შუალედი - დან - მდე
 
 


მაისის ნაამბობი


[მზის] მაისის ნაამბობი

გზა დაფენილია წითელი ხრეშით. მზე [ანათებს] დამაბრმავებელი სხივებით ანათებს დასავლეთით მთებს, მოსჩანს წყალვარდნილები. გზის ნაპირას იზრდებიან ხეები, რომლის ქვეშ სდგას რამდენიმე ხის სკამი. იქით ქვის [მაღალი] დაბალი კედელია, კედელს გადაღმა პატარა ხეხილის ბაღი, მასში ყვითლად შეღებილი სახლი, სახლის მიმართულებით რკინის კარები. კარებთან სდგას შავი ბალდახინი. ეზოდან მოისმის სამგლოვიარო მარში, რომელიც თანდათან ახლოვდება. სანამ კარები გაიღებოდეს. გზაზე მიდის სამი მოხუცი მათხოვარი. ისინი ერთმანეთსა ჰგვანან. საცოდავი ფიგურები, სიარულის დროს ისინი ამოძრავებენ მხრებსა და ზურგს, იფხანენ რა მათ ტანისამოსზე. მათ აცვიათ თეთრი საავადმყოფოს ხალათები, მარჯვენა ხელში უჭირავთ საბიჯგი ჯოხები. დროგამოშვებით ისინი ჯოხებით შინჯავენ ქუჩაზე შეხვედრილ საგნებს. ერთი მათგანი დაიხრება და აიღებს პაპიროსის ნამწვს. მათი სახეები დამახინჯებულია „ვოლჩანკით“. ხალათებს ქვეშ მათ აცვიათ დაგლეჯილი შავი პალტოები.
ერთი მათგანი: ასაფლავებენ, ალბად, ვიღაცა [მდიდარს] შეძლებულს.
მეორე მათგანი: [მდიდარს, ალბად, მდიდრულად დაასაფლავებენ].
მესამე მათგანი: დავიცადოთ, იქნება ჩვენც გვერგოს რამ...
სამივენი: [ხა, ხა, ხა, ხა! იქნება, იქნება] დავიცადოთ, დავიცადოთ.
(გაივლის ქალი მდიდარი, მწუხარე სახით, როდესაც იგი [უახლოვდება] უსწორდება მოხუცებს, [ისინი] მაღლა ასწევენ ჯოხებს, ნიშნად სალამისა. ქალი [როდესაც] ეზოს კარებთან ცხვირსახოცს იღებს და გულსაკლავად აქვითინდება. ქვითინითვე შედის კარებში).

[1932 წელი]