად:
- ეჰ, დაისაჯა.
მგზავრობამ, ყველამ
ფიცხლავ, ხან ნელა
რაოდენ სთელა,
რაოდენ სტანჯა.

871
ეს არა მრუდი
საქმე რას მოჰგავს?
მეც გამოვყრუვდი
სრულიად, როგორც...
რა შთავიგონო,
გულს მივიკონო,
თუ რა ვიღონო?
რათა ვდგევარ განს?

872
ო, წმინდა ნინო!
როგორ შეგცოდე,
აქამდის ღვინო
ვერ მივაწოდე,
ჩვენებურ ვაზის,
დაღად რომ აზის
ფერი კისკასის
არ მცირეოდენ!

873
თითქო ის დოქით
თან არა მქონდეს,
გული ამ ტოკვით
ვით არ დაჰღონდეს?
იქნება მორჩეს,
ვაზის სინორჩეს
ერთჯერ და ორჯერ
შეიგრძნობს ოდეს.

874
ავთანდილ დიდი
ჰპოვა ჭურჭელი,
მოხსნა სიმინდის
მან ნაქურჩალი.
შიგ სიანკარით
რამე  მაგარით
მღერს: გადაჰკარი
ჯერ დაუსჯელი.

875
გადახსნის ნაბადს,
სადღაცა, ქვეშა
ჰპოვა კვლავ სწრაფად
რა აზარფეშა,
გასწორდა წელში.
ეს აზარფეში
აიღო ხელში
და გულს მოეშვა.

976
ხომ, კაცს რაც რომა
არ სჭირდეს სენი -
ძველი ღვინოა
მისი მომრჩენი.
............................
............................
............................
............................

877
ავთანდილმა ის
მგზავრს მიაწოდა,
მგზავრმაც მაისი
იგრძნო, გასწორდა.
...............................
...............................
...............................
...............................

878
სული დაუტკბა,
გააღო თვალი,
გრძნობამ გაუთბო
რბილი და ძვალი
და ცოცხალ-მკვდარი
საბრალო მგზავრი
კვლავ გახდა მძლავრი
და მიუვალი.

879
ავთანდილმა სთქვა:
- ვით დავამთავრო,
ბინაში მივალთ,
ძვირფასო მგზავრო,
და იქ ჩემს სახელს
არა საძრახველს
ჩვენ გვეტყვის სახლი
არა უყავრო.

880
რომ დრო ძვირფასი
ჰქნას მზემ და მთვარემ,
გადავდოთ თასი,
გავსწიოთ ბარემ.
გავსცდეთ ამ კიდეთ,
ბინად მივიდეთ,
იქ გვიცდის კიდე
მშვიდობის არე.

881
ის სახლიც... აგრე
ინატრა მგზავრმა,
სახეზე გაჰკრა
ახალმა დარმა.
- წარვიდეთ ბინად,
მარადის გვინათ,
მზევ, გვიძღვი წინა,
ვერ გვძლიოს ქარმა.

882
გაცოცხლდა მზერა,
გადიღო წვიმამ.
გულმან ჰქმნა მღერა
და გააღიმა.
აენთო თვალი
წინ ასე მკრთალი
და მომავალი
ააციმციმა.

883
ვით დაივიწყოს
ის ყრმული ჟღერა,
სურს წამოიწყოს
ვინმემ სიმღერა?
გულშია იგი.
ყოვლი გულს იქით
ვერ მღერის რიგით,
არავის სჯერა.

884
მაგრამ ნიავი
ჯერ მაინც სხვაა.
საჩქაროდ თავი
რად შეიკავა?
შებოჭა გრძნობად
და იგი ხმობა
გამოუცნობად
იქცა იგავად.

885
მოედო ხავსად
რაღაც მის სმენას
და დაემსგავსა
ისევ უენოს:
ის უძლურია,
იქ სადგურია.
როგორ სწყურია,
რომ მოისვენოს.

886
ავთანდილ მიჰყვა,
მგზავრს სცა თაყვანი, -
ნავის გადირხა
სიგრძე და განი.
იწყო სავსავი,
დაჰგმო რა ზავი,
გადირხა ნავი,
როგორც აკვანი.

887
რადგან  ამ საქმით
იყო გართული,
მას ჰყავდა ლაგმით
ნავს გამობმული,
ნარ-ეკლიანი
რომ განვლო გზანი,
მგზავრის  მერანი
თავდადებული.

888
მგზავრის ანაზდათ
ლამაზი, საღი,
ახალგაზრდა და
მკვირცხლი მერანი
ნავს მიჰყვებოდა,
არა სხლტებოდა,
თოკს ნებდებოდა
ის ცხენი ლაღი.

889
გზად კი საუბარს
მიჰყვნენ ნელ-ნელა,
ავთანდილმა რა
არ გაიხსენა:
ნანგრევი გორის
ნანგრევთა შორის,
გაფრენა ქორის,
მიწის ძვრა, რბენა.

890
მშვენიერია,
სხვა სცემს ნიავი,
მთების ფერია
ჩვენი ლიახვი.
დაჰყურებს ზედან
უძო ან მცხეთა,
მოალერსე და
მონანინავე.

891
და ჯავახეთის
ელვარე მსხალი,
რომელი ერთი
ხეხილის ალი.
იგონებს ტურფა
ფარავანის ტბას
ასე საუბარს
გზა მიაქვს მალე.

892
ჯაგი, ეკალიც
ბევრზე ბევრია,
სპობს ყვავილს, ძალით
თუ შეერია.
სუსხი აქვს მწარედ,
მაგრამა ძმარით
იგი ეკალიც
მშვენიერია.

893
- ბარდები? - ამბობს, -
რამდენიც გინდა,
მრავლობს, გააქრობს
მათ ყოვლად წმინდა.
და არიან მზად,
სად არ ნახავთ, სად,
სურთ ნათელი გზა
აქციონ ბინდათ.

894
ბევრია. გასწყვეტს
სულყველას ჟუჟი.
როგორ გადავწყვეტთ
აქ ჩვენ? - გაუშვი.
მიმოაქვთ თოში
მათ ყოველ დროში,
სააქაოში,
საიქაოში.

895
აქ ავთანდილმა
ახსენა მტრედი.
მგზავრმან მან ზრდილმან
უთხრა: - შეჩერდი!
მტრედი ჰო, მარა
არა მინდა-რა,
ჭინჭრები? არა,
კმარა! შევჯერდი!

896
კიდევ კარგი, რომ
არ არის ქარი,
წყალიც აქ ვითომ
არის დამდგარი.
შენ სთქვი ფაზისი
უსაყვარლესი,
სიმშვიდე მისი,
მისი დგანდგარი.

