მაჩხანელი ალექსანდრე - გალაკტიონს
გალაკტიონტაბიძეს.
ამ პატარა წერილით მინდა გელაპარაკოთ დღევანდელი ჩემი ფიქრების შესახებ. იმედი მაქვს, რომ პატარა დახმარებას მაინც გამიწევთ და ჩემ წერილს უყურადღებოთ არ დასტოვებთ. მე 1945 წლიდან ხანგამოშვებით ვმუშაობ პოემაზე „გალაკტიონ ტაბიძე“. უკვე დაწერილი მაქვს პოემის 30 თავი... მაგრამ არის ერთი ძლიერი დაბრკოლება: მე თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ ვიცნობ, მეტადრე წარსული წლებისას. ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც თქვენს შესახებ არსებობს, მეტისმეტად მცირეა და თუგინდ ბევრიც იყოს, ამ საქმის შესრულება თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელია. თქვენ, რასაკვირველია, გექნებათ ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და საერთოდ ისეთი მასალა, საკუთარი ცხოვრებიდან, რომლის გამოყენებაც პოემაში შეიძლებოდეს; აგრეთვე ყველაზე ვრცელი და სრული ავტობიოგრაფია: ქრონოლოგიას გაჰყვება პოემის სიუჟეტი და უფრო ძარღვიანი იქნება. ამით ის არ იფიქროთ, ვითომ მე თქვენს ცხოვრებას ვერ ვიცნობდე: შესწავლილი მაქვს თითქმის ყველაფერი, რაც თქვენს შესახებ დაწერილა და რაც თქვენ გამოგიქვეყნებიათ... თქვენს შესახებ ხომ ჯერ არცერთი საფუძვლიანი პოეტური ნაწარმოები არ დაწერილა. ჩემი მიზანია თქვენი ცხოვრების ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი ყოფის აღწერა თავიდან ბოლომდე. თუ თქვენც დაეხმარებით, ეს პოემა დამთავრდება 1950 წელს და იგი ყოველმხრივ სრული იქნება. შემდეგისათვის, თუ თქვენი სურვილიც იქნება, გამოგიგზავნით პოემის რამდენიმე თავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ წერილს უყურადღებოდ არ დასტოვებთ, მე ველი თქვენგან დარიგებას და დახმარებას, რაც ზემოთ აღვნიშნე.
მუდამ თქვენი პატივისმცემელი
ალექსანდრე მაჩხანელი (ც. ნატროშვილი)
1946 წ. 20 აპრილი
წითელი წყაროს რაიონი, სოფელი ზემო მაჩხაანი