ქიქოძე გერონტი - გალაკტიონს
ძვირფასოგალაქტიონ!
თუმცა გუშინ წინ, როდესაც შაითან ბაზარში შეგხვდით, მე შეგპირდით, რომ მოკლე შესავალ სიტყვას ვიტყვი თქვენ მიერ განზრახულ საღამოზე-მეთქი, მაგრამ ეს ორი დღეა თქვენს ლექსებს ვკითხულობ და ვრწმუნდები, რომ ჩემი აღთქმის შესრულება გამიჭირდება. თქვენი ლირიკა ჩემზე ისეთს შთაბეჭდილებას ახდენს, თითქო თქვენ გქონდეთ რაღაც მეექვსე გრძნობა, რაღაც ზეგრძნობა, რომლითაც თქვენ სამყაროს ითვისებთ. თქვენი მიდგომა მოვლენებისადმი იმდენად მოულოდნელია, რომ შეუძლებელია მისი ახსნა ჩვეულებრივი მეტყველებით. ან კი რა საჭიროა ეს? ყოველი ცდა თქვენი პოეზიის პროზაული ენით ამეტყველებისა, ინტერპრეტაციისა გატლანქების, გავულგარების შთაბეჭდილებას შექმნიდა გემოვნება გახსნილ მკითხველში და მის პროტესტს გამოიწვევდა. საუცხოვოა ეს აზრის და გრძნობის თითქმის მიუწვდომელი ნიუანსები, ეს ცდა ამქვეყნიური ტლანქი სინამდვილიდან სხვა ქვეყანაში გადასვლისა. რას უშველის აქ ადამიანს ეგრეთ წოდებული ლიტერატურის მცოდნეობა? იმის თქმა, რომ ეს სიმბოლიზმია, ეს მისტიციზმია, ეს ინდივიდუალიზმიაო, არაფრის თქმას ნიშნავს. ჩემი აზრით, თქვენი ლირიკის საუკეთესო ინტერპრეტაცია მუსიკალური პიესებით შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპოზიტორი თქვენი მონათესავე სულით იქნებოდა აღჭურვილი და მას სულით სულში ჩახედვის ნიჭი ექნებოდა.
ამ უკანასკნელ დროს ორ მუსიკალურ საღამოს დავესწარი. ერთზე ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ასრულებდნენ, ხოლო მეორეზე მისივე ექვს პირველ სონატას. ორივე საღამოზე ერთმა ლექტორმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვები თავის თავად არ იყო ურიგო. მაგრამ როგორც მე, ისე, მით უმეტეს, მუსიკის მცოდნეებს ისინი ზედმეტად ეჩვენენ. თუ ადამიანი დაბადებით ბრმაა, რაც უნდა მჭევრმეტყველი იყოს თვალხილული, მას ფერების თვისებას ვერავითარი მსჯელობით ვერ აუხსნის; ხოლო თუ ადამიანი თვალხილულია, რა საჭიროა მისთვის ფერების ახსნა? როგორც ნამდვილს პოეზიას, ისე ნამდვილ მუსიკას ადამიანი უშუალოთ გრძნობით ითვისებს და მათ კომენტარები არ სჭირდება.
თუ თქვენ აუცილებლად მიგაჩნიათ, რომ თქვენი საღამო ჩვეულებრივად მიღებული შესავალი სიტყვით გაიხსნას, შეიძლება ვინმემ სხვამ იკისროს მისი წარმოთქმა. მე კი მგონია, რომ უმჯობესი იქნებოდა ასეთი საღამო მხოლოდ ლექსების კითხვით და მუსიკალური პიესების შესრულებით განსაზღვრულიყო.
დიდს ბოდიშს ვიხდი, თუ იმ დღევანდელი დაპირებით, რომელიც, როგორც მახსოვს, საბოლოო არ ყოფილა, რაიმე ზიანი მოგაყენეთ.
გულწრფელი პატივისცემით გერონტი ქიქოძე
6. V. 1942