897
ცოტა-ღა აკლდა,
არ მიმაწვინა
მგზავრი წიაღთა
შორეულთ შინა.
მაგრამ აივსო
შენით, მაისო,
გზა. უამისოდ
ვინა ვარ, ვინა?

898
მაგრამ ხსოვნაა
უფრორე ლაღი,
ქვეყნად არაა
არსად წიაღი.
სხვა, ქვეყანაზე,
სად არის ფაზი,
უფრო ძვირფასი
და უფრო საღი?

899
მაშ, ვიამაყოთ!
ფაზის ბრწყინვალე
წარსული, აწმყო
და დიდი ხვალე
გვახვევია გარს.
ის გაგვიღებს კარს,
იგი მოგვცემს მყარს
სიმშვიდეს მალე.

900
სილაღის ეშხით
მზიურთა მდელოთ
არეს ნუგეში
ჩვენ მივეშველოთ.
ავაბიბინოთ
იგი სალხინოდ,
გზა მიმოვფინოთ,
ფართოდ გავშალოთ!

901
აშენე, დარგე,
ჩვენი ფაზისი
უფრო კარგი და
ულამაზესი
გახდება კვლავაც.
მან ივარსკვლავა
და გზა უკვდავად
განვლო თავისი.

902
მხარე ჰგავს ედემს,
დაასახელოს,
ვის სურს უკეთესს
და სასახელოს, -
უკეთესს ძალი
სიცოცხლე მალი
სად ჰპოებს, თვალი
რა გაახილოს.

903
სიმარჯვის ფარად,
წყვდიადით, დღისით,
გვიყვარდეს მარად
ჩვენი ფაზისი.
მისი ყანებით,
მისი ზმანებით
და გაქანებით
ვიცოცხლოთ მისით!

904
უცნობმა მგზავრმა
მსწრაფლ შეიგრძნო, რომ
მას მიესალმა
ველი საგმირო.
...........................
...........................
...........................
...........................

905
- ჩვენი ფაზისი, -
განაგრძო მანა, -
არს უნაზესი
რამე ქვეყანა.
იყო და არის.
გაშრა რაგვარის,
რამდენი ღვარიც
გადმოექანა.

906
სუნთქვა იმედის
მკაში და ხვნაში,
ვით ჩქარა შედის
მდინარე ზღვაში,
სხვა მიზრაფია,
ჩანგს რომ აბია.
სწრაფზე სწრაფია
ზღაპრული რაში.

907
ფაზისს, მომავალს
მაღალ მთებიდან,
ვუსურვოთ, მრავალ-
ჟამს ჭალებიდან
ჰფენოდეს სხივი
წრფელი, ხანგრძლივი,
მოსული მწკრივი
ნაკვალევიდან.

908
წიგნებს, მოკაზმულთ
ლამაზად ძველებრ,
ხავერდში ჩასმულს
როს გავიხსენებ,
ვიგონებ ფაზისს,
რომ ვხედავ, აწიც
მისით ათას წელს
ვერ მოვისვენებ.

909
მაშ გაუმარჯოს
მშვენიერ წიგნებს,
ფაზისის ჩარჩოს
გარს რომ მოიბნევს.
კვლავ ვეღარ მოჰხევ,
მკლავებს რომ მოხვევ,
წინ, წინ, სიცოცხლევ,
რაც იქნეს, იქნეს!

910
ძნელია შებმა,
ვაქებ სისწრაფეს,
მისით წიგნებმა
გზა გაიკაფეს.
აღვიძებს არეს,
იგი ხმა არის
შემომკრებ ზარის,
მიმწვეველ დაფის.

911
სანამდე სადა
არ შეხვდა ვაკე -
სხვაგვარადაა
მოლაპარაკე.
ხედავს, ალაგებს
ველებს, ქალაქებს.
უამხანაგე,
შეჰქმენ, განაგე!

912
ვით ჰქონდა შეხლა
მონას ამინდის
და, შეხე ეხლა
რა მდორედ მიდის.
უსაზღვრო ტრფობა,
გაშლილი მკობად,
უსასრულობა
კიდითი-კიდის.

913
რა ელვარება
აკრავს სინაზის,
რა შეყვარება
აღელვებს ფაზისს.
მოთმენა არ აქვს -
მცხეთასთან ნარევს
მტკვარსა და არაგვს
უერთებს ხმას ის.

914
დღეს ბრძოლის გრძნობის
აქვს ტყვიის ფერი,
მისით იცნობის
ძველი იმერი.
მუდამ ასეა,
ფაზი - ფაზია,
ის ძვირფასია
და მშვენიერი.

915
ფაზი! ის მხოლოდ
ტყვიისფერია,
ვით საქართველო,
ვით ივერია.
ყელი იმერეთს
რა მოიღერე,
ისევ იმღერე,
ვით გიმღერია.

916
როგორ არა ვარ,
ძმაო, მართალი:
მრავალზე მრავალ
ჭირთ გადამტანი
კვლავ ვჭვრეტ ვნებული,
გაწვალებული,
მოძალებულთა
ტვირთთ გადამტანი.

917
ჩემი ყრმობის დროს
გადამწევს ვაზის,
მგრძნობს, გაუმარჯოს
მშვენიერ ფაზისს.
მე, უბინაომ
მსურს გითხრა, ძმაო,
აქ არვინაა
დამდები რაზის.

918
განა თუ წინათ
ზღვით მოგზაური,
უცხო ქვეყნიდან
არ აქაური -
აღელვებული
მასზე თქმულებით
და ერთგულებით
თუმც უცნაური,

919
შემოვიდა რა
ფაზზე გემებით,
ვეფხს დაედარა
მყის დაჩემებით.
ჰღელავდა, ჰოდა,
არა ცხრებოდა,
ტოლებს ეტყოდა:
- აბა, შემებით!

920
და აავსებდა
თასს ფაზის წყალით,
დაუსრულებლად
სომდა ფიალით,
გარს მოდებული
მთელი კრებული
განცვიფრებულის
უჭვრეტდა თვალით.

921
შემდეგ - კოკებით.
ამა სასმისით
ის ატოკებით
უმღერდა ფაზისს:
- ნახვა მეღირსა
მე, კაცს ზღვებისას,
სხვა გაგებისა
და შინაარსის.

922
იგი აქ თუა
მხნე ორი ტოტით,
თქვენც ორ ტოტს შუა
შემოკრბით, მოდით.
ნახეთ, მედეა,
რა დიდი დღეა,
რა სამოთხეა,
ქებული ოდით!

923
და მცენარეთა
მშვენიერ ჩრდილით
ტოტ-მცინარეა
ხეთა დუმილით,
სხვა  ამის ფასი
სადაა ფაზი?
აქ დგება აწ ის
ოცნებით ტკბილით.

