ქუჩიშვილი გიორგი - გალაკტიონს - 2
ჩემოგალაკტიონ, აქ, ქვიშხეთში თუმცა მნახველები არ მაკლია, მაგრამ ისე არავის გავუხარებივარ, როგორადაც გამახარა შენმა წერილმა, რისთვისაც უგულითადეს მადლობას გითვლი.
შენმა მოგონებამ ჩემში კიდევ სულ სხვა მოგონება გამოიწვია, სახელდობრ: წარსულში მე და შენი ერთად მოგზაურობა მთელს საქართველოში, მაგალითად, გურიაში. „ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს“ და... ფოთი... „გედის სიკვდილი“... ნოე ჩხიკვაძესთან ჩემი შეხლა და... ეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ტკბილია, ტკბილი, რაც უნდა მწარე იყოს, ყოველი მოგონება. სად არ გვიქროლნია, ჩემო გალაკტიონ, სად არ გვილეწნია ჩვენი სიჭაბუკის ფრთამედგარი ოცნება... დავუბრუნდეთ ისევ დღევანდელობას: მე, ჩემო კარგო, ხელჩაქნეული გავყევი შენს და ჩემს კარგ მეგობარს კოტე ვეფხვაძეს (შესაფერი გვარი აქვს, მართლა ჰგავს ვეფხვს), რადგანაც სხვა გამოსავალი არ იყო. იგი ხელმარჯვე დოსტაქარია. თუმცა დიდხანს მაღრიალა ოპერაციის დროს, მაგრამ საუცხოოდ ჩაატარა, გართულებას არ ჰქონია ადგილი. ახლა კი, ჩემო გალაკტიონ, როგორც უკვე იცი, აქ, ქვიშხეთში ვარ და მისუსტებული დავფარფატებ დღე-მოკლე პეპელასავით... ჰაი-გიდი, რა ქარიშხლიანი „ბიჭი“ ვიყავი და როგორ დავუძლურდი! მახლას! შენ რაღა დაგემართა, კაცო, როგორ დაშავებულხარ, ჰა? ეჰ, თავდაუზოგავები ვართ, ჩემო გალაკტიონ! წარმოგიდგენია დღეის იქით გიორგი უღვინოთ და უსუფროდ? ჰაი, დედასა მტრისასა! ეს ხომ სიკვდილია ნაღდი!
გალაკტიონ, ერთობ გამეხარდა შენი ძმის აბესალომის თბილისში გადმოყვანა. ვერ წარმოიდგენ, როგორი პატივისმცემელი ვარ მისი! რომ შემეკითხო რისთვისაო, ვერ გიპასუხებ, მართალი გითხრა. მომიკითხე ძმური სიყვარულით, ღრმა პატივისცემით მომიკითხე აგრეთვე ქ-ნი ნინო. მოკითხვა ჩვენებისაგან. სხვა, გალაკტიონ, როგორ მიდის „აფხაზეთის წიგნზე“ შენი შემოქმედებითი ტემპი? ღრმად დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიაც შენს სრულ გამარჯვებაში! დავიღალე, სისუსტის გამო, და უნდა შევწყვიტო წერა. ბოდიში!
მარად შენი გ. ქუჩიშვილი
26 აგვისტო, 1946, ქვიშხეთი