შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-579-5 - 1957 წელი


სად შეიძლება ვიშოვოთ 10.000 მანეთი?
ეს ხომ მინიმუმია და უამისოდ არა გაკეთდება რა. ორი გზაა - ან სესხი ლიტფონდიდან - ან ჰონორარი სახელგამიდან...
1. სესხის საქმე ასეთია: გომიაშვილი მომცემს სესხს (თუ ეხლა აქვს ფული‚ წინად კი დამპირდა), თუ მას მივუტანთ საიდანმე საგარანტიო დოკუმენტს.
საგარანტიო დოკუმენტს კი სახელგამი არ იძლევა. ე. ი. საზოგადოთ არ აძლევს არავის გარანტიას.
მაგრამ რას არ მომცემს‚ თუ ცეკა დაუძახებს: ცეკაში კი არ მინდა ამ საკითხის დასმა - სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ მთლად უკიდურესობა არ იქნა.
მწერალთა კავშირში - ვცდი. მაგრამ იმედი არა მაქვს. იქ აბაშიძე-ჭილაია-ლეონიძის შტაბია. ცხადია, ან უარს მეტყვიან ჩვენი საქმე არ არისო‚ ან რამე მინიმუმზე მიდგება საქმე.
ჰონორარი კი... წიგნი ჯერ კიდევ ვერ გადასცა იმ საზიზღარმა ყრუალამ‚ ისე - ჰონორარზე უარს არიან. „ვიდრემდის წიგნი სტამბაში არ გადავა‚ ჰონორარი არავის მიეცემაო“ - განცხადებაა გაკრული. ყრუალას კი მთელი კვირაა‚ წიგნი წაღებული აქვს სახლში და სახელგამს აღარ ეკარება: კითხულობს ვითომ... ორი წელიწადია წიგნი უჯრაში უდევს და არ წაუკითხავს. ეხლა კითხულობს... ვნახოთ‚ მოიტანს თუ არა ორშაბათს.
რა თქმა უნდა, შეეცდებიან‚ რომ ხელში კაპიკი არ ჩამივარდეს. ეშინიათ‚ იქნებ‚ ჩემი აქტივობის‚ საქმეში ჩარევის. მათ სურთ ჩემი საქმე თვითონ ჩაიგდონ ხელში და როგორც  სურთ‚ ისე წაიყვანონ... უკაცრავად მათთან! მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ჩემს შემოქმედებაში თარეშის ნებას არავის მივსცემ - ტყვილად ჰგონიათ.
არა‚ ეხლავე მოყაჭონ ჰონორარი: სულს ამოვხდი. დავახრჩობ მაგ ხალხს. გააჩინონ ჰონორარი - საიდანაც უნდათ! ჩემი საქმე არ არის! აჰ‚ ქრთამი უნდათ შეიძლება? უკაცრავად‚ მე ქრთამებს არ ვიძლევი.
სახელგამი - არის იმედი.
ლიტფონდი - არის იმედი.
აკადემია - არის იმედი.
1957, 31 მარტი

*
ირმა ამბობს: აქედან გავიდა‚ მიდიოდა და ჩუმჩუმად თავისთვის იცინოდაო.
ლიზა მალანია ლავრენტის ასული.
აქვს დიპლომი თბილისის კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების საბიბლიოთეკო სპეციალობით.
ხეთაგუროვის ქ. № 81.