924
აქ მისი სული,
შავსა და მწვანეს
მიჩერებული
ზღვა-ოკეანეს,
ახალ დასავალს,
ტოლთ მრავალ-მრავალს,
ნახავს მომავალს,
ახალ სავანეს.

925
მეთევზე მიდის
მჭერელი ზუთხის,
იგი არც ამინდს,
არც ზღვას არ უფრთხის, -
ფაზის პირს მსვლელი
ფართოდ გამშლელი
ის, ძველისძველის
ბადის ნაკურთხის.

926
სიტყვას ამაზეც
არ გავაგრძელებ,
ძვირფას ფაზისის
ქებას ვავრცელებ.
ვიტყვი, ვარ ვიდრე,
ყოველი მკვიდრი
ამა სიმდიდრის,
იყოს დღეგრძელი.

927
და ერთი ტოტის
იქ მეორეზე
გადი-გამოდის
ნავი მორევზე,
მიაქვთ ხალისი
უსაყვარლესი
და უნაზესი
ნიამორებზე.

928
წყალთა მართალნი,
მარად მტრფიალნი
ნავებს მართავენ
ხშირ-ხშირად ქალნი,
ქალნი იმერნი -
ტან-მშვენიერნი,
თვალ-წარბთ იერით
ნახატნი კალმით.

929
წყალზე თანაბრის
მსახველნი ხაზის, -
ჰშვენის ფრთა აფრის
მშვენიერ ფაზისს, -
მტვირთველნი დავლის
მათ გზათა განვლის
მრავალთა-მრავლის
და დასთა-დასის.

930
ო, წინანდელი
ფაზისის ღმერთა,
მძაფრი და ნელი
მან შეიერთა,
გულთა და ქვათა,
მიწათ და ზვავთა,
ფერფლთა და წვათა
მოყვასთ და მტერთა.

931
ფაზისის პირად
კლდეს აგებული,
ზრუნვით ბოგირად
გადაგებული,
სჩანს დიად ქიმად,
ჩონგურის სიმად,
როგორც დღე, წვიმა-
გადაღებული.

932
სინათლით დღესაც
სჯობს ერთი კვალი.
მას მზის სხივებზე
გააქვს ბრჭყვიალი.
იქით - ნავია,
ო, როს გავიარ,
გზაც უკვდავია,
როგორც ტრფიალი.

933
ბრჭყვიალებს ღონის,
სიმტკიცის კერპი,
აქ იაზონის
იდგაო ტერფი.
იგი აქ დგმული
სჩანს, ვით კუნძული,
მთლად დახუნძლული
მრავალი ნერგით.

934
მნახველი ვინ არს
მისებრ ლამაზის,
შვების მომფინარს
მე ვხედავ ფაზისს.
სცნობს გულის ნადებს,
სიწრფელეს ბადებს,
კვლავ განმინათლებს
ბნელსა, მე, გზას ის.

935
აქ იაზონი
არგონავტებით
ვიდოდა გონით
მხნედ, თავდადებით,
უმჯობესობის
კაცთა მრთელობის
და წინმსვლელობის
მარად თავმდებით.

936
ჰელესპონტთან სხვას
მდებარე ქალაქს
არქმევდა რეას.
სალოცავ ალაგს
ნავთ კიდურებთან
მიაშურებდა.
არ იშურებდა
ღონეს და ძალას.

937
ო, სიხარულო,
დედავ, აქაა,
რაც ჩემი გულის
ალერსადაა -
ბავშვობა, ყრმობა,
სიწმინდე, ძმობა,
კვლავაც ერთობა
წიგნად და გზადა.

938
სიტყვით რაც ძველებრ
ხატავს კარგს, ფაქიზს,
მე ვამეტყველებ
მშვენიერ ფაზისს.
მონად ვარ მიწად
მისი ქნარისა,
სინარნარისა
და სიკისკასის.

939
ვძლებდი და ასეც
ვძლებ და კვლავ გავსძლებ,
მშვენიერ ფაზისს,
დღეებს და ბევრ წლებს
მოშორებული
ვიყავ ვნებული
მის, დიდებულის
ვერ ვპოებ შემცვლელს.

940
კერა ციმციმებს:
გათბით, დაბრძანდით.
მძევლად სიცივეს
კარგა ხანს ჰყვანდით.
ამ პირდაპირით
სუნთქავთ ნაპირით,
თორემ რა პირით
წამოგიყვანდით?

941
მისწვდნენ შესამოსს,
უცებ გახადეს,
დიდხანს მის გამო
არ აღაღადეს.
განბანეს კარგად,
შეზილეს მაგრად
აწ ზედმეტ ბარგად
თქმის არ გახადეს.

942
მგზავრიც მას ითხოვს,
აწ განაზდეს რად?
სხვასაც მოითხოვს,
მაგრამ უეცრად -
უეცრად ფერი
დაედო მტვერის
და ყველაფერი
დაეშვა ზეწრად.

943
რატომ მას ფერი
დაედო მიწის?
ხომ არაფერი
მოხდა? ვინ იცის!
აჰა, ბაგესაც
აღმოხდა კვნესა,
რაღაც უღრმესად
მასში იღვიძებს.

944
სთქვა: - ვგრძნობდი ღრუბელს,
მე რომ თან მდევდა,
სწვდებოდა უბეს,
ახრჩობდა სევდა.
...............................
...............................
...............................
...............................

945
გასინჯეთ უბე
სამოსის ჩემის,
იქ ცრემლთა გუბე
მქონდა ედემის.
გასინჯეთ კარგად,
ვაჰ, არა ვარგა,
თუ დამეკარგა
სიცოცხლე ჩემი.

946
გასინჯეს უბე,
მართლაც უბეში
აღმოჩნდა იმა
მგზავრის ნუგეში:
წიგნი - რვეული,
წიგნი - გრძნეული,
შემოხვეული
ხავერდით, მეშით.

947
წიგნი ქარვითა,
სულ მთლად სოველი
ვერ იფარავდა,
სჩანდა ქსოვილი,
სჩანდა, ცისმარე
უვლიდა გარე
ცა მოწვიმარე,
ცა მომთოველი.

948
წიგნი საერთო
იპოვა წმინდა,
სახე აენთო
და გაუბრწყინდა.
უჩინარ მადლთა
ძალა ამაღლდა,
ისევ განათლდა,
რაც დაიბინდა.

949
მივიდა. გზნებით
დახედა ქსოვილს
და მოწიწებით
მის ფურცელს ყოველს
ემთხვია გულით
აძგერებულით,
გულით, სისრულით
სიცოცხლის მთოველს.

950
- ავიტანდი ჭირს
მრავალგვარს, მჯერა,
მხოლოდ ამ წიგნის
დაკარგვას - ვერა.
ის არის ჩემი
ნუგეშისმცემი,
სიცოცხლის გემი
და ბედისწერა.

