შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-622-1 - 1957 წელი


მწერალთა კავშირი
გადაეცით იოსებ ნონეშვილს, რომ ვერ მოვასწარი მისთვის საოქტომბრო ლექსების დამზადება. მე ხვალ აფხაზეთში მივდივარ. ამიტომ ვინმეს უნდა დაევალოს, გამოსძებნოს, დაარჩიოს ჩემი ლექსები საოკტომბრო წიგნისათვის. თუ გვიან არ იქნება (მე სამი დღის შემდეგ ჩამოვალ), მეც მოვუსწრებ, მაგრამ საეჭვოა, რომ მე რაიმეს გაკეთება შევსძლო. მაინც, ეს მამაცხონებულები სად იყვნენ აქამდის, რატომ დროზე არ შემატყობინეს (შეტყობინებით არც ეხლა შეუტყობინებიათ, მე სრულიად შემთხვევით გავიგე ეს ამბავი თამარ ანდღულაძისაგან. შალვა აფხაიძემ კი პირდაპირ მითხრა: საოქტომბროთ ქართველი მწერლების არა გამოდის-რაო. მაშასადამე, მანაც კი არ იცის. ან იცის და არ ლაპარაკობს, იქ, იმ წრეებში კი ტრიალებს. ასე, ნაუცბათევად, აპირებენ, ან შეიძლება დიდი ხანია ჩუმად ემზადებიან და არავის კი არ უმხელდენ. ეხლა კი... რა სიბინძურეა! რა საზიზღრობაა! ეხლა ცხადია, შეიძლება ვერც მოვასწრო და იტყვიან ასე და ისეო.
დღეს! აფხაზეთში მივდივარ უსათუოდ. თავი ქვისთვის უხლიათ. არ უნდათ და არც მე მინდა მაინც და მაინც! არ ვაძლევ არც ერთ სტრიქონს. შეიძლება, ძალით მიწყობენ ინტრიგას? მაშ, რას ნიშნავს ეს, რომ არას მატყობინებენ. რას ნიშნავს, თუ არა ინტრიგას! აი, შეხედეთ... გალაკტიონი შეგნებულად არ იღებს მონაწილეობას ჩვენს გამოსვლაშიო!!!

რას ნიშნავს ეს უზარმაზარი წიგნი?
შეიძლება ეს მთელი წლის ძველი რომელიმე ჟურნალია? ძალიან დამამშვიდებლად კი დევს მაგიდაზე, საწერ მაგიდაზე.
რამდენიმე დღეა მისი მკითხველი არ მოსულა.
კარგია ჩვენი სამკითხველო! აქ შესაძლებელია სერიოზული მუშაობა?

არის თუ არა აკადემიაში ფოტოლაბორატორია?
მაშინ აქვე დავამზადებინებ 50 პორტრეტს.
მეტსაც! მეტსაც! მეტსაც!

საინტერესოა, წინად რა იყო ამ ოთახში? არა, ეს ოთახი არაა, მთელი დარბაზია, თუმცა არც ისე დიდი. ოთახი მაინც არ შეიძლება დაერქვეს, ოთახი უფრო პატარაა ყოველთვის, ეს კი... 16 დიდი მაგიდაა, 3 კიდევ უფრო დიდი. ერთი დიდი რგვალი მაგიდა და სხვ. განა ეს ოთახია? აქ შეიძლება... ბევრი რამ შეიძლება აქ გაკეთდეს.

დღეს ვნახავ ნიკო მუსხელიშვილს, მას ხომ მიღება აქვს 11-დან.
ვიდრე ყველაფერს, ყველაფერს, ვეტ. ყველაფერს! გაიგებს კი?
ჰმ, ჰმ, ჰმ. გაიგებს, გაიგებს!