შუალედი - დან - მდე
 
 


როგორ ჰკითხულობდა კაჩალოვი ჩემს ლექსებს


იშვიათი ლექსების მკითხველი იყო კაჩალოვი. უკვე დიდი მისი სახელის გამოცხადებისთანავე, თეატრის დარბაზს გამოცოცხლება დაეტყობოდა. თეატრში იგრძნობოდა მხატვრული შემოქმედებისადმი ის იშვიათი გრძნობა, რომელსაც ასეთი სასოებით ინახავს ყოველი კულტურული მსმენელის გული. გამოვიდა თუ არა სცენაზე ის, ვინც ასეთი სიყვარულით უყვარდათ, დარბაზი ხანგრძლივმა ტაშისცემამ დააყრუა, მალე ოვაციებად გადაიქცა და შეჰქმნა ის საყვარელზე-საყვარელი ატმოსფერო, რომელიც [დიდხანს] ახლაც არ ავიწყდება ადამიანს. ოვაციებიც დასცხრა - კაჩალოვი იწყებს კითხვას ჩემი ლექსისას: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“. დარბაზმა სული განაბა.

ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,
სურათი, რამე კარგზე მგლოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

კაჩალოვი გულში სწვდება მსმენელს, იშვიათი ლირიულობით აბრუებს მას, გადაჰყავს რა მთლიან მუსიკალობაში, არწმუნებს რა მსმენელს, რომ ყველას ჩვენგანს აქვს რაიმე სახსოვარი, ზოგს ჩაის ვარდი წიგნში, ზოგს თვით წიგნი ომით მონაპოვარი, ზოგს უბრალო საფერფლე, დანატოვარი მამის, ზოგს სურათი, რომელიც აგონებს მის შემნახველს რაიმეს, სახსოვარი, ხსოვნა... ხსოვნა იმათი, ვინც აღარ არის, ვინაც სთქვა რაღაცა ისეთი, რომელიც  დაუვიწყარია. და ყველაზე ძვირფასი კი სამშობლოა, მამული, რომელიც ყოველწამს ახსოვს მეომარს. და მეომარმა იცის, თუ რისთვის იბრძვის ის. და მგოსანმაც იცის, თუ რისთვის ჰქმნის, რისთვის აჟღერებს ჩანგს ამ სამამულო ომის ქარტეხილში.. მსმენელი, მთლიანად დაპყრობილი არტისტიული კითხვის მელოდიურობით - ჰგრძნობს, რომ ახლოვდება ფინალი, მთავრდება ლექსი. აქ კაჩალოვი იმაღლებს ხმას. მთელი მისი ინტელიგენტიური სული, ხმა, გარეგნობა, აწეული პათოსით ამთავრებს:

„შენი, სამშობლოვ, მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი.
ჰა, გულიც, რადგან თანამგზოვარი
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი!“

ლექსის კითხვა დამთავრდა, მაგრამ მსახიობის  ტრიუმფი, ნამდვილი ტრიუმფი, სწორედ ეხლა იწყება. ზღვას, მღელვარე ზღვას დამსგავსებული აუდიტორია გრიალებს:
- [Bis,] კაჩალოვ, კაჩალოვ, ბის, ბის.
კაჩალოვი... ყვავილების კონებით, ხალხის მიერ გადასროლილ ვარდებით ივსება სცენა, რომელიც სწორედ ეხლაა სცენა!!! ბის, ბის. კაჩალოვი.
კაჩალოვი იწყებს ჩემი მეორე ლექსის „ფიცის“ კითხვას... (ეს ხდება 1944 წ., სამამულო ომის დროს). [როდესაც] აქ კი, სწორედ განუმეორებელი იყო კაჩალოვი - „ფიცი“ ისმოდა, როგორც მოქნეული ხმლის  წკრიალი, დიდებულად წაიკითხა კაჩალოვმა, არ შეიძლება გადმოცემა იმ შთაბეჭდილებისა, რომელსაც იგი ახდენდა მსმენელებზე.
წარმოიდგინეთ, კაჩალოვს მე ვიცნობდი 1918 წლიდან, ბევრჯერ მინახავს სცენაზე, ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, ბანკეტი, რომელიც ერთხელ მას გაუმართეს თბილისში - დაუვიწყარია მუდამ ჩემთვის. მე მუდამ მემახსოვრება კაჩალოვის კითხვა, უუდიდესი შემომქმედის კითხვა, მემახსოვრება, ვინაიდან, მართლაც, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.

14 თებერვალი, 1950

საღამო ხანი, от нечего делать