951
გიამბობთ რიგით,
აწ კი, საშიშრად
სველია წიგნი,
გთხოვთ, რომ გამიშროთ,
წიგნი სველია,
ძველისძველია,
საყვარელია.
დავკარგოთ, ვიშ, რად?

952
ვინ იტყვის იმის
თავგადასავალს,
გრიგალს შავი ზღვის,
სხვა ავან-ჩავანს.
ბჭე დააქცია,
გზა მოაქცია
და მოაღწია
ამ ჩვენს სავანეს.

953
შემდეგ ფაზისით
ამ წყალდიდობას,
მე მხოლოდ მისით
ვიძენდი გრძნობას,
თორემ სხვა ძალა
მე გამეცალა,
ან სად მეცალა,
ან ვიყავ ცნობას?

954
გადარჩა ძველი
რა წიგნი ესე,
რაა ყოველი,
რაც მე ვიკვნესე! -
ჯამაათ-ჯარმა
იოცა, მგზავრმა
რა დაამთავრა
ამბავი ესე.

955
ოჯახმა ძველი
ის წიგნი იგრძნო
და ტარიელიც
მსწრაფლ გამოიცნო.
ყველა აღელდა,
ღელვა ამხელდა,
თვალს გაახელდა
კედლებიც, ვინძლო.

956
ფეხზე ადგომით
თვით მიწამ, ზენამ,
შესძახა კრთომით:
- ტარიელ, შენა?
თუ ახალ ძალად
ცა გაიშალა,
არ ეყოთ ძალა,
არ ეყოთ თმენა.

957
და მგზავრის ლანდის
აღელდა სასო:
- მე ვარ, ავთანდილ!
მე ვარ, ძვირფასო! -
სთქვა ეს თუ არა,
ჟრუანტელმა რა
გზით დაუარა
სახლს, ვიბაასოთ?

958
სადაა შოთა!
ის ასწერს მხოლოდ,
ვით ეხვეოდა
მგზავრს საამბოროდ
მთელი ოჯახი -
დიდი და ბალღი,
სიბრძნით, სილაღით
მძლე ერთი-ორად.

959
სიხარულს მოსხლტა
ტბა მრავალგვარი,
თვალთაგან მოსკდა
ცრემლების ღვარი.
კვლავ ცრემლთა დენა.
კვლავ ვარდთა ფენა,
 - ტარიელ, შენა? -
გრგვინავდა ქარი.

960
ვით აიწეროს
იმ ძილით სიტკბო,
მოეფინა როს
ტარიელს სითბო, -
თითქო სულ სძინავს
გარეს და შინას,
გულს არ უყინავს
შავი დღე თითქო.

961
სიმშვიდის კალთა
ასე მომფერე -
დიად, მრავალთა
ხეტიალთ მერე -
კაცს მიაძინებს,
თვალს არ აცილებს,
გულს არ ამძიმებს
სიყრმე, სიბერე.

962
ამ ძილთან შუქი
მოდის ედემით,
რაღაც მსუბუქი,
ლამაზი გემი,
ბნელი ისპობა,
გზა გაიყოფა
და გაიპობა
ტალღათა თხემი.

963
გემი ატარებს
ცათ ლაჟვარდთ შორის
მთათ უსადარესთ -
კვარცხლი მთა-გორის.
იმ ადგილთ კარად
კიბესთან მარად
მიმყვანი არა
ერთის და ორის.

964
შორეულ მღვიმის
რამე საგანი,
აგერა იმის
ვიწრო საკანი,
ყოველდღიური
ხმობა ტყიური,
ის უცნაური
საკანთაგანი.

965
სადაცა ხშირი
სდგას მწუხრის ლოცვად
მორწმუნე მწირი,
მუნ ცრემლთა ხოცვად
გარდა ზეცათა
და მფლობთა მათთა
არ არის სხვათა
რამ გარემოცვა.

966
ტკბილი დარია,
მაგრამ ყოველი
ეს სიზმარია,
სიზმარი ძველი.
დასცქერის ხატი,
ხატი იმათი,
ვისაც წარმართი
არა სწამს გველი,

967
რამაც ეს წესი
მისი არია,
მაგრამ, ო, ესეც
თუ სიზმარია.
სიზმარია თუ
მოლანდება ცრუ,
მუნჯადა და ყრუდ
აქ მოარეა?

968
უცებ გაბრწყინდა
მისი საკანი,
აენთო წმინდა
მზე შინაგანი,
შორეულ წერტილთ
რამ შემაერთი
აქ დგას აწ ერთი
იმათთაგანი.

969
აბრმავებდა ის
სხივი მის თვალებს,
როგორც სხივი მზის
ადნობს მწვერვალებს.
თუ თავმდაბლობდა,
თუ ქედმაღლობდა,
მწირს მიაპყრობდა
მზერას ელვარეს.

970
ცათა მდელოსი
მკაცრი და სადა
მას ანგელოსი
გამოეცხადა.
ის სდუმდა დიდხანს,
არ იღებდა ხმას.
რა უნდოდა მას,
ან რა ეწადა?

971
გული ამ მოსვლით
იდუმალ სძგერდა,
მას ანგელოზი
წყენით დასცქერდა.
ეს იყო მზერა
ვით ბედისწერა,
ეს იყო ცქერა
ჯოჯოხეთთ ფსკერთა.

972
არა მზიური
მისი თვალები,
სავსენი ციურ
იდუმალებით
დიდხანს, ო, დიდხანს,
სჭვრეტს და ასე სდგას...
რაც ადამიანს
ავსებს წვალებით.

973
არ თუ ცქერითა
გულს ანუ თვალსა,
სიძლიერითა
გახვრეტდენ ქვასა.
ის მტერსა და ავს,
რაც  გადახდეს თავს,
ოდეს გული  ჰგავს
გატეხილ ვაზას.

974
სავსენი ყოველ
ციურ სილბილით
მათში ჩაქსოვილ
გრძნობითა თბილით,
ასე დაკარგვით
რა ვპოოთ, მარქვით,
ან რა დავარქვათ
ღამის ჩრდილს დილით?

975
ხანაც ფოლადით,
ქვით და რკინებით
სჭვრეტდა ის ხატი
მას დაჟინებით,
ძალით უქრობით,
მარად საგრძნობით,
ხან დამუქრებით,
ხან დაშინებით.

976
მაგრამ ვინ მოსთვლის,
თუ ვის და სადა
კაცს ანგელოსი
გამოეცხადა.
რა დაუნთო და
დღეთ დაუნდოთა
რა არ უნდოდა
ანუ რა სწადდა.

977
პირველ სამ-ოთხ დღით
ადამ და ევა
ღმერთმა სამოთხით
რა გააძევა, -
ვიღაც მოსილი
სხვა სამოსელით
მან ანგელოსი
სხვა დაადევნა.

978
სახელით, სულ სხვა
გზის ამსახველით,
იქ დადგა რისხვა
ხელში მახვილით.
ვინ იყო ძველი
იმ საქმის მთქმელი,
ანუ მსმენელი,
ან დამნახველი?

979
ან კიდევ აწ ის
ყრუ აბრაამი,
ნაცვლად ბატკანის
არა სიამით,
შვილის წინ მდგარი,
მართლაც საპყარი,
თითქო: რა არი,
რა მოხდა ამით,

980
ჰკლავდა შვილს თუ ძმას,
სწვდა ხელთა თანა,
ანგელოსმა მას
წაართვა დანა:
ეს იყო ჩრდილი
გამოკვეთილი,
გულით კეთილი,
არა სატანა.

981
მაგრამ... ან კიდევ...
რამდენი კიდევ,
ცაო, იდიდე,
მარად იდიდე!
მაინც ბევრს კაენს
არტყამ ერთმანეთს,
სიკეთეს მაინც
ბევრნაირს იტევ.

982
შენ სხვად შემოსე
კაცთა მათ გზანი,
შენ ანგელოსებს
ხშირად აგზავნი.
იდუმალება
აქვთ დავალება,
აუარება
თანაც საგზალი.

983
შენგნით გზავნილმან
მან ანგელოსმან,
ვითა ყვავილმა
ცათა მდელოსმან,
რა ჰქნა, რა ჯადოს
მიმართა სხვა დროს,
ვით გამოხატოს
ამ კალმის მოსმამ.

984
იმა სოფლიდან
კვლავ ამა სოფელს
გამოუცხადა
წმინდა ღვთისმშობელს
სიტყვა რა და რა,
ვის არ ადარა,
ქალწულს და არა
სიმრუშეთ მყოფელს.

985
მრავალთა დიდათ
მთქმელი ხმა ოდენ:
„მარიამ, წმინდავ,
შენ გიხაროდენ“,
მსგავსივე არი
ცათ ბინადარი,
ფაზისთან მდგარი
მგზავრს დასცქერს ოდეს.

986
აღახვნა ბაგე,
ფრთები დაიწყო
და სიტყვა აგრე
თვისი დაიწყო:
- რაოდენ არის
გზის ბობოქარის
დენა: რა არის,
ფაშვი გაიძღოს.

987
ჰე, უკუნებავ,
რაოდენ არის
ქვეყნად ცდუნება
გზის ჯადოქარის,
მისი ბუნება
რას ირწმუნება,
ჰეი, ცდუნება
რაოდენ არის!

988
სადაც არა სჯობს
და ხანაც შმაგი
სად არ დარაჯობს
მოკვდავს ეშმაკი,
იგი, ურწმუნო
რომ აიცდინო,
როგორ იგრგვინო,
რომელი ბაგით?

989
ყოველი კედლით
დღითა და ღამით
ის განუწყვეტლივ
ითვლის სიამით,
საწამლავს უდებს,
არ ასათუთებს,
წამებს და წუთებს
ის სწამლავს შხამით.

990
მოკვდავს მიუგდებს
ჩადენილ ცოდვას,
იგიც ყურს უგდებს
ათასგვარ ბოდვას,
თვით არ მიიზღავს
ათასგვარ რისხვას,
კეთილთა კიცხვას,
მაცდურთა ხოტბას -

991
მსგავსებას სეტყვის
ღვთის წინააღმდეგ
და ვერვინ ეტყვის
მუნ მოკვდავს: დასდეგ!
ჭინჭრებს დაიგებ,
კარგს ვერ გაიგებ,
კოშკს ვერ აიგებ
და ხიდს ვერ გასდებ.

992
რად უნდა სჩანდეს
ეს კაცის მტერი
იმ ადგილს, სადაც
სდგას მონასტერი?
სად უნდა იდგეს
ის გზას უდიდესს,
სადაც უწმინდეს
გუმბათს შესცქერი?

993
არ უნდა ასე
გექმნა, არც ისა,
რომ შენ მონასტერს
წარსტაცე მისად
წიგნი ძველ დროის,
ხსნის საწუთროის,
ისაკუთრო ის,
ჩასთვალო თვისად?

994
ის არ სწყდებოდა,
ინახებოდა,
ინახებოდა,
კი არ ჰქრებოდა.
იგრძენ, ვით ერთ დროს
ცას არ შეეძლოს
გზა გიჩვენოს, როს
გაწუხებს ცოდვა.

995
კი არ დაჰქონდათ
კიდითი კიდე,
არა, ოღონდაც
ერთ ადგილს იდო.
ყოველ დროების
უშიშროების
და მყუდროების
წიგნი შენ ზიდო?

996
რატომ ვერ გიცვნეს
გველი იმ ჯერად,
რაღაც სხვა მიზნით
რომ შესდეგ ბერად.
იყავ ჯალათი
მოსული ხატით,
ასე ღალატით,
ასე ცბიერად.

997
შენ მიიტაცე,
ეს უნდოდა მტერს,
ძვირფასი ასე
განძი მონასტერს
იყო მარადის
მცველი კარადის,
სთვლიდა არად ის
იქ დაგროვილ მტვერს.

998
სწორედ: მხეცობას
დაკარგვა სურდა,
უძველესობა
მისი შეშურდა.
არ ცხრებოდა ის,
მოითხოვდა სისხლს,
განუსაზღვრელ ზიზღს
ითხოვდა, სწუხდა.

999
არ ჰქონდა თმენა,
განვაგრძო რაღად?
გამოგიყენა
შენ იარაღად.
წიგნი აფრთხობდა,
შეტევას გრძნობდა,
იარაღს სცნობდა,
ალბად, ფრთალაღად.

1000
და იარაღიც
გამოდეგ კარგი
ზეციურ ბაღის
ზედმეტი ბარგი.
დაჰკარგე რწმენა,
ხომ წაწყდი შენა,
აწ ხარ შერცხვენა
და მეტი ხარკი.

1001
იარე... წადი...
დაადექი გზას.
ნუ იწყებ ქადილს,
შეევედრე ცას,
თორემ ამ დრტვინვათ
მეხთა და გრგვინვათ
ცეცხლთა და ყინვათ
მსხვერპლი, ჰპოებ რას?

1002
ცა შენ მოგისმენს.
როგორცა გსურდეს,
მოდი ოდესმე,
თუკი მოგწყურდეს
და წიგნი კი ის
მიწისა და ცის
სადმე ბილიკის
გზით არ გაცურდეს.

1003
ტარიელს ესმის
ხმა საყვედურის.
პასუხობს: - რისთვის,
ცა რას მემდურის?
კოშკს ციხედ ნაჭედს,
შევები ქაჯეთს,
ვიხმე სიმარჯვედ
ძიება შურის.

1004
მისმინე: ძველი
ფაზისის პირად
მთელი სოფელი
შეკრბა თათბირად:
იქ, სადაც ჭადრის
სივრცე-სიბადრის
ყოფნას ინატრის
გული ხშირ-ხშირად.

1005
ამბობდნენ: მზოგვარს,
იმ წიგნის ძველის,
გვიყვარდა როგორც
მშვიდობის მცველი,
აწ მოხდა ავი
რამე ამბავი,
დაძრულა ზვავი
შავი და ბნელი.

1006
მიწაც და ცაცა
მოწმობს: ვერ ვიგნებთ,
ვინ, ვინ მოგვტაცა
ძვირფასი წიგნი.
..............................
..............................
..............................
..............................

1007
მაშინ წარვსდეგი
მე ხალხის წინა,
წინააღმდეგი
მყავდა არვინა.
ვთქვი, თუ ვით ვიზღოთ,
ვინაც წაიღო
წიგნი, ვინ იყო
ის, ხალხის მტერი?

1008
წავალ, მოვკვდები,
ან ვიპოვი წიგნს.
არ შევუკრთები
დაბრკოლებათ რიგს.
თუ თქვენი ნება
წინ გამიძღვება,
იქ დაბრკოლება
რაა, რასა იქმს?

1009
ხალხმაც ერთპირი
სიტყვა, ძლიერი
იგრგვინა: გმირი
ხარ ტარიელი!
არ მოდუნდები,
ხანს მოუნდები,
არ დაბრუნდები
ხელცარიელი.

1010
ეს იყო და ეს,
მხარე დავტოვე,
გავუდექ შორ გზებს,
წიგნიცა ვპოვე.
აწ როგორა ვთქვა,
თუ რა შემემთხვა.
ეს იყო. მე სხვა
ცაო, რა გთხოვე?

1011
გამამტყუვნებს ვინ,
ვინ გამამტყუვნებს,
ვეძებდი ამ წიგნს
ათ წელს, მერწმუნე.
თორემ რა მსჯიდა,
შმაგად რომ მხდიდა,
ვპოვე წიგნი და
ხალხსვე ვუბრუნებ.

1012
შენი აქ მოსვლაც
უსაფუძვლოა.
ზოგ ანგელოსის
ენაც უძვლოა,
სად ვპოვე ჩვენი
ნუგეშის მცემი
წიგნი - ეს ჩემი
საიდუმლოა!..

1013
ანგელოსმან სთქვა:
- მე არ ვიცოდი,
თუ შენ ამ სულ სხვა
ცეცხლით იწოდი.
გულს მომხვდა ისრად,
არა მეთქმის-რა.
შენ დაგაკისრა
ხალხმა? მაშ მოდი,

1014
გეამბორები.
ეს იყო ბოდვა.
გეტყვი: სწორებით
არა გაქვს ცოდვა.
შენ ძვირზე ძვირი
ყოფილხარ გმირი,
არ იგრძნო ჭირი
და გულდაკოდვა.

1015
ანგელოსმა სთქვა:
- ეხლა კი ვიცი,
რაა ეგ სუნთქვა,
რა ცეცხლით იწვი.
ჰყო ფრთები ცისკენ
აჩრდილმა მტკიცედ,
ტარიელს მყისვე
გამოეღვიძა.

1016
ცრემლებით ჰქონდა
თვალი, ღაწვიცა.
რა მოაგონდა,
რამ გააღვიძა.
გამოღვიძება
მისი იწყება
ცრემლით. იწვება,
ეგონა, მიწა.

1017
მას მოეჩვენა,
რომ არ აქვს სიმხნე.
სთქვა: რა ფენაა,
ეს რა შეიქმნა
გარედ და შიგნით...
ალთა ციგლიგნი,
ო, წიგნი, წიგნი,
სადაა წიგნი!..

1018
კითხვაზე: ო, ეს
წიგნი სადაა,
მას უპასუხეს:
- გაშრა, მზადაა!
გაშრა. კვლავ ფერი
სდევს შესაფერი,
ის, ლმობიერი,
ალერსადაა.

1019
შუბლს დაესახა
ცისიერება,
მისთვის ესაა
ბედნიერება.
იქმნა კვლავ წრფელი
სინათლის მქნელი
სიცოცხლე, მთელი
ქვეყნიერება.

1020
იგრძნო მშვიდობის
კვლავ გარემოცვა
და ცრემლი გრძნობის
მოადგა როცა,
სიზმარი ავი,
მგზავრობა მწვავი,
სიზმრების ზვავი
სდგას, მზემ ამოწვა.

1021
ავთანდილმა როს
მოაღო კარი,
ტარიელ ამ დროს
კვლავ წიგნით მდგარი
წიგნს მოწიწებით
შლის, ეფიცება.
თან განმტკიცება
ეტყობა მძლავრი.

1022
- გამოიღვიძე,
ტარიელ? - ჰკითხა.
- ქვეყნის რა იცი,
ავთანდილ, მითხარ...
- არ შესაწყნარმა,
დაუვიწყარმა
დაიკლო წყალმა...
მოწყენით ვით ხარ?

1023
გრიგალი გრგვინვით
რომ არყევდა რტოს,
მას ჰქონდა ლხინი
წყალდიდობის დროს,
ვერ აქრობს ჭაღებს,
ბნელს ვერ აჩაღებს,
ვერ დააჯახებს
წყალსა და ხაბოს.

1024
მაგრამ სულ სხვაა
დღე დღევანდელი,
არა ოხვრაა
და ჟრუანტელი.
დღეს მშვიდობის მზე
გაანათებს გზებს.
ხალხს ნუგეშსა სცემს
იმედთ კანდელი.

1025
- წაგვივა ვერსად,
მოვსპეთ წყვდიადი.
ისევ ხის წვერზე
რად ზიხარ, რატი.
ცელქობ უარეს,
აყრუებ არეს,
მხოლოდ ეს არის
შენი წადილი?

1026
სანახაობას
თვალს არ აცილებ.
ამ დღის რაობას
სხვებს უნაწილებ.
შენებრივ ბავშვებს
შეითამაშებ
და აგანგაშებ
შვენებრ ყმაწვილებს.

1027
რამდენ ხანს კიდევ
გსურს, ჩემო ხვითო,
ხეზე ეკიდო,
მაგ ტოტებს ზევით.
გეკითხები, ჰო,
გსურს რომ მანდ დაჰყო?
ჩემო ყაჩაღო,
ჩამოდი ქვევით!

1028
აბა, მძინარევ,
ჩამო, თუ არა...
გადაიარე
ეზო და  შარა.
ვინც სახლში არი,
ყველას უთხარი,
უცხო სტუმარი
გვეწვია, ჩქარა!

1029
სადილზე ადრე
შეკრბენ, ვით ძველად.
არ ჩამოვარდე,
ჩამოდი ნელა.
აცნობე კია,
რომ ჩვენ გვეწვია
უცნობია ძია, -
მოვიდეს ყველა!

1030
„ეხლავე“, - გულით
იძახის ბავშვი
და სიხარულით
ეშვება ბაღში,
მიჰქრის, მიმოჰქრის
და ღიმილს მოგვრის
ყოველი მოყვრის
ეზო-წიაღში.

1031
მისი ხმა მალე
გაისმის ყოველ
შუკას: - ბაბალე,
მუხრან, იოველ,
თქვენ გიწვევთ მამა.
სტუმრად გვყავს ამო
კაცი, მის გამო
გეძახით, მოველ.

1032
ფენენ ხალიჩებს
ქსოვილებს რამეს,
გულს ახალისებს
და თვალს აამებს,
სხედან მშობლები
და მეზობლები,
ყველა სოფლელი
მტეხელი ღამის.

1033
ავთანდილმა სთქვა:
- რაკი დასხედით,
დავძრათ ჩვენაც ხმა.
კმა ვიყოთ  ბედით,
სიახლეთ მთვლელი.
დარდები ძველი
განქრეს ყოველი,
თქვენის იმედით.

1034
მუხებთან, ლაღად,
ჩონგურით, ქნარით
რომ გაგვეშალა
სუფრა იქ, გარეთ...
მაგრამ, ეჰ, ძმობა
აქაც იგრძნობა:
რა წყალდიდობა
გამოვიარეთ!

1035
უსიამოვნოს
დღეს ვინმე ფიქრებს,
დრო დააყოვნის,
არ შემოიკრებს,
ხვალისთვის ვიწყოთ,
სხვა დღე მივიზღოთ...
ის დავივიწყოთ,
რაც იქნეს, იქნეს!

1036
სტუმართ სთქვეს: - აბა,
სცნოს მამა-პაპამ.
ვერ-რა ჭაპანმა
ვერა-რა ჯაფამ,
ვერა-რა ჭირმა,
ვერა-რა გზირმა,
ხვნამა, ჩაკირვამ
ტყეების კაფვამ

1037
ვერ გადურაზა
გულის ხალისი,
როცა სუფრაზე
უმხურვალესი
კაცთა ძმობაში,
მეგობრობაში
და დანდობაში
არის ნალესი.

1038
იყოს ოცნება
და სიხარული.
პატიოსნებას
სული და გული
ვინ გადუხაროს,
სისხლი მდუღარე,
გუშინ მწუხარე -
დღეს მხიარული.

1039
- მაშ, მხიარულად
იგრძენით თავი.
გავსჭრათ მხარულით
ყოველი ზვავი,
თითქო არ მდგარა
აქ ნიაღვარად,
არ-რა მომხდარა
გულდასაწვავი.

1040
და საუბართა
იმათ სიმრავლის
ბეჭედი გაკრთა
ზრდილობის, სწავლის.
სიტყვა მდიდარი,
მოუსყიდარი
მიმოქრის, ვითარ
ქნარი რუსთავლის.

1041
- დროა, შეიღოს
სიბნელის კარი,
სული მზე იყოს
და გული - ქნარი.
ქეთევან, ნინო,
ჰხამს მოილხინოთ,
არ მოგვიწყინოთ
უცხო სტუმარი...

1042
ავთანდილ იტყვის:
- აი, ეს თასი
მიირთვას, ვისიც
არა გვყავს ფასი.
ო, წვეულება!
აქ ერთგულება
რომ გვეგულება,
რაა მის ფასი?

1043
დალეულ იქნას
მის სადღეგრძელო,
გატანილი აქვს
ვისაც მძლედ ლელო.
რა მოგვასვენებს,
რაკი ვახსენებთ,
შუბლი გახსენი,
გმირო ქართველო.

1044
გამოჩნდა მისი
მძლეთა მძლეობა,
ვინც მოიხადა
მოვალეობა.
გზა სანაქებო,
ვადიდოთ, ძმებო,
და საოცნებო
ვაქოთ პირობა.

1045
გზა სანაქებო
ვამკოთ ამ თასით,
ადიდეთ, ძმებო,
და ასწით, ასწით...
პირობა არის
სიმძლავრე ჯარის,
სიცოცხლე მგზავრის
მრავალ ათას წლით.

1046
ეს არის რწმენის
გმირთა-გმირობა,
ეს არის ჩვენი
პირდაპირობა,
ვინც სიჭაბუკით
დარით თუ ღრუბლით
ატარებს უბით
იმ დიდ პირობას.

1047
პირობას კიდევ
სდევს ასრულება,
კიდითი-კიდეს
მისდევს თქმულება,
პირობას ერთი
აქვს ქვეყნად ღმერთი,
მარად ისეთი,
როგორც უფლება.

1048
პირობასო  აწც
დღე ვინ გაართვა.
პირობამო კაცს
ცოლი წაართვა.
აქ არის ზღვარი
ერთი, მთავარი.
პირობა არის
გაძღოლა, მართვა.

1049
თქვენ ამ გმირობის
მოსმენას ლამობთ,
მეც ერთ პირობის
ამბავს გიამბობთ.
...............................
...............................
...............................
...............................

1050
გახსოვთ, იქ, ძველი
ფაზისის პირად
მთელი სოფელი
შეკრბა თათბირად,
იქ, სადაც ჭადრის
სივრცე-სიბადრის
ყოფნას ინატრის
გული ხშირ-ხშირად.

1051
ღამეთა მთენი
შეკრბა სოფელი,
ამბობდა: ჩვენი
შემამკობელი,
ჩვენი წყვდიადის
და განთიადის
წიგნი, მარადის
მანათობელი.

1052
ჩვენი ძვირფასზე
ძვირფასი წიგნით
ვიდოდით ასე
გარეთ და შიგნით,
ნათელით მისით
წრფელით, ფაქიზით
ჩვენ მარადისით
გზები გავიგნეთ.

1053
წიგნების მზოგვარს
ჩვენ ძველისძველი
გვიყვარდა, როგორც
სიმართლის მცველი.
მოხდაო ავი
რამე ამბავი -
მოსკდაო ზვავი
შავი და ბნელი.

1054
ნაწერი მრავალ
საუკუნის წინ
ასე ერთთავად
მოგვტაცაო ვინ,
წაიღესო სად,
რისთვის, ანუ რად,
თუ გააქვრეს მთლად,
ვეღარ ვძლებთო შინ.

1055
დამცველებს ვგვანდით
ძველ ასოებით,
წიგნს ვინახავდით
ჩვენ სასოებით.
დავკარგეთ ასე,
დაგვადგა თავზე
ჟამი აღსავსე
ამაოებით.

1056
მიწაც და ცაცა
მოწმობს, ვერ ვიგნებთ,
ვინ, ვინ მოგვტაცა
ძვირფასი წიგნი.
და ქმნილნი გრძნობად
რაიმე ცნობათ
გამოსაცნობად
ვიდექით რიგნი.

1057
ვიყავთ თანახმა
მრავალი კაცის,
წიგნი ფაზს გაღმა
რომ გაიტაცეს
და ის, ვით ნესტან
მყოფი საფრთხესთან
მოელის ვეფხს ან
მოელის არწივს!

1058
მაშინ წარმოსდგა
ყრმა ტარიელი,
სიტყვა წარმოსთქვა
ერთობ ძლიერი;
ასე დაიწყო:
- ის, ვინც წაიღო
წიგნი, ვინ იყო
ის, უდიერი?

1059
წავალ, მოვკვდები,
ან ვიპოვი წიგნს,
არ შევუკრთები
დაბრკოლებათ რიგს.
როს თქვენი ნება
წინ წამიძღვება,
იქ დაბრკოლება
რაა, რასა იქმს?

1060
თუ დამავალებთ,
როგორც დიდ მცნებას,
ვით ავალებენ
კაცს თავდადებას,
გულად ვგულებო
გულს. ვასრულებო,
შევასრულებო
თქვენს დავალებას.

1061
ჩვენაც ერთპირი
სიტყვა ძლიერი
დავურთეთ: - გმირი
ხარ ტარიელი!
ხანს მოუნდები,
არ მოდუნდები,
არ დაბრუნდები
ხელცარიელი.

1062
ეს იყო და ეს...
სპეტაკი, წრფელი
გაუდგა შორ გზებს
ყრმა ტარიელი.
რა მოხდა მასში,
ვინ შეხვდა გზაში,
ქალი თუ ვაჟი
გადამთიელი?

1063
თხრობა ძნელია,
დარდს ვის ატანდა,
ათი წელია,
რაც ის არ სჩანდა.
................................
................................
................................
................................

1064
განმბნევი კვნესის,
მომტანი დარის,
და, აი, დღეს ის
აქ, ჩვენთან არის.
...............................
...............................
...............................
...............................

1065
ის შემოიჭრა
ჩვენს გულში შიგნით,
წიგნით მოიჭრა,
უძველეს წიგნით...
..................................
..................................
..................................
..................................

1066
- ვაშა ტარიელს!
ასწით ფიალა! -
ფაზით - დარიალს
განთქმამ იალა,
და მთელი ერი,
ამერ-იმერი
მშობლიურ ჟღერით
ააგრიალა!

1067
წარსულის შორის
მოწამე ჟამთა,
ორ მთათა შორის
შვენის შუამთა.
უგრძვნია მჭევრი
ტკივილი მტევრი
და უფრო ბევრი
კი დაუამდა.

1068
მოწმე იმ ყრმობის
კვლავ შუა-ჟამთა,
სხვა სერთა შორის
ჰშვენის შუამთა.
მრავალთა წამთა
სჯეროდათ, სწამდათ
ძველი შუამთა,
კარგი შუამთა!

1069
კვლავ დევს ჰგავს ნამდვილს
მუხა იმ გზაში,
ეხლაც იმ ადგილს,
იმ შუამთაში,
სად ჩანდა ჩრდილი,
გზად შესდგა წყვილი,
იმერი ზრდილი -
ქალი და ვაჟი.

1070
ვითარცა მზეთა
მგზნებარე ძალი,
ახლა აგზნებდა
ორთავეს ალი.
გრძნობით ღვარულით
არ-დაფარულით
ვაჟს სიხარულით
ეტყოდა ქალი:

1071
- ტარიელ, გმადლობ,
ეზო ჰგავს - ეზოს,
ყოვლად უბადლოს
და უმიზეზოს.
უნდოდეს ვინმეს,
ვერ მისწვდეს წიგნებს,
გზას ვერ გაიგნებს,
რაგინდ იკვნესოს.

1072
ვისაც როგორ სურს,
ეპრიანება -
სისწრაფეა თუ
დაგვიანება,
დამარცხდა ყველა,
გველი, წურბელა,
მათ კაცთა თელვა
ვინ მიანება.

1073
მტერი, მზვერავი...
ისე მოგვარდა,
რომ შიგ ვერავინ
ვერ შემოგვარდეს.
გმირი შეიქმენ.
სცადე, შეიგნე,
მშვიდობის წიგნი
გვიყვარს, გვიყვარდეს.

1074
მშვიდობას მიჰყე,
ხარ ფალავანი!
ააგე ციხე
გარს გალავანით.
წიგნისთვის სრული
აწ გვაქვს ფარული
გინდ ცხრა-კლიტული,
გინდა თავანი.

1075
გალავანს გარის
დე, გრგვინავდეს ზღვა,
მტერი სხვა არის
და მოყვარე სხვა.
ასეა, თორემ
მტერმა მეორემ,
ახლომ თუ შორემ
თავის სიტყვა სთქვა.

1076
მე გითხარ ერთგულს
ჩემი ღრმა სევდა,
შენს გარდა ჩემს გულს
ვინ გაიგებდა:
შენ იგრძენ ყველა.
რა დარდიც მწველად
მწვავდა იმ ხელად
და ბნელს მიგებდა.

1077
მაშინ, რა ვუყოთ,
მწარედ დაღამდა,
დრო უპასუხოდ
ხომ არ დაამდა?
განვიდა ჟამი,
დღეს გაჰქრა შხამი,
ცისკრის წამწამი,
აჰ, ახამხამდა.

1078
ვხედავ, დიადად
რომ აწ გათენდა,
ო, განთიადო,
დიდება შენდა!
ვხედავ, გათენდა!
................................
................................
................................

1079
მოედო აგრე
გზას ჟრუანტელი,
მაინც არ ჩაჰქრა
ჩვენი სანთელი.
ვამბობთ: ეს რაცა
მოხდა, დამაცა,
იყო რაღაცა
თოვლი, ფანტელი.

1080
ხვალის დღის გვჯერა:
ჩვენი ალღოა
ჩვენი სიმღერა
ის სახალხოა!
სივრცეა, დროა,
მზე თუ ქარია,
რაც სახალხოა,
უტყუარია.
გულს უხარია
იმედთა გროვა,
უტყუარია,
რაც სახალხოა.

1081
გულო, დამშვიდდი...
მტერი განიბნეს,
გვაქვს განძი დიდი,
არ ვართ ღარიბნი:
ძღვნილი შენ მიერ
აწ გვინათს ძლიერ
წიგნი, ტარიელ,
მშვიდობის წიგნი!

[1945-56 წლები]